ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ  ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – 22-28 ნოემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 1 და დაიჭრა 3 უკრაინელი სამხედრო.

25 ნოემბერს, რუსეთისა და ბელარუსის Su-30SM ტიპის გამანადგურებლებმა ერთობლივი პატრულირება განახორციელეს ბელარუსის საზღვარზე.

ომი სირიაში – რუსეთის საჰაერო ძალებმა, 22 და 25 ნოემბერს, საჰაერო დარტყმები განახორციელა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.

ჩინეთმა  და რუსეთმა ხელი მოაწერეს სამხედრო თანამშრომლობის გეგმას 2021-2025 წლებისთვის, რომელიც მოიცავს გეგმებს ერთობლივი სტრატეგიული სამხედრო სწავლებებისა და პატრულირების შესახებ.

22 ნოემბერს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიის გამანადგურებლებმა, რომლებიც NATO-ს საჰაერო პატრულის მისიის ფარგლებში ლიეტუვაში არიან განლაგებული, ბალტიის ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს სულ მცირე ერთ რუსულ Tu-95MS ტიპის სტრატეგიულ ბომბდამშენს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთმა საკუთარი სამხედრო ფლოტისთვის დაიწყო Tsirkon-ის ტიპის ჰიპერბგერითი ფრთოსანი რაკეტების წარმოება.

 

კოსმოსი

25 სექტემბერს, პლესეცკის კოსმოდრომიდან (მირნი, არხანგელსკის ოლქი) გაშვებულმა Soyuz-2.1b ტიპის რაკეტამ ორბიტაზე გაიტანა რუსული სამხედრო თანამგზავრი. თანამგზავრს ეწოდა Cosmos-2552.

 

სწავლებები*

რუსული წყაროების ცნობით, 2021 წლის შემოდგომაზე, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა არქტიკაში, კერძოდ ახალი მიწის არქიპელაგზე, განახორციელა სწავლება, რომელშიც ჩართულ იქნა Iskander-M ტიპის ახლო მოქმედების ბალისტიკური სარაკეტო სისტემები. სწავლებაში მონაწილე ისკანდერები, არსებული ინფორმაციით, მიეკუთვნება ცენტრალურ რუსეთში ბაზირებულ სარაკეტო ბრიგადას და წვრთნისთვის ახალ მიწაზე გაიგზავნა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის გამოყენებით. სავარაუდოდ, ხსენებული სარაკეტო სისტემები მიეკუთვნება 1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) 112-ე სარაკეტო ბრიგადას (შუია, ივანოვოს ოლქი).

Iskander-M


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.