ავტორი: დავით ბატაშვილი |
თარგმანი: დაჩი სახლთხუციშვილი
რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა არის ყოველკვირეული დაიჯესტი, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საკვანძო აქტივობებისა და იქ მიმდინარე ცვლილებების შესახებ. მიმოხილვა გამოადგება მკვლევრებს, საჯარო მოხელეებსა და ყველა სხვას, ვისაც აინტერესებს თუ რა ხდება მსოფლიოს ამ ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული სახელმწიფოს სამხედრო ძალებში. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განაწილების სანახავად იხილეთ ჩვენი რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიული რუკა. შენიშვნა მკითხველთათვის: ახალ წელთან დაკავშირებით, ჩვენ გამოვტოვებთ შემდეგ კვირას და მე-20 გამოცემით 2020 წლის 6-12 იანვრის კვირაში დავბრუნდებით. მე-20 გამოცემა მოიცავს 2 კვირის ინფორმაციას.
გეოსტრატეგიული აქტივობები ომი უკრაინაში – 16-22 დეკემბრის კვირაში, დონბასის ფრონტზე, რუსული ჰიბრიდული ძალების მოქმედებების შედეგად, დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი უკრაინელი სამხედრო. რუსების მიერ გახსნილ ცეცხლს ქალაქ მარინკას სიახლოვეს ერთი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. უკრაინის არმიის ინფორმაციით, 17 დეკემბრის მდგომარეობით, დონბასის ფრონტზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად 2019 წელს უკრაინის მხარეს დაღუპულია 97 ადამიანი ხოლო დაჭრილია 499. ომი სირიაში – 16-22 დეკემბრის კვირაში რუსეთის საჰაერო ძალებმა მასირებული დაბომბვები განახორციელეს ამბოხებულთა მიერ კონტროლირებად იდლიბის რეგიონში. ბევრი საჰაერო დარტყმა უშუალოდ მხარს უჭერდა ასადის რეჟიმის ძალების ამ კვირაში წამოწყებულ შეტევას, რის შედეგადაც რეჟიმის ძალებმა გაარღვიეს ამბოხებულთა თავდაცვითი ხაზები და დაიკავეს ტერიტორია ამბოხებულთა კონტროლირებადი იდლიბის რეგიონის სამხრეთ-აღმოსავლეთით. გოლანის მაღლობებზე, სირია-ისრაელის საზღვართან, რუსულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს ისრაელის უპილოტო საფრენ აპარატს, რომელიც სირიის საჰაერო სივრცეში მოქმედებდა. აშშ-ს სანაპირო დაცვის ინფორმაციით, რუსული „ვიშნია/მერიდიანი“ კლასის (პროექტი 864) სადაზვერვო გემი „ვიქტორ ლეონოვი“ სამხრეთ კაროლინისა და ჯორჯიის შტატების სიახლოვეს, აშშ-ს საზღვაო ბაზებთან, სახიფათო მანევრებს ახორციელებდა. „ვიქტორ ლეონოვი“. წყარო: USNI News
სტრუქტურული ცვლილებები რუსები გეგმავენ გააფართოონ Iskander-M-ის სარაკეტო ბრიგადები. თუკი ამჟამად ერთი ასეთი ბრიგადა 12 სარაკეტო სისტემისგან შედგება, მომავალში იგეგმება ამ რიცხვის 16-მდე გაზრდა.
სამხედრო სტრატეგია რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვალერი გერასიმოვმა უარყო ხმები ჩრდილოეთის ფლოტის გაერთიანებული სტრატეგიული სარდლობის მეხუთე რუსულ სამხედრო ოლქად გარდაქმნის შესახებ. ასევე, მისი ინფორმაციით, რუსეთი აპირებს შეინარჩუნოს როგორც ბრიგადებისა, ისევე დივიზია-პოლკების სტრუქტურების არსებულ მოდელებს.
გადაიარაღება და მოდერნიზაცია რუსეთის საჰაერო ძალები აგრძელებს ახალი Il-76MD-90A ტიპის სტრატეგიული სატვირთო თვითმფრინავების მიღებას. აღნიშნული მოდელის მიწოდება საჰაერო ძალებისთვის დაიწყო 2019 წელს და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2020 წელსაც გაგრძელდება. Il-76MD-90A ტიპის თვითმფრინავები მიეწოდა 235-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკს (ულიანოვსკ-ვოსტოჩნის საჰაერო ბაზა, ულიანოვსკის ოლქი). პოლკი ეკუთვნის სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის სარდლობის (შტაბ-ბინა მოსკოვში) მე-18 სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის დივიზიას (შტაბ-ბინა ორენბურგში).
კოსმოსი რუსეთი ქმნის ახალ სარაკეტო თავდასხმის ადრეული შეტყობინების თანამგზავრულ სისტემას. წინა, Oko-1 ტიპის თანამგზავრისგან შედგენილმა სისტემამ, არსებობა 2014 წელს შეწყვიტა. ახალი სისტემა იყენებს Kupol ტიპის თანამგზავრებს. ამჟამად ორბიტაზე განთავსებულია სამი ასეთი თანამგზავრი, თუმცა რუსების გეგმით 2022 წლისთვის სულ ცხრა უნდა იყოს განლაგებული.
სწავლებები * 3 000 რუსი სამხედრო ჩაერთო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთში მიმდინარე სწავლებაში. ამასთანავე, შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციამ ოკუპირებულ ყირიმში განახორციელა საჰაერო ბრძოლის სწავლება (ე.წ. „დოგფაითი“), ხოლო საოკუპაციო ჯარის სნაიპერები ვარჯიშობდნენ როგორც ოკუპირებულ ყირიმში, ასევე საქართველოს მეორე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. რუსეთმა და სირიამ ხმელთაშუა ზღვაში პირველი ერთობლივი საზღვაო სწავლება ჩაატარეს. რუსეთი სწავლებაში წარმოდგენილი იყო წყალზედა მცურავი საშუალებებითა და ხმეიმიმის ბაზაზე არსებული თვითმფრინავებით. რაც შეეხება სირიას, მისგან სწავლებაში სარაკეტო კატარღები და ტრალერები მონაწილეობდნენ.
შეიარაღების ექსპორტი რუსეთმა დაიწყო Mi-35M ტიპის მოიერიშე შვეულმფრენების უზბეკეთისთვის მიწოდება. დაგეგმილია 4 შვეულმფრენის მიწოდება 2019 წლის ბოლომდე, ხოლო დანარჩენი 8 შვეულმფრენი 2020 წელს მიეწოდება. რუსეთმა სომხეთს მიაწოდა პირველი ორი Su-30SM ტიპის გამანადგურებელი. ამ ტიპის 4 თვითმფრინავის შეძენაზე კონტრაქტს 2019 წლის იანვარში მოეწერა ხელი. სომხეთმა ასევე მიიღო რუსული Tor-M2KM ტიპის ახლო მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. რუსეთის მიერ სომხეთისთვის მიწოდებული ორი Su-30SM ტიპის გამანადგურებლიდან ერთ-ერთი. წყარო: bmpd.livejournal.com * ყოველკვირეული სწავლებების რაოდენობა რუსულ არმიაში საკმაოდ დიდია, შესაბამისად თითოეული მათგანი დაიჯესტში ვერ მოხვდებოდა. გამოცემაში შესული სწავლებები შერჩეულია ავტორის მიერ მათი სტრატეგიული მნიშვნელობის, დიდი მასშტაბის, მონაწილე დანაყოფების რაოდენობისა ან/და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ჩართულობის გამო. |