ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – 11-17 ოქტომბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.

ომი სირიაში – რუსეთის საჰაერო ძალებმა, 12 ოქტომბერს, საჰაერო დარტყმები განახორციელა თურქეთის გავლენის ზონაში, ჩრდილოეთ სირიაში, კერძოდ ქალაქ მარეას სიახლოვეს. ასევე მარეასთან, რუსებმა 13 ოქტომბერს დაკარგეს Orlan-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი (უსა).

თურქეთის გავლენის ზონაში, ქალაქ მარეასთან ჩამოგდებული რუსული Orlan-10 ტიპის უსა

წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I“ კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ ტრიბუცი“ 15 ოქტომბერს, იაპონიის ზღვის დასავლეთ ნაწილში, საერთაშორისო წყლებში, 60 მეტრიან დისტანციაზე მიუახლოვდა აშშ-ს საესკადრო ნაღმოსანს.

17 ოქტომბერს, რუსულმა MiG-31 ტიპის გამანადგურებელმა აშშ-ს ბომბდამშენს გზა გადაუჭრა იაპონიის ზღვის თავზე.

რუსეთი აფრიკაში – გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის აგვისტოს შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ჯამში დაღუპულია 11 რუსი სამხედრო კონტრაქტორი.

არქტიკა –  10 აგვისტოდან არქტიკაში შორეულ ექსპედიციაში მყოფმა ჩრდილოეთის ფლოტის გემების ჯგუფმა, რომელშიც შედიოდა „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „სევერომორსკი“ და „როპუჩა“ კლასის (პროექტი 775) სადესანტო გემი „გიორგი პობედონეცი“, დაასრულა საკუთარი ვოიაჟი და 14 ოქტომბერს დაბრუნდა ჩრდილოეთის ფლოტის მთავარ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სევერომორსკში.

 

სამხედრო სტრატეგია

რუსული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, სამხრეთის სამხედრო ოლქში, 20 000-მა რეზერვისტმა გაიარა მომზადება რუსეთის რეზერვის ახალი საორგანიზაციო პროექტის –ქვეყნის საბრძოლო საარმიო რეზერვის (БАРС) ფარგლებში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის ოლქში არსებულ რუსულ სამხედრო ძალებს გადაეცა S-500 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების პარტია.

12 ოქტომბერს, „გაუმჯობესებული კილო“ კლასის (პროექტი 636.3) დიზელის წყალქვეშა ნავი „მაგადანი შეუერთდა წყნარი ოკეანის ფლოტს. წყალქვეშა ნავი ამჟამად იმყოფება ბალტიის ზღვაში და მისი წყნარი ოკეანეში გადასვლა დაგეგმილია 2022 წელს.

წყალქვეშა ნავი „მაგადანი“ ფლოტის შემადგენლობაში მიღების ცერემონიალზე

შავი ზღვის ფლოტის  „ტარანტულის“  კლასის (პროექტი 12417) კორვეტ „R-71 შუია-ზე“ შავ ზღვაში ექსპერიმენტულ სწავლებაზე გამოიცადა  საჰაერო თავდაცვის სისტემის ახალი საზღვაო ვარიანტი Pantsir-M.

 

სწავლებები*

რუსეთისა და ჩინეთის საზღვაო ძალებმა ერთობლივი სწავლება გამართეს იაპონიის ზღვაში. რუსეთის მხრიდან სწავლებაში ჩართულ იქნა წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ადმირალ პანტელეევი“, „სტერაგუშჩის“ კლასის (პროექტი 20380) კორვეტები „ალდარ ციდენჟაპოვი“ და „გრომკი“, „კილოს“ კლასის (პროექტი 877 „პალტუსი“) დიზელის წყალქვეშა ნავი „უსტ-ბოლშერეცკი“, ასევე კიდევ ერთი კორვეტი და ორი ტრალერი. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის მხრიდან წვრთნაში მონაწილეობდა ორი საესკადრო ნაღმოსანი, ორი კორვეტი და ერთი დიზელის წყალქვეშა ნავი. სწავლებაში ორივე მხრიდან ჩართული იყო საზღვაო ავიაცია. 

რუსებთან ერთად ერთობლივ სწავლებაში მონაწილე ჩინელი მეზღვაურები

სამხრეთის სამხედრო ოლქის 8 000-მდე სამხედრომ მიიღო მონაწილეობა სწავლებებში, რომლებიც გაიმართა რუსეთის სამხრეთით, ჩრდილოეთ კავკასიაში, სომხეთშისაქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, შავ და კასპიის ზღვებში.

რუსეთმა და სერბეთმა ჰაერსაწინააღმდეგო და საჰაერო ძალების ერთობლივი სწავლებები გამართეს სერბეთის ტერიტორიაზე. სხვა ძალებთან ერთად, რუსებმა აღნიშნული წვრთნისთვის სერბეთში გაგზავნეს საჰაერო თავდაცვის დანაყოფი, რომელიც აღჭურვილია Pantsir-S ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით. სწავლების ერთ-ერთი ლეგენდა მოიცავდა ერთობლივი რუსულ-სერბული საჰაერო თავდაცვის ჯგუფის შექმნას, ბელგრადისა და ცენტრალური სერბეთის საჰაერო თავდასხმისგან დაცვის ამოცანით.

 


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.