ავტორი: დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

2018 წლის აგვისტოდან „რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი“ რუსეთის სამხედრო ძალებში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს აშუქებს. „მონიტორინგის“ ყველა გამოცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განლაგება შეგიძლიათ ნახოთ რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიულ რუკაზე. ხოლო რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ამბების უფრო ფართო სპექტრი 2022 წლის 20 თებერვლამდე, და რუსეთ-უკრაინის ომის მოვლენები იხილეთ რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვაში.

რუსეთ-უკრაინის ომის 2022 წ. 24 თებერვალს დაწყებულმა სრულმასშტაბიანმა ეტაპმა რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა არია. შეიქმნა მრავალი დანაყოფი, რომელიც სავარაუდოდ მხოლოდ დროებით, ომის პერიოდში, იარსებებს. მათ შორის არის მოხალისეთა და 2022 წ. 21 სექტემბრის შემდეგ მობილიზებულთაგან შექმნილი დანაყოფები. ვაგნერის ჯგუფი გარდაიქმნა მსხვილ სამხედრო ძალად, რომელიც ფლობს მრავალნაირ და მძლავრ შეიარაღებას, და რომლის დაქვემდებარებაში დაქირავებულთა ბირთვის გარდა ასევე არის მრავალი ათასი სხვა მებრძოლიც, რუსულ ციხეებში რეკრუტირებულთა ჩათვლით. ამასთან, ვაგნერის ჯგუფი კვლავ რჩება რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალური სტრუქტურის გარეთ. ამავე დროს, რუსული რეგულარული ჯარის მრავალმა დანაყოფმა კატასტროფული დანაკარგები განიცადა, რის შემდეგაც მობილიზებულებით შეივსო.

ამ ქაოსის ფონზე, წინამდებარე მასალა მიმოიხილავს რუსულ სამხედრო სტრუქტურაში მომხდარ ცვლილებებს, რომელთა აღმოჩენა ავტორმა ღია წყაროების მონიტორინგით შეძლო. აღნიშნული მოიცავს მხოლოდ ისეთ ცვლილებებს, რომელიც სავარაუდოდ გრძელვადიანია და რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიციალურ სტრუქტურას ეხება.

 

ცენტრალური რუსეთი

მე-3 საარმიო კორპუსი (შტაბი მულინოში, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი), რომლის შექმნის შესახებაც მიმოხილვის წინა გამოშვებაში ვწერდით, ჩამოყალიბდა. მასში შედის:

მე-6 მექანიზებული დივიზია, რომელშიც შედიან 54-ე55-ე57-ე მექანიზებული პოლკები და მე-10 სატანკო პოლკი72-ე მექანიზებული ბრიგადამე-9 ცალკეული სპეცდანიშნულების ასეულიმე-17 დიდი სიმძლავრის საარტილერიო ბრიგადა27-ე საარტილერიო პოლკი; და 52-ე ცალკეული საზენიტო სარაკეტო ბატალიონი.

*

2022 წლის აგვისტოსთვის, მე-6 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის არმიის 32-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის 42-ე საზენიტო სარაკეტო პოლკი (იჟიცი, ნოვგოროდის ოლქი) შეიარაღდა ს-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ს-300პმ2 სისტემების ნაცვლად.

 

დასავლეთის მიმართულება

2022 წლის აგვისტოსთვის, შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის 1096-ე საზენიტო სარაკეტო პოლკი (სევასტოპოლი, ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა), შესაძლოა, ს-350 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით შეიარაღდა.

 

ბელარუსი და ბალტიის რეგიონი

რუსეთ-უკრაინის ომის სრულმასშტაბიანი ეტაპის დაწყების შემდეგ, ბელარუსში, მანამდე არსებული ბარანოვიჩის საავიაციო ბაზის გარდა, რუსებმა ასევე მოიპოვეს კიდევ სულ მცირე ორი ასეთი ბაზა: ლუნინეცის საავიაციო ბაზა (ლუნინეცი, ბრესტის ოლქი) და პრიბიტკის საავიაციო ბაზა (ზიაბროვკა, გომელის ოლქი).

 

კავკასია

2022 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის, ჩეჩნეთში, 58-ე არმიის 42-ე მექანიზებული დივიზიის შემადგენლობაში, 78-ე მექანიზებული პოლკი ჩამოყალიბდა. არსებული ინფორმაციით, პოლკში სამი მექანიზებული ბატალიონი შედის.

*

2022 წლის ივნისივლისში, რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში, თუმცა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის, პატრონაჟის ქვეშ, ოთხი სპეცდანიშნულების ბატალიონი ჩამოყალიბდა. აღნიშნული ბატალიონების სახელებია: ჩრდილოეთი-ახმატიდასავლეთი-ახმატისამხრეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი. კადიროვის ცნობით, ამ ბატალიონების შემადგენლობაში მხოლოდ ჩეჩნები შედიან.

 

არქტიკა

2022 წლის 8 ივლისს, ჩრდილოეთის ფლოტს  პროექტი 09852 კლასის სპეციალური დანიშნულების წყალქვეშა ნავი ბელგოროდი  შეუერთდა.

 

შორეული აღმოსავლეთი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2022 წლის 5 დეკემბრის ცნობითკურილის კუნძულების ჩრდილოეთში, პარამუშირის კუნძულზე, წყნარი ოკეანის ფლოტის ბასტიონ-პ ტიპის მობილური სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემების დანაყოფი განლაგდა.

*

2022 წლის 16 ნოემბერს წყნარი ოკეანის ფლოტს გაუმჯობესებული კილოს / პროექტი 636.3 კლასის წყალქვეშა ნავი უფა შეუერთდა.

*

2022 წლის 16 ან 17 ნოემბერს წყნარი ოკეანის ფლოტს შეუერთდა ალექსანდრიტის / პროექტი 12700 კლასის ტრალერი პიოტრ ილიჩევი. აღნიშნული ხომალდი პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საზღვაო ბაზაზე იმსახურებს.

*

პროექტი 955ა ბორეი-ა კლასის ბალისტიკური სარაკეტო წყალქვეშა ნავი კნიაზ ოლეგი და პროექტი 885მ იასენ-მ კლასის წყალქვეშა ნავი ნოვოსიბირსკი, რომელთა წყნარი ოკეანის ფლოტის შემადგენლობაში შესვლაზე ჩვენი მიმოხილვის წინა გამოცემაში ვწერდით, პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საზღვაო ბაზაზე მსახურობენ.

*

გაუმჯობესებული კილოს / პროექტი 636.3 კლასის წყალქვეშა ნავი მაგადანი, რომელიც წყნარი ოკეანის ფლოტს 2021 წლის ოქტომბერში შეუერთდა,  ვლადივოსტოკის საზღვაო ბაზაზე მსახურობს.

 

რუსეთისგან დაშორებული რეგიონები

2022 წლის შემოდგომისთვის, რუსეთმა სირიიდან გაიყვანა ს-300 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები, რუსეთ-უკრაინის ომში გამოსაყენებლად. სირიაში კვლავ დარჩა რუსული ს-400 სისტემები.