ზურა ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი

 

5 აგვისტოს ქ. სოჭში პუტინი-ერდოღანის მორიგი შეხვედრა გაიმართა, მეორე ასეთი შეხვედრა ბოლო 3 კვირის განმავლობაში (წინა შეხვედრა იყო 19 ივლისს ქ. თეირანში რუსეთ-ირან-თურქეთის სამიტის ფარგლებში).

შეხვედრას ფონად ჰქონდა რუსეთისთვის მნიშვნელოვნად გართულებული ვითარება უკრაინასთან ომში, როდესაც მოსკოვი ცდილობს ტაიმ-აუტის (ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების მიღწევას შემდგომი შეტევებისთვის ძალების მოსაკრებად) აღებას და თან დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის გზებს ეძებს. თავის მხრივ, თურქეთს სურს სამხედრო ოპერაციის ჩატარება სირიაში და პარალელურად თავისი ეკონომიკური პრობლემების (80%-იანი ოფიციალური ინფლაცია, უმუშევრობა, ეროვნული ვალუტის დევალვაცია, მაღალი დეფიციტი და ა.შ.) მოგვარებასაც ცდილობს.

რა საკითხები განიხილეს პუტინმა და ერდოღანმა ამ 4-საათიან შეხვედრაზე და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

პუტინი-ერდოღანის შეხვედრა სოჭში

მოლაპარაკებების პოლიტიკური ნაწილი

ანკარა რჩება თითქმის ერთადერთ ძლიერ აქტორად რეგიონში, რომელმაც  კარგი ურთიერთობები შეინარჩუნა როგორც რუსეთთან, ისე უკრაინასთან და, ამდენად, ორივე მხარესთან შეუძლია ლაპარაკი.

რუსეთს სურს თურქეთის ამ დიპლომატიური შესაძლებლობების გამოყენება საერთაშორისო არენაზე საკუთარი მიზნების მისაღწევად: უკრაინასთან ომმა აჩვენა, რომ მას სჭირდება გარკვეული ხნით შესვენება ძალების მოსაკრებად და ახალი შეტევების მოსამზადებლად.

აღსანიშნავია, რომ ანკარის შესაძლებლობები, დაითანხმოს უკრაინა სტატუს-კვოს შენარჩუნებაზე და კონფლიქტის გაყინვაზე, შეზღუდულია.

თავის მხრივ, ანკარას უნდა მოსკოვმა აუნთოს „მწვანე შუქი“, რომ  ჩრდილოეთ სირიაში პროქურთული YPG-ის („ხალხთა დაცვის ნაწილები“, რასაც ანკარა თურქეთში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს – „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიიჩნევს) წინააღმდეგ მორიგი სამხედრო ოპერაცია დაიწყოს, რაც მოახლოებული არჩევნების ფონზე თურქეთის ხელისუფლებას ნაციონალისტურად განწყობილი ამომრჩევლების ხმების მობილიზაციაში დაეხმარებოდა. თურქეთმა ამაზე თანხმობა დღემდე ვერ მიიღო ვერც აშშ-სგან, ვერც ირანისგან და ვერც რუსეთისგან (ამ ორი უკანასკნელისგან ასეთი თანხმობის მიღებას თეირანში ჩატარებული სამიტზეც ცდილობდა).

სოჭის შეხვედრის წინ კრემლმა მოუწოდა თურქეთს, არ მოეხდინა სირიის „დესტაბილიზაცია“. ამასთან, რუსეთმა მიანიშნა, რომ ანკარისთვის საჭიროა დიალოგი დაიწყოს ასადის რეჟიმთან. მართლაც, 11 აგვისტოს მრავალი წლის შემდეგ პირველად შედგა საუბარი თურქეთისა და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის (ეს იმ ფონზე, როდესაც თურქეთი წლების განმავლობაში არ ცნობს ასადის რეჟიმს და შეწყვეტილი აქვს მასთან დიპლომატიური ურთიერთობები).

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები იმუშავებენ ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ სირიაში. თუმცა, აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: რუსეთი და თურქეთი სირიაში მოქმედ სხვადასხვა ორგანიზაციებს მიიჩნევენ ტერორისტებად და ასეთი განცხადებებიც არაერთხელ გაუკეთებიათ, რასაც არასოდეს მოჰყოლია კონკრეტული შედეგი.

