სოსო ძამუკაშვილი, კონტრიბუტორი პოლიტიკის ანალიტიკოსი, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპისმცოდნეობის სპეციალისტი, გლაზგოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი
 

ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები 2014 წლის შემდეგ უპრეცედენტოდ გაუარესდა, რაც ევროკავშირმა ბელარუსის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტს დაუჭირა მხარი და რუსი ოპოზიციონერი აქტივისტის – ალექსეი ნავალნის მოწამვლა-დაკავების გამო რუსეთს სანქციები დაუწესა.  2021 წლის თებერვალში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის მოსკოვში ვიზიტისას, რუსეთმა  ხაზგასმით აღნიშნა,  რომ ევროკავშირთან კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვის  არანაირი სურვილი არ აქვს. ამას მოჰყვა უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო დანაყოფების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა. ამგვარად, მოსკოვის ძალის დემონსტრირებამ და მზადყოფნამ, უგულებელყო ევროკავშირის ინტერესები და გამოააშკარავა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სისტემური ხარვეზები. როდესაც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს კრემლის მიმართ განსხვავებული ინტერესები ამოძრავებთ, ევროკავშირის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის შენარჩუნებისთვის სასიცოცხლო ამოცანაა რუსეთის მიმართ საერთო პოზიციის შემუშავება.

 

ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების გაუარესება

ბორელის მოსკოვში ვიზიტის შემდეგ, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების საბჭომ რუსეთის მიმართ საგარეო პოლიტიკის განხილვისას ე.წ. ხუთი  პრინციპის მიხედვით იხელმძღვანელა. ამ პრინციპების ჩარჩო საგარეო ურთიერთობების საბჭომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის ერთიანი პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად 2016 წლის მარტში  შეიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოში მიღებული შეთანხმება რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევასა და ჰიბრიდული ომის წამოწყებაზე აუცილებელ მკაცრ რეაგირებას ეხება, შეთანხმება ევროკავშირისთვის საინტერესო საკითხებში მოსკოვთან შერჩევით თანამშრომლობასაც მოიაზრებს. კავშირის პრინციპების მიზანია იყო აღმოსავლეთ სამეზობლოსთან ურთიერთობის გარკვეული ბალანსის შექმნა. უახლოესმა მოვლენებმა კი ცხადყო, რომ ევროკავშირისთვის აუცილებელია ამ ურთიერთობების გადაფასება.

ევროკავშირის მცდელობებს საერთო ენა გამოენახა რუსეთთან, მოსკოვი ყოველთვის ხაზგასმით პასუხობდა, რომ ორგანიზაციის შერჩევითი თანამშრომლობა საერთოდ არ შეესაბამება კრემლის ინტერესებს. რუსეთის მთავრობას განსაკუთრებით აღიზიანებს ევროკავშირის ის საგარეო პრინციპები, რომლებიც წინა პლანზე აყენებს ყოფილ საბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებასა და რუსული სამოქალაქო საზოგადოების ხელშეწყობას. მოსკოვს ხშირად დაუდანაშაულებია ევროკავშირი რუსეთში რეჟიმის შეცვლის წახალისების მცდელობაში და ამიტომაც მიიღო კრემლმა „არასასურველი“ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური აქტივობის წინააღმდეგ უმკაცრესი ზომები. პრობლემური ურთიერთობების გამო რუსეთი ორგანიზაციასთან ინსტიტუციურ თანამშრომლობას ყოველთვის ამჯობინებდა ევროკავშირის წევრ-ქვეყნებთან ჰქონოდა ინდივიდუალური ურთიერთობები. ინტერესების შეუთავსებლობამ კვლავ  იჩინა თავი ევროკავშირის მიერ 2020 წლის ბელარუსის არჩევების არალეგიტიმურად ცნობისა და ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემდეგ. სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა ნავალნის მოწამვლამ, რამაც ევროკავშირი იძულებული გახადა კრემლის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოზიცია ჰქონოდა. ამასთან, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ინტერესთა სხვადასხვაობა  დიდწილად აზიანებს რუსეთის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკის თანამიმდევრულობას, რაც რუსეთს ხელს აძლევს გააგრძელოს საკუთარი აგრესიული პოლიტიკა და უგულებელყოს ევროკავშირის ინტერესები.

