ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი
ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 69
2023 წლის აგვისტოში 2 წელი შესრულდა, რაც „თალიბანი“ მოვიდა ავღანეთის ხელისუფლებაში.
რა ხდება ამ ქვეყანაში დღეს და რას შეიძლება ველოდეთ მომავალში?
„თალიბანმა“ ხელისუფლებაში მოსვლის 2 წლისთავი იზეიმა მთელი ქვეყნის მასშტაბით და მას „ავღანეთის აშშ-ის ოკუპაციისგან განთავისუფლება“ უწოდა.
მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის საზეიმო მაინცდამაინც ბევრი არაფერია – მათი აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, არ ჰყოფნით საკვები, მილიონობით ადამიანი გარბის ქვეყნიდან, ილახება ადამიანის უფლებები.
განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაში არიან ქალები, რომლებსაც არა მხოლოდ განათლების მიღება და მუშაობა აუკრძალეს, არამედ პარკებში გასეირნების უფლებაც კი ჩამოართვეს (საერთო ჯამში, ავღანეთში ქალებსა და გოგონებთან დაკავშირებით მოქმედებს „თალიბანის“ მიერ ბოლო 2 წელიწადში შემოღებული 51 სხვადასხვა სახის აკრძალვა). ავღანეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათ „განათლების მიღების საშუალება აღუდგებათ მაშინვე, როგორც კი ეს პროცესი მოეწყობა ისლამისა და შარიათის პირობების შესაბამისად“.
ავღანეთის ეკონომიკაც კოლაფსის პირასაა – მანამდეც მძიმე მდგომარეობაში იყო და „თალიბანის“ ხელისუფლების პირობებში უფრო მეტად განადგურდა. ასეთ პირობებში საერთაშორისო თანამეგობრობა არ ჩქარობს „თალიბანის“ ხელისუფლების აღიარებას. შესაბამისად, საუბარიც კი ზედმეტია ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რაიმე სახის ინვესტიციებზე.
ქვეყანაში კრიტიკულია ეკონომიკური სიტუაცია. გერმანული ჰუმანიტარული ორგანიზაციის Welthugerhilfe მონაცემებით, 17 მილიონი ავღანელი შიმშილის პირასაა (რაც მთელი ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარია). საერთო ჯამში, 29 მილიონი ავღანელი საჭიროებს ჰუმანიტარულ დახმარებას და მათი ერთადერთი იმედი ჰუმანიტარული ორგანიზაციების მიერ გაგზავნილი დახმარებაა.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ბოლო 2 წელიწადში ქვეყნიდან დაახლოებით 3,6 მილიონი ავღანელი გაიქცა. აქედან დაახლოებით ნახევარი მილიონი შეერთებულ შტატებსა და ევროპის ქვეყნებში წავიდა, დანარჩენები კი ავღანეთთან შედარებით ახლოს მდებარე ქვეყნებში (ირანი, პაკისტანი, თურქეთი და ა.შ.) მიმოიფანტნენ.
ქვეყნიდან ძირითადად განათლებული მოქალაქეები და ახალგაზრდები გარბიან, რომლებიც საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილია. ქვეყანაში რჩებიან შედარებით ასაკოვანი და პასიური მოქალაქეები.
აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით რაიმე სახის ინიციატივას ამჟღავნებს, მაშინვე სასტიკად ისჯება. გასათვალისწინებელი ფაქტია, რომ ქვეყანაში აკრძალულია პოლიტიკური პარტიები.
შესაბამისად, არ ჩანს უახლოეს ხანში სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლის პერსპექტივა. ავღანეთში უიმედობის ეპოქა დგას და სავარაუდოდ, ეს მდგომარეობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება.