ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – 3 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა და 15 დაიჭრა დონბასის ფრონტზე, 23-29 აგვისტოს კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად.

ომი სირიაში – რუსეთის საჰაერო ძალებმა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში საჰაერო იერიშები განახორციელა 23, 25, 26, 27 და 29 აგვისტოს.

რუსეთის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები ჩავიდნენ ბელარუსში, კერძოდ გროდნოში. გავრცელებული ცნობით მათი ჩასვლა საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ერთობლივი სამხედრო სასწავლო ცენტრის შექმნას ემსახურება.

რუსეთი აფრიკაში – რუსეთმა და ნიგერიამ ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს „სამართლებრივი ჩარჩოს უზრუნველყოფას აღჭურვილობის მიწოდებისა და სამხედროების მომზადებისთვის“.

 

სტრუქტურული ცვლილებები

გავრცელებული ცნობით, რუსეთის საზღვაო ძალებმა დაასრულა ასტრახანის სამხედრო საზღვაო ბაზიდან კასპიის ფლოტილიის ძალების გადაყვანა კასპიისკის სამხედრო საზღვაო ბაზაზე.

სატრანსპორტო ავიაციისთვის ახალი აეროდრომი მოეწყო ალტაის მხარეში, ქალაქ რუბცოვსკის სიახლოვეს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

გავრცელებული ცნობით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებს მიეწოდა T-14 Armata ტიპის ტანკების „ექსპერიმენტული პარტია“.

201-ე სამხედრო ბაზის (მექანიზებული დივიზია შტაბ-ბინით დუშანბეში, ტაჯიკეთი) საარტილერიო დანაყოფებს გადაეცა Kornet-ის ტიპის ხელით გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტების პარტია.

 

სწავლებები*

სამხრეთის სამხედრო ოლქის 10 000-მდე სამხედრომ, მართვისა და კონტროლის და მატერიალური და ტექნიკური მხარდაჭერის დანაყოფებიდან, სწავლება გამართა სამხრეთ რუსეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვადასხვა ადმინისტრაციულ რეგიონებში, ასევე სომხეთსა და ყირიმის (უკრაინა), აფხაზეთისა და ცხინვალის (საქართველო) ოკუპირებულ რეგიონებში.

შავი ზღვის ფლოტის სევასტოპოლის სამხედრო საზღვაო ბაზის 102-ე სპეციალური დანიშნულების დანაყოფმა, ასევე ამავე ფლოტის საინჟინრო ქვედანაყოფებმა, სწავლებები გამართეს ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).

ფოტო 102-ე სპეციალური დანიშნული დანაყოფის სწავლებიდან, ოკუპირებული ყირიმი

რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფებმა სწავლება გამართეს ოკუპირებულ აფხაზეთში (საქართველო). სწავლებაში მონაწილეობდნენ S-300PM მიწა-ჰაერის ტიპის სარაკეტო სისტემებიც.

 

შეიარაღების ექსპორტი

გავრცელებული ცნობით, თურქეთი, S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების დამატებით შესაძენად, შეთანხმების დასკვნით ეტაპზეა.

რუსი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ინდოეთს პოლკის სამყოფი S-400 ტიპის სისტემების პირველი პარტია 2021 წლის ბოლომდე მიეწოდება.

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.