 

ერთიანობა „ზედმეტ“ მრავალფეროვნებაში

რუსეთის მიმართ ერთიან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით  ევროკავშირში, წევრ ქვეყნებს შორის, ყოველთვის არსებობდა უთანხმოება. ეს დიდწილად გამოწვეული იყო დიდი წევრი ქვეყნების მოთხოვნით, რომ ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით ეთანამშრომლათ მოსკოვთან, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო წარმოაჩენდა ევროკავშირში კონსენსუსის ნაკლებობას. მიუხედავად ორგანიზაციის ლიდერების სურვილისა, რომ  ევროპის გლობალური გეოპოლიტიკური როლი გაიზარდოს, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა კვლავაც რჩება მთავრობათაშორისი გარიგების საგნად, რომელიც უფრო რუსეთის მიმართ განსხვავებული მოსაზრებების თავმოყრაა, ვიდრე ერთიანი პოზიციისა.

ევროკავშირის ზოგიერთი წევრი-სახელმწიფო უპირატესობას ანიჭებს მოსკოვთან თანამშრომლობას, რიგი ქვეყნებისა კი, როგორებიცაა ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი, ასეთ ურთიერთობებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება. რუსეთის მიმართ მათი რიტორიკა არის ძალიან უხეში და ძირითადად განპირობებულია მწარე ისტორიული გამოცდილებით და უკრაინასა და საქართველოში რუსეთის აგრესიით. საინტერესოა, რომ  რუსეთთან 2014 წლის სამხედრო საწყობის აფეთქებასთან დაკავშირებულ დიპლომატიურ უთანხმოებაში ჩეხეთს მხარი, აშშ-ის გარდა, ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ცენტრალური ევროპის ზოგიერთმა ქვეყანამ დაუჭირა.

სურათი 1. ჩეხეთ-რუსეთის „დიპლომატიური ომი“ და ამით გამოწვეული დიპლომატიური გაძევებები. (წყაროFinancial Times)

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთი, იტალია და გერმანია რუსეთთან თანამშრომლობის გზებს კვლავაც ეძებენ. 2020 წლის მიუნხენის სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ღიად მხარიც კი დაუჭირა რუსეთთან დიალოგს „უთანხმოებების მოსაგვარებლად“. გერმანიამ კი არაოფიციალური დოკუმენტით დასავლელ პარტნიორებს კრემლთან „შერჩევითი თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არაოფიციალური დოკუმენტი მოსკოვის მიმართ გარკვეულ ბრალდებებსაც მოიცავდა, ის ხაზს უსვამდა ევროკავშირისთვის „სასიცოცხლო მნიშვნელობის ინტერესებს“ კრემლთან  ისეთ საკითხებში ურთიერთობებში, როგორიცაა ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტები, გარემოსა და ეკონომიკის წინაშე არსებული გლობალური გამოწვევები. აღსანიშნავია, რომ „სტრუქტურული“ თანამშრომლობის საჭიროებაზე განცხადება ეწინააღმდეგება ნავალნისა და პროტესტებთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ შემოღებულ სანქციებს.

