ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.
რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები
ომი უკრაინაში – 5-11 ივლისის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დონბასის ფრონტზე დაიღუპა 3 და დაიჭრა 8 უკრაინელი სამხედრო.
ომი სირიაში – რუსეთის საჰაერო ძალებმა 9 და 10 ივლისს საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.
8 ივლისს, ორი ესპანური გამანადგურებელი, რომლებიც ლიეტუვაშია განლაგებული, აფრინდა განგაშზე, ბალტიის ზღვის თავზე ორი რუსული Su-24 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავისთვის გზის გადასაჭრელად.
ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლიეტუვაში განლაგებული NATO-ს გამანადგურებლები, ბალტიის ზღვის თავზე რუსული სამხედრო თვითმფრინავებისთვის გზის გადასაჭრელად, ივნისის თვეში განგაშის საფუძველზე 15-ჯერ აფრინდნენ.
აშშ-ს სამხედრო თვითმფრინავებს შავი ზღვის თავზე რუსულმა საფრენმა აპარატებმა გადაუჭრეს გზა – 6 ივლისს Su-30SM ტიპის, ხოლო 11 ივლისს Su-27 და Su-30SM ტიპის გამანადგურებლებმა. 8 ივლისს, ბალტიის ზღვის თავზე, რუსულმა Su-27 ტიპის გამანადგურებელმა ფრანგული თვითმფრინავი გადაიჭირა.
წყნარი ოკეანის ფლოტის გემების მსხვილი დაჯგუფება, რომელმაც ივნისის შუა პერიოდში ჰავაის კუნძულების სიახლოვეს მართავდა სწავლებებს, 8 ივლისს ვლადივოსტოკში დაბრუნდა.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია
შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა სიმფეროპოლში, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) 126-ე სანაპირო დაცვის ბრიგადის (პერევალნოე, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) სატანკო ბატალიონმა T-72B3M ტიპის ტანკებით დაიწყო გადაიარაღება.
T-72B3M ტიპის ტანკი
49-ე არმიის (შტაბ-ბინა სტავროპოლში) 205-ე მექანიზებულ ბრიგადას (ბუდიონოვსკი, სტავროპოლის მხარე) 50-ზე მეტი ერთეული 9K333 Verba ტიპის ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსი (მანპადი) მიეწოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა დაიწყეს Terminator-2 ტიპის ჯავშნიანი საბრძოლო მანქანების სერიული მიწოდება საკუთარი შეიარაღებული ძალებისთვის.
სწავლებები*
შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის (შტაბ-ბინა სიმფეროპოლში, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) ძალებმა, ყირიმში სწავლება გამართეს.
შორი მოქმედების ავიაციის სარდლობის (შტაბ-ბინა მოსკოვში) 22-ე მძიმე ბომბდამშენების დივიზიის (შტაბ-ბინა ენგელსში, სარატოვის ოლქი) მძიმე ბომბდამშენთა პოლკის ორმა Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიულმა ბომბდამშენმა, რუსეთის შორი მოქმედების ავიაციის სწავლების ფარგლებში, განახორციელა 7000-კილომეტრიანი ფრენა საკუთარი ენგელსის საჰაერო ბაზიდან ანადირის საჰაერო ბაზამდე (ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი).
*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.