ავტორი: დავით ბატაშვილი

რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა კვლავაც იცვლება. მოსკოვი თავისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს. „რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი“ აშუქებს რუსეთის სამხედრო ძალებში მიმდიმარე ამ სტრუქტურულ ცვლილებებს 2018 წლის აგვისტოდან. „მონიტორინგის“ ყველა გამოცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განლაგება შეგიძლიათ ნახოთ რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიულ რუკაზე. ხოლო რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ახალი ამბების უფრო ფართო სპექტრს თვალი შეგიძლიათ მიადევნოთ ჩვენი ყოველკვირეული რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის მეშვეობით.

2021 წლის 15 ივნისის-15 დეკემბრის პერიოდში რუსეთის სამხედრო სტრუქტურაში მთავარ ცვლილებებს შორის იყო ვოლგოგრადის ოლქში ახალი მექანიზებული დივიზიის ჩამოყალიბება, და ბელარუსში რუსული საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ბაზების შექმნა.

ამავე პერიოდში ცნობილი გახდა, რომ 2020 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი ნაწილები ჩამოყალიბდა. მათ შორის არის მექანიზებული პოლკი ინგუშეთში, ასევე საარტილერიო და სარაკეტო ბრიგადები კრასნოდარის მხარეში.

რუსებმა ასევე მიზნად დასახეს მათი სამობილიზაციო პოტენციალის გაზრდა ახალი სამხედრო რეზერვის დაარსების გზით.

სირიაში რუსებმა პირველად დაიწყეს ქამიშლის აეროპორტში (ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი) გამანადგურებელი თვითმფრინავების განლაგება.

რუსული სამხედრო ფლოტის მთავარი ახალი შენაძენი აღნიშნულ პერიოდში იყო წყალქვეშა ნავი, რომელიც წყნარი ოკეანის ფლოტს შეუერთდა.

 

უკრაინის მიმართულება

მონიტორინგის მე-3 გამოშვებაში მიმოხილული წინასწარი გეგმების შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მართლაც შექმნეს მე-20 მექანიზებული დივიზია მე-20 მექანიზებული ბრიგადის (ვოლგოგრადი) ნაცვლად. აღნიშნული ტრანსფორმაცია 2021 წლის სექტემბრისთვის განხორციელდა. ახალი დივიზია შედის მე-8 არმიაში (შტაბი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი). რუსული წყაროების მიხედვით, ახალი დივიზიის ძირითადი ძალების სტრუქტურა შესაძლოა შემდეგი იყოს: 242-ე მექანიზებული პოლკი (კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი), 255-ე მექანიზებული პოლკი (ვოლგოგრადი), 944-ე თვითმავალი არტილერიის პოლკი, 358-ე ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი, 428-ე ცალკეული სატანკო ბატალიონი (ვოლგოგრადის სიახლოვეს) და 487-ე ცალკეული ტანკსაწინააღმდეგო არტილერიის ბატალიონი.

*

2021 წლის აგვისტოში რუსულ წყაროებში გაჩენილი ცნობების მიხედვით, 2020 წელს კორენოვსკში (კრასნოდარის მხარე) ჩამოყალიბდა ახალი 47-ე სარაკეტო ბრიგადა და 238-ე საარტილერიო ბრიგადა. ორივე ბრიგადა შედის მე-8 არმიაში (შტაბი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი).

*

2021 წლის ნოემბერში ვორონეჟში, რეკოსნტრუქციის შემდეგ, ხელახლა გაიხსნა ბალტიმორის საჰაერო ბაზა. ბაზაზე განლაგებულია მე-6 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი სანქტ-პეტერბურგში) 105-ე შერეული საავიაციო დივიზიის (შტაბი ვორონეჟში) 47-ე ბომბდამშენთა პოლკი.

