სათაური | ენა | სფერო | წელი |
---|---|---|---|
რა საკითხები განიხილეს თურქეთ-რუსეთის მოლაპარაკებისას?
|
ქართული | საერთაშორისო ურთიერთობები | 2022 |
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების მიმოხილვა No 55
2022 წლის 8-9 დეკემბერს ქ. სტამბოლში თურქეთ-რუსეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. რა საკითხებზე იმსჯელეს მხარეებმა და შეთანხმდნენ თუ არა რომელიმე საკითხზე?
თურქეთ-რუსეთის პოლიტიკური კონსულტაციები ქ. სტამბოლში (ყურადღებას იქცევს, , რომ შეხვედრის ოთახში არ იდგა რუსეთის დროშა)
თურქეთისა და რუსეთის დელეგაციებს ამ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები (სედათ ონალი და სერგეი ვერშინინი) ხელმძღვანელობდნენ. შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განიხილეს საკითხთა ფართო სპექტრი: ე.წ. „ხორბლის შეთანხმების“ განხორციელების საკითხები, უკრაინაში არსებული სიტუაცია, სირიის თემა, ლიბიასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები. თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი უკრაინაში ომის დამთავრების აუცილებლობას, რომელიც, ანკარის განცხადებით, უნდა ეყრდნობოდეს პრობლემის სამართლიანი გადაწყვეტის პრინციპს. ამასთან, თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა შეასრულოს შუამავლის როლი ამ პროცესში. თურქეთმა 20 ნოემბერს დაიწყო ჩრდილოეთ სირიაში არსებულ პროქურთული „ხალხთა დაცვის ნაწილების“ (რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ გაგრძელებად მიიჩნევს) კონცენტრაციის ადგილების დაბომბვა. ოფიციალური ანკარისთვის მნიშვნელოვანია რუსეთის პოზიცია სირიის საკითხის მიმართ, რადგან თურქეთს ზემოხსენებული ორგანიზაციის წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციის დაწყებაც სურს, ხოლო მოსკოვი სირიის საჰაერო სივრცეს აკონტროლებს. აღსანიშნავია, რომ აშშ-ც ეწინააღმდეგება სახმელეთო ოპერაციასთან დაკავშირებით თურქეთის გეგმებს.
წითელი ფერით მონიშნულია ადგილები ჩრდილოეთ სირიაში, სადაც თურქეთს სახმელეთო ოპერაციის ჩატარება სურს, რითაც შეიქმნებოდა: ა) ბუფერული ზონა თურქეთის გარშემო; ბ) ერთმანეთს ხმელეთით დაუკავშირდებოდა თურქეთის გავლენის სფეროები ჩრდილოეთ სირიაში (რომლებიც რუკაზე აღნიშნულია მწვანე ფერით)
ამავე დროს თურქეთს სურს 25%-იანი ფასდაკლების მიღება რუსულ გაზზე. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მას შემდეგ, რაც რუსეთს სანქციების გამო მნიშვნელოვნად შეეზღუდა საკუთარი ენერგომატარებლების რეალიზაცია, ხოლო თურქეთში ეკონომიკური სირთულეების ფონზე ახლოვდება საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. როგორც ჩანს, მხარეები სტამბოლში გამართული შეხვედრისას ვერ მივიდნენ კონკრეტულ შეთანხმებამდე, რადგან 11 დეკემბერს სწორედ ამ საკითხებზე საჭირო გახდა ორი ქვეყნის პრეზიდენტები (ერდოღანიდა პუტინი) ერთმანეთს ტელეფონით დალაპარაკებოდნენ. ამ საუბრის შემდეგ, იმავე დღეს, ტელეფონით ისაუბრეს ერდოღანმა და ზელენსკიმ მათი ლაპარაკი ძირითადად ე.წ. „ხორბლის შეთანხმებასთან“ დაკავშირებული საკითხებსა და რუსეთ-უკრაინის ომს ეხებოდა. კონკრეტულად რა საკითხებზე შეძლეს ან ვერ შეძლეს მხარეებმა შეთანხმება, განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს. |