ავტორი: თეონა აქუბარდია

 

2024 წელს საქართველოში არადემოკრატიულად ჩატარებულმა საპარლამენტო არჩევნებმა და ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებამ ევროკავშირში 2028 წლამდე გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერების თაობაზე შეუქცევადად შეცვალა ქვეყნის საშინაო და საგარეო ვექტორი, მიუხედავად კონსტიტუციით განსაზღვრული კურსისა. აშკარად გამოიკვეთა დემოკრატიის ავტორიტარიზმით ჩანაცვლების მცდელობა და დასავლეთისგან დისტანცირების პოლიტიკა.

შევეცდებით მოკლედ შევაფასოთ „ქართული ოცნების“ ავტორიტარიზმად ქცეული რეჟიმის საგარეო პოლიტიკის ცალკეული ასპექტები და მისი გავლენა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესზე, ასევე ნატოსა და ევროკავშირში წევრობაზე. საინტერესოა, თუ რა საფრთხეს უქმნის ეს ყოველივე  ზემოხსენებულ ინტერესებს და  ქვეყანას, რომლის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, რუსეთის მიერ ნაწილობრივი ოკუპაციის პირობებში, აქამდე სწორედ დასავლეთის მხარდაჭერაზე იდგა.

საქართველოს ეროვნული ინტერესები და სუვერენიტეტი ბიძინა ივანიშვილისა და მისი პარტიისთვის მანიპულაციის და დეზინფორმაციის საგანია და ის, პირველ რიგში, ექვემდებარება თავად ქვეყნის არაფორმალური მმართველის და პარტიის საპატიო თავმჯდომარის ინტერესს. ამას მოწმობს დასავლეთისგან იზოლაციის მიზნით გამოყენებული სუვერენიტეტის დაცვის ნარატივი, რაც სურკოვისეულ „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციის ხაზის გამეორებაა და რამაც პუტინის რუსეთში დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის ფუნდამენტური  უფლებების სრული განადგურება გამოიწვია.

რა არის ქვეყნის განცხადებული ეროვნული ინტერესები და რატომ და როგორ იცვლება ის ერთპიროვნულად? გარდა კონსტიტუციისა, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას და ნატოსა და ევროკავშირში წევრობის ვალდებულებას უწესებს ხელისუფლებას, ეროვნული ინტერესები განისაზღვრება კანონით და გაწერილი უნდა იყოს ქვეყნის ფუძემდებლური კონცეპტუალური დოკუმენტებით, თუმცა პოლიტიკური ნების არარსებობის გამო ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია 2011 წლიდან არ განახლებულა. მეტიც, აღარ არსებობს საგარეო პოლიტიკის შესახებ პარლამენტის განახლებული  რეზოლუცია, რომელიც კონსტიტუციის თანახმად განსაზღვრავდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. მიუხედავად იმისა, რომ მეთერთმეტე პარლამენტის მოწვევის ლეგიტიმაცია არც შინ და არც დასავლეთში არ არის აღიარებული, ივანიშვილის პარტიამ დაარღვია წინა სამი მოწვევის პარლამენტის საკუთარივე ტრადიცია ახალ არალეგიტიმურ პარლამენტში და არ განაახლა საგარეო პოლიტიკის რეზოლუცია, რაც კიდევ უფრო მკაფიოს ხდის სხვა სტრატეგიული დოკუმენტების არგანახლების მიზეზს: მხოლოდ არაფორმალურმა მმართველმა  განსაზღვროს საგარეო პოლიტიკა ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლად და ერთპიროვნულად, სახელმწიფო ინსტიტუტების თუნდაც ფორმალური მონაწილეობის გარეშე. ამგვარად ჩამოყალიბებული არაფორმალური საგარეო პოლიტიკა მკვეთრად ეწინააღმდეგება ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და  ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ინტერესებს.

 

საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა

საქართველოს დეოკუპაცია, მშვიდობიანი გზითა და საერთაშორისო თანამეგობრობიმხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა პრიორიტეტულ  ინტერესად არის აღიარებული 2020 წლის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის რეზოლუციის თანახმად. დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ  პარლამენტის 2021 წლის რეზოლუციით და სამთავრობო პროგრამით კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ევალებოდა „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება“, ასევე, ჰიბრიდულ საფრთხეებთან ბრძოლის სტრატეგიის წარმოდგენა, რაც 2024 წლის სამთავრობო პროგრამიდანაც კი ამოიღეს. კრემლმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებასთან ერთად განახლებული ენერგიით განაგრძო ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ სვლა. ამის გამოხატულებაა, ერთი მხრივ, რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების და 49 წლის ვადით სოხუმის აეროპორტის  უკანონოდ გადაცემა, ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის განთავსების გადაწყვეტილება და ასევე,  რუსეთსა და სოხუმს შორის პირდაპირი ფრენების განახლება. ეს ყოველივე კი, სუვერენიტეტის დაზიანებასთან ერთად, დამატებითი გამოწვევაა როგორც საქართველოს, ისე შავი ზღვის და მთლიანად ევროპული უსაფრთხოებისთვის. ამას ემატება ე.წ. საინვესტიციო შეთანხმების და აპარტოტელების საკითხი, რაც რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკონომიკური თუ დემოგრაფიული სახით ანექსიის ახალი ფორმაა.

მთელ ამ პროცესში მმართველი ძალა უარს ამბობდა თუნდაც საჯარო განცხადებების დონეზე დაეცვა ქვეყნის სუვერენიტეტი, აღარც  დასავლელი პარტნიორების საჯაროდ მხარდაჭერის მობილიზაციას ცდილობდა. ანტიდასავლური პროპაგანდა და დასავლეთისგან მტრის ხატის შექმნა იყო ივანიშვილის საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი ხაზი ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

ნიშანდობლივი იყო ასევე საოკუპაციო გამყოფ ხაზებთან მოქალაქეების სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვის საკითხის ვალდებულების უგულებელყოფა, რაც სოფელ კირბალში ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობას და ამაზე არანაირ რეაგირებასა და უმოქმედობას უკავშირდებოდა. „ტატუნაშვილი-ოთხოზირიას“ საერთაშორისო სიაში ფორმალურადაც კი უარი განაცხადეს, რომ შეეტანათ გინტურის  მკვლელების სახელები (არც კი დაადგინეს მათი ვინაობა, წინა მკვლელობებისგან განსხვავებით), რაც სწორედ ქვეყნის სუვერენიტეტის დათმობის მაჩვენებელი უფრო იყო, ვიდრე დაცვის.

საგულისხმო იყო ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისიდან რუსეთის მხრიდან აშშ-ის და ნატოს სამხედრო წვრთნების და ევროპის მშვიდობის ფონდიდან გაწეულ დახმარების საწინააღმდეგოდ გაკეთებული განცხადებები. კრემლის მიზანი ამ დისკუსიებში იყო ევროკავშირის, როგორც „პატიოსანი შუამავლის“, როლზე დარტყმა. ბიძინა ივანიშვილის საჯარო ანტიდასავლურმა განცხადებისა და მისი პარტიის ანტიდემოკრატიული ქმედებების შედეგად 2024 წელს ნატოს მრავალეროვნული სამხედრო სწავლებაც და თავდაცვის ძალებისთვის ევროპის მშვიდობის ფონდის მხარდაჭერაც შეჩერდა და საქართველოს ევროკავშირთან დაპირისპირების ფონზე სათუო ხდება ევროკავშირის, როგორც „პატიოსანი შუამავლის“ როლიც. ოკუპანტ რუსეთთან ერთი ერთზე პარტნიორების გარეშე დარჩენა კი სწორედ კრემლის ამოცანაა.

მმართველმა პარტიამ, გაყალბებული არჩევნების მიუხედავად, ვერ მოახერხა წინასაარჩევნო კამპანიისას ხალხისგან მოთხოვნილი საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება, რაც რეალურად ქვეყნის კონსტიტუციიდან ნატოსა და ევროკავშირის ამოღების მიზნისთვის სჭირდებოდა. რუსეთის საგარეო უწყებას  სწორედ ამ საკითხზე ჰქონდა გამოხატული ღია პოზიცია ნოემბრის ჟენევის დისკუსიებზე, არჩევნებიდან მალევე. ამ განცხადებაში ღიად იყო გამოყენებული ბიძინა ივანიშვილის მიერ საკუთარ სამშობლოსთვის ომის გადაბრალების, ცალმხრივი ბოდიშის და მეორე ფრონტის გახსნის პროპაგანდა, როგორც შესაძლებლობა დამატებითი ზეწოლა მოეხდინა ოფიციალურ თბილისზე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საქმეში. ამასთან, პირველად ჟენევის ფორმატში რუსეთმა ღიად დააფიქსირა უკმაყოფილება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის კონსტიტუციური ჩანაწერის შესახებ, რასაც უბრალო დამთხვევას ვერ ვუწოდებთ. არალეგიტიმურ პარლამენტში ახლად შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაში 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიების საკითხის დაყენება ეხმარება ივანიშვილის მხრიდან ომის ტვირთის საქართველოსა და დასავლეთისკენ გადატანის მცდელობას და ამ ახალი ფორმით აძლიერებს რუსეთის, როგორც აგრესორის როლის დაკნინებას/გაქრობას.  სამომავლოდ ეს გარემოება რუსეთთან სწორედ ომის შედეგად გაუქმებული დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის საბაბად შეიძლება გამოდგეს.

დაბოლოს, კიდევ ერთი ინტერესი, რაც ამ პროცესში ივანიშვილის მთავრობის ქმედებებმა დააზიანა, არის არაღიარების პოლიტიკა. ხელიდან გაშვებული კიდევ ერთი შესაძლებლობა ამ კუთხით სირიაში შეცვლილი ხელისუფლება და იქიდან განდევნილი რუსეთია. საგარეო საქმეთა სამინისტროს, თუნდაც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, არ მიუმართავს სტრატეგიული პარტნიორებისთვის ემუშავათ სირიის ახალ ლიდერთან ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების უკან გასაწვევად. თურქეთისადმი მიმართვა, რომელმაც რეგიონში სხვა მეზობლების მსგავსად აღიარა „ქართული ოცნების“ არჩევნების შედეგები, ალბათ ამ ვითარებაში საუკეთესო იქნებოდა, სირიაში მისი გავლენიდან გამომდინარე. თუმცა ამ საკითხზე უმოქმედობა კვლავ მოწმობს ივანიშვილის რეჟიმის კონფლიქტზე საქართველოს  სუვერენიტეტთან და მნიშვნელობა არ აქვს ამას კრემლის გავლენით და კარნახით აკეთებს თუ საკუთარი  ძალაუფლების გასამყარებლად.

„ქართული ოცნების“ ეს არაფორმალური პოლიტიკა და ქმედებები ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას დამატებით საფრთხეებს უქმნის  და კიდევ უფრო ართულებს, სურვილის შემთხვევაშიც კი, ერთი ერთზე რუსეთთან დარჩენის პირობებში რუსეთის ინტერესებთან და მის სამომავლო ქმედებებთან გამკლავების შესაძლებლობას. რამდენადაც ქვეყნის სუვერენული არჩევანის ცვლა ემთხვევა რუსეთის ინტერესებს, გარდაუვალია, რომ რუსეთი  საქართველოს დამატებით მოსთხოვს დათმობებს სხვადასხვა ფორმით.

ნატოსა და ევროკავშირში წევრობა

ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების ეროვნულ ინტერესს „ოცნებამ“ დიდი დარტყმა მიაყენა ჯერ კიდევ 2023 წელს ე.წ. „რუსული კანონის“ მიღებით. ის, რომ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება აღარ წარმოადგენს რეჟიმის ინტერესს, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის ზემოხსენებული განცხადება ადასტურებს. აშკარაა ასევე დემოკრატიის ავტორიტარიზმისკენ შეტრიალების მოცემულობაც. ამ პოლიტიკის შედეგად ევროკავშირისა და  ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან შეწყვეტილი ფინანსური პროგრამები და პირდაპირი კონტაქტები სამთავრობო და საპარლამენტო დონეზე, სტრატეგიულ პარტნიორობის შეწყვეტა აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტისა და  ნატოში წევრობის თვალსაზრისით, არამედ დიდად აზიანებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასაც, რომლის გაძლიერება აქამდე სწორედ ნატოს და ევროკავშირის პარტნიორების მხარდაჭერაზე იყო გათვლილი. დღეს კი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, თავად დაეტოვებინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, მისთვის უარყოფითი რეზოლუციის მიღების საპასუხოდ, საფრთხეს უქმნის თავად ქვეყნის ევროსაბჭოში წევრობას, რაც 1999 წლიდან დღემდე არ დამდგარა.

მოსალოდნელი საფრთხეები: 3+3 ფორმატში ქვეყნის შეყვანა და აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის საკითხი

აკადემიურ სივრცეში, დასავლეთისგან დისტანცირება/იზოლაციის ფონზე, არსებობს ბიძინა ივანიშვილის საგარეო პოლიტიკის აღმოსავლურ ექსპრესად შეფასების მოსაზრება, თუმცა აშკარაა, რომ საქართველოს ამ საგარეო ვექტორის ცვლილების  შედეგად რეგიონში კვლავ რევიზიონისტი რუსეთი ეცდება ყველაზე მეტი სარგებლის მიღებას ივანიშვილის ამ გამბიტში. 2025 წელს ირაკლი კობახიძის პირველმა საგარეო ვიზიტებმა მკაფიოდ დაგვანახა საქართველოს, როგორც საგარეო პოლიტიკის ობიექტად და არა სუბიექტად დამკვიდრების ტენდენცია, ქვეყნის, რომელიც საკუთარი ინტერესებით აღარ და ვეღარ მოქმედებს.

ამდენად, არსებულ ვითარებაში მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილისგან საქართველოს ევროკავშირის ალტერნატიულ ფორმატში შეყვანა და დამატებითი ფინანსური სარგებლის მიღება დასავლეთისგან იზოლაციის ფონზე. ამის ყველაზე რეალური გზა კი დღეს 2021 წელს შექმნილი  3+3 ფორმატში საქართველოსთვის დატოვებული ადგილის ათვისებაა.

ფორმატში, რომელიც 2021 წელს შეიქმნა თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან ერთად, დასავლეთისგან სანქცირებული კიდევ ორი ქვეყნის მთავრობაა – რუსეთი და ირანი. აქამდე, მოსკოვის აქტიურობის მიუხედავად, საქართველო არ იკავებდა ამ ფორმატში მისთვის დატოვებულ ადგილს, რაც აიხსნებოდა რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციით. ფორმატს შექმნიდან დღემდე რომ შედეგი, მრავალი ახალი ფაქტორიდან გამომდინარე, არ ჰქონია, ამაზე აღარ შევჩერდებით, მაგრამ არსებული თუ სამომავლო უსაფრთხოების კონტექსტში გასათვალისწინებელია რეგიონში კრემლის ინტერესების შესაბამისად გამავალი არსებული და სამომავლო სატრანსპორტო დერეფნის გამოყენების ინტერესი, ისევე, როგორც მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსეთის სამხედრო და ეკონომიკური როლის ზრდა და ამისთვის საქართველოს ტერიტორიისა და ნების დამორჩილების საჭიროება. მნიშვნელოვანია ამ ფორმატში რუსეთის სამხედრო სტრატეგიული პარტნიორი ირანის ინტერესებიც, რომელიც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა საუკეთესოდ გამოხატა 2024 წლის 10 აპრილის განცხადებაში, როცა თქვა, რომ „სამხრეთი კავკასია არ უნდა იქცეს არარეგიონული ძალების გეოპოლიტიკური კონკურენციის ასპარეზად“, რითაც დასავლეთის რეგიონიდან განდევნის სურვილი ცხადყო. არ უნდა დავივიწყოთ დასავლეთისთვის საჩვენებლად ირაკლი კობახიძის თეირანში ორგზის სტუმრობის ფაქტიც 2024 წელს. 

თუკი საქართველო ამ ფორმატში მაინც შევა, სწორედ ამით ჩნდება შესაძლებლობა რუსეთთან აფხაზეთის გავლით სარკინიგზო კავშირის აღდგენის, რომელზეც ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს საუბრობდა. მით უფრო მაშინ, როცა რუსეთიდან რკინიგზა ოჩამჩირის პორტამდე უკვე აღდგენილია და დარჩენილია მცირე მონაკვეთი დანარჩენ საქართველოსთან დასაკავშირებლად. ეს კი საქართველოს ისედაც შეზღუდულ სუვერენიტეტს კიდევ მეტად დააზიანებს.

დასკვნა

საერთაშორისო და რეგიონულ დონეზე არსებული ტურბულენტური უსაფრთხოების განზომილება საქართველოსგან მოითხოვს ეროვნული ინტერესებით მოქმედებას და უსაფრთხოების რისკების შემცირებისთვის მუშაობასთან ერთად ამ ინტერესების წინსვლას და შესაძლებლობების ფანჯრის გამოყენებას. ამისთვის კი საჭიროა ეროვნული ინტერესების პიროვნულსა და პარტიულზე მაღლა დაყენება, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებულ და ახალ საფრთხეებთან გამკლავების გამოწვევა  გარდაუვალი გახდება.