*

შავი ზღვის ფლოტის ახალი ალექსანდრიტი / პროექტი 12700 კლასის ტრალერი გიორგი კურბატოვი რუსულ სამხედრო ფლოტს 2021 წლის 20 აგვისტოს შეუერთდა.

*

2021 წლის მეორე ნახევარში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დააარსეს სამხედრო რეზერვის ახალი სტრუქტურა, რომელსაც ქვეყნის საბრძოლო საარმიო რეზერვი (ბარს) უწოდეს. სამხრეთის სამხედრო ოლქში რუსების მიერ გავრცელებული ცნობებით 20 000 რეზერვისტი მომზადდა. მოგვიანებით, ბარსის რეზერვისტების მომზადება დასავლეთის სამხედრო ოლქშიც დაიწყო.

 

ბელარუსი და ბალტიის რეგიონი

2021 წლის სექტემბრის დასაწყისისთვის მოსკოვმა მიაღწია მის ხანგრძლივ მიზანს დაეარსებინა საავიაციო ბაზა ბელარუსში. ეს „ერთობლივი სამხედრო სასწავლო ცენტრის“ სახელით გაკეთდა. საავიაციო ბაზა განლაგებულია ბარანოვიჩიში (ბრესტის ოლქი) და იქ განთავსებულია რუსული სუ-30სმ გამანადგურებლები. რუსებმა ასევე მოიპოვეს საჰაერო თავდაცვის ბაზა გროდნოში, რომელიც შეიარაღებულია ს-400 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით. არსებული ცნობებით, ეს სისტემები ეკუთვნის 1-ლი საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის არმიის (შტაბი ბალაშიხაში, მოსკოვის ოლქი) მე-4 საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი დოლგოპრუდნიში, მოსკოვის ოლქი) 210-ე საზენიტო სარაკეტო პოლკს (დუბროვკი, მოსკოვის ოლქი).

*

2021 წლის ივლისში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში გამოჩნდა, რომ კრონშტადტში (ლენინგრადის ოლქი) ბალტიის ფლოტის შემადგენლობაში შეიქმნა „ბასტიონ-პ“ და „ბალ“ ტიპის სისტემებით შეიარაღებული სანაპირო სარაკეტო სამხედრო ნაწილი.

*

2021 წლის 15 ივლისს ბალტიის ფლოტს შეუერთდა პროექტი 02510 ბკ-16 კლასის ორი ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი.

 

კავკასია

2021 წლის ზაფხულში რუსულ წყაროებში გამოჩენილი ინფორმაციის მიხედვით, 2020 წელს ნესტეროვსკაიაში (ინგუშეთი) ჩამოყალიბდა 503-ე მექანიზებული პოლკი. ახალი პოლკი ეკუთვნის მე-19 მექანიზებულ დივიზიას (შტაბი სპუტნიკში, ჩრდილოეთი ოსეთი-ალანია).

*

2021 წლის აგვისტოში რუსული წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ კასპიის ფლოტილიის საზღვაო ძალების კასპიისკის საზღვაო ბაზაზე (დაღესტანი) გადაყვანის პროცესი დასრულებულია.

 

არქტიკა

რუსულ წყაროებში საუბარი იყო არქტიკაში მომავალში ახალი სამხედრო სტრუქტურის შექმნის შესახებ. გაჩენილი ცნობები ახალი არქტიკული ფლოტის შესაძლო ჩამოყალიბებაზე სხვა წყაროებმა უარყვეს, თუმცა კიდევ ერთი ნახსენები შესაძლებლობაა ჩრდილოეთის ფლოტის შემადგენლობაში არქტიკული ფლოტილიის შექმნა. 2021 წლის დეკემბრის მდგომარეობით, ეს მსჯელობები იყო არაოფიციალური, და უცნობი იყო განხორციელდებოდა თუ არა რაიმე ამდაგვარი გეგმა მომავალში.

