ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – 12-18 ივლისის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 15 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაშიგავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საჰაერო ძალებმა საჰაერო იერიშები განახორციელა სირიელი მეამბოხეების წინააღმდეგ იდლიბის რეგიონში.

13 ივლისს, რუსულმა Su-30 ტიპის გამანადგურებელმა შავი ზღვის თავზე გზა გადაუჭრა აშშ-ს თვითმფრინავს. ანალოგიურ ინციდენტს ადგილი ჰქონდა 14 ივლისსაც, ამჯერად Su-27 ტიპის გამანადგურებლის მიერ. 15 ივლისს, MiG-31 და Su-35 ტიპის გამანადგურებლებმა (თითოეული ტიპის ორმა ერთეულმა) ბერინგის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს აშშ-ს 3 ერთეულ სტრატეგიულ ბომბდამშენს. ასევე 15 ივლისს, რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა წყნარი ოკეანის თავზე, კამჩატკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირთან, გადაიჭირა ამერიკული საფრენი აპარატი.

რუსული მედიის მიერ 16 ივლისს გავრცელებული ცნობით, წყნარი ოკეანის ფლოტის „ბორეის“ კლასის (პროექტი 995) ატომური სარაკეტო წყალქვეშა ნავი „ვლადიმირ მონომახი“ ხანგრძლივი ექსპედიციის შემდეგ დაბრუნდა საკუთარ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე პეტროპავლოვსკ-კამჩატსკიში (კამჩატკის მხარე).

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული წყაროების მიერ გამოაშკარავებული ინფორმაციით, 2020 წლის ბოლოს, კრონშტადტში (ლენინგრადის ოლქი), ბალტიის ფლოტის სარდლობაში, ჩამოყალიბდა სანაპირო დაცვის ნაწილი, რომელიც აღჭურვილია Bastion-P და Bal ტიპის სანაპირო დაცვის მობილური სარაკეტო სისტემებით.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

15 ივლისს ბალტიის ფლოტს შეუერთდა ორი ერთეული “BK-16” კლასის (პროექტი 02510) ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი.

41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 120-ე საარტილერიო ბრიგადამ (იურგა, კემეროვოს ოლქი) შეიარაღებაში მიიღო ექვსი ერთეული Shturm-S ტიპის მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა.

Shturm-S

 

სწავლებები*

მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) 10 000-ზე მეტმა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო სწავლებებში, რომელიც გაიმართა ცენტრალური და დასავლეთი რუსეთის სხვადასხვა რეგიონში, სადაც განლაგებულია მე-20 არმიის დანაყოფები.

მე-6 არმიის (შტაბ-ბინა აგალატოვოში, ლენინგრადის ოლქი) 7 000-ზე მეტმა სამხედრომ ერთკვირიანი წვრთნა ჩაატარა.

ფოტო ლენინგრადის ოლქში გამართული სწავლებიდან

რუსეთის მექანიზებული დანაყოფების 400-მა სამხედრომ მონაწილეობა მიიღო ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (საქართველო) გამართულ სწავლებაში. 500 რუსი სამხედრო იყო ჩართული ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ წვრთნაში და დამატებით 1500 სამხედრო იღებდა მონაწილეობას აფხაზეთში გამართულ საარტილერიო სწავლებაში.

58-ე არმიის (შტაბ-ბინა ვლადიკავკაზში, ჩრდილოეთი ოსეთის რესპუბლიკა – ალანია) კავშირგაბმულობის დანაყოფებმა გამართეს სწავლება ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილსა და ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში (საქართველო).

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.