ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

წყნარ ოკეანეში, ივნისის შუა რიცხვებში, რუსული ფართომასშტაბიანი საზღვაო სწავლება, რომელზეც დაიჯესტის წინა გამოცემაში ვწერდით, ჰავაის კუნძულებიდან დასავლეთით, დაახლოებით300-500 მილში (480-805 კილომეტრი) ჩატარდა. მანევრები განხორციელდა რუსული ხომალდების სხვადასხვა დაჯგუფებების მიერ, რომლებიც მოცემულ არეალამდე განსხვავებული მარშრუტებით მივიდნენ. წყნარი ოკეანის ფლოტის ფლაგმანმა, „სლავას“  კლასის (პროექტი 1164 „ატლანტი“) სარაკეტო კრეისერმა „ვარიაგ“, „უდალოი I”  კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „მარშალ შაპოშნიკოვი“ და „სტერაგუშჩის“  კლასის (პროექტი 20380) კორვეტებმა „გრომკი“ და „სოვერშენი“, გაიარეს ცუსიმის სრუტე და აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვა. ხსენებულმა კორვეტებმა ასევე გადალახეს ფილიპინის ზღვაც. „მარშალ ნედელინის“ კლასის (პროექტი 1914) სარაკეტო დისტანციის აპარატურის გემმა (missile range instrumentation ship/корабль измерительного комплекса) „მარშალ კრილოვი“, „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანმა „ადმირალ პანტელეევი“, „სტერაგუშჩის“  კლასის (პროექტი 20380) კორვეტმა „ალდარ ციდენჟაპოვი“, „გაუმჯობესებული იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემმა მარშალ გელოვანი“ და ორმა სარაკეტო კორვეტმა (სავარაუდოდ „ტარანტულის“  კლასის (პროექტი 12411)) გაიარეს ლაპერუზის სრუტეს და ოხოტის ზღვა. რუსული წყალქვეშა ნავ(ებ)ი ასევე ჩართულები იყვნენ მანევრებში. გამოცემის წერის მომენტში, მათი რაოდენობა და დასახელება უცნობი იყო.

ომი უკრაინაში – 14-20 ივნისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიჭრა 2 უკრაინელი სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი.

არქტიკა – რუსეთი გეგმავს რეგულარული საპატრულო ფრენებისთვის არქტიკაში განათავსოს Il-38 და Il-38N ტიპის საზღვაო-საპატრულო და წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო თვითმფრინავები.

15 ივნისს, ორმა რუსულმა Su-35 ტიპის გამანადგურებელმა დაარღვია ესტონეთის საჰაერო სივრცე ბალტიის ზღვაში მდებარე ჰიიუმაას კუნძულის სიახლოვეს. ესტონური წყაროების ცნობით, 2021 წელს აღნიშნული ინციდენტი მსგავსი ტიპის მეოთხე შემთხვევაა.

15 ივნისს, ორმა რუსულმა Tu-160 ტიპის სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, რომელსაც აცილებდა ორი Su-35S და ორი Su-27 ტიპის გამანადგურებელი, შორეული ფრენა განახორციელა ბალტიის ზღვის თავზე. ფრენის სხვადასხვა ეტაპზე რუსულ თვითმფრინავებს გზა გადაუჭრეს იტალიურმა (ესტონეთში განლაგებულმა), დანიურმა და შვედურმა გამანადგურებლებმა.

Tu-160-ების წყვილის ფრენა ბალტიის ზღვის თავზე 15 ივნისს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

წყნარი ოკეანის ფლოტის 155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადას (ვლადივოსტოკი) გადაეცა 10 ერთეული BMP-3F ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა.

 

სწავლებები*

რუსეთმა, ბელარუსმა და სერბეთმა ჩაატარეს ერთობლივი სწავლება „სლავური ძმობა-2021“. სწავლება ჩატარდა კრასნოდარის მხარეში, ნოვოროსიისკის სიახლოვეს და მასში ჩართული იყო მე-7 სადესანტო-მოიერიშე (სამთო) დივიზიის (შტაბ-ბინა ნოვოროსიისკში) 500 სამხედრო, ბელარუსის სპეციალური ოპერაციების ძალების 300 სამხედრო და 100 ჯარისკაცი სერბეთის მხრიდან.

რუსეთის 58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში) მე-4 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა ცხინვალსა და ჯავაში, საქართველო) საოკუპაციო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატების (უსა) საწინააღმდეგო სნაიპერთა სწავლება ჩაატარეს.

 


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.