ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – 16-22 სექტემბრის კვირაში დაცული იქნა წესად ქცეული ყოველდღიური სროლის პრაქტიკა უკრაინაში, დონბასის ფრონტზე. უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაღუპულია 1 და დაჭრილია 9 უკრაინელი ჯარისკაცი.

არქტიკა – არსებული ინფორმაციის თანახმად, რუსები აპირებენ ახალი სამხედრო რადარის აშენებას ტაიმირის ნახევარკუნძულის (და მთლიანად კონტინენტური რუსეთის) უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილში. შერჩეული ადგილი – ჩელიუსკინის კონცხი – წარმოადგენს ერთ-ერთ სტრატეგიულ ადგილს არქტიკაში, ვინაიდან მეთვალყურეობს სავაჭრო მიმოსვლას ჩრდილოეთის საზღვაო მარშრუტზე. არსებული ცნობით, რადარის აშენებას 33 თვე დასჭირდება.

ჩელიუსკინის კონცხის ადგილმდებარეობა – ტერიტორია სადაც დაგეგმილია სამხედრო რადარის  მშენებლობა.

არქტიკა – სამოქალაქო სავაჭრო გემზე აბორდაჟის შემდგომ, რომელზეც ვწერდით მიმოხილვის მე-6 გამოცემაში, რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის სამხედროებმა კიდევ ერთი ანალოგიური პროცედურა ჩაატარეს, ამჯერად ბრაზილიის დროშით მცურავ გემზე, ბარენცის ზღვის ჩრდილოეთით.

რუსეთისა და ჩინეთის თავდაცვის მინისტრებმა, სერგეი შოიგუმ და ვეი ფენჰემ დააანონსეს შეთანხმება 2020-2021 წლებში ორი ქვეყნის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ. 

ვლადიმერ პუტინმა გამოსცა განკარგულება, რომლითაც ოფიციალური მოსკოვი დააფინანსებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის სამხედრო ძალების მოდერნიზაციას.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსული მედიის ცნობით31-ე საჰაერო მოიერიშე ბრიგადა (ულიანოვსკი) გადაკეთდა საჰაერო მობილურ ბრიგადად. მთავარი სხვაობა არის ის, რომ ცვლილების შედეგად ბრიგადას ეყოლება საკუთარი შვეულმფრენები, რაც მას მეტ მობილობას შესძენს.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსულმა დანაყოფებმა ვორონეჟის ოლქში, უკრაინის საზღვართან,  მიმდინარე სწავლებისას გამოსცადეს ახალი ელექტრონული ბრძოლის სისტემა Palantin. რუსების ინფორმაციით, სისტემა გამოყენებულ იქნა „მოწინააღმდეგის რადიო კომუნიკაციისა და ელექტრონული დაზვერვის სისტემების ჩასახშობად, 1000 კილომეტრის რადიუსში.“

ელექტრონული ბრძოლის სისტემა Palantin. წყარო: დასავლეთის სამხედრო ოლქის  პრესსამსახური, rg.ru – დან

მე-40 საზღვაო ქვეითთა ბრიგადამ (პეტროპავლოვსკ-კამჩატსკი, კამჩატკის მხარე) შეიარაღებაში მიიღო 30 BTR-82A ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი.

 

სწავლებები*

2019 წლის მთავარი რუსული სამხედრო სწავლება „ცენტრი 2019“16-21 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მასში მონაწილეობდა 128 ათასი ჯარისკაცი და 600 საფრენი აპარატი. წვრთნა მიმდინარეობდა ორენბურგის, ჩელიაბინსკის, კემეროვოს, ასტრახანისა და კურგანის ოლქებში, ალთაის მხარესა და დაღესტნის რესპუბლიკაში, ასევე ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და კასპიის ზღვაში. რუსების გარდა, „ცენტრი 2019-ში“, მონაწილეობდნენ სამხედროები ჩინეთიდანინდოეთიდანპაკისტანიდან, უზბეკეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან. კიდევ ერთი წყაროს ინფორმაციით, სწავლების ფარგლებში მოხდა მთლიანი რუსული საჰაერო-სადესანტო პოლკის, დაახლოებით 2 000 ჯარისკაცის, დესანტირება 71 ილ-76 ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავით. 

ჩინელი სამხედრო ოფიცერი სწავლებაზე „ცენტრი 2019“. წყარო: ჩინეთის სამხედო ძალები, bmpd.livejournal.com-დან.

„ცენტრი 2019-ის“ პარალელურად, სამხრეთის სამხედრო ოლქის დაახლოებით 4 000 ჯარისკაცი გადიოდა წვრთნას როსტოვისა და ვოლგოგრადის ოლქებში. 

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, ნახევარკუნძულზე მუდმივად ბაზირებულმა დაახლოებით 3 000-მა ჯარისკაცმა, 810-ე საზღვაო  ქვეითთა (სევასტოპოლი) და 126-ე სანაპირო დაცვის (პერევალნოე) ბრიგადებიდან, მონაწილეობა მიიღო სწავლებაში, რომელშიც ასევე ჩართული იყო შავი ზღვის ფლოტის გემები და საფრენი აპარატები. 

მე-7 საოკუპაციო ბაზის (მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი) 1000-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში ჩატარებულ წვრთნაში.

არქტიკულ ექსპედიციაში მყოფი რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის გემების დაჯგუფებამ, რომელზეც არაერთხელ დავწერეთ წინა გამოცემებში, ექსპედიციის ფარგლებში ჩაატარა სწავლება ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგის არეალში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტმა 16-22 სექტემბრის კვირაში არაერთი  ცნობა გამოაქვეყნა მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში, განლაგებული რუსი სამხედროების მიერ ჩატარებული მცირე მასშტაბის წვრთნების შესახებ.  როგორც წინა გამოცემაში ვწერდით, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცოტა ხნის წინ ხელახლა წამოაყენა მოთხოვნა, რუსეთმა დნესტრისპირეთიდან თავისი სამხედრო ძალები გაიყვანოს.

რუსი სამხედროები სწავლებაზე დნესტრისპირეთში. წყარო: დასავლეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ შეიარაღებულ ძალებში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.