უნდა ითქვას, რომ, როგორც ჩანს, ანგელა მერკელი უპირატესობას ანიჭებს არა გეოპოლიტიკურ საკითხებს, არამედ ეკონომიკურ სარგებელს და მიუხედავად ევროკავშირის ზოგიერთი წევრის წინააღმდეგობისა, გერმანია კვლავ რჩება ჩართული ჩრდილოეთის ნაკადის მეორე გაზსადენის პროექტში, რომლის მიზანია რუსეთიდან გაზის იმპორტის გაზრდა. აქედან გამომდინარე, ევროკავშირის ზოგიერთი გავლენიანი წევრი-სახელმწიფოს მოსკოვთან თანამშრომლობის სურვილი ორგანიზაციის შიგნით არსებულ ქვეყნებს შორის დაყოფას კიდევ უფრო ამწვავებს, რაც ევროკავშირის, როგორც გეოპოლიტიკური აქტორის, ქმედითუნარიანობას ამცირებს და რუსეთს ხელს უწყობს რეგიონში საკუთარი აგრესიული და დესტაბილიზაციისკენ მიმართული პოლიტიკის გაგრძელებაში. ევროკავშირის შიგნით არსებულმა მწვავე პრობლემამ თავი იჩინა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უპრეცედენტოდ დაამცირეს. ასევე აღსანიშნავია, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში რუსული გაზის ექსპორტმა ევროკავშირში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და უკვე  ორგანიზაციის მარაგის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. პროექტის დასრულების შემდეგ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ რუსული გაზის ევროპაში ექსპორტს გააორმაგებს და კრემლის ბერკეტს ევროკავშირის ენერგიის პოლიტიკის მიმართ კიდევ უფრო გაამყარებს.

 რუკა 1. გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ (წყარო: ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლობა)

 

შესაძლო ცვლილებები

მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით რუსეთის მიმართ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმაციის არანაირი ნიშანი არ არსებობს, წევრ-სახელმწიფოებისთვის უმნიშვნელოვანესია საკუთარი პოზიციების გამყარება. ორგანიზაციის ზოგიერთი გავლენიანი ქვეყნის მიერ მოსკოვთან ახალი კავშირების ძიება, განსაკუთრებით, ენერგოსექტორში, ძირს კვლავ ევროკავშირის ერთიანობასა და უსაფრთხოებას უთხრის. ამჟამად საგარეო პოლიტიკის ზენაციონალურ დონეზე  გადაჭრა რეალობას მოკლებულია, მაგრამ უახლოესმა მოვლენებმა გამოააშკარავა, რომ აუცილებელია შეიცვალოს კრემლის მიმართ ევროკავშირის პოლიტიკა. დაქსაქსული პოზიციებისა და რბილი რიტორიკის მაგიერ საჭიროა ევროკავშირის ლიდერებმა შეიმუშაონ უფრო ერთიანი, მტკიცე და თანამიმდევრული მიდგომა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სოციალურად და ეკონომიკურად თანდათანობით სუსტდება, ის ჯერ კიდევ რჩება ევროკავშირისა და მისი პარტნიორების უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად. ამრიგად, მტრულად განწყობილ მოსკოვთან დათმობების მაგიერ, ევროკავშირმა მთელი ძალისხმევა აღმოსავლეთ პარტნიორებთან მეტი ინტეგრაციისაკენ უნდა მიმართოს. ორგანიზაციამ პარტნიორ ქვეყნებს, განსაკუთრებით კი, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, მეტად ხელშესახები სტიმული უნდა შესთავაზოს, რაც დაფუძნებული იქნება გარკვეულ პირობებზე და პარტნიორები ამით სარგებლობას მხოლოდ დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ შეძლებენ. ევროკავშირის მარეგულირებელ მოდელთან შესაბამისობის მიღწევასთან ერთად, ევროკავშირის მხრიდან საჭიროა აღმოსავლეთი პარტნიორობის ქვეყნებისათვის  უფრო ღრმა პოლიტიკური ინტეგრაციისა და სამომავლო წევრობის შესაძლებლობების შეთავაზებაც. როგორც ჩანს, გარდაუვალია კრემლსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირება. მოსკოვს  ევროკავშირისა და მისი პარტნიორების წინააღმდეგ ზომების გატარების დიდი გამოცდილება აქვს. ჩეხეთში საწყობის აფეთქებაში რუსეთის სავარაუდო თანამონაწილეობა მხოლოდ ერთი მაგალითია უამრავი მსგავსი შემთხვევიდან.