ავტორი: დავით ბატაშვილი

ბოლო წლებში რუსეთი აქტიურად ცდილობს გააძლიეროს თავისი შეიარაღებული ძალები. გადაიარაღების, მოდერნიზების, საბრძოლო მზადყოფნის გაუმჯობესების გარდა, რუსულ ჯარში სტრუქტურული ცვლილებებიც მიმდინარეობს. ზოგ ასეთ ცვლილებას განსაკუთრებული გეოსტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

რუსეთის სახმელეთო ძალები 2008 წლის შემდეგ შემოღებული ბრიგადების სისტემიდან კვლავ უბრუნდება დივიზიებს, რომლებიც რუსეთში მასშტაბური, ფრონტალური საბრძოლო მოქმედებებისთვის უფრო გამოსადეგად არის მიჩნეული. სამხედრო ბაზების ქსელი იქმნება არქტიკაში. უკრაინის საზღვარზე მდებარე რუსული რეგიონები, სადაც მანამდე სახმელეთო სამანევრო ნაწილები მუდმივად ბაზირებული არ იყო, 2015 წლის შემდეგ ასეთი ნაწილებით გაივსო. ახლა იქ არის ორი ახალი რუსული არმია, რომელშიც, სხვა ძალებთან ერთად, სამი ახალი მექანიზებული დივიზია შედის.

იმის გათვალისწინებით, თუ როგორია მოსკოვის საგარეო პოლიტიკა, მეზობლებზე განხორციელებული სამხედრო თავდასხმის ჩათვლით, რუსეთის შეიარაღებული ძალები აშკარად იმსახურებს ყურადღებას.

2018 წლის 7 აგვისტოს – საქართველოზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის მეათე წლისთავზე – რონდელის ფონდმა გამოაქვეყნა რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერაქტიული რუკა, რომელიც მე შევადგინე. რუკაზე ასახულია რუსეთის სახმელეთო სამანევრო და საარტილერიო ნაწილები, საჰაერო და საზღვაო ბაზები, ძირითადი საზენიტო ნაწილები და რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ტიპის რუსული სამხედრო ბაზა. შემდგომში რუკას ვაახლებდი იმ ცვლილებების მიხედვით, რომლებიც ამ რუკის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა რუსულ სამხედრო სტრუქტურაში.

ბოლო ერთი წლის მანძილზე რუკის განახლებისთვის აუცილებელმა მონაცემთა მონიტორინგმა გამოავლინა რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე სერიოზული ტრანსფორმაცია. ინტერაქტიული რუკა და წინამდებარე მიმოხილვა არ ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა, მაგალითად, რუსული სახმელეთო ძალების გადაიარაღება ან სამხედრო წვრთნები. ამ თემებზე ძალიან ბევრი ინფორმაციაა, მაგრამ ინტერაქტიული რუკა და მისი განახლების პროცესი მეტწილად ეხება მხოლოდ რუსული შეიარაღებული ძალების ფუნდამენტურ სტრუქტურას და ამ ძირითად სტრუქტურაში მიმდინარე ცვლილებებს. ბევრ შემთხვევაშიეს ცვლილებები ახალი საბრძოლო ნაწილების შექმნას ნიშნავს.

კვლევის ასეთი ვიწრო მიზნების მიუხედავად, ბევრი სიახლე გამოვლინდა. 2018 წლის 7 აგვისტოს რუკის გამოქვეყნების შემდეგ განვლილ წელიწადში რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მრავალი სტრუქტურული ცვლილება განხორციელდადონბასში მიმდინარე ომი, რუსეთსა და ნატოს შორის მზარდი დაძაბულობა და, რაც მთავარია, რუსეთის იმპერიული ამბიციები მის სამეზობლოში, რომელიც კვლავ არ არის დაკმაყოფილებული, დამაფიქრებელ კონტექსტს გვთავაზობს რუსული ჯარის მიმდინარე ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული მონაცემებისთვის.

წინამდებარე მიმოხილვა გთავაზობთ 2018 აგვისტოდან 2019 წლის ივლისამდე პერიოდში რუსულ შეიარაღებულ ძალებში მომხდარი სტრუქტურული ცვლილებების მონიტორინგის შედეგებს.

რონდელის ფონდი რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს მომავალშიც განაგრძობს.

 

უკრაინის მიმართულება

გასული ერთი წლის მანძილზე გაგრძელდა უკრაინის საზღვარზე ახალი შექმნილი რუსული დივიზიების ზრდა. ეს პროცესი ჯერ არ დასრულებულა და 2019 წლის განმავლობაშიც მიდის. ამავე დროს, ოკუპირებულ ყირიმში არსებული რუსული ძალები დამატებით ძლიერდება ჰაერსაწინააღმდეგო და ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებით. სევასტოპოლსა და ნოვოროსიისკში ბაზირებულმა შავი ზღვის ფლოტმა რამდენიმე ახალი ხომალდი მიიღო.

ბრიანსკის ოლქის ქალაქ კლინციში ჩამოყალიბდა 254- მექანიზებულიპოლკი. ის გახდა მე-20 არმიის (შტაბი – ვორონეჟში) 144-ე დივიზიის (შტაბი – ქალაქ ელნიაში, სმოლენსკის ოლქი) ნაწილი. სხვა წყაროებს შორის, პოლკის არსებობა ნახსენებია** ადგილობრივ გაზეთში, 2018 წლის 29 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ტექსტში.

2019 წელს ელნიაში (სმოლენსკის ოლქი) ყალიბდება სატანკო პოლკი (სავარაუდოდ, 228- სატანკო პოლკი). ის ასევე ეკუთვნის მე-20 არმიის 144-ე დივიზიას.

2018 წლის 1 დეკემბერს მე-8 არმიის (შტაბი – კადამოვსკი, როსტოვის ოლქი) 150-ე დივიზიის (შტაბი – ნოვოჩერკასკი, როსტოვის ოლქი) შემადგენლობაში ახალი მექანიზებული პოლკი ჩამოყალიბდა. მე-20 არმიისა და მისი 144-ე დივიზიის მსგავსად, მე-8 არმია და მისი 150-ე დივიზია არიან იმ ნაწილებს შორის, რომლებიც უკრაინის საზღვრის სიახლოვეს 2015 წლიდან მოყოლებული შეიქმნა და დღემდე იზრდება. ახალი პოლკი განლაგებულია როსტოვის ოლქში, 150-ე დივიზიის სხვა ნაწილების მსგავსად, თუმცა მისი ზუსტი მდებარეობა და სახელწოდება/ნომერი ამ მიმოხილვის დაწერისას უცნობია.

2019 წლის დასაწყისში ჩამოყალიბდა ისკანდერ-მ ტიპის სისტემებით შეიარაღებული ახალი სარაკეტო ბრიგადა, სავარაუდოდ, 464- სარაკეტო ბრიგადის სახელწოდებით. ის განლაგებულია ასტრახანის ოლქის ჩრდილოეთში და მე-8 არმიას ეკუთვნის.

სამომავლოდ რუსულ გეგმებში მე-8 არმიისათვის საარტილერიო და სადაზვერვო ბრიგადების დამატება შედის.

2019 წლის 27 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 2019 წელს მე-20 არმიის შემადგენლობაში ორი პოლკის ჩამოყალიბების გეგმა გამოაცხადა. მიმოხილვის დაწერის მომენტში გაურკვეველია, ეხება ეს ზემოხსენებულ 254-ე მექანიზებულ ან/და 228-ე სატანკო პოლკებს თუ საუბარია სხვა ახალ პოლკებზე.

