ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 16-22 აგვისტოს კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 3 და დაიჭრა 1 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე. ომი სირიაში – 19, 20, 21 და 22 აგვისტოს, რუსეთის საჰაერო ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. არქტიკა – „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“, რომელიც 10 აგვისტოდან არქტიკაში ხანგრძლივ ექსპედიციაში იმყოფება, 20 აგვისტოსთვის ოპერირებდა ნორვეგიის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სადაც ის „ნატო-ს“ საზღვაო სწავლებებს აკვირდებოდა. 17 აგვისტოს ჩრდილოეთის ფლოტის “პროექტი 22010 კრუის“ კლასის სადაზვერვო გემი „იანტარი“ დააფიქსირეს ირლანდიის დასავლეთ ნაპირთან, ინტერნეტის წყალქვეშ არსებულ კაბელების სიახლოვეს. 18 აგვისტოს „იანტარი“ გადაადგილდა სამხრეთ-დასავლეთით. გემმა, არსებული ცნობით, მუდმივი დისლოკაციის ადგილი, მურმანსკის ბაზა, ხანგრძლივი ექსპედიციის მიზნით 8 აგვისტოს დატოვა. რუმინეთში განლაგებულმა ბრიტანულმა გამანადგურებლებმა, 17 აგვისტოს, შავი ზღვის თავზე, გზა გადაუჭრეს რუსულ Su-24 ტიპის ბომბდამშენს.
სტრუქტურული ცვლილებები მე-8 არმიის (შტაბ-ბინა ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) სარდლობის ქვეშ 2020 წელს ჩამოყალიბდა ახალი 47-ე სარაკეტო და 238-ე საარტილერიო ბრიგადები, რომლებიც განლაგებულია კორენოვსკში, კრასნოდარის მხარეში.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია ახალი, „ალექსანდრიტის“ კლასის (პროექტი 12700) ტრალერი „გიორგი კურბატოვი“ შეუერთდა რუსეთის საზღვაო ძალებს 20 აგვისტოს. იგი დაექვემდებარება შავი ზღვის ფლოტს.
სწავლებები* მე-4 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადა ცხინვალსა და ჯავაში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, საქართველო) მექანიზებულმა დანაყოფებმა სწავლება გამართეს საქართველოს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონის მთებში. შავი ზღვის ფლოტის მე-15 სანაპირო არტილერიის ბრიგადისა (სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) და მე-11 სანაპირო სარაკეტო არტილერიის ბრიგადის (უტაში, კრასნოდარის მხარე) Bastion-P და Bal ტიპის მობილურმა სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემებმა სწავლება ჩაატარეს ყირიმში
შეიარაღების ექსპორტი ინდოეთმა ხელი მოაწერა კონტრაქტს, რომელიც რუსეთისგან 70 000 ერთეული AK-203 ტიპის საიერიშო შაშხანის შეძენას ითვალისწინებს. აღნიშნული შაშხანების მიწოდება 2021 წლის ნოემბერში დაიწყება. *ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |