ავტორი: ვასილ ღლონტი
შესავალი
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა თავისი უახლოესი გარემოცვის წევრი სერგეი შოიგუ და უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანა. მის მაგივრად თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელად დაინიშნა ანდრეი ბელოუსოვი. გარკვეული ხნის შემდეგ თანამდებობები დატოვეს შოიგუს მოადგილეებმაც და ეს თანამდებობები სხვა პირებმა დაიკავეს. ამ პროცესის მიმდინარეობისას რუსეთის სამართალდამცავებმა დააპატიმრეს სერგეი შოიგუს მოადგილე თემურ ივანოვი და სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირები. პარალელურად, პუტინმა თანამდებობიდან გაათავისუფლა უშიშროების საბჭოს მდივანი, გენერალი ნიკოლაი პატრუშევი, რომელიც თავის ადმინისტრაციაში მრჩევლად გადაიყვანა. ჩვენს ბლოგში განვიხილავთ და გავაანალიზებთ ამ საკადრო გადაადგილებებს, წარმოვადგენთ მათ მიზეზებსა და მოსალოდნელ შედეგებს.
საკადრო ცვლილებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროში
უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულმა ომმა რუსეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებული პრობლემები მთლიანად გააშიშვლა. იმის გამო, რომ მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ ნეპოტიზმის პრინციპით დაკომპლექტებულ გუნდში პროფესიონალი სამხედრო პირებისა და მაღალი კლასის სახელმწიფო მენეჯერების დეფიციტი შეიმჩნეოდა, თავდაცვის სამინისტროში არასაქმიანი და ამავე დროს კორუფციული გარემო ჩამოყალიბდა. ის, რომ რუსული სამხედრო სისტემა კორუფციული და თაღლითური სქემებით იმართებოდა, ბრძოლის ველზე სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა.
ამ ფონზე, სერგეი შოიგუს იმიჯს დიდი დარტყმა მიაყენა რუსი ოლიგარქის, ევგენი პრიგოჟინის ბუნტმა, რომელიც, თავისი გასამხედროებული ორგანიზაცია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად, ლამის მოსკოვამდე მივიდა. უდავოა, რომ ამ მოვლენამ სერგეი შოიგუს და მისი გუნდის სრული არაკომპეტენტურობა დაადასტურა. თან მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი კრემლში გავლენის თვალსაზრისით შოიგუს საკუთარ კონკურენტად მიიჩნევდა და მის დაშვებულ შეცდომებს მისსავე წინააღმდეგ იყენებდა. თუმცა ფაქტია, რომ პუტინი პირადი მეგობრობისა და საკუთარი სარგებლისთვის სერგეი შოიგუს დაქვემდებარებულ სამინისტროში არსებულ სისტემურ პრობლემებზე, მათ შორის, ფართომასშტაბიან კორუფციაზე თვალს ხუჭავდა. ამ ფონზე, 2024 წლის 23 აპრილს ფე-ეს-ბემ, მსხვილმასშტაბიანი კორუფციის ბრალდებით, შოიგუს მარჯვენა ხელი და მოადგილე თემურ ივანოვი დააპატიმრა, რაც უდავოდ პირადად შოიგუს წინააღმდეგ შეტევას ნიშნავდა. ის, რომ მინისტრი მას თავდაცვის სამინისტროში ქონების მართვასთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ჯარების განლაგებასთან, საცხოვრებელთან და სამედიცინო მხარდაჭერასთან დაკავშირებულ საკითხებს ანდობდა, მის მიმართ გამორჩეული ნდობის დასტურია. ივანოვი, როგორც ფინანსურ-ეკონომიკური სფეროს სპეციალისტი, პასუხისმგებელი იყო რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტების მშენებლობაზე, რეკონსტრუქციასა და რემონტზე და სამხედრო იპოთეკებზე. ეს კი ნიშნავდა, რომ თემურ ივანოვი მინისტრის დავალებით სამინისტროს ყველაზე შემოსავლიან და მნიშვნელოვან მიმართულებებს კურირებდა.
მაინც რამ გამოიწვია თემურ ივანოვის ასეთი წარმატებული კარიერის ასეთი ცუდი დასასრული? აქ ჩვენ უნდა ვივარაუდოთ, რომ შოიგუს ფაქტორისა და კორუფციის გარდა, დიდად იმოქმედა ივანოვის მდიდრულმა ცხოვრებამ და ზედმეტმა საჯარო ყურადღებამ. ივანოვი თავის სკანდალურად ცნობილ მეუღლეს, სვეტლანა ზახაროვას, დაშორდა და თავდაცვის მინისტრის სხვა მოადგილის, იური სადავენკოს მეუღლე, მინისტრის მრჩეველი მარია კიტაევა მოიყვანა ცოლად. ასეთმა რეზონანსულმა არასასურველმა ფაქტებმა რუსეთის საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. თან იმ ფონზე, როცა პუტინის რეჟიმი რუსეთის მოსახლეობას NATO-ს წინააღმდეგ ბრძოლისაკენ მოუწოდებდა, თემურ ივანოვის ყოფილი და მოქმედი ცოლები ევროპის ძვირადღირებულ კურორტებზე ისვენებდნენ. დიდი ალბათობით, ეს ფაქტორი კარგად გამოიყენეს ფე-ეს-ბეს ყოფილმა და მოქმედმა უფროსებმა ნიკოლაი პატრუშევმა და ალექსანდრე ბორტნიკოვმა, რომლებმაც შოიგუზე წარმატებული შეტევა მიიტანეს. შედეგად, პუტინმა შოიგუ მინისტრის თანამდებობიდან გაათავისუფლა, მაგრამ ბოლომდე არ გაწირა და უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანა. თან, პარალელურად, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარება და ძალოვანი უწყებების კოორდინაცია დაავალა, ანუ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები ჩააბარა. ამ ფონზე, თავდაცვის მინისტრად პროფესიით ეკონომისტი ალექსანდრე ბელოუსოვის დანიშვნა ცხადყოფს, რომ რუსეთი უკრაინასთან ხანგრძლივი ომისათვის ემზადება, რომელშიც გამარჯვებას მხოლოდ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყანა მოიპოვებს. პუტინს, დიდი ალბათობით, ახალი მინისტრისაგან სწორედ ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანისა და სამხედრო მრეწველობის განვითარების ტემპების დაჩქარება სურს.
ამ მოვლენებში ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება ნიკოლაი პატრუშევის თანამდებობიდან განთავისუფლებამაც მიიქცია. რთული სათქმელია, რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება პუტინმა, თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას პატრუშევის ზედმეტად გაძლიერების შეეშინდა. სანამ შოიგუ მინისტრად ჰყავდა, მისი ფაქტორი პატრუშევის კლანს აბალანსებდა, შოიგუს კლანის დაცემის შემდეგ კი პატრუშევი ძალოვან ბლოკში კონკურენციის გარეშე დარჩა და არაა გამორიცხული, რომ პუტინს სწორედ ამის შეეშინდა.
ჩვენს ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ შოიგუს გადაყვანისთანავე თავდაცვაში ჩარჩენილი მისი კადრების წინააღმდეგ მაშინვე რეპრესიები დაიწყო. კერძოდ, 14 მაისს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსს, იური კუზნეცოვს, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში წაუყენეს ბრალი. ამას მოჰყვა 2024 წლის 22 მაისს სხვა მაღალჩინოსნის, გენერალ-ლეიტენანტი შამარინის დაპატიმრება. მას ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება. გარდა ამისა, 2024 წლის 25 ივლისს კორუფციულ სქემებში მონაწილეობის ბრალდებით დააპატიმრეს სერგეი შოიგუს ყოფილი მოადგილე, გენერალი დიმიტრი ბულგაკოვი.
ამ სკანდალურ ფონზე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეების პოსტიდან გაათავისუფლა ტატიანა შევცოვა, რუსლან ცალიკოვი, პაველ პოპოვი, ნიკოლაი პანკოვი და მათ ადგილას დანიშნა ლეონიდ გორნინი, პაველ ფრადკოვი, ანა ცივილიოვა და ოლეგ საველიევი. სამინისტროში არსებულმა ქაოსმა მოსახლეობაში ისეთი ფართო რეზონანსი გამოიწვია, რომ პუტინმა სამინისტროში მიმდინარე პროცესების საკუთარი კონტროლისთვის დაქვემდებარება სცადა. თან თავდაცვის სფეროში არსებული უზარმაზარი შემოსავლები სათავისოდ დაიბევა, რასაც ახალი საკადრო ცვლილებებიც გვიდასტურებს, რადგან ახალი მოადგილეების უმეტესობა პუტინის პირადი ნდობით სარგებლობს. ახალდანიშნულთაგან ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს პაველ ფრადკოვი, რომელიც სამინისტროში ქონების მართვის, მიწის რესურსების, სამინისტროს საჭიროების შესაბამისად სამშენებლო ობიექტების მშენებლობისა და სახალხო მეურნეობის საკითხებს გაუწევს კურატორობას. მამამისი, მიხაილ ფრადკოვი კი, პუტინთან დაახლოებული პირია, რომელსაც სხვადასხვა დროს რუსეთის მთავრობის მეთაურისა და საგარეო დაზვერვის უფროსის თანამდებობები ეკავა. პაველის ძმა, პეტრე, ტოპ-ბანკირი და საერთაშორისო კლასის ეკონომისტია, რომელსაც რუსულ განათლებასთან (МГИМО МИРОВАЯ ЭКОНОМИКА)ერთად, ბრიტანულიც აქვს მიღებული (Kingston Business School). ჩვენთვის საყურადღებო დეტალი: ის ამჟამად ხელმძღვანელობს რუსულ ტოპ-ბანკს „Промсвязьбанк“-ს, რომელიც 2018 წლიდან პუტინის ინიციატივით სამხედრო შეკვეთების სფეროში სპეცოპერაციებსა და მსხვილ სახელმწიფო კონტრაქტებს კურირებს. პარალელურად, 2021 წლის 9 აპრილიდან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის ინდუსტრიის ორგანიზაციების განვითარების სამართლებრივი მხარდაჭერის სახელმწიფო სათათბიროს კომისიის სამხედრო-სამრეწველოკომპლექსის საწარმოების მხარდასაჭერად ფინანსური ინსტრუმენტებისა და არაფინანსური ზომების შემუშავების ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პაველ ფრადკოვის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნა შემთხვევითი არ ყოფილა. პაველ ფრადკოვსაც საკმაოდ კარგი განათლება აქვს მიღებული. მან ჯერ მოსკოვის სუვოროვის სასწავლებელი დაამთავრა, შემდგომში ფე-ეს-ბეს აკადემია, ხოლო ბოლოს, თავისი უფროსი ძმასავით,– МГИМО, მსოფლიო ეკონომიკის სპეციალობით. ეს გვაფიქრებინებს, რომ მას რუსეთის სამხედრო წრეებსა და სპეცსამსახურებში თავისიანად აღიქვამენ, რაც სამხედრო სფეროში კარიერის გაკეთებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია.
ჩვენს ინტერესს აგრეთვე იწვევს მინისტრის მეორე მოადგილე ანა ცივილიოვა (ახალგაზრდობის გვარი პუტინა), რომელიც მსოფლიო მედიის ინფორმაციით,პუტინის ბიძაშვილის შვილი და ენერგეტიკის მინისტრის, სანქტპეტერბურგელი სერგეი ცივილიოვის მეუღლეა. ანა ცივილიოვა-პუტინას და მისი ქმრის, სერგეი ცივილიოვის კარიერული წინსვლა პრეზიდენტ პუტინის მფარველობას უკავშირდება. ჩვენთვის საინტერესო დეტალი: 2016-2018 წლებშიის იყო შვეიცარიული კომპანიის „Kolmar Sales and Logistics“-ის გენერალური დირექტორი, ანუ აქვს საერთაშორისო კავშირები, ხოლო 2018 წლიდან– ქვანახშირის კომპანია Колмар Груп-ის დირექტორების საბჭოს თავმჯდომარე. ეს პოსტი მან ქმრისგან გადაიბარა, როცა ცივილოვი კემეროვოს გუბერნატორი გახდა. საყურადღებოა, რომ ამ კომპანიაში გენერალური დირექტორის პოსტს სერგეი ცივილიოვის ძმა– ვალერი ცივილიოვი იკავებს. საინტერესოა, რომ ამ კომპანიის აქციები ცივილიოვებს სიმბოლურ ფასად პუტინის მეგობარმა გენადი ტიმჩენკომ გადასცა, რაზეც უდავოდ იმოქმედა მათმა ნათესაურმა კავშირმა პუტინთან. ანა ცივილიოვას ბიოგრაფიაში კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტია: 2023 წლის 3 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას სპეციალური სამხედრო ოპერაციის დამცველების მონაწილეთა მხარდამჭერი სახელმწიფო ფონდის შექმნის შესახებ. ამავე დოკუმენტით, ფონდის თავმჯდომარედ სწორედ ანა ცივილიოვა დაინიშნა, ანუ, ჩვენი დაკვირვებით, პუტინი თავის ახლო ნათესავს თავდაცვის სფეროში ჩასართავად უკვე წინა წლიდან ამზადებდა და ამისათვის მხოლოდ ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ამით პუტინმა უმნიშვნელოვანეს სამინისტროში თავისი ნდობით აღჭურვილი პირი ჩასვა.
საყურადღებოა მინისტრის პირველ მოადგილედ დანიშნული ნოვოსიბირსკელი ფინანსისტ-ეკონომისტი ლეონიდ გორნინის ფიგურაც, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. იმის გათვალისწინებით, რომ მანამდე ნოვოსიბირსკის გუბერნატორის მოადგილედ მუშაობდა, საინტერესოა მისი ასეთი კარიერული წინსვლა. ფინანსთა მინისტრის მოადგილედ მუშაობის დროს გორნინი სამხედრო ხარჯებს კურირებდა, ანუ თავდაცვაში არსებული ფინანსური სისტემის შესახებ იმთავითვე კარგად იყო ინფორმირებული. სავარაუდოდ, სწორედ ამის გათვალისწინებით გადაიყვანეს იგი თავდაცვის სამინისტროში, სადაც მას უმნიშვნელოვანესი უწყების ფინანსური უზრუნველყოფა ჩააბარეს. ჩვენი აზრით, პუტინს თავდაცვაში მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე თემურ ივანოვის ნაცვლად საქმიანი და შედარებით უპრობლემო ბიოგრაფიის მქონე პიროვნება სჭირდებოდა, რომელიც ატეხილ აჟიოტაჟს გაანელებდა.
ჩვენი ყურადღება მიიქცია კიდევ ერთმა ახალდანიშნულმა მოადგილემ– ოლეგ საველიევმა. ჩვენი დაკვირვებით, საველიევი პირადად თავდაცვის მინისტრ ანდრეი ბელოუსოვის კადრი უნდა იყოს, რადგან 2008-2014 წლებში, როცა ის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა, ერთი პერიოდი მინისტრის პოსტი (2012-2013 წწ.) სწორედ ანდრეი ბელოუსოვს ეკავა. თუმცა, იმის თქმა,რომ საველიევი მარტო პირადად ბელოუსოვის კადრია, არ იქნებოდა სწორი, რადგან ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ ბელოუსოვამდე მუშაობდა, ე. ი. მას სხვა სერიოზული მფარველიც ჰყავს. საველიევის ბიოგრაფიაში საინტერესოდ გვეჩვენა, რომ 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ის ყირიმის საქმეების მინისტრად დაინიშნა. ამას მოჰყვა 2015-2018 წლებში მისი მთავრობის აპარატის უფროსის მოადგილისა და პარალელურად ყირიმისა და სევასტოპოლის საკითხებზე მომუშავე კომისიის წევრის თანამდებობაზე დანიშვნა. შესაძლებელია სწორედ ამას უკავშირდებოდეს მისი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დანიშვნაც, რათა შემდგომში უკრაინაში მიღებული მისი ცოდნა და გამოცდილება კრემლის ინტერესებს მოხმარდეს. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: 2019 წლის 25 სექტემბრიდან,საველიევი, ვლადიმერ პუტინის წარდგინებით, ფედერაციის საბჭომდანიშნა რუსეთის საანგარიშო პალატის (Счётная палата Росси́йской Федерации) აუდიტორად, სადაც კურირებდა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი საქმიანობის მიმართულებას. ეს თანამდებობა მან, 2024 წლის 20 მაისს ფედერაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ვადამდე ადრე დატოვა და პუტინმაიგი იმ დღესვე დანიშნა თავდაცვის მინისტრის მოადგილედ. საველიევთან ერთად თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა შეინარჩუნეს: ალექსანდრე ფომინმა, იუნუს-ბეკ ევკუროვმა, ალექსეი კრივორუჩკომ, ანდრეი ბულიგამ და ვიქტორ გორემიკინმა.