2018 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში რუსეთმა ოკუპირებულ ყირიმში -400 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით შეიარაღებული ორი ბატალიონი ჩამოაყალიბა. შედეგად, ს-400 ბატალიონების საერთო რიცხვმა ყირიმში ოთხს მიაღწია. ოთხივე განლაგებულია ყირიმის ნახევარკუნძულის სხვადასხვა წერტილში. ს-400-ის ეს ბატალიონები ეკუთვნის 31-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიას (შტაბი – სევასტოპოლში), რომელიც შედის მე-4 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიაში (შტაბი – როსტოვში). 31-ე დივიზიაში შედის ორი ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო პოლკი – მე-12 და მე-18. მე-12 პოლკის შტაბი სევასტოპოლშია. 2018 იანვრიდან იქვე არის განლაგებული პოლკის ერთი ს-400 ბატალიონი. ს-400 სისტემების მეორე ბატალიონი, რომელიც ბაზირებულია ევპატორიაში, მე-12 პოლკმა 2018 წლის სექტემბერში მიიღო. მე-18 პოლკის შტაბი და 2017 წლის იანვრიდან მისი ერთი ს-400 ბატალიონი განლაგებულია ფეოდოსიაში. ს-400 სისტემების მეორე ბატალიონი ამ პოლკმა 2018 წლის ნოემბერში მიიღო და ის ჯანკოიში მდებარეობს.

ყირიმში არსებულ რუსულ საჰაერო თავდაცვის ძალებში ასევე შედის პანცირ-ს1 ტიპის საშუალო მანძილის ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ოთხი ბატალიონი. მათგან ორი ბატალიონი ყირიმში 2018 წლის აგვისტომდეც იყო განლაგებულიანცირსისტემების კიდევ ორი ბატალიონი 2018 წლის მეორე ნახევარში დაემატა. პირველი 2018 წლის ოქტომბერში ჩამოყალიბდა, მეორე – იმავე წლის დეკემბერში.

რუსეთი ასევე განაგრძობს შავ ზღვაში ხომალდსაწინააღმდეგო საშუალებების გაძლიერებას. ყირიმში ის უტიოსის“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სისტემებს აღადგენს. ამჟამად შავ ზღვაში რუსეთის ხომალდსაწინააღმდეგო ძალებში შედის: მე-15 სანაპირო სარაკეტო საარტილერიო ბრიგადა (სევასტოპოლი), მე-11 სანაპირო სარაკეტო საარტილერიო ბრიგადა (კრასნოდარის მხარის სოფელი უტაში) და 854-ე ცალკეული სანაპირო სარაკეტო პოლკი (სევასტოპოლი).

2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მიიღო პროექტი 11356პ/მ კლასის მესამე სარაკეტო ფრეგატი ადმირალი მაკაროვი, რომელიც სევასტოპოლშია ბაზირებული. 2018 წლის აგვისტოს შემდეგ განვლილ წელიწადში შავი ზღვის ფლოტმა ასევე მიიღო: პროექტი 21631 კლასის სარაკეტო კორვეტი ორეხოვოზუევო, რომელიც სევასტოპოლში 2018 წლის დეკემბერში ჩავიდაპროექტი 22160 კლასის ორი დიდი საპატრულო ხომალდი – ვასილი ბიკოვი  და დმიტრი როგაჩევი, რომლებიც შავი ზღვის ფლოტს ნოვოროსიისკის ბაზაზე შეუერთდნენ, შესაბამისად, 2018 წლის 20 დეკემბერს და 2019 წლის 11 ივნისს; პროექტი 18289 კლასის სადაზვერვო ხომალდი ივან ხურსი, რომელიც სევასტოპოლის ბაზაზე 2018 წლის დეკემბრის ბოლოს დაბინავდა. რაც შეეხება პროექტი 12700 კლასის ტრალერს*** ივან ანტონოვს, ის 2019 წლის 26 იანვარს ბალტიის ზღვაზე მიიღეს რუსეთის სამხედრო ფლოტის შემადგენლობაში, ხოლო შემდგომში დაგეგმილი იყო მისი შავ ზღვაზე გადასვლა.

 

კავკასია

2018 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში მოხდა რუსული სამხედრო ძალების გარკვეული ზრდა ჩრდილოეთ კავკასიის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ ნაწილებში. ამავდროულად, დაფიქსირდა ამ რეგიონში რუსული სახმელეთო ძალების ზრდისა და კონსოლიდირების ბევრად უფრო ამბიციური სამომავლო გეგმები.

2018-2019 წლების ზამთარში რუსებმა ახალი საჰაერო-მობილური ბატალიონი დაამატეს ყარაჩაი-ჩერქეზეთის სოფელ სტოროჟევაიაში ბაზირებულ 34-ე სამთო მექანიზებულ ბრიგადას. მანამდე ამ ბრიგადაში უკვე შედიოდა ორი სამთო მექანიზებული და თითო სადაზვერვო, თვითმავალი ჰაუბიცების და საჰაერო თავდაცვის ბატალიონები.

2018 წლის 1 დეკემბერს დაღესტნის ქალაქ კასპიისკში ჩამოყალიბდა 177-ე საზღვაო ქვეითთა პოლკი. ის კასპიის ფლოტილიის სახმელეთო ძალებს ეკუთვნის და შეიქმნა ამ ფლოტილიის 414-ე და 727-ე ცალკეული საზღვაო ქვეითთა ბატალიონების საფუძველზე.

2018 წლის ბოლოს ან 2019 წლის დასაწყისში კასპიის ფლოტილიამ ასევე შემადგენლობაში მიიღო ახალი საჰაერო თავდაცვის ბატალიონი, რომელიც ბუკ-მ3 ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით არის შეიარაღებული.

2018 წლის დეკემბერში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „დაღესტნის ერთ-ერთ აეროდრომზე“ სუ-30სმ ტიპის გამანადგურებლების ქვედანაყოფის შექმნის შესახებ განაცხადა. სამინისტროს არ დაუზუსტებია ხსენებული აეროდრომის ადგილმდებარეობა.

კასპიის ფლოტილიის საზღვაო კომპონენტი ბოლო დრომდე გაყოფილი იყო ორ ნაწილად – ასტრახანის და კასპიისკის საზღვაო ბაზებზე განლაგებულ ხომალდებად. ამჟამად მიმდინარეობს ფლოტილიის ძალების სრულად კასპიისკის ბაზაზე გადასვლა. ამ პროცესის ფარგლებში, 2018 წლის დეკემბრისთვის პროექტი 21630 კლასის კორვეტები ვოლგოდონსკი და მახაჩკალა ასტრახანიდან კასპიისკში გადავიდნენ.

მომავალში რუსები აპირებენ ვლადიკავკაზის აღმოსავლეთით მდებარე მე-19 მექანიზებული ბრიგადისა და ბუინაკსკში (დაღესტანი) მდებარე 136-ე მექანიზებული ბრიგადის საფუძველზე ორი მექანიზებული დივიზიის ჩამოყალიბებას. ამგვარი ტრანსფორმაცია კავკასიაში რუსული სამხედრო ძალების ახალ მნიშვნელოვან ზრდას ნიშნავს.

 

ბალტიის რეგიონი

ბალტიის რეგიონში, განსაკუთრებით კი კალინინგრადის ოლქში, მოსკოვმა გააძლიერა როგორც სახმელეთო ძალები, ისე ჰაერსაწინააღმდეგო შესაძლებლობები. მომავალში ამ პროცესის გაგრძელება იგეგმება. სხვა ცვლილებებს შორის იყო ბალტიის ფლოტის ავიაციის სტრუქტურული გარდაქმნა და მისი საზღვაო კომპონენტისთვის ახალი კორვეტის დამატება.

