ავტორი: ანი ზირაქაშვილი, რონდელის ფონდის სტაჟიორი
2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, მოსკოვმა აქტიურად დაიწყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ინტეგრაციის პროცესი, მათ შორის, ენერგეტიკული მიმართულებით.
ბოლო წლებში განხორციელებული პოლიტიკის შედეგად, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთისგან განსხვავებით, ენერგოსფეროში სრულად გახდა რუსეთზე დამოკიდებული. ამ ეტაპზე, რუსეთის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის შედეგად, ცხინვალის რეგიონში გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდება მხოლოდ რუსეთიდან ხდება. მოსკოვის მიზანია განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შედეგად ცხინვალის რეგიონის ენერგეტიკული სტაბილურობის უზრუნველყოფა.
გაზსადენი და გაზიფიკაციის პროექტი
რუსეთმა ცხინვალის რეგიონის გაზით მომარაგებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე დაიწყო. რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობას საფუძველი 2006 წელს ჩაეყარა, ოკუპირებული რეგიონის გაზიფიკაციის პროექტზე მუშაობა კი 2010 წელს დაიწყო.
ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენი
ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენი. წყარო: Gazprom
ჯერ კიდევ რუსეთ-საქართველოს ომამდე, 2006 წლის 22 მარტს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი იური მოროზოვი ჩრდილოეთ ოსეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძუარიკაუ-ცხინვალის გაზსადენის მშენებლობის საკითხზეც ისაუბრეს. ამ შეხვედრიდან მალევე რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ მილსადენის მშენებლობა დაიწყო. აღნიშნული გაზსადენის სიგრძე 162.3 კილომეტრია, გამტარუნარიანობა კი – 252.5 მლნ კუბური მეტრი წელიწადში. გაზსადენმა ფუნქციონირება რუსეთ-საქართველოს ომიდან დაახლოებით ერთ წელიწადში, 2009 წლის 26 აგვისტოს, დაიწყო. მაგისტრალური გაზსადენის ექსპლუატაციაში შესვლის შედეგად, დანარჩენი საქართველოს გვერდის ავლით, ცხინვალის რეგიონის რუსული გაზით მომარაგების შესაძლებლობა შეიქმნა.
გაზსადენის მშენებლობა. წყარო: cominf.org
ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირების გენერალური სქემა
2010 წლის აპრილში „გაზპრომსა“ და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 2029 წლამდე მხარეთა თანამშრომლობას. ამავე დროს, „გაზპრომმა“ შეადგინა ცხინვალის რეგიონის გაზიფიცირების გეგმა, რომელიც ითვალისწინებს რეგიონის 200 დასახლებული პუნქტის გაზმომარაგებას, სოფლების დამაკავშირებელი და შიდა სასოფლო გაზსადენების მშენებლობას.
2018 წლის მაისში ხელი მოეწერა მორიგ ხელშეკრულებას მოსკოვსა და ცხინვალის რეჟიმს შორის. შეთანხმება, რომელიც ეხებოდა ღია სააქციო საზოგადოება „გაზპრომ – სამხრეთ ოსეთის“ აქციების ყიდვა-გაყიდვის პირობებსა და შემდგომ საქმიანობას, ამავე წლის ნოემბერში შევიდა ძალაში. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ზემოხსენებული გაზიფიცირების გენერალური სქემის ფარგლებში, „გაზპრომმა“ აიღო ვალდებულება, რომ 2023 წლამდე, სულ მცირე, 2 მლრდ რუბლი დახარჯოს ცხინვალის რეგიონის გაზის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციაზე. ამის სანაცვლოდ, „გაზპრომი“ გახდა თავისი შვილობილი კომპანიის – „გაზპრომ – სამხრეთ ოსეთის“, 100%-იანი წილის მფლობელი. ამ კომპანიის აქციების 25% მანამდე ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობას ეკუთვნოდა.
ელექტრომომარაგების არსებული სისტემა და სარეზერვო კაბელის მშენებლობის პროექტი
ცხინვალის რეგიონი ელექტროენერგიას მხოლოდ რუსეთიდან, ერთადერთი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით, იღებს. რთული გეოგრაფიული და კლიმატური პირობების გამო, ელექტრომომარაგების არსებული სისტემა არასტაბილურია. ამიტომაც უახლოეს წლებში რუსეთი ცხინვალის რეგიონის მიმართულებით დამატებითი ინფრასტრუქტურის მშენებლობას გეგმავს.
ელექტრომომარაგების არსებული სისტემა
ცხინვალის რეგიონის ელექტრომომარაგებისთვის გამოიყენება ერთადერთი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი – „ზარამაგ – ჩრდილოეთის პორტალი – ჯავა“, რომელიც როკის გვირაბის მიდამოებში, ძომაგის ხეობის რაიონში მდებარეობს. 39-კილომეტრიანი ელექტროგადამცემი ხაზის სიმძლავრე 110 კილოვოლტია. აღნიშნული ხაზის მეშვეობით ცხინვალის რეგიონს ელექტროენერგიას რუსული ენერგოკომპანია „ინტერ რაო“ აწვდის. უნდა აღინიშნოს, რომ არახელსაყრელი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ამ მონაკვეთზე ხშირია ავარიები, რის გამოც ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება, შესაძლოა, რამდენიმე დღითაც შეუწყდეს, მაღალმთიანი რელიეფი კი მსგავსი პრობლემების აღმოფხვრას კიდევ უფრო ართულებს.
დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზი
2020 წლის 2 სექტემბერს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ევგენი გრაბჩაკმა და რუსეთში ცხინვალის რეჟიმის „ელჩმა“ ზნაურ გასიევმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ცხინვალის რეგიონის ენერგოსაიმედოობისა და ენერგოუსაფრთხოების გაზრდას ისახავს მიზნად. შეთანხმება, რომელიც ელექტროენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების ტექნოლოგიურ მიერთებას ეხება, 11 სექტემბერს შევიდა ძალაში.
ამ დოკუმენტის თანახმად, ცხინვალის რეგიონში მდებარე საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის მონაკვეთი რუსეთში მდებარე „ჩრდილოეთის პორტალის“ ქვესადგურს დაუკავშირდება მაღალი ძაბვის სარეზერვო კაბელით, რომლის სიგრძე იქნება 4.5 კილომეტრი და რომელიც პირდაპირ როკის გვირაბში გაივლის. ამ პროექტის ღირებულება 1.7 მლრდ რუბლს შეადგენს.
პროექტის შესახებ პირველად 2019 წლის სექტემბერში რუსეთის ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის – „როსსეტის“ ხელმძღვანელმა განაცხადა. მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კი შესაბამისი განკარგულება გასცა რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმაც.
დამატებითი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის დასრულება 2022 წლისთვის იგეგმება. სარეზერვო კაბელის გაყვანის შედეგად, ცხინვალის რეგიონის ენერგოსისტემის ფუნქციონირება გახდება უფრო სტაბილური, ხოლო რაიმე სახის დაზიანების ან ავარიის შემთხვევაში, შესაბამისი სარემონტო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელი იქნება წლის ნებისმიერ დროს.
საწვავით მომარაგება
2008 წლის ომის შემდეგ ცხინვალის რეგიონში ნავთობროდუქტების იმპორტი სრულად რუსეთიდან ხორციელდება. 2019 წელს რეგიონში რუსული ენერგოკომპანია „როსნეფტის“ პირველი ბენზინგასამართი სადგურებიც აშენდა.
რუსული საწვავის იმპორტი
ცხინვალის რეგიონში რუსეთიდან ნავთობპროდუქტების იმპორტს 2014 წლიდან უზრუნველყოფს „იუგოსეტნეფტეპროდუქტი“, რომელიც ცხინვალის რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო კომპანიაა. 2017 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ თაღლითური სქემის შესახებ, რომლის თანახმად, აღნიშნული კომპანია ყიდულობდა რუსული ნავთობკომპანია „როსნეფტის“ მაღალხარისხიან ბენზინს, შემდეგ მას ჩრდილოეთ ოსეთში ცვლიდა გაზავებულ ბენზინზე და, საბოლოოდ, ცხინვალის რეგიონში დაბალი ხარისხის საწვავის რეალიზაციას ახდენდა. ამ სქემის გაშიფვრის შემდეგ „იუგოსეტნეფტეპროდუქტის“ ხელმძღვანელი დააკავეს.
„როსნეფტის“ ბენზინგასამართი სადგურები
2017 წლის ივნისში ცხინვალის რეჟიმის ლიდერი ანატოლი ბიბილოვი „როსნეფტის“ აღმასრულებელ დირექტორ იგორ სეჩინს ქ. სოჭში შეხვდა. შეხვედრაზე ცხინვალის რეგიონში „როსნეფტის“ ბენზინგასამართი სადგურების მშენებლობაზე შეთანხმდნენ.
„როსნეფტის“ ბენზინგასამართი სადგური ცხინვალში. წყარო: south-ossetia.info
ცხინვალის რეგიონში „როსნეფტის“ პირველი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში დასრულდა. ამავე წელს აშენდა მეორე ბენზინგასამართი სადგურიც, რითაც გეგმის პირველი ეტაპი დასრულდა. საერთო ჯამში, სამი ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობაა დაგეგმილი. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2017 წელს რუსულ მედიასთან ინტერვიუში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა გენადი ბეკოევმა აღნიშნა, რომ ცხინვალის რეგიონის ენერგობაზარზე „როსნეფტი“ უნდა დამკვიდრდეს ყოველგვარი შუამავლებისა და შვილობილი კომპანიების გარეშე.
ძირითადი დასკვნები
- რუსეთმა ცხინვალის რეგიონის ენერგოსფეროზე კონტროლის დამყარება ჯერ კიდევ 2008 წლამდე დაიწყო და ამ ეტაპზე რეგიონი რუსულ ენერგეტიკულ სივრცეშია ინტეგრირებული. აფხაზეთისგან განსხვავებით, ცხინვალის რეგიონი სრულად მოწყვეტილია საქართველოს ენერგოსისტემას.
- ცხინვალის რეგიონის გაზით, ელექტროენერგიითა და საწვავით მომარაგებას რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიები უზრუნველყოფენ.
- ენერგოსფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად რუსეთის მიერ დაგეგმილი ახალი პროექტების განხორციელება ცხინვალის რეგიონის რუსეთზე დამოკიდებულებას კიდევ უფრო გაზრდის.
- ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლების 2015 წლის მონაცემებით, ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას 54 ათასამდე ადამიანი შეადგენს. მოსახლეობის სიმცირისა და სუსტი ეკონომიკის პირობებში, რუსული სახელმწიფო კომპანიების საქმიანობის მოტივი, ეკონომიკური სარგებლის მიღებაზე მეტად, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის, სადაც რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის 4000-მდე სამხედრო მოსამსახურე და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობენ, ენერგოსტაბილურობის უზრუნველყოფაა.