რონდელის ფონდი აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ქალაქ ზუგდიდში ხუთდღიანი, ინტენსიური სასწავლო პროგრამისთვის – „ახალგაზრდები ცვლილებისთვის“. სასწავლო პროგრამის მიზანია რეგიონებში აქტიური ხალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავება საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე.

თუ ცხოვრობთ სამეგრელოში ან სვანეთში, ხართ აქტიური სტუდენტი, ან წარმოადგენთ რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა თუ სამოქალაქო მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციასა თუ ადგილობრივ მედიასაშუალებას, ეს პროგრამა თქვენთვისაა!

რონდელის ფონდი 2001 წლიდან ფუნქციონირებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს საჯარო პოლიტიკის გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესებას კვლევისა და ანალიზის, უნარ-ჩვევების ზრდისა და ინფორმირებულობის საშუალებით.  ფონდის აუდიტორია საკმაოდ ფართოა, სადაც ახალგაზრდებთან მუშაობას განსაკუთრებული ადგილი ეთმობა.  ახალგაზრდა თაობის შესაძლებლობების ზრდა ფონდის დაარსების დღიდან არის  მისი საქმიანობის განუყოფელი ნაწილი. პოლიტიკური პარტიების სკოლა კი  ფონდში 2009 წლიდან არსებობს.

პროგრამის ფარგლებში  ადგილობრივი მონაწილეები ხუთი დღის განმავლობაში გაივლიან ინტენსიურ სასწავლო კურსს (სულ 30 საათი), რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს: პოლიტიკური იდეოლოგიები, პოლიტიკის ანალიზი, მასმედიის როლი, საგარეო პოლიტიკა, ეროვნული უსაფრთხოება და რეგიონული გამოწვევები, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თურქეთი და ახლო აღმოსავლეთი, ეკონომიკა და სხვ. სასწავლო კურსებს გაუძღვებიან რონდელის ფონდისა და მასთან ასოცირებული ექსპერტები. სასწავლო პროგრამა დაგეგმილია ამა წლის 10-14 ივლისს ქალაქ ზუგდიდში.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ  CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  [email protected]

საბუთების მიღების ბოლო ვადა:  3 ივლისი, 2024 წელი.

განაცხადის გამოგზავნისას წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ „ახალგაზრდები ცვლილებებისთვის“

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ონლაინ-გასაუბრება.