დავით ბატაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

ამერიკასა და ჩინეთს შორის გლობალური პირველობისთვის მიმდინარე ბრძოლა არის ჩვენი დროის საერთაშორისო ურთიერთობების ყველაზე გადამწყვეტი მოვლენა. მის შედეგებს ადამიანურ ცივილიზაციაზე უდიდესი გავლენა ექნება. მართალია, ამჟამად რუსული საფრთხე ბევრად უფრო აქტუალურია აღმოსავლეთ ევროპისთვის, და მათ შორის საქართველოსთვის, მაგრამ მომავალში ამერიკა-ჩინეთის პაექრობა აქაც უკიდურესად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

პირველობისთვის ბრძოლები საერთაშორისო პოლიტიკისთვის ჩვეული რამ არის. საფრანგეთი და ესპანეთი დასავლეთ ევროპაში ლიდერობისთვის იბრძოდნენ მე-16 და ნაწილობრივ მე-17 საუკუნეებში. ბრიტანეთი და საფრანგეთი ამავეს აკეთებდნენ ევროპაშიც და კოლონიებშიც მე-18 საუკუნეში და მე-19 საუკუნის დასაწყისში. ბრიტანეთმა მოიგერია რუსეთის გამოწვევა მე-19 საუკუნეში და გერმანიის გამოწვევა – მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, რის შემდეგაც პირველობა აშშ-მ მოიპოვა. მან მოიგერია საბჭოთა კავშირის გამოწვევა ამერიკული ლიდერობისთვის ცივი ომის განმავლობაში. ახლა კი აშშ-სა და ჩინეთს შორის ჭიდილის დრო მოვიდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ფსონები ამგვარ პაექრობებში კიდევ უფრო მაღალი გახდა, ვიდრე მანამდე იყო. იმ დროიდან მსოფლიო პირველობისთვის ჭიდილის ზოგი მონაწილე ტოტალიტარული რეჟიმებია ხოლმე. გამარჯვების შემთხვევაში, ეს რეჟიმები თავის შიდა პრაქტიკას საერთაშორისოდ გაავრცელებდნენ, რადგან მიეცემოდათ ამის შესაძლებლობა და რადგან ეს მათი მმართველების ცხოვრებას უფრო კომფორტულს გახდიდა. მე-20 საუკუნეში კომუნისტების ან ნაცისტების პოტენციური გლობალური ტრიუმფის შედეგების წარმოდგენაც შემზარავია.

ამჟამინდელი სწრაფი პროგრესი ტექნოლოგიებში, მათ შორის, ციფრულსა და გენეტიკურში მრავალ სხვათა შორის, ფსონებს კიდევ უფრო მეტად ზრდის. ტოტალიტარულმა რეჟიმებმა ისტორიულად აჩვენეს, რომ თავიანთი მიზნებისთვის ნებისმიერ რესურსს გამოიყენებენ, მორალური შეზღუდვების გარეშე. ტექნოლოგიური განვითარება მეტ შესაძლებლობას წარმოშობს. იმის მიხედვით, თუ როგორ ხდება ამ შესაძლებლობების გამოყენება, ამან შეიძლება კაცობრიობას ჯერ არნახული სიკეთეები მოუტანოს, ან გაამგზავროს ის ჯოჯოხეთის ჯერ არნახულ სიღრმეებში, რომლებიც აქამდე ტექნიკურად მიუწვდომელი იყო.

ჩინეთი ახლა იმყოფება ტოტალიტარიზმთან დაბრუნების პროცესში, მაო ძედუნის შემდგომი ათწლეულების ავტორიტარიზმის შემდეგ. ეს აისახა პრაქტიკულ ქმედებებში, რომლებსაც ჩინური კომუნისტური რეჟიმი უკვე მიმართავს. მათ შორის არის ადამიანთა გაუჩინარების და განსხვავებული აზრის ჩახშობის შემთხვევების ზრდა, საშინელებებით სავსე უზარმაზარი საკონცენტრაციო ბანაკები სინძიანში და, ასევე,  ჩინური კომუნისტური პარტიის მცდელობა, რომ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით შეძლოს მოსახლეობის ტოტალური ციფრული კონტროლი – ის, რაც მიუწვდომელი მისი ტოტალიტარული წინამორბედებისთვის.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია ახლო მომავალში შეიცვლება. ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელ შენელებასთან ერთად მის მმართველ რეჟიმს გადასარჩენად მოსახლეობაზე სულ უფრო მტკიცე კონტროლი დასჭირდება. თუკი ჩინეთი გაიმარჯვებს გლობალური პირველობისთვის ამერიკასთან მიმდინარე ბრძოლაში, მისი შიდა პრაქტიკა აუცილებლად გავრცელდება მის ფარგლებს გარეთაც – როგორც განგებ, ისევე თავისით, ჩინეთის დომინანტური საერთაშორისო გავლენიდან გამომდინარე.

ჩინეთის ამბიციები და გავლენის გაზრდის ძალისხმევა მთელ პლანეტას ფარავს და, შესაბამისად, იგივე ეხება ამერიკა-ჩინეთის პაექრობასაც. სხვა რეგიონებთან ერთად ეს პროცესი მოიცავს აღმოსავლეთ ევროპას, სამხრეთ კავკასიას და საქართველოს.

ამჟამად რუსეთი საქართველოსთვის მთავარი და მომაკვდინებელი საფრთხეა. თუმცა, სრულიად შესაძლებელია, რომ ის დამანგრეველი გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელსაც რუსეთი მიიღებს უკრაინასთან ომში მარცხის შემდეგ, მას წაართმევს უნარს გააგრძელოს მეზობელთა დამონების მცდელობა. ამერიკა-ჩინეთის პაექრობა კი დანამდვილებით მრავალი წელი გაგრძელდება, შეიძლება ათწლეულებიც კი, პოტენციურად იმდენივე ხანს, რამდენ ხანსაც პეკინში იარსებებს კომუნისტური რეჟიმი.

დანარჩენი კაცობრიობის მსგავსად, ქართველებისთვის ეს ჭიდილი და მისი შედეგი განსაზღვრავს, თუ როგორ სამყაროში ვიცხოვრებთ. ისეთში, სადაც ინდივიდებს აქვთ შანსი იყვნენ თავისუფალი და სცადონ თავიანთი შინაგანი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება თუ ისეთში, სადაც ადამიანები დაყვანილი არიან მანქანის ჭანჭიკების მდგომარეობამდე, ჭიანჭველებისა ან ტერმიტების მსგავსად, რაც არის საზოგადოებრივი მწერებისთვის მშვენიერი ცხოვრების წესი, მაგრამ სრულიად გამოუსადეგარია საერთოდ ძუძუმწოვრებისთვის, მით უფრო კი, ადამიანებისთვის.

ცივი ომის მსგავსად, ამერიკა-ჩინეთის პაექრობა მსოფლიოს ბევრ რეგიონს მოიცავს, როგორც მის გეოგრაფიულ თეატრებს. მათგან ერთ-ერთია აღმოსავლეთი ევროპა, რომლის ნაწილიც არის სამხრეთი კავკასიაც. აქ ჩინეთს ჯერ არ უცდია რაიმე დრამატული მოქმედება თავისი გავლენის სწრაფად გასაზრდელად. პეკინი აქ რუტინულად ავრცელებს  თავის დიპლომატიურ გზავნილებს და ცდილობს აზერბაიჯანთან, საქართველოსა და სომხეთთან ურთიერთობები „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ ფარგლებში მოაქციოს. ბოლო დროს მან ასევე დაიწყო რეგიონში პოლიტიკურ პარტიებთან კავშირების განვითარება, თუმცა ესეც რუტინული პრაქტიკის სახით ხორციელდება.

ჩინეთი, სავარაუდოდ, ვერ ხედავს საჭიროებას მალევე შეიტანოს ცვლილებები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობებში, რადგან ეს უკანასკნელნი ისედაც პეკინის საგარეო პოლიტიკისთვის ხელსაყრელ პოზიციებს იკავებენ. სამივე ეს ქვეყანა აქტიურად უჭერს მხარს „სარტყლისა და გზის ინიციატივას“ და სრულიად იკავებს თავს ნებისმიერი დიპლომატიური გზავნილისგან, რომელიც განსხვავებული იქნებოდა ჩინეთის პოზიციისგან სინძიანის ან ტაივანის მსგავს საკითხებზე. ამასთან, ეს ქვეყნები მიესალმებიან იმდენ ჩინურ ინვესტიციასა და ეკონომიკურ ჩართულობას, რამდენის გაცემისთვისაც არის მზად ჩინეთი.

მომავალში, თავისი გლობალური გავლენის გაზრდის ძალისხმევისას, ჩინეთმა შეიძლება ამ მხრივ თავისი პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაშიც ააჩქაროს. მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთსა და ევროპას შორის სამხრეთ კავკასიაზე გამავალი სავაჭრო მარშრუტი მუდმივად ვითარდება და ამიტომ თანდათან მეტ მნიშვნელობას იძენს. პეკინის თვალში ის არის „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ შემადგენელი ნაწილი. ამ მარშრუტის შემდგომმა განვითარებამ შესაძლოა მნიშვნელოვნად გაზარდოს ჩინეთის მოტივაცია, რომ ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს.

ჯერჯერობით საქართველოს არ მოუწია ამერიკა-ჩინეთის პაექრობაში მხარე აირჩიოს. მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა ასე მუდმივად გაგრძელდეს. მომავალ წლებში, ამ პაექრობის მასშტაბისა და ინტენსივობის ზრდასთან ერთად, თბილისს ზოგჯერ მოუწევს ამა თუ იმ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, რომელიც უფრო ხელსაყრელი იქნება ან ამერიკისა და ან ჩინეთის საგარეო ამოცანებისთვის.

მართალია, ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი ასეთ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ამერიკულ მხარეს აირჩევდა, მაგრამ არ არსებობს იმის გარანტია, რომ საქართველოს ხელისუფლება მაგ დროს საზოგადოებრივი აზრის შესაბამისად იმოქმედებდა. რუსეთ-უკრაინის ომის დროს ჩვენ უკვე ვნახეთ უდიდესი კონტრასტი უკრაინის მიმართ ქართული საზოგადოებისა და ქართული ხელისუფლების მიდგომებს შორის. საბოლოო ჯამში, იმისთვის, თუ რა პოზიციას დაიკავებს მომავალში საქართველო ამერიკა-ჩინეთის პაექრობაში, შესაძლოა გადამწყვეტი  ის იყოს, თუ როგორი ტენდენცია გაიმარჯვებს საქართველოში – დემოკრატიული თუ ავტორიტარული.