2024 წლის 29 თებერვალს რონდელის ფონდში მიმდინარე პროექტში – „პანკისის ახალგაზრდულ სკოლაში“ – ჩართულ სკოლებს ფონდის პარტნიორმა ორგანიზაციამ აჭარა კოლექტივმა გადასცა სპორტული ინვენტარი და ბიბლიოთეკისთვის განკუთვნილი ლეპტოპი და წიგნები. რონდელის ფონდისა და აჭარა კოლექტივის პარტნიორობა დაიწყო 2023 წლის დეკემბერში და მიზნად ისახავს ფონდში მიმდინარე რეგიონული პროგრამების ბენეფიციარი საჯარო სკოლების 2300-მდე მოსწავლის ხელშეწყობას და მათი სასწავლო პირობების გაუმჯობესებას.
ღონისძიება გაიმართა სოფ. ჯოყოლოში. საჩუქრების გადაცემის შემდეგ ჩატარდა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ორი დისკუსია: „მედია და საზოგადოება“, რომელსაც უძღვებოდა პროფესორი მაია მიქაშავიძე და „სამხრეთ კავკასიის ენერგოპოლიტიკა: XIX საუკუნიდან დღემდე“, რომელიც წაიკითხა რონდელის ფონდის მკვლევარმა მამუკა კომახიამ.
რონდელის ფონდის პროექტი „პანკისის ახალგაზრდული სკოლა“ ხორციელდება 2023 წლის სექტემბრიდან, საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, და მიზნად ისახავს პანკისის ხეობის საჯარო სკოლების უფროსკლასელების სამოქალაქო ცნობიერების გაძლიერებას და არაფორმალური განათლებისა და სხვადასხვა აქტივობის გზით მათი შესაძლებლობების გაზრდას.