2023 წლის 24 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით ქ.ასპინძაში, რაგბის ბაზაზე, გაიმართა რონდელის ფონდის საზაფხულო სკოლა-ბანაკი, რომელშიც მაღალმთიანი აჭარის, ადიგენის მუნიციპალიტეტის, მოხისა და ზარზმის 32 მოსწავლე იყო ჩართული.

საზაფხულო ბანაკის მიზანია, ახაგაზრდებში არაფორმალური განათლების შესაძლებლობების გაზრდა, რაც ხელს უწყობს საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეების ინტეგრაციას და ცნობიერების ამაღლებას ქვეყნისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე.

ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში და იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: საქართველოს საგარეო პოლიტიკა, რეგიონის გამოწვევები, ნატო და დასავლური ალიანსები, კიბერუსაფრთხოება, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მედეგობა, ფოტოგრაფია, დასავლური ღირებულებები და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები, დიდი აღმოჩენების მნიშვნელობა, ტაო-კლარჯეთში წყალქვეშ მოქცეული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ა.შ;

ბანაკის პროგრამა შედგებოდა სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებისგან, შემეცნებითი ექსკურსიისგან და სპორტული აქტივობებისგან.

პროექტი 300-მდე ახალგაზრდას აერთიანებს მაღალმთიანი აჭარიდან და ადიგენის მუნიციპალიტეტიდან. იგი ახალგაზრდების კულტურულ და სოციალურ ჩართულობას სადისკუსიო კლუბების, ახალგაზრდულ საგანმანათლებლო ჟურნალ „ჩემი სამყარო“-ზე დაფუძნებული ვიქტორინების, დედაქალაქში ვიზიტების, საზაფხულო ბანაკისა და დაჯილდოების ცერემონიის საშუალებით უზრუნველყოფს.

საზაფხულო სკოლა მიმდინარეობს პროექტის – „თემის ახალგაზრდების ჩართულობა საქართველოს რეგიონებში“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით.