ავტორი: დავით ბატაშვილი
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.
გეოსტრატეგიული აქტივობები
ომი უკრაინაში – უწყვეტად მიმდინარეობდა ორმხრივი სროლა 9-15 სექტემბრის კვირაში უკრაინაში, დონბასის ფრონტზე. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 16 უკრაინელი სამხედრო.
ომი სირიაში – მიუხედავად ფორმალური ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისა, “Live Universal Awareness-ის“ მიერ შეგროვებული წყაროების ინფორმაციით, რუსულმა საფრენმა აპარატებმა დაბომბეს როგორც ქალაქ ჯისრ ალ-შუღურის მიმდებარე ტერიტორია, ისე იდლიბის პროვინციის სამხრეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილები და ლატაკიის პროვინცის ჩრდილოეთი.
არქტიკა – რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტმა პოტენციურად მნიშვნელოვანი პრეცედენტი შექმნა რუსული დროშით მცურავ კომერციულ გემზე ინსპექტირების მიზნით განხორციელებული აბორდაჟით. ინციდენტი მოხდა ტაიმირის ნახევარკუნძულის სანაპიროს სიახლოვეს, ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტზე, არქტიკაში. სამხედროების გემზე ასვლის ოფიციალურ მიზეზად გემ S. Kuznetsov-ის მიერ სანაოსნო რეგულაციების დარღვევის ეჭვი დასახელდა. ფლოტის პრესსამსახურის განცხადების თანახმად: „ჩრდილოეთის ფლოტის შენაერთებმა პირველად მიიღეს არქტიკაში პროცედურული შემოწმების ოპერაციის ჩატარების გამოცდილება.“ აღნიშნული პრეცედენტი და ოფიციალური რუსული პოზიცია შესაძლო მინიშნებაა მოსკოვის განზრახვაზე, რომლის მიხედვითაც მათ სამხედროებს შეეძლებათ გადასხდნენ და შეამოწმონ ნებისმიერი კომერციული მცურავი საშუალება, მათ შორის სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მყოფი, ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტზე.
სავაჭრო გემი S.Kuznetsov. წყარო: ჩრდილოეთის ფლოტის პრესსამსახური
ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტი. წყარო: არქტიკის საზღვაო გადაზიდვების შეფასება, 2009 წლის ანგარიში, გვ. 17
არქტიკა – ჩრდილოეთის ფლოტის ხომალდების ჯგუფი აგრძელებს არქტიკულ ექსპედიციას, რომელიც 5 აგვისტოს დაიწყო და წინა კვირაში, 9 სექტემბერს, კარის ზღვიდან ლაპტევების ზღვაში გადასვლით გააგრძელა. კარის ზღვისკენ დაბრუნებამდე, ჯგუფმა კუნძულ ბოლშევიკზე ჩაატარა სამხედრო სწავლება დესანტირებაში, რომელშიც საზღვაო ქვეითები და საჰაერო-სადესანტო ძალები მონაწილეობდნენ.
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნიკოლაი პოპესკუმ, კიდევ ერთხელ მოითხოვა რუსული ძალების გაყვანა დნესტრისპირეთის რეგიონიდან, რომელიც რუსების მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების კონტროლქვეშაა. პოპესკუმ დასძინა, რომ დნესტრისპირეთში რუსული სამხედროების ყოფნა არღვევს მოლდოვის კონსტიტუციას. რუსეთს რეგიონში 1 500 სამხედრო პირი ჰყავს, რომელთა გაყვანის განზრახვაც, ჯერჯერობით არ გამოუთქვამს.
სტრუქტურული ცვლილებები
რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქმა დააანონსა გეგმა, რომლის თანახმადაც შვეულმფრენთა 24 ახალი ბაზა შეიქმნება მოსკოვის, ლენინგრადის, კალინინგრადის, ვორონეჟის, ნიჟნი ნოვგოროდის, სმოლენსკის, ბრიანსკის, ბელგოროდის, ტამბოვისა და კურსკის ოლქებში. აღსანიშნავია, რომ ეს სია შეიცავს რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის ფარგლებში შემავალ ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც უკრაინას ესაზღვრება. შვეულმფრენთა ბაზებს ააშენებენ მე-6 საჰაერო და ჰაერსაწინააღმდეგო ძალების არმიის (შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგში) საინჟინრო ნაწილები. ბაზები მოემსახურებიან დასავლეთის სამხედრო ოლქის განკარგულებაში არსებულ ყველა სახის საბრძოლო და სატრანსპორტო შვეულმფრენებს.
სამხედრო სტრატეგია
დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების შტაბის უფროსის ასისტენტის, საჰაერო ძალების ბრიგადის გენერლის, ჯულიან ბალის განცხადებით, რუსეთის S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა, Bastion-P ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა და ისკანდერის ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა წარმოადგენენ გამოწვევას ბრიტანეთის სამხედრო ძალების მიერ “მომავალი სამოქმედო გარემოს ფლობისთვის”, რაც პასუხს საჭიროებს.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია
რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის ინფორმაციით, 2019 წლის აგვისტოში, ხსენებული ოლქის ძალებმა მიიღეს „დაახლოებით 100 ერთეული თანამედროვე აღჭურვილობა“. სხვადასხვა სახის შეიარაღებასთან ერთად, მიღებულ იქნა განახლებული ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და საარტილერიო დანადგარები.
33-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკმა (როგაჩევო, ახალი მიწა, არხანგელსკის ოლქი) დაასრულა S-300PM ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსებიდან უფრო ახალ S-400 სისტემებზე გადასვლა. აღნიშნული გადაიარაღება კიდევ ერთი ნაბიჯია რუსეთის ბოლო პერიოდის ძალისხმევის ფარგლებში, გაზარდოს საკუთარი სამხედრო პოტენციალი არქტიკის რეგიონში.
S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები როგაჩევოში. წყარო: DigitalGlobe, Inc., bmpd.livejournal.com-დან.
1536-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკმა (დონის როსტოვი, როსტოვის ოლქი), არსებული ინფორმაციის თანახმად, ანალოგიურად, შეიარაღებაში S-300PM ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების მაგივრად მიიღო S-400 ტიპის სისტემები.
155-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა (ვლადივოსტოკი, პრიმორიეს მხარე) შეიარაღდა T-80BV მოდელის ტანკებით.
კოსმოსი
ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელის, გენერალ ჯოზეფ დანფორდის განცხადებით, “არ იქნება გადაჭარბებული, თუ ვიტყვით, რომ ჩვენ ვიმყოფებით კიდევ ერთ “სპუტნიკის” მომენტში”, (იგულისხმება თანამგზავრ “სპუტნიკ 1-ის” გაშვება კოსმოსში საბჭოთა კავშირის მიერ 1957 წელს, რამაც გააჩაღა კოსმოსური რბოლა ცივი ომის პერიოდში) და მიუთითა ამერიკის საჭიროებაზე “შეინარჩუნოს ქვეყნის უპირატესობა კოსმოსში მეტოქე რუსეთთან და ჩინეთთან, ასევე ნაკლებად კონკურენტუნარიან ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან”. გენერალი დანფორდის განაცხადის მიხედვით, რუსეთი და ჩინეთი მკაფიო აქცენტს აკეთებენ საკუთარ კოსმოსურ შესაძლებლობებზე და შექმნილი აქვთ ტექნოლოგია და იარაღი, რომლის საშუალებითაც შეიძლება თანამგზავრების გადაჭერა/გათიშვა ან განადგურება.
სწავლებები*
რუსეთისა და ბელარუსის სამხედრო ნაწილებმა, 13 სექტემბერს დაიწყეს ერთობლივი სწავლება “კავშირის ფარი 2019”. წვრთნა მიმდინარეობს ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში და მასში ჩართულია 12 000 სამხედრო.
ასტრახანის ოლქში, რუსეთის და სერბეთის ჰაერსაწინააღმდეგო ძალებმა ჩაატარეს საკუთარი ერთობლივი წვრთნა“სლავური ფარი 2019”. მასში მონაწილე რუსული ძალები მოიცავდა S-400-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებსა და Pantsir-S ტიპის საშუალო მოქმედების საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს.
მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) 3000-ზე მეტმა მექანიზებული დანაყოფის სამხედრომ, ჯავშანტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით, განახორციელა სამხედრო ვარჯიში ვორონეჟისა და ბრიანსკის ოლქებში, უკრაინის საზღვართან.
რუსული საარტილერიო დანადგარი სწავლებაზე, ვორონეჟის ოლქში. წყარო: topwar.ru
შავი ზღვის ფლოტის Bastion-P და Bal ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებმა, სანაპირო დაცვის თვითმავალ არტილერიასთან ერთად, ჩაატარეს ხომალდსაწინააღმდეგო სწავლება ოკუპირებულ ყირიმში.
გასულ კვირას, საქართველოში, კერძოდ აფხაზეთში, რუსეთის საოკუპაციო ძალების ჰაერსაწინააღმდეგო დანაყოფებმა ასევე ჩაატარეს წვრთნა.
შეიარაღების ექსპორტი
თურქეთის თავდაცის სამინისტროს 15 სექტემბრის განცხადების თანახმად, დასრულდა რუსული S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის მეორე ბატარეის მიწოდება. რუსეთმა აღნიშნული სისტემების თურქეთისთვის მიწოდება 2019 წლის ივლისში დაიწყო.
ალჟირმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის საფუძველზეც შეიძენს 2 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსულ სამხედრო გამანადგურებლებს. კონტრაქტში გათვალისწინებულია 16 Su-30MKI(A) და 14 Mig-29M/M2 მრავალფუნქციური გამანადგურებლები.
* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.