2023 წლის 26 დეკემბერს რონდელის ფონდში გაიმართა პოლიტიკური პარტიების სკოლის დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ცერემონია. სასწავლო პროგრამა 2022-23 წლებში წარმატებით გაიარა 16 პოლიტიკური პარტიის 38 წარმომადგენელმა.
ღონისძიებაზე პროექტის კურსდამთავრებულებმა და ღონისძიების სტუმრებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი პროგრამის მნიშვნელობას, მის როლს მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებაში, პარტიათაშორისი დიალოგის ჩამოყალიბებასა და ახალი ცოდნისა და უნარების შეძენაში.
პოლიტიკური პარტიების სკოლის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: პოლიტიკური სოციოლოგია, მასმედიის როლი, გენდერული საკითხები, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოება, რეგიონული გამოწვევები, ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა. მათ ტრენინგები ჩაუტარდათ საჯარო პოლიტიკის, პოლიტიკური რისკების ანალიზსა და მოლაპარაკებების ტექნიკებში.
პოლიტიკური პარტიების სკოლა რონდელის ფონდის მიერ სხვადასხვა დონორის ხელშეწყობით 2009 წლიდან იმართება. პროგრამას უკვე ჰყავს 500-მდე კურსდამთავრებული. ამჟამად რონდელის ფონდი პროექტს ახორციელებს დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) მხარდაჭერით.