მე-11 სატანკო პოლკი კალინინგრადის ოლქის ქალაქ გუსევში 2019 წლის იანვრისთვის ჩამოყალიბდა. ის ეკუთვნის ბალტიის ფლოტის სახმელეთო ძალების მე-11 საარმიო კორპუსს (შტაბი – კალინინგრადში). ამ ახალი სატანკო პოლკის შექმნამდე, მე-11 საარმიო კორპუსში უკვე შედიოდა: 79-ე მექანიზებული ბრიგადა (გუსევი), მე-7 მექანიზებული პოლკი (კალინინგრადი), 244-ე საარტილერიო ბრიგადა (კალინინგრადი), „ისკანდერებით“ შეიარაღებული 152-ე სარაკეტო ბრიგადა (ჩერნიახოვსკი, კალინინგრადის ოლქი) და 22-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი (კალინინგრადი). ბალტიის ფლოტის სხვა სახმელეთო ძალებს შორის არის: 336-ე საზღვაო ქვეითთა ბრიგადა (ბალტიისკი, კალინინგრადის ოლქი), საზღვაო სპეცდანიშნულების ბატალიონი (პარუსნოე, კალინინგრადის ოლქი) და 25-ე სანაპირო სარაკეტო პოლკი (დონსკოე, კალინინგრადის ოლქი).

2019 წლის იანვარში რუსული მედია იუწყებოდა, რომ ზემოხსენებულმა 244-ე საარტილერიო ბრიგადამ „ქრიზანტემა-ს“ ტიპის ანტისატანკო სარაკეტო სისტემები მიიღო. 2019 წლის თებერვალში ამავე ბრიგადამ მიიღო ათზე მეტი „მსტა-ს“ ტიპის თვითმავალი ჰაუბიცა.

2019 წლის მარტის დასაწყისში ბალტიის ფლოტის 44-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი – კალინინგრადში) 1545-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი (კრუგლოვო, კალინინგრადის ოლქი) ს-400 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით შეიარაღდა. მანამდე პოლკი ს-300ვ4 სისტემებით იყო შეიარაღებული. 1545-ე პოლკის გარდა, კალინინგრადის ოლქში განთავსებულია 183-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი (გვარდეისკი), რომელიც ასევე 44-ე დივიზიას ექვემდებარება. მას აქვს 1545-ე პოლკზე მეტი ს-400 სისტემა და ასევე ს-300პს სისტემები.

2018 წლის დეკემბერში მე-6 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალთა არმიის (შტაბი – სანქტ-პეტერბურგში) მე-2 საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი იქვე) 1489-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკმა (ვაგანოვო, ლენინგრადის ოლქი) შეიარაღებაში ასევე მიიღო  ს-400 სისტემები.

ამის გარდა, რუსებმა შეცვალეს კალინინგრადის ოლქში განთავსებული საავიაციო ძალების სტრუქტურა. 2018-2019 წლების ზამთარში რუსებმა, ჩკალოვსკის საავიაციო ბაზაზე, 689-ე გამანადგურებელთა და მე-4 საზღვაო მოიერიშე საავიაციო პოლკები აღადგინეს. 2019 წლის მაისში რუსებმა ჩამოაყალიბეს 132-ე შერეული საავიაციო დივიზია, რომელიც კალინინგრადის ოლქში ბალტიის ფლოტის ავიაციას უმეთაურებს. იყო ინფორმაცია მომავალში 132-ე დივიზიისათვის ახალი ქვედანაყოფების დამატების გეგმების შესახებაც.

2019 წლის ივლისში რუსული მედია იუწყებოდა ახალი შვეულმფრენთა პოლკის შექმნის შესახებ. პოლკის სავარაუდო ბაზა კალინინგრადის ოლქის დაბა დონსკოეში მდებარეობს.

პროექტი 22800 კლასის ახალი სარაკეტო კორვეტი მიტიში ბალტიის ფლოტს 2018 წლის 17 დეკემბერს შეუერთდა, ბალტიისკის საზღვაო ბაზაზე.

