ავტორი: მამუკა ჟვანია, ანალიტიკოსი
მოსაზრება, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს, ხშირად არის პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად ამ თემაზე მრავალი დეზინფორმაციაც ვრცელდება. ეს საკითხი ხშირად გამხდარა მსჯელობის საგანი საქართველოშიც და ვფიქრობთ, საინტერესოა, რა იძლევა ამგვარი საუბრების საფუძველს და მნიშვნელოვანია, რომ ამ თემაზე ობიექტური ინფორმაცია არსებობდეს.
რასაკვირველია, ჯერ არ ჩანს საბოლოოდ რომელი მხარე გაიმარჯვებს, თუმცა ფაქტია, რომ ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთს მრავალჯერ მოუწია უკან დახევა და მოქმედების ტაქტიკის შეცვლა, რადგან ვერ შეძლო მიზნების მიღწევა, უკრაინამ კი ყოველ ჯერზე გასცა მას შესაბამისი პასუხი. ქვემოთ, წარმოვადგენთ სწორედ იმ ობიექტურ ინფორმაციას, რაც საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გასამარჯვებლად უკრაინას დიდი უპირატესობა აქვს.
ომის პირველი ფაზა
2022 წლის 24 თებერვლის სამხედრო თავდასხმამ დიდი საფრთხე შეუქმნა უკრაინის სახელმწიფოებრიობას. პირველივე დღეებში შეიქმნა კიევის დაცემისა და მთლიანად უკრაინის სწრაფი ოკუპაციის საფრთხე, მაგრამ 3 მარტამდე რუსებმა მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ქალაქისა და ადმინისტრაციული ცენტრ ქ. ხერსონის გარდა, სხვა დიდი ქალაქის დაკავება ვერ შეძლეს.
უკრაინელების უპრეცედენტო ერთობამ და წინააღმდეგობის გამოვლენილმა უნარმა დაარწმუნა ცივილიზებული სამყარო დახმარების მიზანშეწონილობაში. საბოლო ჯამში, ძნელად წარმოსადგენი შედეგი მივიღეთ.
მარტის მეორე ნახევარში რუსების წინსვლა შენელდა, მოულოდნელად დიდი დანაკარგების გამო. აგრესორი იძულებული გახდა შეერბილებინა რიტორიკა და თურქეთის შუამდგომლობით დაეწყო მოლაპარაკებების პროცესი. 29 მარტს რუსეთმა გამოაცხადა უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილიდან ჯარის გაყვანის შესახებ, თითქოს მოლაპარაკებებისთვის ნდობის გასაზრდელად. ბევრისთვის ნათელი გახდა, რომ რუსეთი მიზანს ვერ აღწევდა, ანუ მარცხდებოდა.
13 აპრილს ჩაძირეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ხომალდი – კრეისერ Москва. ამის შემდეგ პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ქ. ოდესაზე საზღვაო დესანტის გადასხმა, ხოლო ხერსონის ოლქში გამაგრებულ საოკუპაციო ჯარებს წინსვლის შესაძლებლობა კიდევ უფრო შეეზღუდათ.
კიევის მისადგომებიდან აგრესორის ჯარის გაყვანამ, შავ ზღვაზე მთავარი კრეისერის დაკარგვამ, ქ. ოდესისა და ხარკოვის დაკავების გეგმის ჩაშლამ დაადასტურა, რომ რუსეთის მიერ თავდაპირველად დასახული მიზნები წარუმატებელი იყო.
აპრილის თვეში ქ. მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნის დამცველების მხრიდან მიყენებული დიდძალი ზარალის ფონზე რუსეთი იძულებული გახდა ომის წარმოების ტაქტიკა შეეცვალა და შესაბამისად შეესწორებინა დასახული მიზნები, რამაც საომარი მოქმედებები ახალ ფაზაში გადაიყვანა.
ომის მეორე ფაზა
19 აპრილს თავად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც აღნიშნა, რომ მათ ახალი ფაზა წამოიწყეს. თავდაპირველი გეგმისგან განსხვავებით, რომელიც გულისხმობდა მთლიანად უკრაინის დემილიტარიზაცია-დენაციფიკაციას, მეორე ფაზის მიზნად იქცა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე კონტროლის მოპოვება და, შესაბამისად, მოლდოვის ოკუპირებული ტერიტორიის დნესტრისპირეთთან დაკავშირება.
ამ მიზნების შესაბამისად, 25 მაისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა უკრაინის ორი ოლქის, ზაპოროჟიესა და ხერსონის, მაცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას. ივნისის ბოლოს ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტულმა მთავრობებმა, რუსეთთან შეერთების მიზნით, ე.წ. რეფერენდუმი 2022 წლის შემოდგომისთვის დაგეგმეს.
შეიცვალა ომის ტაქტიკაც. ბატალიონებისა და ასეულების ტაქტიკური ჯგუფების მეშვეობით ღრმად შეჭრის ნაცვლად ფრონტის ხაზის მკაცრი დაცვისა და საარტილერიო უპირატესობის გამოყენებით შეტევების მეთოდზე გადავიდნენ. ეს გულისხმობდა პრაქტიკულად ქალაქების განადგურებასა და ისე დაზიანებას, რაც გენოციდსა და ეთნოწმენდას უტოლდება. ასეთი სურათის შექმნა რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა, რადგან ეს გამოიწვევდა ე.წ. „სპეციალური საომარი ოპერაციის“ (როგორც თავად უწოდებენ ამ ომს) მნიშვნელოვნად გაჭიანურებას და, დამატებით, კიდევ უფრო მეტ მრავალმხრივ რისკებსა და გაურკვევლობებს (მათ შორის, ევროპისა და აშშ-ის მხრიდან მეტ ჩართულობას, რაც მოხდა კიდეც).
მიუხედავად იმისა, რომ ომის მეორე ეტაპზე რუსების ამბიცია შემცირებული იყო, მიზანს ისევ ვერ მიაღწიეს. მათ მხოლოდ ქ. მარიუპოლის სრულად დაკავება და ყირიმის ნახევარკუნძულის მიმართულებით სახმელეთო გზის გახსნა შეძლეს. აზოვსტალის გარშემო ძალების განთავისუფლებით გააძლიერეს ზეწოლა დონბასისა და ლუგანსკის მიმართულებაზე, სადაც ძალიან დიდი დანაკარგი მიიღეს.
განსაკუთრებით ძვირი დაუჯდა რუსეთს ორი ახლომდებარე ქალაქის – სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის დაკავება.
ქ. სევეროდონეცკის ქუჩები ხელიდან ხელში გადადიოდა და მხოლოდ 24 ივნისს გამოაცხადა უკრაინამ ქალაქის დატოვების შესახებ. მდინარე სევერსკი დონის მეორე სანაპიროზე მდებარე ქ. ლისიჩანსკი უკრაინელებმა 3 ივლისს დატოვეს. ამ ორი ქალაქისთვის ბრძოლაში უკრაინის ამოცანა იყო მოწინააღმდეგის ძალების მაქსიმალურად გამოფიტვა, რაც მათ კარგად გამოუვიდათ. პარალელურად, კიევმა კუნძული ზმეინი გაათავისუფლა.
ივლისის მეორე ნახევარსა და აგვისტოს განმავლობაში რუსული ძალების წინსვლა შენელდა. უკრაინის მხრიდან კონტრშეტევაზე გადასვლის მოლოდინი გაჩნდა, რაც განპირობებული იყო ფრონტის ხაზის სტაბილურობით და ყოველდღიური ცნობებით ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ობიექტების, იარაღის საწყობებისა და ბაზების განადგურების თაობაზე. ვალერი ზალუჟნი, უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ამ მოვლენას HIMARS-ების დროულად ჩამოსვლას უკავშირებდა.
უკრაინის მხრიდან წინააღმდეგობის ყოველი დღე რუსეთის თავისტკივილად იქცა. ახლა უკვე აშკარა გახდა, რომ უკრაინა არა თუ დასუსტდა, არამედ უფრო გაძლიერდა იმასთან შედარებით, რაც ომის წინ იყო, ხოლო რუსეთს იმდენად ბევრი მოულოდნელი პრობლემა შეექმნა, რომ უფრო დასუსტებულად გამოიყურებოდა, ვიდრე ომამდე ჩანდა. ეს პროცესი ტენდენციად იქცა.
სექტემბრის დასაწყისში, კონტრშეტევითი ოპერაციის შედეგად, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ქალაქები ბალაკლია, იზიუმი, კუპიანსკი და ლიმანი. თითქმის სრულად აღადგინეს კონტროლი ხარკოვის ოლქზე. ეს რუსეთისთვის მორიგი დიდი ოპერატიული მარცხი იყო.
21 სექტემბერს, ე.წ. რეფერენდუმების წინ, რომელიც 23-27 სექტემბრისთვის იყო დაგეგმილი, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
9 ნოემბერს ქ. ხერსონიდან და მდ. დონის მარჯვენა სანაპიროდან საოკუპაციო ჯარების გაყვანის ბრძანებამ ფაქტობრივად გააფორმა ომის მეორე ფაზის რუსეთის გეგმების ჩაშლა. ამ პერიოდში, 18 აპრილიდან 9 ნოემბრის ჩათვლით, რუსეთმა უფრო მეტი ტერიტორია დაკარგა (მათ შორის, რეფერენდუმის გზით ანექსირებული), ვიდრე დაიკავა.
რუსეთისთვის ეს ომი წინანდელივით „თავის ტკივილად“ რჩებოდა, რის გამოც მოუწია პრინციპულად განსხვავებულ ტაქტიკაზე გადასვლა და ახალი მიზნების დასახვა, რამაც მიმდინარე ომი ახალ, მე-3 ფაზაში გადაიყვანა.
ომის მე-3 ფაზა და რუსეთის ახალი გათვლები
2022 წლის 9 ნოემბერს ქ. ხერსონიდან რუსეთის ჯარის გაყვანა და მდ. დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადასვლა, სხვა არსებული პირობების გათვალისწინებით, ტაქტიკურზე უფრო დიდი მნიშვნელობის, სტრატეგიული დონის გადაწყვეტილება იყო, რამაც ომი ახალ, მე-3 ფაზაში გადაიყვანა.
ისეთი მნიშვნელოვანი ბუნებრივი გამყოფი ხაზის მარჯვენა სანაპიროს პლაცდარმის მიტოვების შემდეგ, როგორიცაა მდ. დნეპრი, აგრესორს კიევის აღება კიდევ უფრო გაურთულდა, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი.
მანამდე რუსეთს გათვლილი ჰქონდა ომის სწრაფად დასრულება, ისე, რომ ევროპას სათანადო პასუხის გაცემა ვერ მოესწრო, მაგრამ ამჟამად მისი სტრატეგია, პირიქით, რაც შეიძლება დიდი ხნით ომის გაწელვაზე უნდა იყოს გათვლილი.
ომის მიმდინარეობის დინამიკა გვიჩვენებს, რომ ამ დროისთვის რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი უნდა იყოს თუნდაც მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების აღება და ამ ზოლზე ძლიერი დაცვის მოწყობა ისე, რომ უკრაინის არმიამ კონტრშეტევაზე გადასვლა ვერ მოახერხოს. ეს საკმარისია რუსეთის შიდა პოლიტიკური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რაშიც მას მეტი პოტენციალი აქვს უკრაინისა და დემოკრატიული სისტემის ქვეყნებთან შედარებით.
ასეთი ტაქტიკით ოკუპანტი იმედოვნებს, რომ დროთა განმავლობაში ევროპის მოსახლეობას შეაწუხებს სოციალური პრობლემები, შიდა უსაფრთხოების საკითხები, გადაიღლება უკრაინისთვის გაღებული დახმარებებით და სხვა მრავალი მიზეზის გამო ევროპის ქვეყნებში, შემდეგი არჩევნების შედეგად, რუსეთის მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი ხელისუფლება მოვა. რუსეთთან პირდაპირ კონფრონტაციაზე უარის თქმის გარდა, უკრაინა დაკარგავს დღეს არსებულ მხარდაჭერასაც და რუსეთს მიზნების მისაღწევად გზა გაეხსნება.
შესაბამისი ამოცანების შესრულებასა და სისტემურ მიდგომაზე მეტყველებს რუსეთის გააქტიურება მრავალი მიმართებით, კერძოდ:
გახშირებულია მაღალი თანამდებობის პირთა ვიზიტები სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების სამრეწველო კომპლექსების მოსანახულებლად. ისინი ცდილობენ წლების წინ გაჩერებული საბჭოთა საწარმოებისა და ფაბრიკების ამუშავებას. ასევე გაცემულია დავალებები სამხედრო შეიარაღების წარმოების ტემპების გაზრდის თაობაზე, განსაკუთრებით – მძიმე სამხედრო ტექნიკისა და ავიაციის.
მიმდინარეობს აქტიური დიპლომატიური მუშაობა ეკონომიკური პარტნიორებისა და პოლიტიკური კოალიციის შესაკრავად, რომელიც მიმართულია მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებისა და ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების პირობებში ახალი ეკონომიკური ბაზრების შექმნისაკენ. ამავდროულად არ ნელდება მცდელობა ახალი სამხედრო-პოლიტიკური კოალიციის შესაქმნელად, რასაც დაუპირისპირებენ დასავლურ კოალიციას უკრაინის ტერიტორიაზე გაჩაღებულ ომში.
პოტენციურ პარტნიორებს შორის მოიაზრება, უპირველეს ყოვლისა, ირანი, ბელორუსი, ჩრდილოეთი კორეა, შუა აზიის და აფრიკის შორეული სახელმწიფოები. სანქციების თავიდან ასარიდებლად მუდმივად ამუშავებენ თანამშრომლობის სპეციალურ სქემებს არა მარტო ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა ინდოეთი და ჩინეთი, არამედ ყველასთან, ვისთანაც ხელი მიუწვდებათ. სწავლობენ სანქციების პირობებში ირანის განვითარების გამოცდილებას, რომელთან შედარებითაც რუსეთს უფრო მეტი პოტენციალი აქვს.
მიმდინარე ომის ამ ფაზაში რუსეთის წარმატებად ჩაითვლებოდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის აღება, ფრონტის ხაზის სტაბილური დაცვა და სამხედრო ტექნიკის წარმოებისა და დანაკარგებს შორის შესაბამისი პარიტეტის შენარჩუნება, რათა მომავალში ომით გამოფიტული უკრაინა დათანხმდეს საოკუპაციო ძალასთან მოლაპარაკებების გამართვაზე.
ამჟამად კი ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. რუსეთმა ვერ მიაღწია საკუთარი ინიციატივით ორჯერ შემცირებულ მიზნებსაც კი, მეტისმეტად დიდი დანაკარგები აქვს ყოველდღიურად და მისი შესაძლებლობები არ მატულობს მაშინ, როცა უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა ნატოსა და ევროკავშირის მზარდი სამხედრო-ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერის საშუალებით (დაიხურა უკრაინის ცის მნიშვნელოვანი ნაწილი, შეიქმნა მსოფლიო ქვეყნების სატანკო კოალიცია, გაერომ მოსთხოვა რუსეთს ჯარების დაუყოვნებლივ გაყვანა, უკრაინის მოსახლეობის 80% მზად არის საბრძოლველად და უარს ამბობს მშვიდობაზე ტერიტორიების დათმობის ხარჯზე).
ფრონტის ხაზის ყველაზე რთულ მონაკვეთში, ქ. ბახმუტსა და მის გარშემო, მიღწეულ იქნა მდგომარეობის სტაბილიზაცია, სადაც რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ძალების ალყაში მოქცევა. აქ ბოლო დროს შეინიშნება ინტენსივობის გარკვეული შემცირებაც, რაც მიანიშნებს აგრესორის დიდ დანაკარგებსა და გამოფიტვაზე.
მიმდინარე მე-3 ფაზის განმავლობაში რუსეთის წინსვლის ტემპი ვერ უზრუნველყოფს მათ გამარჯვებას, აგრესორი ვერ ქმნის დაკავებულ ტერიტორიაზე თავის დამკვიდრებისა და უსაფრთხოებისათვის აუცილებელ პირობებს და ამავე დროს უკრაინის მხრიდან დიდი კონტრშეტევის მოლოდინში თავად უწევს თავდაცვაზე ზრუნვა.
ამრიგად, ტენდენცია, რომ დასავლეთის მხარდაჭერის ფონზე უკრაინა სულ უფრო ძლიერდება, ხოლო რუსეთი სუსტდება – შენარჩუნებულია. ეს კი კვლავაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ რუსეთი მარცხდება და უკრაინა იმარჯვებს, რაც გარდაუვალია, თუკი რაიმე ახალი გარემო-ფაქტორები არ იჩენს თავს.