„ბორდერიზაციის“ პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 2009 წელს გაჩნდა, თავად პროცესი 2011 წელს დაიწყო. 2013 წლიდან კი მოხდა მისი ინტენსიფიკაცია. „ბორდერიზაცია“ მოიცავს ხელოვნური ბარიერების, ღობეების, მავთულხლართების, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების ინსტალაციას და ასევე, მიწათხრილების, ტრანშეების და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების მოწყობას, რაც საერთო ჯამში ქმნის ე.წ. საოკუპაციო ხაზს, რომლის მიღმა ექცევა ახალი ტერიტორიები.
რონდელის ფონდის მიერ შექმნილ ინტერაქტიულ რუკაზე თავმოყრილია ღია წყაროებში გასული ინფორმაცია „ბორდერიზაციის“ შემთხვევებზე, ვიდეო და ფოტომასალის ჩათვლით. რუკა ასახავს თუ რა დროს მოხდა ამა თუ იმ მონაკვეთის „ბორდერიაზაცია“ და ქმნის წარმოდგენას „ბორდერიზაციის“ პროცესის დინამიკაზე.
ამასთან, რუკა არის განახლებადი, რაც გულისხმობს იმას, რომ მასზე მოხდება „ბორდერიზაციის“ ახალი შემთხვევების დატანა.