 

შორეული აღმოსავლეთი

„პანცირ-ს“ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით შეიარაღებული ახალი საჰაერო თავდაცვის ნაწილი შეიქმნა ხაბაროვსკის მახლობლად, 2021 წლის დეკემბრის დასაწყისში.

*

2021 წლის დეკემბრის დასაწყისში, რუსული წყაროების ცნობით, კურილის კუნძულების ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე კუნძულ მატუაზე წყნარი ოკეანის ფლოტის „ბასტიონ-პ“ ტიპის მობილური სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემები განლაგდა. სინამდვილეში, ჩვენი მიმოხილვის მე-2 გამოშვებაში უკვე გვეწერა, რომ „ბასტიონ-პ“ ტიპის სისტემები მატუას კუნძულზე 2019 წლის აგვისტოსთვის უკვე განთავსებული იყო.

*

2021 წლის 12 ოქტომბერს წყნარი ოკეანის ფლოტს გაუმჯობესებული კილო / პროექტი 636.3 კლასის წყალქვეშა ნავი მაგადანი შეუერთდა.

*

2021 წლის სექტემბრის ინფორმაციის მიხედვით, რუსებმა შეუცვალეს მუდმივი ბაზირების ადგილი წყნარი ოკეანის ფლოტის გრემიაშჩი / პროექტი 20385 კლასის ახალ კორვეტს გრემიაშჩის. თავდაპირველად იგეგმებოდა მისი განლაგება პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საზღვაო ბაზაზე, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის ვლადივოსტოკის საზღვაო ბაზაზე იმსახურებს.

 

ურალი, ციმბირი და ცენტრალური აზია

მე-14 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის არმიის (შტაბი ეკატერინბურგში) 41-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი ნოვოსიბირსკში) 388-ე საზენიტო სარაკეტო პოლკმა (აჩინსკი, კრასნოიარსკის მხარე) სავარაუდოდ მიიღო ს-300პმ2 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ბატალიონის პარტია. მანამდე 388-ე პოლკი შეიარაღებული იყო მხოლოდ ს-300პ სისტემებით.

*

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 1 დეკემბრის ცნობით, სამხედრო სატრანსპორტო ავიაციის სარდლობის (შტაბი მოსკოვში) მე-18 სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო დივიზიის (შტაბი ორენბურგში) 117-ე სამხედრო სატრანსპორტო საავიაციო პოლკში (საჰაერო ბაზა ორენბურგ-2, ორენბურგის ოლქი) ჩამოყალიბდა ილ-76მდ სტრატეგიული სატრანსპორტო თვითმფრინავების ახალი ესკადრილია.

*

2021 წლის აგვისტოში ქალაქ რუბცოვსკის (ალტაის მხარე) მახლობლად შეიქმნა სატრანსპორტო თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი ახალი აეროდრომი.

 

ცენტრალური რუსეთი

2021 წლის სექტემბრის რუსული ცნობების მიხედვით, მოსკოვის ოლქში არსებული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ძალებისთვის დაიწყო ს-500 ტიპის პირველი სისტემების მიწოდება. შესაძლებელია, რომ აღნიშნული ძალები ეკუთვნის 1-ელ საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის არმიას (შტაბი ბალაშიხაში, მოსკოვის ოლქი).

 

საჰაერო-სადესანტო ძალები

76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის (შტაბი ფსკოვში) 237-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკმა (ფსკოვი), რომელიც 2018 წლის 1 დეკემბერს ჩამოყალიბდა, დაასრულა ფორმირების პროცესი 2021 წლის 1 სექტემბერს.

 

რუსეთისგან დაშორებული რეგიონები*

2021 წლის ოქტომბერში რუსეთის საჰაერო ძალების სუ-35ს გამანადგურებლებმა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში მდებარე ქამიშლის აეროპორტის გამოყენება დაიწყეს.

*ეს სექცია არ შეიცავს ვაგნერის ჯგუფისა და მსგავსი ძალების მოქმედებებს ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში.