ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 9-15 აგვისტოს კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 1 და დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ომი სირიაში – რუსეთის საჰაერო ძალებმა 9 და 10 აგვისტოს, საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. ომი ლიბიაში – BBC-ის გამოძიებამ გამოააშკარავა გარკვეული დეტალები, რომლებიც უკავშირდება რუსეთის ჩართულობას ლიბიაში. მტკიცებულებები მოიცავს რუსული სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ მიერ ქვეყანაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულების დადასტურებას. არქტიკა – 10 აგვისტოს, ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფმა დატოვა არქტიკის რეგიონი ხანგრძლივი ექსპედიციის მიზნით. ჯგუფი მოიცავს „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანს „სევერომორსკ“ და მხარდამჭერ გემებს. გეგმის თანახმად, ექსპედიციის სხვადასხვა ეტაპზე ჯგუფს სხვა მცურავი საშუალებებიც შეუერთდებიან. არქტიკა – „გაუმჯობესებული იუგ“ კლასის (პროექტი 862.2) სადაზვერვო გემმა „გორიზონტ“, ექსპედიციის მიზნით 14 აგვისტოს არქტიკაში გაემგზავრა. გავრცელებული ცნობით იგი ბარენცისა და კარის ზღვებში აპირებს ოპერირებას.
სტრუქტურული ცვლილებები რუსულ წყაროებში გავრცელებული ცნობები მიუთითებენ, რომ რუსები გეგმავენ კიდევ ერთი სარაკეტო ბრიგადის ჩამოყალიბებას, რომელიც აღჭურვილი იქნება Iskander-M ტიპის ახლო მოქმედების ბალისტიკური სარაკეტო სისტემებით.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია 201-ე სამხედრო ბაზას (მექანიზებული დივიზია შტაბ-ბინით დუშანბეში, ტაჯიკეთი) გავრცელებული ცნობით გადაეცა შორი მოქმედების ცეცხლისმფრქვეველი საშუალებები, 9K333 Verba ტიპის ხელით გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსები (მანპადი) და რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის AK-12 ტიპის საიერიშო შაშხანები. რუსეთის შეიარაღებულ ძალებს T-90M ტიპის ტანკების ახალი პარტია გადაეცა. მე-6 არმიის (შტაბ-ბინა აგალატოვოში, ლენინგრადის ოლქი) 138-ე მექანიზებულ ბრიგადას (კამენკა, ლენინგრადის ოლქი) 10 ერთეული BMP-2M ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანა მიეწოდა. რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მოდერნიზებული 2S3M2 Akatsiya ტიპის 152.4 მმ-იანი თვითმავალი ქვემეხების პარტია მიიღო.
სწავლებები* რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი სწავლება გამართეს ჩინეთში, კერძოდ ნინსია-ხუეიში. რუსეთის მხრიდან სწავლებაში აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის ჯარისკაცები იყვნენ ჩართულები. ჯამში, წვრთნაში ორი ქვეყნის მხრიდან მონაწილეობა მიიღო 10 000-დან 13 000-მდე სამხედრომ. ჩინეთსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრები თვალს ადევნებენ სწავლებას ერთობლივი რუსეთ-ლაოსის სწავლება დაიწყო პრიმორიეს მხარეში. შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის 10-მა და მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა დონის როსტოვში) 4-მა ერთეულმა მოიერიშე თვითმფრინავმა სასწავლო დაბომბვა განახორციელა ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა). * ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |