ავტორი: გვანცა ჩაჩანიძე

 

სოციალური მედიის განვითარებასთან ერთად ავტორიტარული რეჟიმები სულ უფრო მეტად ცდილობენ ყალბი ანგარიშების, ტროლებისა და ბოტების გამოყენებით გავლენა მოახდინონ დემოკრატიულ პროცესებზე. ციფრულ ველზე საინფორმაციო ომი სულ უფრო კომპლექსური და ჩახლართული ხდება.

რუსულ საინფორმაციო ომზე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებასა და ქვეყნების შიდა თუ საგარეო პოლიტიკის შეცვლას, არაერთი აკადემიური სტატია თუ ბლოგი დაწერილა, მაგრამ გაცილებით ცოტა ლაპარაკობს საინფორმაციო სფეროში ჩინეთის აქტივობებზე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სოციალურ ქსელებში დეზინფორმაციას საკუთარი საზღვრების გარეთ 2017 წლიდან ავრცელებს. თავდაპირველად კამპანიის ძირითადი მიზანი იყო პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტებზე გავლენის მოხდენა და ჩინეთის იმიჯის გამყარება. კოვიდ-19-ის პერიოდში ჩინეთი უფრო აგრესიული მოთამაშე გახდა და რუსეთის მსგავსად შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. ჩინური მედია აკრიტიკებდა დასავლურ ქვეყნებს, ხაზს უსვამდა სხვადასხვა ინსტიტუციის უუნარობასა და, ამასთანავე, კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩინეთმა პირდაპირ გამოიყენა რუსული ტაქტიკა. დღესდღეობით ჩინეთის ქმედებები კიბერსივრცეში უფრო და უფრო საგანგაშო ხდება. ადრე ჩინეთიდან მომავალ მთავარ კიბერსაფრთხედ ინტელექტუალური საკუთრების მოპარვა და კიბერშპიონაჟი ითვლებოდა. კოვიდ 19-ის საინფორმაციო კამპანია ექსპერტებს გამონაკლისად მიაჩნდათ, რადგან ჩინეთი „თავდაცვით“ პოზიციაში იყო და ყველანაირად ცდილობდა ნარატივების შეცვლას, განსაკუთრებით, ვირუსის პირველ კერასა და კომუნისტური პარტიის მიერ პირველადი ცნობების დამალვასთან დაკავშირებით. თუმცა რამდენიმე კვირის წინ Meta-ს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან კარგად ჩანს, რომ ჩინეთის მიზანი ახლა საზოგადო აზრითმანიპულირებაა, განსაკუთრებით, 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კონტექსტში. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ ჩინეთის საინფორმაციო ომის სტრატეგია, მისი მსგავსება რუსულ მეთოდებთან, ტაქტიკასთან და პოტენციური გამოწვევები დემოკრატიულ პროცესებთან მიმართებით.

Meta-ს ანგარიში და  ყალბი ჩინური ანგარიშები

30 ნოემბერს Meta-მ მესამე კვარტლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, კომპანიამ Facebook-ზე დარეგისტრირებული 4 789 ყალბი ანგარიში წაშალა. ანგარიშები, რომლებიც ჩინეთიდან მოქმედებდნენ, თავს ამერიკის მოქალაქეებად ასაღებდნენ  და სენსიტიური პოლიტიკური საკითხებით მანიპულირებდნენ. Meta-ს განცხადებით, ეს იყო 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინ Facebook-ის მომხმარებელთა გარკვეულ ჯგუფებზე გასვლისა და გავლენის მოხდენის მცდელობა.

8 წლის წინ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, კრემლის ტროლები სხვადასხვა იდეოლოგიის მესიჯებს ავრცელებდნენ, რაც საზოგადოების პოლარიზაციასა და პოლიტიკური და სოციალური დაძაბულობის გამწვავებას ისახავდა მიზნად. მსგავსად მოქმედებდნენ ყალბი ჩინური ანგარიშებიც.

რუსული ტროლების ანალოგიურად, ჩინური ქსელები ყალბ სახელებსა და პროფაილის ფოტოებს იყენებდნენ. რაც შეეხება მათ მიერ გამოქვეყნებულ მასალას, ანგარიშები ძირითადად ავთენტური კონტენტი X-დან (ადრე ცნობილი როგორც Twitter) გადმოჰქონდათ. ჩინური ანგარიშები ავრცელებდნენ როგორც რესპუბლიკური, ისე დემოკრატიული პარტიის პოლიტიკოსების პოსტებს. ავთენტური კონტენტის ავტორებს შორის იყვნენ წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი, გუბერნატორები გრეტჩენ უიტმერი და კრისტი ნოემი, სენატორები მარკ კელი, მარშა ბლეკბარნი და პოლიტიკოსები სილვია გარსია და ჯიმ ჯორდანი.

Meta-ს ანგარიშის მიხედვით, ჯერჯერობით უცნობია ამგვარი პოსტების გაზიარების სტრატეგია უკვე არსებული პოლიტიკური დაძაბულობის გამწვავებას ისახავდა მიზნად თუ საწყის ეტაპზე კონკრეტული  პოლიტიკოსების ამომრჩევლებს შორის ნდობისა და გავლენის მოპოვებას.

X-დან პოლიტიკოსების პოსტების გაზიარების გარდა, ყალბი ანგარიშები Facebook-ის მომხმარებლებთან სხვა სახითაც ხვდებოდა, მათ შორის, პოსტის მოწონებით,  გაზიარებითა და დაკომენტარებით. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში კონტენტი პოლიტიკური ხასიათის არ იყო და ძირითადად ეხებოდა სპეციფიკურ თამაშებს, მოდას, ყოველდღიურ ცხოვრებასა და შინაურ ცხოველებს. ამ ქმედებით ყალბი ანგარიშებით ცდილობდნენ ნდობის მოპოვებას და ამერიკელი მომხმარებლებისათვის მაქსიმალურად იმის დამტკიცებას, რომ მათი ინტერესები პოლიტიკის გარეთაც ემთხვეოდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჩინური ქსელის გამოქვეყნებული კონტენტი ყალბი არ იყო: ხშირად აზიარებდნენ ამერიკული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ახალ ამბებსაც. თუმცა ამას არა ავთენტური კომუნიკაციისა და დისკუსიის დასაწყებად, არამედ საზოგადო აზრის მანიპულაციისა და იმ ილუზიის შექმნის მიზნით აკეთებდნენ, თითქოს რომელიმე რადიკალური ხედვა უფრო პოპულარული იყო, ვიდრე სინამდვილეში. ანალოგიურ ტაქტიკას ხშირად მიმართავენ რუსული ტროლები.

მაღლა ჩამოთვლილი თითოეული ქმედების მიზანი ისეთი ანგარიშების ქსელის შექმნა იყო, რომლის გარჩევა ნამდვილი მომხმარებლებისგან რთული იქნებოდა და რომელიც საჭირო მომენტში კოორდინირებულ ნარატივსა და დეზინფორმაციას გაავრცელებდა.

აღსანიშნავია, რომ რუსულმა საინფორმაციო კამპანიამ დემოკრატიულ სახელმწიფოებს მოქალაქეთა სოციალური მედიის წიგნიერების ამაღლებისკენ უბიძგა. დღესდღეობით სოციალური მედიის მომხმარებლები უკეთ არჩევენ ტროლებს, ბოტებსა და ყალბ ანგარიშებს. შესაბამისად, ავტორიტარული რეჟიმები უფრო კომპლექსურ და ჩახლართულ ტაქტიკას მიმართავენ. დეზინფორმაციის გახსნილად გავრცელება სამიზნე აუდიტორიაში წინასწარ ნდობის მოპოვების გარეშე ნაკლებად ეფექტურია. შედეგი იცვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ადამიანები ეთანხმებიან თავდაპირველად გავრცელებულ ავთენტურ, მაგრამ პოლარიზებულ კონტენტს და შედეგად სჯერათ, რომ მისი გავრცელებული ანგარიში უბრალო თანამოაზრეა და არა ავტორიტარული სახელმწიფოს მიერ დასაქმებული თვითმარქვია. ამ მეთოდს მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავს და დეზინფორმაციისა და კონსპირაციული თეორიების გავრცელებისთვის ამზადებს ნიადაგს.

სხვა აქტივობები

ჩინური ოპერაციები კიბერსივრცეში მხოლოდ 2024 წლის არჩევნებზე გავლენის მოხდენის მცდელობით არ შემოიფარგლება. 2023 წლის აგვისტოში Meta-მ განაცხადა, რომ ჩინეთი ფართომასშტაბიან დეზინფორმაციის კამპანიაში იყო ჩართული. მაშინ 7 700-ზე მეტი Facebook ანგარიში წაშალეს,  რომლებიც „ჩინურ კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევასთან“ (Chinese Coordinated Inauthentic Behaviour) იყვნენ დაკავშირებული. CCIB დაახასიათეს, როგორც „ყველაზე დიდი ოპერაციული ქსელის სოციალური მედია“.  სწორედ 2023 წლის აგვისტოში გახდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა რუსეთისა და ირანის შემდეგ ყალბი ანგარიშების ყველაზე დიდი წყარო  Facebook-სა და სხვა სოციალურ ქსელებში.

მოგვიანებით, სექტემბერში, Microsoft-მა ჩინეთთან დააკავშირა შეერთებული შტატების მთავრობის წინააღმდეგ წამოწყებული კონსპირაციული თეორიის გავრცელება, რომელიც ჰავაის ხანძარს ხელისუფლების ნახელავად განიხილავდა. Microsoft-ის ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ასპონსორებდა 230-ზე მეტ ანგარიშს, რომლებიც კონსპირაციულ თეორიებს 40 ენაზე ავრცელებდნენ და, ჯამში, 103 მილიონ მომხმარებელზე გადიოდნენ.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა კონსპირაციული თეორიების გავრცელება ჯერ კიდევ კოვიდ-19-ის პანდემიის დროს დაიწყო. მაშინ კომუნისტური პარტია ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებდა ვირუსის წარმოშობასა და გავრცელებაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ მტკიცებებს არავითარი საფუძველი არ გააჩნდათ, მაინც მოახერხეს საინფორმაციო სფეროში გაურკვევლობისა და ქაოსის გამოწვევა.  ამ ნაბიჯით ჩინეთი ცდილობდა დამკვიდრებული ნარატივები შეცვლას, მოწინააღმდეგე სახელმწიფოს დადანაშაულებასა და შეერთებული შტატების გლობალური იმიჯის შელახვას. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ოფიციალური პირები ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ყველა მხარისთვის მომგებიანი თანამშრომლობისა (win-win) და ჰარმონიულობის პრინციპს უსვამენ ხაზს, სინამდვილეში, სხვა არადემოკრატიული, ავტორიტარული სახელმწიფოების მსგავსად, ჩინეთი საერთაშორისო პოლიტიკას ძალთა ბალანსად (უფრო კონკრეტულად, zero-sum) აღიქვამს და სჯერა, რომ მოწინააღმდეგის საბოტაჟით საკუთარ იმიჯსა და უპირატესობას ამყარებს.

საგანგაშოა ის ფაქტი, რომ კოვიდ-19-ის შემდეგ ჩინეთმა საინფორმაციო ომში მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სოციალურ ქსელში გავლენის მოსახდენად ხელოვნურიინტელექტით შექმნილ ფოტოებს იყენებს. Meta-მ უკვე წაშალა ანგარიშების კლასტერები, რომლებიც ოპერაციებს, სახელად სპამუფლაჟი (Spamouflage), ატარებდნენ. ამას წინ უძღოდა Graphika-ს მკვლევრების განცხადება, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სურათები და ვიდეოები Facebook-ზე, Youtube-სა და Twitter-ზე ვრცელდებოდა.  ჩინური მხარე ხელოვნური ინტელექტის საშუალებით ქმნიდა მაღალი ხარისხის კონტენტს და სხვადასხვა სოციალურ ქსელში ავრცელებდა. კონტენტი ძირითადად ფოკუსირდებოდა კონფლიქტურ პოლიტიკურ თემებზე, იარაღის უფლებებზე, რასობრივ საკითხებსა და სხვა. საინტერესოა, რომ ხელოვნური ინტელექტით შექმნილი სურათები სოციალურ მომხმარებელთა შორის უფრო პოპულარული იყო,ვიდრე ავთენტური ფოტოები, რადგან მათი დიზაინი და რადიკალური მესიჯები ბევრს იზიდავდა. ეს კარგადაჩვენებს, თუ როგორ იყენებენ თანამედროვე ტექნოლოგიებს საინფორმაციო ომში და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ხელოვნურ ინტელექტს საზოგადოების პოლარიზებასა და რადიკალიზაციაში.

***

სოციალურ მედიაში ჩინეთის აქტივობები უფრო მეტად უნდა იყოს შესწავლილი და გაანალიზებული, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო დროინდელი ოპერაციები სპეციფიკურ ასპექტებში ძალიან ჰგავს რუსულ სოციალურ მედიაკამპანიებს 2016 წლის არჩევნების დროს. თუ რუსეთს 2016 წელს „ტროლების ფერმა“ ჰქონდა, რომელიც ყალბ ანგარიშებს იყენებდა, აზიარებდა პოსტებს პრობლემურ საკითხებზე, ყიდულობდა პოლიტიკურ რეკლამებსა და იყენებდა ჰაშთაგებს საზოგადო აზრზე გავლენის მოსახდენად (განსაკუთრებით, რასობრივ საკითხებზე, იმიგრაციაზე, იარაღის უფლებებზე), 2023 წელს ჩინური ყალბი ანგარიშები აზიარებენ პოსტებს აბორტის უფლებაზე, ჯანდაცვასა და სხვადასხვა პოლიტიკურ-სოციალურ საკითხებზე, რომელთა გარშემოც აშშ-ში ისედაც არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ეს აქტივობები ამძაფრებს მოსახლეობის პოლარიზაციას, მიზნად ისახავს პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლას, დემოკრატიული პროცესებისთვის ხელის შეშლას, ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენასა და ზოგადად, გლობალურად მის დასუსტებას.

ჩინური სტრატეგია უნიპოლარული სამყაროს მულტიპოლარულად გადაქცევაა. თუმცა, როგორც ნამდვილი ავტორიტარული რეჟიმი, ჩინეთი ჯანსაღი კონკურენციის ნაცვლად მტრულ, აგრესიულ და არადემოკრატიულ მეთოდებს მიმართავს და ამგვარად ცდილობს მოწინააღმდეგე ქვეყნის დასუსტების ხარჯზე გაძლიერებასა და ფონს გასვლას.

ზოგადად, სოციალური მედიის წიგნიერების გაზრდის გამო, ჩინეთი საინფორმაციო კამპანიებში იმაზე გაცილებით მეტ ძალისხმევას დებს, ვიდრე რუსეთმა 2016 წელს ჩადო. ჩინური ანგარიშები უფრო კომპლექსურად უდგებიან საქმეს, სამიზნე ჯგუფებთან ავთენტური ანგარიშის ქცევის მიბაძვით ჯერ ნდობას ამყარებენ, აზიარებენ მედიასაშუალებებისა და პოლიტიკოსების პოსტებს, რომლებიც მიუხედავად ავთენტურობისა, პოლარიზაციასა და დაძაბულობას უწყობენ ხელს.  ამჯერად, Meta-ს განცხადებით, ჩინური ყალბი ანგარიშების ქსელი იქამდე გაანეიტრალეს, ვიდრე მიზანს მიაღწევდა და ამერიკულ ანგარიშებზე გავლენას მოახდენდა. თუმცა, საეჭვოა ჩინური ქსელი ამით გაჩერდეს და სამომავლოდ მეტად ჩახლართულ და რთულად ამოსაცნობ ტაქტიკას არ მიმართოს.

დღესდღეობით სოციალური მედიის გიგანტებს, Meta-სა და X-ს, კიბერსივრცეში დიდი როლი უკავიათ. მათ გავლენიანი პოზიცია და საკმარისი რესურსები აქვთ, შესაბამისად, ვალდებული არიან, უპასუხოდ არ დატოვონ და გაანეიტრალონ სოციალურ ქსელში უცხო ქვეყნების მტრული აქტივობები, რომლებიც დემოკრატიულ პროცესებს შეუშლიან ხელს.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა მკვეთრად აჩვენა, თუ რა გავლენა აქვთ საინფორმაციო კამპანიებს კიბერსივრცეში ადამიანებზე, პოლიტიკასა და ზოგად სოციალურ ნორმებზე. შესაბამისად, არჩევნების წინ Meta-მ უნდა გააგრძელოს მსგავსი პოლიტიკის გატარება, გამოიყენოს ტექნოლოგიები და რესურსები, გააფრთხილოს შესაბამისი სამთავრობო უწყებები და პლატფორმა მაქსიმალურად დაიცვას კიბერშეტევების, პროპაგანდის, დეზინფორმაციისა და სხვა აქტივობებისგან.