ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

 

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაციის პრეს-ცენტრის ინფორმაციით, 21-27 ოქტომბრის კვირაში, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად დაიღუპა ერთი და დაიჭრა შვიდი უკრაინელი სამხედრო. კვირის განმავლობაში, სროლა დონბასის რეგიონის ფრონტზე ყოველდღიურად მიმდინარეობდა.

ომი სირიაში – რუსეთმა გააფართოვა საკუთარი სამხედროების სამოქმედო არეალი, რომელმაც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი მოიცვა. რუსულმა სამხედრო პოლიციამ პატრულირება დაიწყო ქალაქებთან ად-დარბასია, ალ-ქამიშლი, ამუდა და ტალ ტამრი. საჰაერო ბაზას ალ-ტაბქაში, რომელიც ადრე ამერიკელთა ხელში იყო, ამჟამად რუსების ვერტმფრენები იყენებენ. ამავდროულად, 22 ოქტომბერს, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც თურქეთის გავლენის ქვეშ მოექცა სირიის ის ნაწილი, სადაც ანკარა სამხედრო ოპერაციას აწარმოებს, ხოლო მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით სირია-თურქეთის საზღვრის დანარჩენ ნაწილზე რუსულ-თურქული სამხედრო პატრულირება განხორციელდება. შეთანხმება ასევე მოიცავს სირიელ ქურთთა ძალების საზღვრიდან მინიმუმ 30 კილომეტრით გაყვანასაც. პარალელურად ამისა, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები, 21-27 ოქტომბრის კვირაში, აქტიურად ბომბავდა ამბოხებულთა მიერ კონტროლირებულ იდლიბის რეგიონს, სირიის ჩრდილო-დასავლეთით.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი რუკა, რომელიც ასახავს 22 ოქტომბრის რუსულ-თურქული შეთანხმების პირობებსწყაროTASS

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთ-ჩინეთის სტრატეგიული ურთიერთობა გადადის „განვითარების ახალ ეპოქაში“. მისი თქმით, მნიშვნელოვან როლს ამ ურთიერთობაში „სამხედრო შინაარსის მქონე ზომები“ თამაშობს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ინფორმაციით, „სამშაბათს (22 ოქტომბერს) სამხრეთ კორეამ ააფრინა გამანადგურებლები, რუსული სამხედრო საფრენი აპარატების გასაფრთხილებლად, რომ ისინი ქვეყნის საჰაერო სივრცის საიდენტიფიკაციო ზონაში იმყოფებოდნენ. აღნიშნული მორიგი ინციდენტია, მსგავსი შემთხვევების სერიაში.“ სამხრეთ კორეის გაერთიანებული ძალების შტაბის ცნობით, ინციდენტში 6 რუსული სამხედრო თვითმფრინავი მონაწილეობდა.

რუსეთმა, წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად, სერბეთში გაგზავნა S-400  ტიპის  ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ბატალიონი და Pantsir-S1 ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ერთი ბატარეა. აღნიშნული ტიპის შეიარაღების განთავსება ევროპაში პირველად ხდება. სწავლება მოიცავს რუსულ-სერბული ერთობლივი საჰაერო თავდაცვის ჯგუფის შექმნას.

რუსული S-400 ტიპის სისტემები ბელგრადთან, სერბეთში, 2019 წლის 25 ოქტომბერსწყარო: Associated Press, The Washington Postდან

რუსეთი აფრიკაში – ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის (ცარ) პრეზიდენტის, ფრანკო ფოსტენ-არშანჟ ტუადერას განცხადებით, მისი ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე რუსული ბაზის განთავსების საკითხს განიხილავს.

რუსეთი აფრიკაში – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთსა და მალის შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამომავლოდ ამ ქვეყანაში რუსი სამხედრო სპეციალისტების შესაძლო ჩასვლასთან დაკავშირებით. სამინისტროს განცხადებით, ასეთ შემთხვევაში რუსი ოფიცრები ადგილობრივ სამხედროებს გაწვრთნიან „მალის მხრიდან წამოყენებული საჭიროებების მიხედვით“.

რუსეთისა და მალის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრაწყარორუსეთის თავდაცვის სამინისტრო

რუსეთი აფრიკაში – ჩვენი დაიჯესტის წინა გამოცემაში მოწოდებულ ინფორმაციას გაგრძელება მოჰყვა: გასულ კვირას რუსეთმა მისი სამხედრო თვითმფრინავები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაგზავნა. როგორც გაირკვა, ეს აღმოჩნდა აღმოჩნდა ორი Tu-160 ტიპის მძიმე სტრატეგიული ბომბდამშენი, რომელიც 23 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკის ვოთერკლუფის საჰაერო ბაზაზე ჩაფრინდა.

არქტიკა – რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მოიპოვეს დამატებითი მტკიცებულებები, არქტიკის რეგიონში რუსეთის ტერიტორიული პრეტენზიების სასარგებლოდ. აღნიშნული პრეტენზიები წინააღმდეგობაში მოდის კანადისა და დანიის პოზიციებთან.

არქტიკა – რუსეთმა ნოვაია ზემლიას არქიპელაგზე ახალი სამხედრო რადარი განათავსა. რუსების ინფორმაციით, Rezonance-N ტიპის რადარს შეუძლია  აღმოაჩინოს “სტელსის“ ტექნოლოგიის საფრენი აპარატები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები და ზებგერითი ობიექტები. რადარის ამოქმედება დაგეგმილია 2019 წლის ნოემბერში და ის ჩრდილოეთის ფლოტის სარდლობას დაექვემდებარება.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსები აპირებენ მათი საზღვაო ქვეითთა ბრიგადების გაზრდა/გაფართოებას. თითოეულ ბრიგადას დაემატება ოთხი – ერთი სატანკო, ერთი სადაზვერვო და ორიც საზღვაო ქვეითთა – ბატალიონი. პირველი ბრიგადა, რომელსაც შეეხება აღნიშნული ცვლილებები არის ჩრდილოეთის ფლოტის 61-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა (სპუტნიკი, მურმანსკის ოლქი), რომელსაც ასევე დაემატება ერთი სნაიპერთა და ერთიც უპილოტო საფრენი აპარატების ასეულები. საბოლოო გადაწყვეტილება ამგვარი მოდერნიზაციის სრულად დანერგვის შესახებ, მიღებულ იქნება 61-ე ბრიგადის გამოცდილებაზე დაყრდნობით. როგორც დაიჯესტის წინა გამოცემაში ვწერდით, ოფიციალური მოსკოვი აფართოებს საზღვაო ქვეითებს როლს და აქცევს მათ ახალ საექსპედიციო ძალად, რომელიც უნდა გახდეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი კრემლის გლობალურ გეოსტრატეგიაში. რუსეთს ამჟამად ჰყავს ხუთი საზღვაო ქვეითთა ბრიგადა – ორი წყნარი ოკეანის ფლოტში, ხოლო თითო-თითო ჩრდილოეთის, შავი ზღვისა და ბალტიის ფლოტებში. ამას კასპიის ფლოტილიაში ახლად ჩამოყალიბებული საზღვაო ქვეითთა პოლკიც ემატება.

რუსები ასევე გეგმავენ TOS-1A Solntsepyok ტიპის თერმობარული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების ბატალიონების ჩამოყალიბებას. თითო ასეთი ბატალიონი რუსეთის ყველა სამხედრო ოლქში შეიქმნება.

TOS-1 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემაწყარო: TASS, „იზვესტია“-დან

რუსეთმა ტაჯიკეთში S-300PS ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემის ახალი ბატალიონი ჩამოაყალიბა. ბატალიონი განლაგდება 201-ე სამხედრო ბაზასთან ერთად. ეს უკანასკნელი ბაზირებულია ტაჯიკეთში და რუსული მექანიზებული დივიზიის ანალოგიური შენაერთია.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქმა მიიღო საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ბრიგადის სამყოფი S-300V4 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. მართალია, რუსეთის ოფიციალურ პირებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რომელი ბრიგადა გადაიარაღდება, 24-ე საჰაერო თავდაცვის სარაკეტო ბრიგადა აღმოსავლეთის სამხედრო ოლქში ამ ტიპის ერთადერთი დანაყოფია. თუკი რუსებს ახალი ჰაერსაწინააღმდეგო ბრიგადა არ შეუქმნიათ, 24-ე ბრიგადა უნდა იყოს სწორედ ის დანაყოფი, რომელიც მიიღებს S-300V4 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებს. აქამდე არსებული ინფორმაციით, ბრიგადა S-300PS ტიპის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებით იყო აღჭურვილი.

რუსეთის საზღვაო ძალებმა ზღვაში ჩაუშვა პირველი პროექტი 23550 კლასის ყინულმჭრელი საპატრულო ხომალდი „ივან პაპანინი“. გემი დაპროექტებულია რუსული სამხედრო-საზღვაო ძალების მიერ არქტიკის რეგიონში გამოსაყენებლად.

„ივან პაპანინი“ სანქტ-პეტერბურგში. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

 

სწავლებები*

რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ არსებული „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის“ (ოდკბ) სამხედრო ალიანსის ერთობლივი სწავლება გაიმართა ტაჯიკეთში. მასში მონაწილეობდნენ სამხედროები რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებიდან 100-ზე მეტი სამხედრო გაემგზავრა ეგვიპტეში, ერთობლივ რუსულ-ეგვიპტურ სწავლებაში მონაწილეობის მისაღებად.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის თვითმფრინავებმა ოკუპირებულ ყირიმში,  სწავლების ფარგლებში საჰაერო დარტყმები განახორციელეს.

 

შეიარაღების ექსპორტი

რუსეთმა დაასრულა ანგოლისთვის მის მიერ შეძენილი Su-30K ტიპის გამანადგურებლების მიწოდება.


*ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.