ამ ჩამონათვალში ჩვენი ყურადღება მიიქცია ალექსეი კრივორუჩკოს ფიგურამ. წარმოშობით უკრაინელი კრივორუჩკო სერიოზულ სკანდალში გაეხვა, როცა მისი ორი ქალიშვილის ამერიკაში დაბადებისა და 2011 წელს მის მიერ აშშ-ში, ქ. მაიამიში ადგილობრივი კომპანიის (5256 FisherIslandDrive) დაარსების ფაქტი გამჟღავნდა, თუმცა ამას მის წარმატებულ კარიერაზე ცუდად არ უმოქმედია. საინტერესოა, რომ მინისტრის მოადგილეობასთან ერთად, ის ბიზნესშიცაა ჩართული და რამდენიმე ტოპ-სააქციო საზოგადოების, მათ შორის ბანკის, დირექტორთა საბჭოს წევრია.ესენია: „Объединённая судостроительная корпорация“, „АО КТРВ“ და „ПАО Промсвязьбанк“. ამათგან ჩვენს ყურადღებას იქცევს „ПАО Промсвязьбанк“-ი, რომელსაც ახალდანიშნული პავლე ფრადკოვის ძმა, პეტრე, ხელმძღვანელობს. გამოდის, რომ პუტინმა თავდაცვის სამინისტროში „საქმიანი წრე“ შექმნა და ერთმანეთის ნაცნობი ფრადკოვისა და კრივორუჩკოს კლანები, რომლებიც „ПАО Промсвязьбанк“-ს ერთად კურირებენ, თავდაცვაშიც ერთად დაასაქმა.
დასკვნა
ჩვენი შეფასებით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიერ თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული საკადრო ცვლილებების მიზანს სამხედრო სფეროზე საკუთარი კონტროლის დაწესება წარმოადგენს. მის მიერ შოიგუს და პარალელურად პატრუშევის კლანების დასუსტება/განეიტრალება მისი აბსოლუტური ძალაუფლების განმტკიცებას ემსახურება და არაფერი კავშირი არა აქვს რაიმე სისტემური რეფორმების გატარებასთან. ყველა ახალდანიშნული მინისტრის მოადგილე ან მასთან, ან მის უახლოეს გარემოცვასთანაა დაკავშირებული. პირიქით, პუტინმა ამ საკადრო გადაადგილებებით თავდაცვის სფეროში არსებულ ფინანსურ ნაკადებზე კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო გააძლიერა. იმ მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტი ამ ცვლილებებით ეკონომიკურ და ფინანსურ საკითხების მოგვარებაზე აკეთებს აქცენტს, იმითიც დასტურდება, რომ ყველა ახალდანიშნული მოადგილე ეკონომიკურ-ფინანსური სფეროების წარმომადგენელია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კლასით და პროფესიონალიზმით თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ბევრად აღემატება სერგეი შოიგუს და მის გუნდს. ჩვენი მოსაზრებით, პუტინის საკადრო ცვლილებების მთავარი მიზანი ქვეყნის ეკონომიკის სამხედრო რელსებზე გადაყვანაა, რაც მას უკრაინასთან ომში გამარჯვებასა და უზარმაზარი შემოსავლების მიღებაში სჭირდება.