2019 წლის თებერვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა გეგმები, რომელთა მიხედვით, 2019 წელს ბალტიის ფლოტის ძალების შემადგენლობაში უნდა შეიქმნას „მობილური რეზერვის საზენიტო-სარაკეტო პოლკი“ და ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო ბატალიონი. სხვა სამომავლო გეგმებს შორის არის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი ალროსას (პროექტი 877ვ კლასი) ბალტიის ფლოტის კრონშტადტის ბაზაზე გადაყვანა.

 

არქტიკა

2018 წლის აგვისტოს შემდგომ პერიოდში, ბოლო წლების მსგავსად, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააგრძელეს საკუთარი პოზიციების გაძლიერება არქტიკაში.

2019 წლის დასაწყისში მათ ჩრდილოეთის ფლოტს დაქვემდებარებული 45-ე საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი – საფონოვოში, მურმანსკის ოლქი) შემადგენლობაში ჩამოაყალიბეს ახალი მე-3 საჰაერო თავდაცვის დივიზია. წინამდებარე მიმოხილვის დაწერის დროს ახალი დივიზიის შტაბის ადგილმდებარეობა ცნობილი არ იყო.

2018 წლის აგვისტოში რუსებმა დაიწყეს საჰაერო თავდაცვის ნაწილის ბაზის მშენებლობა სახას (იაკუტიის) რესპუბლიკის დაბა ტიქსიში, ლაპტევების ზღვის სანაპიროზე. ნაწილის ფორმირების დასრულება 2019 წელს იგეგმება და ის ხსენებული მე-3 დივიზიის შემადგენლობაში შევა. ის ს-300ვ4 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებით იქნება შეიარაღებული.

ტიქსის ნაწილის გარდა, მე-3 საჰაერო თავდაცვის დივიზიის შემადგენლობაში ასევე გადავიდა 33-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი (როგაჩევო, არქიპელაგი ახალი მიწა). მანამდე ეს პოლკი 45-ე არმიის 1-ელ საჰაერო თავდაცვის დივიზიას (შტაბი – სევერომორსკში, მურმანსკის ოლქი) ეკუთვნოდა.

2018 წლის სექტემბრისთვის, სულ მცირე ორი „ბასტიონ-პ“ ტიპის თვითმავალი ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა მიეწოდა სანაპირო სარაკეტო ბატარეას, რომელიც კოტელნის კუნძულზე, ტიქსიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს.

ზოგადად, რუსეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ არქტიკის რეგიონში სამხედრო ბაზების ქსელის მშენებლობისა და განვითარების პროცესს.

2018 წლის 22 ოქტომბერს ჩრდილოეთის ფლოტს დაემატა პროექტი 11711 კლასის სადესანტო ხომალდი ივან გრენი. ხოლო სევერომორსკის საზღვაო ბაზაზე 2019 წლის დასაწყისში ახალი სპეცდანიშნულების რაზმი ჩამოყალიბდა.

არქტიკაში სამხედრო ბაზების ქსელის განვითარებასთან ერთად, ამ რეგიონში რუსეთის სამომავლო გეგმებში შედის მონჩეგორსკის საავიაციო ბაზაზე (მურმანსკის ოლქი) ახალი (სავარაუდოდ, 174-ე) ცალკეული გამანადგურებელთა პოლკის შექმნა.

 

ურალი, ციმბირი, ცენტრალური აზია და შორეული აღმოსავლეთი

2018 წლის აგვისტოს შემდეგ გარკვეული ცვლილებები რუსულ სამხედრო სტრუქტურაში ურალის მთების აღმოსავლეთით მდებარე რეგიონებშიც მოხდა, თუმცა ბევრად ნაკლები, ვიდრე რუსეთის ევროპულ ნაწილში.

პრიმორიეს მხარეში რუსები თავისი სახმელეთო ძალების სტრუქტურას ცვლიან, თუმცა ჯერჯერობით მათი ძლიერების გაზრდის ნიშნები არ ჩანს. 2018 წლამდე მე-5 არმიის (შტაბი უსურიისკში) სამანევრო ძალები ოთხი მექანიზებული ბრიგადისგან შედგებოდა. არმიაში ასევე შედის ერთი საარტილერიო და ერთი სარაკეტო ბრიგადა. 2018 წლის 1 დეკემბერს რუსებმა ჩამოაყალიბეს 127-ე მექანიზებული დივიზია (შტაბი – სერგეევკაში). მიმოხილვის დაწერის დროს არსებული ინფორმაციით, ახალ დივიზიაში ორი მექანიზებული პოლკი შედის. ეს ორი პოლკი და ასევე 127-ე დივიზიის შტაბიც ჩამოყალიბდა მე-5 არმიის ორი ბრიგადის საფუძველზე – 59-ე (სერგეევკა) და მე-60 (კამენ-რიბოლოვი და მონასტირიშე). შესაძლოა, მომავალში 127-ე დივიზიას მე-5 არმიის ზოგი სხვა ნაწილიც შეუერთდეს.

2019 წლის პირველ ნახევარში კამჩატკაში განლაგებულ 520-ე სანაპირო სარაკეტო საარტილერიო ბრიგადაში ჩამოყალიბდა „ბასტიონ-პ“ და „ბალ“ ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების თითო ბატალიონი.

2018 წლის ნოემბერში მე-11 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი ხაბაროვსკში) 25-ე საჰაერო თავდაცვის დივიზიის (შტაბი – კომსომოლსკში, ხაბაროვსკის მხარე) 1530-ე საზენიტო-სარაკეტო პოლკი (ბოლშაია კარტელ, ხაბაროვსკის მხარე) გადავიდა ს-400 ჰაერსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემებზე, ნაცვლად ს-300პმ სისტემებისა, რომლითაც ის მანამდე იყო შეიარაღებული.

მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საჰაერო ძალების სტრუქტურაში. 2018 წლის შემოდგომაზე ჩამოყალიბდა ხალი 21-ე შერეული საავიაციო დივიზია (შტაბი – ჩელიაბინსკში), რომელსაც დაექვემდებარა ურალის რეგიონსა და ნაწილობრივ ციმბირში არსებული რუსული საავიაციო ნაწილები. 21-ე დივიზია შედის მე-14 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიაში (შტაბი – ეკატერინბურგში).

2019 წლის 1 მარტს რუსებმა ტუვის რესპუბლიკის დედაქალაქ კიზილში არსებულ საჰაერო ბაზაზე ახალი შერეული საავიაციო ესკადრილია შექმნეს. მანამდე ამ ბაზაზე საავიაციო ნაწილები მუდმივად განლაგებული არ ყოფილა. ესკადრილია 21-ე შერეული საავიაციო დივიზიის 32-ე ცალკეულ სატრანსპორტო შერეულ საავიაციო პოლკს ეკუთვნის.

კიდევ ერთი რუსული საჰაერო ბაზა, რომელზეც საავიაციო ნაწილი განლაგდა, კურილის კუნძულებზე მდებარეობს. 2018 წლის აგვისტოს დასაწყისში მე-11 საავიაციო და საჰაერო თავდაცვის ძალების არმიის (შტაბი ხაბაროვსკში) 303-ე შერეული საავიაციო დივიზიის (შტაბი ხურბაში, ხაბაროვსკის მხარე) სუ-35ს ტიპის გამანადგურებლების რაზმი კუნძულ იტურუპზე არსებულ იასნის საჰაერო ბაზაზე განთავსდა.

2019 წლის იანვარში, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის პრეს-სამსახურმა ტაჯიკეთში არსებულ 201-ე რუსულ სამხედრო ბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატების ბატალიონის ჩამოყალიბების შესახებ განაცხადა. ბატალიონის შექმნა 2019 წლის შუაში იყო დაგეგმილი.

2018 წლის 25 დეკემბერს რუსეთის წყნარი ოკეანის ფლოტმა ახალი ხომალდი მიიღო – პროექტი 20381 ახალი კლასის კორვეტი გრომკი.