შეხვედრის წინ კრემლის პრეს-სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტებს შორის საუბარი სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობასაც შეეხებოდა. თუმცა, ზემოხსენებულ ერთობლივ განცხადებაში არაფერია ნათქვამი ამ საკითხზე. ასეთი საკითხი თეირანის სამიტის წინაც დააყენა რუსეთმა დღის წესრიგში. მაშინ „ბაირაქთარების“ მწარმოებელი თურქული კომპანია Baykar-ის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა გაევრცელებინა განცხადებაა, რომ ისინი არ მიაწვდიდნენ რუსეთს უპილოტო საფრენ აპარატებს,  რისი ინტერესიც რუსეთს უკრაინასთან მიმდინარე ომის ფონზე ნამდვილად აქვს.

ცხადია, მხარეებმა სოჭში გამართულ შეხვედრაზე კავკასიასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს. საინტერესოა, რომ პუტინი-ერდოღანის შეხვედრის პარალელურად სოჭშივე გაიმართა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და დაზვერვის შეფის შეხვედრა ჩეჩნეთის ლიდერ კადიროვთან, რომელსაც თურქეთში მცხოვრებ ჩეჩენთა ლიკვიდაციის საქმეების გამო აქამდე ანკარასთან ძალზე დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა.

ასევე საინტერესოა, რომ პუტინი-ერდოღანის შეხვედრას უცნაურად დაემთხვა სომხურ-აზერბაიჯანული დაპირისპირების მორიგი გამძაფრება. ამიტომ ბევრი (განსაკუთრებით, სომხეთში) ეჭვობს, რომ  მხარეებმა შესაძლოა მიაღწიეს გარკვეულ გარიგებას ამ საკითხზე.

მოლაპარაკებების ეკონომიკური ნაწილი

ეკონომიკურ ბლოკში მხარეებმა რამდენიმე საკითხზე ისაუბრეს, კერძოდ:

– ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ენერგომატარებლები, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა და ფინანსები (თურქეთი არ არის მიერთებული დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს). ბოლო პერიოდში თურქეთში დაფუძნდა მრავალი რუსული კომპანია, 2022 წლის პირველ ნახევარში ორ ქვეყანას შორის ტვირთბრუნვა 40%-ით გაიზარდა.  ეს ის საკითხებია, რაზეც უკრაინასა და დასავლეთში ეჭვობენ, რომ მოსკოვი შესაძლოა ცდილობდეს თურქეთის საშუალებით მისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლას. შეხვედრის შემდეგ ერდოღანმა განაცხადა, რომ 5 თურქული ბანკი ჩაერთო რუსული MIR-ის გადახდის სისტემაში. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს თურქული ნავთობგადამამუშავებელ სექტორში (ქარხნები, ტერმინალები და რეზერვუარები) წილების შეძენა იმ მიზნით, რომ შენიღბონ რუსული ნავთობის წარმომავლობა მისი შემდგომი რეექსპორტისას ევროპის ქვეყნებში. რუსეთს ასევე უნდა თურქეთის სახელმწიფო ბანკებში რუსული ბანკებისთვის საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნა. ეს ის საკითხებია, რომელზეც დათანხმების შემთხვევაში თურქეთმა შესაძლოა მიიღოს მეორადი გვერდითი სანქციები, რაც მის ეკონომიკურ პრობლემებს კიდევ უფრო გაართულებს. ამიტომ ბუნებრივია, იგი ძალზე ფრთხილია ამ საკითხის მიმართ;

– შავ ზღვაზე ე.წ. „ხორბლის კორიდორის“ (თურქეთი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები დიდად არიან დამოკიდებული რუსეთიდან და უკრაინიდან ექსპორტირებულ ხორბალზე) ფუნქციონირებაზე. ეს თემა ბევრი ღარიბი ქვეყნისთვის არის არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური სტაბილურობის საკითხიც;

– რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტზე (ანკარა ბუნებრივი აირის 45%-ს რუსეთიდან იღებს). ანკარა დათანხმდა რუსული გაზის საფასურის ნაწილი რუბლით გადაიხადოს. ეს ის პირობაა, რასაც მოსკოვი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვს ევროპელებისგან. ზოგადად, მხარეებს უკვე დიდი ხანია სურთ ეროვნული ვალუტით აწარმოონ ორმხრივი ვაჭრობა. თურქეთს, რომელსაც ეკონომიკური პრობლემების ფონზე უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი დეფიციტი აქვს, ეკონომიკურად აწყობს ასეთი ანგარიშსწორება (მით უმეტეს, მოახლოებული შემოდგომა-ზამთრის სეზონზე). მაგრამ მეორე საკითხია, რომ ასეთ გადაწყვეტილებას შესაძლოა თავისი პოლიტიკური ფასიც ჰქონდეს. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ ამ საკითხზე პუტინი-ერდოღანის გარიგების დეტალები (რა ნაწილი იქნება გადახდილი რუბლებში, ტექნიკურად როგორ მოხდება ანგარიშსწორება და ა.შ.) უცნობია;

აქუიუს მშენებარე ატომური ელექტროსადგური

თურქეთის ხმელთაშუაზღვისპირეთში

– „როსატომის“ მიერ თურქეთში აქუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე, რომელმაც უნდა მოახდინოს ამ ქვეყნისთვის საჭირო ენერგიის 10%-ის გამომუშავება. ამ მშენებლობის მიზნით რუსეთმა სოლიდური თანხა (3 მლრდ აშშ დოლარი) უკვე გადარიცხა თურქეთში და კიდევ აპირებს საერთო ჯამში 15 მლრდ აშშ დოლარის გადარიცხვას. ამან ხელი შეუწყო თურქული ლირის კურსის გამყარებას. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გადარიცხვების პარალელურად გაჩნდა ეჭვები, რომ ეს ოპერაციები შესაძლოა გამოიყენებოდეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად.

დასკვნები

  • რუსეთი და თურქეთი მრავალ სფეროში განაგრძობენ თანამშრომლობას (ეკონომიკური სირთულეების ფონზე მათ ერთმანეთი განსაკუთრებით სჭირდებათ) და დიალოგს, მაგრამ ამ თანამშრომლობას თავისი ლიმიტი და „წითელი ხაზები“ აქვს და ეს, უპირველეს ყოვლისა, სამხედრო საკითხებს ეხება. თურქეთი, რუსეთთან თანამშრომლობის მიუხედავად, კვლავ რჩება ნატოს წევრ ქვეყნად და მხარს უჭერს უკრაინას (მათ შორის, სამხედრო თვალსაზრისითაც);
  • მხარეებისთვის პრიორიტეტულია ეკონომიკური კავშირები და ვაჭრობა. თუმცა, ანკარას მოუწევს ძალზე ფრთხილი მოქმედება, რათა არ გადაკვეთოს დასავლეთის მიერ დაწესებული „წითელი ხაზები“ რუსეთთან მიმართებით, რასაც შეიძლება მეორადი სანქციების დაწესება მოჰყვეს (ამ მხრივ ანკარას მწარე გამოცდილება აქვს თურქულ სახელმწიფო ბანკ Halkbank-თან დაკავშირებით, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა და რის გამოც ანკარის თავზე დიდი ხანია „დამოკლეს მახვილივით“ ჰკიდია სოლიდური ფინანსური ჯარიმების დაწესების საფრთხე);
  • შესაძლოა, შემოდგომიდან კიდევ უფრო გაუარესდეს ეკონომიკური მდგომარეობა თურქეთსა და რუსეთში. ამიტომ მხარეებს შეიძლება გაეზარდოთ ცდუნება, რომ  ორმხრივი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გააღრმაონ;
  • მოსკოვი ცდილობს უკრაინის ომში ტაიმ-აუტის აღებას და ამ საქმეში ანკარის გამოყენება უნდა, თუმცა, ანკარის შესაძლებლობები (გავლენის ხარისხი კიევზე) შეზღუდულია;
  • ანკარის სურვილი, დაიწყოს სამხედრო ოპერაცია სირიაში, მრავალი რისკის შემცველია როგორც ადგილზე (ჩრდილოეთ სირიაში), ისე საერთაშორისო არენაზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანკარას არ შეუძლია მისი დაწყება სხვა აქტორების თანხმობის გარეშე (ანკარას საკუთარ ახლო სამეზობლოში  ცალმხრივი სამხედრო ოპერაციების ჩატარების გამოცდილებაც აქვს).