ავტორი: გიორგი ფაჩუაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კრიზისის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი, ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი, სამოქალაქო აქტივისტი

 

შესავალი

2024 წლის 3 აპრილს საქართველოს მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ‘უცხოური აგენტების’ შესახებ კანონპროექტის ხელახლა განხილვა დააანონსა. ამ კანონპროექტს ოფიციალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ეწოდება, თუმცა მისი კრიტიკოსები მას „რუსულ კანონად“ სამართლიანად მოიხსენიებენ. ამ კანონის მსგავსებამ რუსეთში 2012 წელს მიღებულ ანალოგიურ კანონთან საზოგადოებრივი მღელვარება გამოიწვია, რაც საქართველოს დედაქალაქში მიმდინარე მასობრივ პროტესტში გადაიზარდა.  კანონი აშკარად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებმა მათ უფლებამოსილების ქვეშ არსებული ნებისმიერი მექანიზმი უნდა გამოიყენონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკვე გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოში მიმდინარე აქციების მიმართ. ამავდროულად, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ეწინააღმდეგება კანონის ხელახლა შემოღების ნებისმიერ მცდელობას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი კანონი „საფრთხეს უქმნის  საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას“. მიუხედავად ამისა, კანონპროექტი 14 მაისს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მე-3 მოსმენით მიიღეს, დარბაზში მიმდინარე დიდი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რომელსაც ჩხუბი მოჰყვა. საინტერესოა, რატომ არის კანონი ასეთი მნიშვნელოვანი მმართველი პარტიისთვის და როგორი იქნება მისი გეოპოლიტიკური შედეგები.

 

რუსული კანონი, როგორც კრემლის საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტი

შეიძლება ითქვას, რომ „რუსული კანონის“ მიზანი მთავრობის სურვილია, გააჩუმოს მისი ყველაზე მკაფიო კრიტიკოსები – სამოქალაქო საზოგადოება და მედია, და დაამყაროს ავტორიტარული მმართველობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მისცემს შესაძლებლობას, სურვილისამებრ განაგოს ქვეყანა. თუმცა, ეს პერსპექტივა საკითხს მხოლოდ ნაწილობრივ ფარავს. სინამდვილეში, ეს კანონი კრემლის საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტის, როგორც „რუსული კანონის“ მიღების მსურველ ქვეყანაზე გავლენის გავრცელების საშუალების როლს ასრულებს. რობერტ ფიცოს პრორუსულმა მთავრობამ თითქმის ზუსტად იმავე დროს შემოიღო მსგავსი კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ ევროკავშირის სასამართლომ ხელი შეუშალა უნგრეთს, მიეღო ანალოგიური „კანონი უცხოური მხარდაჭერის მქონე ორგანიზაციების შესახებ“. ყირგიზეთის პრორუსმა პრეზიდენტმა ახლახან მოაწერა ხელი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების შემთხვევაში, „რუსული კანონი“ ევროკავშირის შიდა დესტაბილიზაციასა და ამ ორგანიზაციის შიგნით მოსკოვის გავლენის ზრდას ემსახურება. ხოლო ყირგიზეთში ამ კანონის მიღება შუა აზიაში კრემლის კონტროლის განამტკიცების საშუალებად შეგვიძლია, განვიხილოთ. საინტერესოა, რა გავლენას ახდენს იგი სამხრეთ კავკასიაზე.

პოლიტიკური დაძაბულობა სამხრეთ კავკასიაში

ამჟამად სომხეთში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლები საფრთხეს უქმნის ერევნის პროდასავლურ გეზს და მის სამშვიდობო მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ იმ საკამათო გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანს გადაეცემა ტავუშის რეგიონში მდებარე 4 სოფელი, რომელიც ადრე მას ეკუთვნოდა. ამ ნაბიჯს დადებითი შეფასება მოჰყვა აშშ-ისა და ევროკავშირის მხრიდან, მაგრამ იგი ოპოზიციამ მკაფიოდ დაგმო.

იმის ფონზე, როდესაც სომხეთმა გასულ თვეში ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოთქვა, შეუძლებელია საქართველოში მიმდინარე აქციების ცალკე ჭრილში განხილვა. ერევანი ყურადღებით აკვირდება საკუთარ მეზობელს სამომავლო გეზის დასასახად. საქართველო უკვე ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფოა და შეუძლია, ან გამტარის ეფექტი იქონიოს სომხეთის ინტეგრაციისთვის (spill-over), ან რეგიონული კონტექსტის ჭრილში, ბრიუსელისკენ ერთობილივი სვლა დაიწყოს მასთან ერთად. თუ საქართველოს ევროინტეგრაცია ჩაიშლება, სომხეთს რეგიონული ბერკეტი გამოეცლება, რამაც შეიძლება, ის საბოლოოდ მოაქციოს კრემლის ორბიტაზე, რომლისგანაც ერევანს თავის დაღწევა სურს.

საჭიროა, პასუხი გაეცეს შემდეგ კითხვას: არის თუ არა „რუსული კანონი“ კრემლის ჩანაფიქრის ნაწილი, საბოლოოდ დაიმორჩილოს სამხრეთ კავკასიის რეგიონი საქართველოს „ბელარუსიზაციით“ და სომხეთის დასავლური პერსპექტივის განადგურებით, რაც იქაური ოპოზიციის გამოყენებით იქნება შესაძლებელი? საქართველოს შემთხვევა ამ არგუმენტს საკმაოდ ამყარებს. აქ ხელისუფლება იღებს რუსეთში მიღებული კანონის იდენტურ კანონს, რომელიც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმების რუსულ პრიზმაში უნაკლოდ ჯდება – გასათვალისწინებელია, რომ დემოკრატიულ წყობაში სწორედ ეს ორი წარმოადგენს ხელისუფლების არაოფიციალურ შტოებს, ძალაუფლების გადანაწილების პრინციპის მიხედვით. მეტიც, საქართველოში აქტივისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ წარმართული ბოლოდროინდელი ძალადობრივი ქმედებები და პოლიციის სისასტიკე ბელარუსის მოვლენებს გვაგონებს.

„რუსკი მირი“

„რუსკი მირი“ (რუსული სამყარო) ჩვენი მსჯელობისთვის საკვანძო კონცეფციაა. იგი პუტინმა წარმოადგინა 2012 წელს. იმავე წელს შემოიღეს კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ. „რუსკი მირი“  გვისახავს მითს უძლეველი რუსული ცივილიზაციის შესახებ, რომელიც აერთიანებს რუსულენოვან სამყაროს და რომლის დაცვაც აუცილებელია. ამ კონტექსტში, კრემლი თავისი ყოფილი იმპერიის ტერიტორიებს „რუსული სამყაროს“ ნაწილად მოიაზრებს. ეს ნარატივი გამოიყენებოდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გასამართლებლად და მას მოსკოვი აქტიურად უჭერს მხარს მსოფლიო მასშტაბით თავისი იდეების განსამტკიცებლად. ამიტომ ვხედავთ უამრავ მსგავსებას პრორუსულ მთავრობებსა და მათ მეთოდებს შორის. იგი კრემლის მსოფლმხედველობის და მოქმედების წესის (modus operandi) ნაწილია.

რუსული სამყაროს იდეისთვის სუვერენიტეტი საკვანძო ცნებაა, რომელიც დასავლური გავლენის დისკრედიტაციისთვის გამოიყენება. ეს, მათ შორის, ეხება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კრიტიკულ მედიებს, რომლებიც ამავე დისკრედიტაციის პროცესს უწევენ წინააღმდეგობას. პარადოქსულია, რომ ზუსტად სუვერენიტეტის ცნება გამოიყენება ავტორიტარული სისტემის დასამყარებლად, თუმცა იგივე სუვერენიტეტი იზღუდება იმ ქვეყნებში, რომლებიც რუსული სამყაროს წევრები ხდებიან იმ ილუზიით, რომ დასავლეთის წარმოსახვით ჩარევას თავიანთ შიდა პოლიტიკაში წინააღმდეგობას გაუწევენ. რასაკვირველია, მმართველი პარტიისა და ხელისუფლების არაფორმალურმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის მთავარ მიზნად „თავისუფალი, დამოუკიდებელი, [და] სუვერენული საქართველო“ წარმოგვისახა. სუვერენიტეტი სამთავრობო პროპაგანდის საკვანძო სიტყვად იქცა.

მორიგი მნიშვნელოვანი თემა ევროკავშირის წევრობის საკითხია. რუსეთი ხშირად ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ამგვარი პერსპექტივისთვის ძირის გამოსათხრელად. ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობამ (EaP) ბელარუსს წევრობა მას შემდეგ შეუჩერა, რაც რუსეთმა მის ტერიტორიაზე შეზღუდა ადამიანის უფლებები და მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს ავტორიტარულ რეჟიმს. მოსკოვმა უკრაინასაც შეუშალა ხელი ევროინტეგრაციის გზაზე და მისი პრეზიდენტი იანუკოვიჩი გამოიყენა ამ მიზნით. როდესაც ამ მეთოდმა არ იმუშავა, რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და მისი ტერიტორიები დაიკავა გამოსასყიდის სახით, რათა კიევის პროდასავლური კურსი კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. ამავდროულად, სომხეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრობამ სასურველი შედეგი ვერ მოიტანა, მასზე რუსეთის ზეგავლენის გამო. მხოლოდ მოლდოვამ, უკრაინამ და საქართველომ მოახერხა წინსვლა და კანდიდატის სტატუსის მიღება, თუმცა, საქართველოს შემთხვევაში, ეს პროცესი შეყოვნდა მისი ხელისუფლების მოსკოვთან კავშირისა და ავტორიტარული ტენდენციების გამო. ქვეყანამ მხოლოდ მას შემდეგ მიიღო სტატუსი, რაც ქართველმა ხალხმა აჩვენა, რომ აპირებდა ამგვარი პერსპექტივისთვის ბრძოლას და ხელისუფლებას უკან გააწვევინა „რუსული კანონი“. თუმცა, იმის ფონზე, როდესაც მოლდოვამ და უკრაინამ უკვე დაიწყეს მოლაპარაკებები წევრობის შესახებ, ზუსტად იგივე კანონი კვლავ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას და ხელს უწყობს რუსეთის რეგიონულ დღის წესრიგს, სამხრეთ კავკასიის დამორჩილების მიმართულებით.

დასკვნა

„რუსული კანონი“ მხოლოდ შიდა პოლიტიკის ფენომენად არ უნდა განიხილებოდეს. მასზე ასევე უნდა მივსჯელოთ, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკურ ინსტრუმენტზე, რომელიც კრემლის დღის წესრიგის ნაწილია იმ რეგიონებთან მიმართებით, რომლებსაც იგი რუსული სამყაროს ნაწილად აღიქვამს. ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტები ევროკავშირის მთლიანობის შელახვასა და დესტაბილიზაციას ემსახურება; შუა აზიაში მას რუსეთის კონტროლის გამყარების მიზანი აქვს. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო სამხრეთ კავკასიული ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს მაგალითს წარმოადგენს, მისი დამორჩილება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონით და რუსული ტიპის ავტორიტარული რეჟიმის დამყარებით მთელ რეგიონზე იქონიებს ზეგავლენას კრემლის სასარგებლოდ. ამიტომ არის სომხეთის ბედი დაკავშირებული საქართველოსთან და სამხრეთ კავკასიის ფართო რეგიონულ პოლიტიკასთან.