შორეულ აღმოსავლეთთან დაკავშირებით სამომავლო რუსულ გეგმებში შედის ახალი საზენიტო-სარაკეტო ბრიგადისა და „ბასტიონ-პ“ ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემების ბატალიონის ფორმირება. ასევე, 865-ე გამანადგურებელთა პოლკის – კამჩატკაზე მდებარე ელიზოვოს საჰაერო ბაზაზე.

 

საჰაეროსადესანტო ჯარები

რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარებს (ვდვ) რუსულ შეიარაღებულ ძალებში ელიტური სტატუსი აქვთ. 2008 წელს საქართველოზე და 2014 წელს უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმების დროს ვდვ-ის ნაწილები აქტიურად იყო გამოყენებული. მართალია, ვდვ-ის ნაწილები რუსეთის სხვადასხვა რეგიონშია ბაზირებული, მათ მაღალი მობილობა აქვთ და, სავარაუდოდ, იქნებიან გამოყენებული ნებისმიერ სერიოზულ სამხედრო კონფლიქტში რუსეთის მონაწილეობით, ამ კონფლიქტის გეოგრაფიული ზონის მიუხედავად. რუსულ სამხედრო ძალებში ბოლო პერიოდში არსებული ტრანსფორმაციისა და გაძლიერების ტენდენცია ვდვ-საც შეეხო.

2018 წლის 1 დეკემბერს 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიამ (შტაბი და ქვედანაყოფები ფსკოვში) მიიღო ახალი 237-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკი. ის 76-ე დივიზიის ორ უკვე არსებულ სადესანტო-მოიერიშე პოლკს დაემატა.

2019 წლის დასაწყისში რუსებმა ვდვ-ს სამი სატანკო ბატალიონი დაუმატეს. მათგან თითო ბატალიონი დაემატა 76-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიას, მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიას (შტაბი ნოვოროსიისკში) და 56-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადას (კამიშინი, ვოლგოგრადის ოლქი). მანამდე ვდვ-ს სატანკო ნაწილები არ ჰყოლია.

დაგეგმილია ვდვ-ის ძალების ზრდის გაგრძელება. 76-ე დივიზიის მსგავსად, მე-7 სადესანტო-მოიერიშე დივიზიასაც მესამე სადესანტო-მოიერიშე პოლკი დაემატება. 2017 წელს მე-7 დივიზიის შემადგენლობაში ჩამოყალიბდა 171-ე ცალკეული სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში განთავსდა. 2019 წლის ბოლომდე დაგეგმილია ამ ბატალიონის საფუძველზე ახალი 97-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკის ჩამოყალიბება.

ახლო მომავალში ვდვ-ის შემადგენლობაში ცალკეული საარტილერიო ბრიგადა უნდა შეიქმნას.

უფრო შორეულ პერსპექტივაში, 2023 წლისთვის, დაგეგმილია 31-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის (ულიანოვსკი) საფუძველზე ახალი 104-ე სადესანტო-მოიერიშე დივიზიის ჩამოყალიბება. მისი ნაწილები ულიანოვსკში, პენზასა და ორენბურგში იქნება განთავსებული.

 

 

* მექანიზებული ნაწილების აღსანიშნად რუსეთში იყენებენ ტერმინს мотострелковый, რაც ქართულად ითარგმნება სიტყვით „მოტომსროლელთა“. მოტორიზებულ ნაწილებად მათი აღქმის თავიდან ასარიდებლად და მეტი სიზუსტისათვის, წინამდებარე მიმოხილვაში ამ ტიპის ნაწილებს მოვიხსენიებ საერთაშორისო ტერმინით – „მექანიზებული“.

** წყაროთა უმეტესობა რუსულენოვანია.

*** ტრალერი – წყალქვეშა ნაღმების მოსასპობად განკუთვნილი მცირე ზომის სამხედრო ხომალდი.