ავტორი: დავით ბატაშვილი

რუსეთის შეიარაღებული ძალების სტრუქტურა კვლავაც იცვლება. მოსკოვი თავისი სამხედრო პოტენციალის გაძლიერებას ცდილობს. „რუსეთის სამხედრო ტრანსფორმაციის მონიტორინგი“ რუსეთის სამხედრო ძალებში 2018 წლის აგვისტოდან მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებს აშუქებს. „მონიტორინგის“ ყველა გამოცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ. რუსეთის სამხედრო სტრუქტურის გეოგრაფიული განლაგება შეგიძლიათ ნახოთ რუსეთის სამხედრო ძალების ინტერაქტიულ რუკაზე. ხოლო რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებული ახალი ამბების უფრო ფართო სპექტრს თვალი შეგიძლიათ მიადევნოთ ჩვენი ყოველკვირეული რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვის მეშვეობით.

 

2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის ივნისამდე პერიოდში რუსებმა განაგრძეს ევროპაში თავისი სახმელეთო ძალების გაზრდა, კერძოდ, თავის სტრატეგიულ ფორფოსტებში კალინინგრადის ოლქსა და ოკუპირებულ ყირიმში.

კალინინგრადის ოლქში რუსები ახალი მექანიზებული დივიზიის ჩამოყალიბებით იყვნენ დაკავებული. მათ ასევე განაცხადეს, რომ ვოლგოგრადის ოლქში არსებული მექანიზებული ბრიგადა მექანიზებულ დივიზიად გადაიქცეოდა. ამასობაში, რუსეთმა დაიწყო ვოლგოგრადის ოლქში არსებული სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ყირიმში გადაყვანის პროცესი.

რუსები ასევე აგრძელებენ თავისი ძალების გაზრდას არქტიკაში, სადაც ჩრდილოეთის ფლოტმა სამხედრო ოლქთან თანაბარი სტატუსი საბოლოოდ მიიღო. ჩუკოტკაზე მათ სანაპირო დაცვის დივიზიის ფორმირება წამოიწყეს, ხოლო ახალი მიწის არქიპელაგზე, როგაჩევოს საავიაციო ბაზაზე, გამანადგურებელი თვითმფრინავების როტაცია დაიწყეს.

თავისი სამხედრო ავიაციის წვდომის ჩრდილოეთისკენ გაფართოებასთან ერთად, მოსკოვმა ეს ახლო აღმოსავლეთშიც გააკეთა. კერძოდ, სირიაში ხმეიმიმის საავიაციო ბაზის ინფრასტრუქტურა განავითარა, რის შედეგადაც ამ ბაზას უკვე სტრატეგიული ბომბდამშენების მიღებაც შეუძლია. ამასთან, პორტ-სუდანში რუსული საზღვაო ბაზის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია, რადგან სუდანურმა მხარემ ამის თაობაზე ხელშეკრულების პირობების გადახედვა ისურვა.

რუსულმა სამხედრო-საზღვაო ძალებმა ამ გამოცემაში განხილულ პერიოდში სამი ახალი კორვეტი მიიღო. მათგან ორი წყნარი ოკეანის ფლოტს შეუერთდა, ხოლო ერთი – შავი ზღვის ფლოტს. ჩრდილოეთის ფლოტში ახალი წყალქვეშა ნავი შევიდა. ამასთან, 2020 წელს შავი ზღვის ფლოტი და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები ორმა მოძველებულმა კორვეტმა დატოვა.

 

რუსეთისგან დაშორებული რეგიონები*

რუსებმა გააგრძელეს მუშაობა სირიაში ხმეიმიმის საავიაციო ბაზის განვითარებაზე და გაზარდეს მისი ერთ-ერთი ასაფრენი ზოლი, რათა ბაზამ უფრო მსხვილი თვითმფრინავების მიღება შეძლოს. 2021 წლის მაისის ბოლოსთვის მათ უკვე შეძლეს ხმეიმიმის ბაზაზე სამი ტუ-22მ3 ტიპის სტრატეგიული ბომბდამშენის რამდენიმე დღით გაგზავნა.

*

2021 წლის ივნისის დასაწყისში სუდანურმა მხარემ განაცხადა, რომ მას სურდა გადახედვა მოსკოვთან დადებული იმ ხელშეკრულებისა, რომლის მიხედვით რუსულმა სამხედრო ფლოტმა პორტ-სუდანში საზღვაო ბაზა მიიღო. 2021 წლის ივნისის მდგომარეობით, პორტ-სუდანში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის მომავალი გარკვეული არ იყო.

 

უკრაინის მიმართულება

2021 წლის აპრილში რუსულმა წყაროებმა გაასაჯაროვეს მე-8 არმიაში (შტაბი ნოვოჩერკასკში, როსტოვის ოლქი) შემავალი მე-20 მექანიზებული ბრიგადის (ვოლგოგრადი) ბაზაზე მე-20 მექანიზებული დივიზიის შექმნის გეგმები. ახალი დივიზიის ნაწილები, ამ ინფორმაციის მიხედვით, განლაგებული იქნება ვოლგოგრადსა და კამიშინში (ვოლგოგრადის ოლქი).

*

2021 წლის 25 მარტს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ 2021 წელს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების (ვდვ) 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადა (კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი) გადაინაცვლებს ფეოდოსიაში (ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა), და 56-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკად გარდაიქმნება.

*

2021 წლის მარტისთვის ახალი სპეციალური მობილური ასეული შეიქმნა დონბასში რუსული ჰიბრიდული ძალების 1-ლი საარმიო კორპუსის (შტაბი დონეცკში) შემადგენლობაში.

*

2021 წლის იანვრის მდგომარეობით სამხრეთის სამხედრო ოლქში ჩამოყალიბების პროცესში იყო ახალი საზენიტო-სარაკეტო ბრიგადა, რომლის შეიარაღებაში უნდა შესულიყო ბუკ-მ3 და ბუკ-მ2 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები. ბრიგადა შევა სამხრეთის სამხედრო ოლქში არსებული სამი სახმელეთო არმიიდან ერთ-ერთის შემადგენლობაში.

*

2021 წლის 30 იანვარს შავი ზღვის ფლოტს პროექტი 21631 კლასის ახალი სარაკეტო კორვეტი გრაივორონი შეუერთდა. კორვეტი იმსახურებს სევასტოპოლის საზღვაო ბაზაზე (ოკუპირებული ყირიმი, უკრაინა).

*

2020 წელს შავი ზღვის ფლოტის პროექტი 12341 კლასის ორმა კორვეტმა, მირაჟმა და შტილმა, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები დატოვა.

 

კავკასია

ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური დაცვის (ბბქდ) პოლკი ჩამოყალიბდა 2021 წლის მაისისთვის 49-ე არმიის (შტაბი სტავროპოლში) შემადგენლობაში. პოლკში, ამ ინფორმაციის მიხედვით, „ცეცხლისმფრქვეველთა ქვედანაყოფები“ შედის. როგორც წესი, რუსულ ბბქდ პოლკებში შედის ცეცხლისმფრქვეველთა ბატალიონი, რომელსაც სხვა შეიარაღებასთან ერთად აქვს 3 ერთეული თერმობარული ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა.

*

2021 წლის მაისში კრასნოდარის მხარეში არსებული ერთ-ერთი საზენიტო-სარაკეტო პოლკის ახალი ს-350 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით გადაიარაღება დაიწყო. შესაძლოა, აღნიშნული პოლკი იყოს მე-4 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი როსტოვში) 51-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის 1721-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი (სოჭი, კრასნოდარის მხარე), რომელიც შეიარაღებულია ბუკ-მ1 საზენიტო-სარაკეტო სისტემებით.

 

ბალტიის რეგიონი

2020 წლის 1 დეკემბერს კალინინგრადის ოლქში ახალი მე-18 მექანიზებული დივიზია შეიქმნა, რის შესახებაც რუსულ წყაროებში ინფორმაცია 2021 წლის იანვარში გამოჩნდა. ახალი დივიზია ბალტიის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსის შემადგენლობაში შედის. მე-18 დივიზიის მთავარი დანაყოფებია: ახალი შექმნილი 275-ე მექანიზებული პოლკი და 280-ე მექანიზებული პოლკი, ყოფილი 79-ე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ჩამოყალიბებული 79-ე მექანიზებული პოლკი და მე-20 ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი (რომელშიც ახალი ღრმა დაზვერვის ასეული შევიდა), და ასევე მე-11 სატანკო პოლკი (გუსევი) და 22-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი (კალინინგრადი), რომლებიც აქამდეც არსებობდნენ (მე-11 სატანკო პოლკი – 2018 წლის ბოლოდან) და ამჟამად ახალი მე-18 დივიზიის შემადგენლობაში შევიდნენ.

ზოგი მონაცემისა და ღია წყაროებში არსებული სხვა ინფორმაციის მიხედვით, 275-ე და 280-ე მექანიზებული პოლკები ქალაქ გუსევში განლაგდება, ხოლო 79-ე მექანიზებული პოლკი და მე-20 ცალკეული სადაზვერვო ბატალიონი განლაგდა სოვეტსკში (ყოფილი ტილზიტი), თუმცა 2021 წლის ივნისის მდგომარეობით ეს ჯერ არ იყო დანამდვილებით დადასტურებული.

მე-7 მექანიზებული პოლკი (კალინინგრადი), არსებული ინფორმაციის მიხედვით, მე-18 დივიზიის შემადგენლობაში არ შევა. რაც შეეხება ასევე კალინინგრადში განლაგებულ 244-ე საარტილერიო ბრიგადას, მისი მედი ამ თვალსაზრისით ჯერ არ იყო ცნობილი წინამდებარე ტექსტის დაწერის დროს.

*

2021 წლის დასაწყისში ბალტიის ფლოტის 336-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადაში (ბალტიისკი, კალინინგრადის ოლქი) ელერონ-3 და ორლან-10 ტიპის დრონების ასეული შეიქმნა.

*

2020 წლის ბოლოს პანცირ-ს ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით შეიარაღებული საჰაერო თავდაცვის მობილური პოლკი შეიქმნა ლენინგრადის ოლქში, მე-6 საჰაერო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი სანქტ-პეტერბურგში) შემადგენლობაში.

 

არქტიკა

2021 წლის 1 იანვარს ძალაში შევიდა ვლადიმირ პუტინის ბრძანებულება, რომლის მიხედვით ჩრდილოეთის ფლოტის სტატუსი საბოლოოდ გაუთანაბრდა სამხედრო ოლქს. მის სამეთაურო არეალში შედის არხანგელსკისა და მურმანსკის ოლქები, კომის რესპუბლიკა და ნენთა ავტონომიური ოკრუგი.

*

2020 წლის ბოლოს რუსებმა ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში სანაპირო დაცვის დივიზიის ფორმირება დაიწყეს, და მისი პირველი სანაპირო დაცვის პოლკი ჩამოაყალიბეს. აღნიშნული პოლკის ზუსტი მდებარეობა უცნობი იყო წინამდებარე ტექსტის დაწერის დროს.

*

რუსებმა დაიწყეს გამანადგურებელთა როტაცია როგაჩევოს საავიაციო ბაზაზე, ახალი მიწის არქიპელაგზე. 98-ე ცალკეული შერეული საავიაციო პოლკის (მონჩეგორსკის საავიაციო ბაზა, მურმანსკის ოლქი) მიგ-31ბმ ტიპის გამანადგურებლები როგაჩევოში 2021 წლის იანვარში განლაგდნენ. 2021 წლის მარტში ისინი შეცვალესიგ-29კრ ტიპის გამანადგურებლებმა მე-100 ცალკეული გამანადგურებელთა პოლკიდან (სევერომორსკ-3-ის საავიაციო ბაზა, მურმანსკის ოლქი).

*

პროექტი 885მ კლასის წყალქვეშა ნავი კაზანი ჩრდილოეთის ფლოტს 2021 წლის 7 მაისს შეუერთდა. ის მურმანსკ-150 (ზაოზერსკის) საზღვაო ბაზაზე იმსახურებს. პროექტი 02510 ბკ-16 კლასის ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი დ-321 ჩრდილოეთის ფლოტს 2021 წლის 1 ივნისს შეუერთდა.

 

შორეული აღმოსავლეთი

2020 წლის 1 დეკემბერს მე-5 არმიის (შტაბი უსურიისკში, პრიმორიეს მხარე) 127-ე მექანიზებული დივიზიის (შტაბი სერგეევკაში, პრიმორიეს მხარე) შემადგენლობაში, 84-ე ცალკეული სატანკო ბატალიონის (სერგეევკა) ბაზაზე ახალი სატანკო პოლკი შეიქმნა.

*

2021 წლის თებერვალში 1724-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკის (იუჟნო-სახალინსკი, სახალინის ოლქი) შემადგენლობაში ს-400 ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების ბატალიონი ჩამოყალიბდა.

*

2020 წლის დეკემბერში კუნძულ სახალინზე შეიქმნა სანაპირო სარაკეტო ბრიგადა, რომლის შეიარაღებაში უნდა შესულიყო ბასტიონ-პ და ბალ ტიპების ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემები.

*

პროექტი 20380 კლასის კორვეტი ალდარ ციდენჟაპოვი წყნარი ოკეანის ფლოტს 2020 წლის 25 დეკემბერს შეუერთდა და ვლადივოსტოკის საზღვაო ბაზაზე განლაგდა. 2020 წლის 29 დეკემბერს პროექტი 20385 კლასის კორვეტი გრემიაშჩი ასევე შეუერთდა წყნარი ოკეანის ფლოტს და პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საზღვაო ბაზაზე უნდა გადასულიყო. პროექტი 12700 კლასის ტრალერი იაკოვ ბალიაევი ამავე ფლოტის შემადგენლობაში შევიდა 2020 წლის 26 დეკემბერს და პეტროპავლოვსკ-კამჩატსკის საზღვაო ბაზაზე განლაგდა.

 

საზღვაო ქვეითები

როგორც რუსული წყაროებიდან 2021 წლის მაისში გახდა ცნობილი, რუსეთის საზღვაო ქვეითთა ნაწილებში ელექტრონული ბრძოლის საშუალებებითა და სნაიპერული შაშხანებით შეიარაღებული დრონების საწინააღმდეგო დანაყოფები

*ეს სექცია არ შეიცავს ვაგნერის ჯგუფისა და მსგავსი ძალების მოქმედებებს ლიბიაში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ვენესუელასა და სხვა ქვეყნებში.