ავტორი: დავით ბატაშვილი

თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი

რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში.

რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა.

შენიშვნა მკითხველთათვის: როგორც წესი, მიმოხილვა ყოველკვირეულია, თუმცა აღნიშნული გამოცემა გასულ ორ კვირას მოიცავს.

 

გეოსტრატეგიული აქტივობები

ომი უკრაინაში – გასული ორი კვირის განმავლობაში უკრაინაში, დონბასის ფრონტზე, სროლას ტრადიციულად ყოველდღიური ხასიათი ჰქონდა. რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად 11-17 ნოემბრის კვირაში დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი უკრაინელი სამხედრო, 18-24 ნოემბრის კვირაში კი 12 უკრაინელი ჯარისკაცი დაიჭრა.

ომი სირიაში – 11-17 და 18-24 ნოემბრის კვირებში რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალები აგრძელებდა ამბოხებულთა კონტროლირებად იდლიბის რეგიონის ყოველდღიურ დაბომბვას. ამასობაში, რუსების განცხადებით, ისინი უკვე აკონტროლებენ სარინის საჰაერო ბაზას, ქალაქ კობანის სამხრეთით. მათივე ცნობით, მათ აღნიშნულ ბაზაზე განალაგეს შვეულმფრენები, რომლებიც მხარდაჭერას უწევენ ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მოქმედ რუსულ სახმელეთო პატრულებს. ამავდროულად, რუსეთმა შვეულმფრენები, სირიაში მათი მთავარი ხმეიმიმის ბაზიდან, გადაიყვანა ალ-ქამიშლის აეროპორტში, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში. სარინის ბაზის მსგავსად, ეს უკანასკნელიც ცოტა ხნის წინ ამერიკული ძალების გავლენის ზონაში იყო. რუსების ცნობით, ალ-ქამიშლში მათ, შვეულმფრენებთან ერთად, Pantsir ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებიც განალაგეს.  

რუსი სამხედროები ყოფილ ამერიკულ ზონაშიმდინარე ევფრატზე არსებული ტიშრინის კაშხლის სიახლოვესწყარო: syria.liveuamap.com

არქტიკა – რუსეთმა  ახალი მიწის არქიპელაგზე Rezonans-N ტიპის რადარი განათავსა. რადარი ფუნქციონირებს საცდელ რეჟიმში, რისი დასრულების შემდეგაც გადავა ჩრდილოეთის ფლოტის 45-ე საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა საფონოვოში, მურმანსკის ოლქი) დაქვემდებარებაში.

რუსეთი და სერბეთი გეგმავენ მათ ერთობლივ საჰაერო თავდაცვის სწავლებებს ყოველწლიური ხასიათი მისცენ. 2019 წელს ამ ტიპის სწავლება ჩატარდა სექტემბერ-ოქტომბერში, როგორც სერბეთში, ასევე რუსეთშიც, ასტრახანის ოლქში.

 

სტრუქტურული ცვლილებები

რუსეთის ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურის განცხადებამ ცნობილი გახადა Bastion-P ტიპის მობილური სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემის არსებობა ფრანც-იოსების მიწის არქიპელაგზე, რუსულ არქტიკაში. არქიპელაგზე ასევე მდებარეობს საჰაერო ბაზა და Pantsir-S1 ტიპის საშუალო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ბატალიონი. წინათ, ცნობილი იყო Bastion-P ტიპის სისტემების არსებობის შესახებ ახალი ციმბირის კუნძულებზე (კონკრეტულად კოტელნის კუნძულზე), რომელიც ასევე მოხსენიებულ იქნა ადმირალის განცხადებაში.

 

გადაიარაღება და მოდერნიზაცია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასავლეთის სამხედრო ოლქმა 2019 წელს ჯავშანტექნიკის 780 ერთეული მიიღო.

მე-6 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბ-ბინა სანქტ-პეტერბურგში) 32-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბ-ბინა რჟევში, ტვერის ოლქი) 108-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი (ვორონეჟი) გადაიარაღდა და S-300PM ტიპის სისტემების მაგივრად შეიარაღებაში მიიღო განახლებული S-300PM-2 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.

41-ე არმიაში (შტაბ-ბინა ნოვოსიბირსკში)  მიმდინარეობს  61-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო ბრიგადის (ბიისკი, ალთაის მხარე) გადაიარაღება ახალ, Buk-M3 ტიპის საშუალო მოქმედების საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემებზე.

Buk-M3 ტიპის სისტემები მარშისას. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო,  bmpd.livejournal.com – დან.

ჩრდილოეთის ფლოტის მე-200 მექანიზებული ბრიგადის (ლუოსტარი, პეჩენგა და კორზუნოვო, მურმანსკის ოლქი)  სატანკო ბატალიონი T-80BVM ტიპის ტანკებით შეიარაღდა.

 

სწავლებები*

რუსული „ადმირალ გრიგოროვიჩის“ (პროექტი 11356P/M) კლასის სარაკეტო ფრეგატმა „ადმირალი მაკაროვი“ და პროექტ 22160 კლასის საპატრულო ხომალდმა „ვასილი ბიკოვი“ დასავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ალჟირის საზღვაო ძალებთან ერთად ერთობლივი სწავლება ჩაატარეს.

რუსეთისა და უზბეკეთის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ჩაატარეს ერთობლივი სწავლება რუსეთში, სამარის ოლქში.

უზბეკეთის სპეც. ოპერაციების ძალების მებრძოლი სამარის ოლქშიწყაროცენტრალური სამხედრო ოლქი

ანადირში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში, უგოლნის საჰაერო ბაზაზე განლაგებულმა Mi-8AMTSh-VA ტიპის სატრანსპორტო და მოიერიშე შვეულმფრენებმა მონაწილეობა მიიღეს სწავლებაში, რომელშიც ჩართული იყო რუსული არქტიკის ჩრდილო-აღმოსავლეთით,  ვრანგელის კუნძულზე განთავსებული სარადარო სადგურიც.

 

შეიარაღების ექსპორტი

ინდოეთმა  800 მილიონი აშშ დოლარი ავანსის სახით გადაიხადა რუსული S-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების შესაძენად. კონტრაქტი გეგმის თანახმად 2025 წელს უნდა დასრულდეს.

რუსეთმა ბელარუსს მიაწოდა Su-30SM ტიპის გამანადგურებელი. სრული კონტრაქტი მოიცავს 12 Su-30SM ტიპის გამანადგურებლის მიწოდებას.

რუსეთმა დაასრულა ერაყისთვის T-90S ტიპის ტანკების მიწოდების პირველი ეტაპი.


* ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო.