ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 70

ავტორი:ზურაბ ბატიაშვილი

ბოლო პერიოდში ისევ დაიძაბა ურთიერთობები ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას შორის. ბევრი ამ სიტუაციას კრიზისსაც უწოდებს.

რა ხდება ერაყის ქურთისტანსა და მის გარშემო და რას შეიძლება ველოდეთ მომავალში?

მხარეებს შორის არაერთი პრობლემა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი უმთავრესია, თუ როგორ უნდა გადანაწილდეს ერაყის ქურთისტანში მოპოვებული ნავთობის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები.[1]

ამ საკითხზე მხარეებს შორის არაერთი შეთანხმება არსებობს. თუმცა, ეს მხარეები ხშირად  ერთმანეთს ადანაშაულებენ შეთანხმების პირობების არშესრულებაში და მუდმივი მსჯელობის საკითხია (ეს თემები საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოზეც არაერთხელ განხილულა).

არანაკლებ მნიშვნელოვანია თურქეთისა და ირანის პოზიციები. ეს ქვეყნები ერთი მხრივ, ეწინააღმდეგებიან ერაყის ქურთისტანის დამოუკიდებლობის იდეას (2017 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად სწორედ ამიტომ ვერ შეძლეს ერაყის ქურთებმა დამოუკიდებლობის გამოცხადება), მაგრამ, მეორე მხრივ, აქტიურად არიან ჩართული იქაურ ამბებში, სადაც მათ როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინტერესები ამოძრავებთ.

მაგალითად, თურქეთი ამ მომენტისთვისაც  სამხედრო ოპერაციებს ატარებს ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული PKK-ის („ქურთისტანის მუშათა პარტია“) ბაზების წინააღმდეგ, რომლებიც განთავსებულია ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე.

გაღიზიანებულია თეირანიც, რომელიც ეჭვობს, რომ აქედან შეიძლება წახალისებული იყოს სეპარატისტული მოძრაობები ირანში, სადაც ასევე მილიონობით ქურთული წარმოშობის მოქალაქე ცხოვრობს.

1,6-მილიონიანი ერბილი – ერაყის ქურთისტანის დედაქალაქი

 

მეორე პრობლემა შიდა ქურთული განხეთქილებაა. ტერიტორიის ერთ ნაწილს ბარზანების ოჯახის გარშემო გაერთიანებული მემარჯვენე ორიენტაციის „ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“, მეორე ნაწილს კი მემარცხენე მიმართულების „ქურთისტანის პატრიოტთა კავშირი“ აკონტროლებს. ამ ორ ძალას ადრე არაერთხელ უბრძოლია ერთმანეთის წინააღმდეგ. ამასთან, ბარზანი უფრო პროთურქულ ძალად, მისი ოპონენტები კი პროირანულ ძალად მიიჩნევიან. ამ განხეთქილების გამო ქურთებმა ვერ შეძლეს კონტროლის შენარჩუნება ნავთობით მდიდარ ქ. ქერქუქსა და მისი შემოგარენზე 2017 წელს, როდესაც აქ ერაყის პროირანული ძალები შევიდნენ.

ამ ფონზე ქურთისტანის რეგიონულმა მთავრობამ (სადაც „ქურთისტანის დემოკრატიული პარტია“ დომინირებს) დახმარებისთვის ბაიდენის ადმინისტრაციას მიმართა. ისინი ვაშინგტონს სთხოვენ ზეგავლენა მოახდინონ ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებაზე, რათა განიმუხტოს კრიზისული სიტუაცია.

ოფიციალურ ვაშინგტონს ამ მომენტისთვის ჯერჯერობით არ გაუკეთებია კომენტარი. მაგრამ ყველა თანხმდება, რომ არსებული სიტუაციის შენარჩუნების შემთხვევაში შესაძლოა ხელახლა დაიწყოს სამხედრო დაპირისპირება ერაყის ცენტრალურ ხელისუფლებასა და ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას შორის. ეს კი დაასუსტებს ერაყს და სამაგიეროდ გააძლიერებს ირანის პოზიციებს, რაც, საბოლო ჯამში, არ შედის ვაშინგტონის ინტერესებში.

 

[1] ერაყის ქურთისტანი საკმაოდ მდიდარია ნავთობის საბადოებით.