ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი სირიაში – ახლო აღმოსავლეთის მედია საშუალებების ინფორმაციით, რუსეთის, ირანისა და ასადის რეჟიმის სამხედროებმა პირველი ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაატარეს სირიაში, დეირ ეზ-ზორის დასავლეთით. ეს შესაძლოა მიუთითებდეს მზარდ თანამშრომლობაზე რუსულ-ირანულ-ასადურ კოალიციის წევრებს შორის, რომლებიც მოქმედებენ ასადის რეჟიმის კონტროლირებად ტერიტორიაზე

ომი უკრაინაში –  30 სექტემბერი – 6 ოქტომბრის კვირაში ყოველდღიურად წარმოებდა სროლა უკრაინაში, დონბასის ფრონტზე. რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა 3 და დაიჭრა 7 უკრაინელი ჯარისკაცი, იტყობინება უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრი.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთი ეხმარება ჩინეთს სარაკეტო თავდასხმის შეტყობინების სისტემის შექმნაში. მან დასძინა, რომ „ეს არის ძალიან სერიოზული რამ, რაც რადიკალურად გაზრდის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვით შესაძლებლობებს“. 

ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვლადიმირ მაკეიმ, განაცხადა, რომ „არ გააჩნია არც პოლიტიკური, არც პრაქტიკული და არც სამხედრო აზრი“ რუსული სამხედრო საავიაციო ბაზის განთავსებას მისი ქვეყნის ტერიტორიაზე. ასევე, მისი თქმით: „თუ ბელარუსი დამატებით შექმნის სამხედრო ბაზას საკუთარ ტერიტორიაზე, არა მგონია ამან ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.“ როგორც დაიჯესტის მე-8 გამოცემაში ვწერდით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „უსიამოვნო ეპიზოდი“ უწოდა ბელარუსის უარს საკუთარ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო-საავიაციო ბაზის განთავსებაზე.

ონლაინ მედია საშუალება „Meduza-ს“ ინფორმაციით, 10-დან 35-მდე დაქირავებული რუსი მებრძოლი დაიღუპა ლიბიაში. ისინი ეხმარებოდნენ აღმოსავლეთ ლიბიელ ლიდერს ხალიფა ჰაფთარს, ქალაქ ტრიპოლის ასაღებად, გაეროს მიერ აღიარებული ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში. 

არქტიკა – არქტიკის რეგიონში არსებული შორეული რუსული ბაზების მომარაგების მასშტაბი გაზრდილია თითქმის 200 პროცენტით – 2018 წელს მიწოდებული ტვირთების 11 ათასი ტონა, 2019 წელს გაიზარდა 30 ათას ტონამდე.

ბელგიის საჰაერო ძალებმა  გამოაქვეყნა რუსული Su-34  გამანადგურებელ-ბომბდამშენის ფოტო. ის გამოსახულია ბელგიური F-16-ის სამიზნეში, რომელმაც გზა გადაუჭრა რუსულ საფრენ აპარატს ბალტიის რეგიონში, 3 ოქტომბერს.

წყარო: ბელგიის საჰაერო ძალები

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაასრულეს ახალი, 254-ე მექანიზებული (კლინცი, ბრიანსკის ოლქი) და 59-ე სატანკო (ელნია, სმოლენსკის ოლქი) პოლკების ფორმირება. აღნიშნული პოლკები ეკუთვნის მე-20 არმიის (შტაბ-ბინა ვორონეჟში) 144-ე მექანიზებულ დივიზიას (შტაბ-ბინა ელნიაში). 144-ე დივიზია იმ სამი დივიზიიდან ერთ-ერთია, რომელიც უკრაინის საზღვართან 2015 წლის შემდგომ ჩამოყალიბდა.

სამხრე ნიშანი 254-ე მექანიზებული პოლკისა, რომელიც ახალი შექმნილია უკრაინის საზღვრიდან 45 კილომეტრში. წყარო: bmpd.livejournal.com

 

სამხედრო სტრატეგია

ამერიკის შეერთებული შტატების ევროპაში არსებული საზღვაო ძალების მეთაურის, ადმირალ ჯეიმს ფოგოს განცხადებით, მის რეგიონულ სარდლობას მეტი საბრძოლო გემი სჭირდება. მისი თქმით, ის „ხედავს მეტ რუსულ გემს, წყალქვეშა ნავს და საბრძოლო თვითმფრინავს ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეებსა და ბალტიის, შავ და ხმელთაშუა ზღვებში, ასევე სიტყვებსა და მოქმედებებს რუსების მხრიდან, რომლებსაც შეუძლიათ რეგიონში დაძაბულობის გამოწვევა“. 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის სახმელეთო ძალების მეთაურის, არმიის გენერალ ოლეგ სალიუკოვის განცხადებით, მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალები 2019 წელს მიიღებენ ჯამში 2 500 ახალ შეიარაღების სისტემას, რაც თანამედროვე აღჭურვილობის პროპორციას მის სარდლობაში 60 პროცენტამდე გაზრდის.

რუსეთის დასავლეთის სამხედრო ოლქის ცნობით, მე-6 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმია (შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგში) აღიჭურვა S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით. ამ ეტაპზე გაურკვეველია მე-6 არმიის კონკრეტულად რომელ დანაყოფს შეეხო აღნიშნული განახლება.

 

კოსმოსი 

რუსეთის კოსმოსური ძალების მაღალი რანგის ოფიცრის განცხადებით, ორბიტაზე არსებული 150 რუსული თანამგზავრიდან, ორი მესამედი – 90-ზე მეტი – სამხედრო დანიშნულებისაა და „რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში მოქმედებს.“

 

სწავლებები*

გრძელდება რუსულ-სომხური სწავლებების სერია სომხეთში. ბოლო წვრთნაში მონაწილეობდა დაახლოებით 1 500-მდე სამხედრო.  ის 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში, რუსული საოკუპაციო ძალების მე-7 სამხედრო ბაზის (მექანიზებული ბრიგადის ზომის დანაყოფი) სამხედროებმა ჩაატარეს წვრთნები აფხაზეთის მთიან და სანაპირო ზოლის არეალში. 

რუსეთისა და პაკისტანის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა ჩაატარეს ერთობლივი სწავლება მოლკინოში, კრასნოდარის მხარეში.  რუსული მედიის ცნობით, რუსული მხრიდან წვრთნაში მონაწილე სამხედროები 49-ე არმიას ექვემდებარებიან.

აკისტანელი სამხედროები რუსეთში.  წყარო: სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური

 

შეიარაღების ექსპორტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, შეაქო  „სამხედრო-ტექნიკური კოოპერაცია“ რუსეთთან და აღნიშნა, რომ „ორ ქვეყანას შორის ხელმოწერილი კონტრაქტები  ითვალისწინებს 5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსულ სამხედრო აღჭურვილობას“ და ასევე დაამატა, რომ 3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ხელშეკრულებები უკვე შესრულებულია. 

 


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.