ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის ყველა გამოცემა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე. დაიჯესტის გამოყენება უფრო მოსახერხებელი რომ იყოს, ჩვენ დავამატეთ ძიების ფუნქცია, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს იპოვოს ის გამოცემები, სადაც არის მისთვის საინტერესო ინფორმაცია საკვანძო სიტყვებითა და ფრაზებით.
რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.
გეოსტრატეგიული აქტივობები
აშშ-ს დაზვერვა ავრცელებს გაფრთხილებას საფრთხის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე 2022 წლის დასაწყისში 175 000 სამხედროს ჩართულობით. ამერიკული წყაროები ადასტურებენ ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრის გარშემო სხვადასხვა წერტილში დამატებითი ძალებისა და შეიარაღების მობილიზების შესახებ. პარალელურად, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა მიუთითა „მტკიცებულებაზე, რომ რუსეთს დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი აგრესიული ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ.“ ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ „გასულ კვირებში, რუსეთმა გააძლიერა დაგეგმვა უკრაინაში სამხედრო მოქმედებების ოპერაციებისთვის, მათ შორის, განალაგა დამატებით ათასობით სამხედრო უკრაინის საზღვართან.“ ამერიკელები აღნიშნავენ იმასაც, რომ გარდა სამხედრო ძალების განლაგებისა, რუსებმა ჩამოაყალიბეს სამხედრო მომარაგების გზები უკრაინის საზღვართან, „რაც გაჭიანურებული კონფლიქტის წარმოებას უზრუნველყოფს.“ აშშ-ს დაზვერვის მიერ წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა, გავრცელებული ინფორმაციით, დაარწმუნა ამერიკის ევროპელი მოკავშირეები უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის საფრთხის რეალურობაში.
ომი უკრაინაში – 29 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 1 და დაიჭრა 4 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე.
ომი სირიაში – გავრცელებული ინფორმაციით, 30 ნოემბერს, რუსულმა არტილერიამ განახორციელა სამიზნეების დაბომბვა სირიელი მეამბოხეების მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახლო მომავალში, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, დაგეგმილია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობის გახსნა.
3 დეკემბერს, გავრცელებული ინფორმაციით, რუსულმა Su-30 და Su-27 ტიპის გამანადგურებლებმა შავი ზღვის თავზე გზა გადაუჭრეს აშშ–ს ორ სამხედრო თვითმფრინავს.
ჩრდილოეთის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსანი „ვიცე-ადმირალი კულაკოვი“, რომელიც 23 სექტემბრიდან ატლანტის ოკეანეში ოპერირებდა, 1 დეკემბერს დაუბრუნდა ჩრდილოეთის ფლოტის ბაზას სევერომორსკში.
სტრუქტურული ცვლილებები
აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში, ხაბაროვსკთან, ჩამოყალიბდა ახალი საჰაერო თავდაცვის დანაყოფი, რომელიც აღჭურვილია Pantsir-S ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით.
რუსული ინფორმაციის მიხედვით, წყნარი ოკეანის ფლოტის კუთვნილმა Bastion-P ტიპის სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემებმა დაიწყეს მორიგეობა კურილის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში, მატუას კუნძულზე. რეალურად, მატუას კუნძულზე Bastion-P ტიპის სისტემების არსეობის შესახებ რუსულმა წყაროებმა ინფორმაცია ჯერ კიდევ 2019 წელს გაავრცელეს, რაც შესაბამისად იყოს დატანილი რონდელის ფონდის რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიულ რუკაზე. მატუაზე ასევე განთავსებულია რუსული საჰაერო ბაზა.
რუსული სამხედრო ძალები კუნძულ მატუაზე
Il-76MD ტიპის სტრატეგიული სატვირთო თვითმფრინავების ახალი ესკადრილია ჩამოყალიბდა სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის სარდლობის (შტაბ-ბინა მოსკოვში) მე-18 სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო დივიზიის (შტაბ-ბინა ორენბურგში) 117-ე სამხედრო-სატრანსპორტო საავიაციო პოლკში (საჰაერო ბაზა ორენბურგ-2, ორენბურგის ოლქი). 117-ე პოლკის დანარჩენი ძალებიც Il-76MD ტიპის საფრენი აპარატებითაა დაკომპლექტებული.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია
41-ე არმიის (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში) 90-ე სატანკო დივიზიის (შტაბ-ბინა და სამი სატანკო პოლკი ჩებარკულში, ჩელიაბინსკის ოლქი) ერთ-ერთი სატანკო პოლკის ასეული 9 ერთეული Terminator ტიპის ჯავშნიანი საბრძოლო მანქანით აღიჭურვა.
1-ლი სატანკო არმიის (შტაბ-ბინა ბაკოვკაში, მოსკოვის ოლქი) მე-2 მექანიზებული დივიზიის (შტაბ-ბინა კალინინეცში) 1174-ე ტანკსაწინააღმდეგო ბატალიონმა (კალინინეცი, მოსკოვის ოლქი) გადაიარაღება დაიწყო Shturm-S ტიპის სისტემებიდან Khrizantema-S ტიპის თვითმავალ ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებზე.
კოსმოსი
აშშ-ს კოსმოსური ძალების კოსმოსური ოპერაციების მეთაურის პირველი მოადგილის, გენერალ დევიდ ტომპსონის განცხადებით, „ჩინეთიც და რუსეთიც რეგულარულად უტევენ აშშ-ს თანამგზავრებს არაკინეტიკური საშუალებებით, მათ შორის, ლაზერებით, რადიო სიხშირის ჩამხშობებითა და კიბერ თავდასხმებით.“
სწავლებები*
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია სწავლებების შესახებ, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო სამხრეთის სამხედრო ოლქის 10 000-ზე მეტმა სამხედრომ. სწავლებები ერთდროულად დაიწყო ოლქის საპასუხისმგებლო ტერიტორიის სხვადასხვა წერტილში, მათ შორის ოკუპირებულ ყირიმში (უკრაინა).
დასავლეთის სამხედრო ოლქის სნაიპერთა დანაყოფებისთვის ერთდროული სწავლებები გაიმართა ბელგოროდის, ბრიანსკის, სმოლენსკისა და ვორონეჟის ოლქებში.
წვრთნა ჩაატარეს შავი ზღვის ფლოტის 810-ე საზღვა ქვეითთა ბრიგადის (სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა) სამხედროებმა.
რუსეთმა და ASEAN-ის (სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაცია) 7-მა ქვეყანამ, მათი პირველი ერთობლივი საზღვაო სწავლება გამართეს ინდონეზიაში, კერძოდ კუნძულ სუმატრას ჩრდილოეთი ნაწილის მახლობლად. რუსეთი სწავლებაში წარმოდგენილი იყო წყნარი ოკეანის ფლოტის „უდალოი I” კლასის (პროექტი 1155 „ფრეგატი“) წყალქვეშა ნავ-საწინააღმდეგო საესკადრო ნაღმოსან „ადმირალ პანტელეევ-ით“.
*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.