ავტორი: დავით ბატაშვილი
ქართულად თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოპოლიტიკური აქტივობები

ომი უკრაინაში – 26 აგვისტოდან 1 სექტემბრამდე, მთელი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა სროლა დონბასის ფრონტზე, უკრაინაში. რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაღუპულია ერთი, ხოლო დაჭრილია სამი უკრაინელი ჯარისკაცი, აცხადებენ უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრში.

ომი სირიაში – რუსულ-ირანულ-ასადურმა კოალიციამ შეამცირა შეტევის მასშტაბი იდლიბის რეგიონში ამბოხებულთა წინააღმდეგ (თუმცა, სრულად არ შეუწყვიტავს), მას შემდეგ, რაც 31 აგვისტოს დილით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გამოცხადდა. ორგანიზაცია „Live Universal Awareness Map-ის“ მიერ შეგროვებული სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, 31 აგვისტომდე რუსულმა საფრენმა აპარატებმა იერიში განახორციელეს ლატაკიის პროვინციის ჩრდილოეთით. ამის გარდა, დაბომბეს ქალაქები იდლიბი და მაარატ ალ-ნუმანი, ასევე სოფლები: ბისკლა, ჯარჯნაზი და კაფრ ნაბლი. სირიელი ამბოხებულების ინფორმაციით, კაფრ ნაბუდას მახლობლად ფრონტზე რუსულმა სპეციალური ოპერაციების ძალებმა რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა.

ომი სირიაში – რუსული მედიის ცნობით სირიაში, ხმეიმიმის ავიაბაზაზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც რუსებმა ააშენეს დახურული ანგრები საკუთარი საფრენი აპარატებისთვის.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

ჩრდილოეთის ფლოტის სახმელეთო ძალების მე-200 მექანიზებულმა ბრიგადამ (განლაგებული პეჩენგაში, ლუოსტარსა და კორზუნოვოში, მურმანსკის ოლქში) შეიარაღებაში მიიღო Tor-M2DT ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.

Tor-M2DT ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა. წყარო: Russian Exercises

რუსებმა დაანონსეს მრავალფუნქციური გამანადგურებლის, Mig-35 სერიული წარმოების დაწყება.

მოსკოვის ოლქის ქალაქ ჟუკოვსკიში, რუსებმა პუბლიკას წარუდგინეს მოიერიშე Mi-24P ტიპის შვეულმფრენის გაუმჯობესებული მოდელი Mi-24P-1M.

რუსეთის შეიარაღებულ ძალებში დაიწყო ახალი ტიპის პისტოლეტის, „Udav-ის“ შეიარაღებაში მიღება.

 

კოსმოსი

პლესეცკის კოსმოდრომიდან (მირნი, არხანგელსკის ოლქი) ორბიტაზე რუსული სამხედრო თანამგზავრი გაუშვეს. თანამგზავრი რუსეთის კოსმოსური ძალებს ექვემდებარება.

 

სწავლებები*

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ძალებმა ჩაატარეს სწავლება, რომელიც მიმდინარეობდა 26-დან 31 აგვისტომდე. წვრთნამ მოიცვა ასტრახანის, როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქები, ასევე, კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეები და ოკუპირებული ყირიმი. მასში მონაწილეობდნენ 58-ე, 49-ე და მე-8 არმიები, შავი ზღვის ფლოტი, მე-4 საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არმია, კასპიის ფლოტილია და სპეციალური ოპერაციების ძალები. აღსანიშნავია, რომ მთლიანი 58-ე არმია და 49-ე არმიის ნაწილი განლაგებულია კავკასიაში, იმ რეგიონების სამხრეთით სადაც ჩატარდა მოცემული წვრთნა. აღნიშნული ძალები სწავლებაში ჩასართავად გადაადგილდნენ ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სწავლების მიზანი სავარაუდოდ იყო სამხრეთის სამხედრო ოლქის ძალების მომზადება შესაძლო სამომავლო გადასროლისთვის უკრაინის წინააღმდეგ.

ჩრდილოეთის ფლოტის, საჰაერო-სადესანტო ჯარებისა და ცენტრალური სამხედრო ოლქის ძალებმა ჩაატარეს კიდევ ერთი წვრთნა დუდინკისა და ნორილსკის სიახლოვეს, ტაიმირის ნახევარკუნძულზე, კრასნოიარსკის მხარის უკიდურეს ჩრდილოეთში. აღნიშნულ რაიონში, გასულ კვირებშიც, ჩატარდა არაერთი სამხედრო სწავლება.

 


რუსი სამხედროები სწავლებაზე, ტაიმირის არქტიკულ რეგიონში. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ფეისბუქის გვერდი.

 

ლოგისტიკის ფართომასშტაბიანი წვრთნა ჩატარდა ცენტრალურ სამხედრო ოლქში. მასში ასევე ჩართული იყო რუსეთის დანარჩენი სამი სამხედრო ოლქიც და საჰაერო-სადესანტო ჯარები. რუსების ინფორმაციით, სწავლებაში მონაწილეობდა ოცდაათი ათასი სამხედრო და სამოქალაქო პირი.

ბალტიის ფლოტის საზღვაო ქვეითებმა, სამხედრო გემებმა და საზღვაო ავიაციამ ჩაატარა საზღვაო-სადესანტო სწავლება კალინინგრადის ოლქში.

 

იარაღის ექსპორტი

27 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო თურქეთისთვის S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მეორე პარტიის მიწოდება. პირველი პარტიის მიწოდება 2019 წლის ივლისში დასრულდა.

 

*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.