ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი
ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 78
2024 წლის სექტემბრის დასაწყისში რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა განაცხადი გააკეთა BRICS-ში (დამფუძნებელი ქვეყნები: რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა) გაწევრიანებისთვის. BRICS-ის სამიტი უნდა გაიმართოს 2024 წლის 22-24 ოქტომბერს რუსეთის ქალაქ ყაზანში, სადაც დასწრებას აპირებს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი.
რამდენად რეალურია თურქეთის BRICS-ში გაწევრიანების პერსპექტივა და რა სირთულეები შეიძლება შეექმნას მას ამ გზაზე?
რუკაზე ლურჯი ფერით აღნიშნულია BRICS-ის წევრი ქვეყნები, ცისფრად კი – ქვეყნები, რომლებსაც გაწევრიანების პოტენცია აქვთ.
მართალია, BRICS არ არის ღიად ანტიდასავლური გაერთიანება და იგი ნაკლებად ეხება სამხედრო-პოლიტიკურ საკითხებს, მაგრამ მას მაინც ხშირად განიხილავენ ხოლმე როგორც G7-ის ერთგვარ ალტერნატივას, რომელიც აერთიანებს „გლობალური სამხრეთის“ ქვეყნებს.
აღსანიშნავია, რომ თურქეთი ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მისი საგარეო ვაჭრობის დაახლოებით ნახევარი (უფრო კონკრეტულად კი, 617 მლრდ აშშ დოლარი) ევროკავშირზე მოდის (მაშინ, როცა თურქეთის ვაჭრობა რუსეთთან და ჩინეთთან შეადგენს 56 მლრდ აშშ დოლარსა და 45 მლრდ აშშ დოლარს შესაბამისად). ამის გარდა, თურქეთში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაახლოებით 70% დასავლეთის ქვეყნებიდან ხორციელდება. ამიტომ ბუნებრივად იბადება კითხვა, ხომ არ იქნება ეს ყველაფერი ხელისშემშლელი ფაქტორები თურქეთის BRICS გაწევრიანების საქმეში?
თავად თურქეთი ბოლო წლებში სულ უფრო და უფრო დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას აწარმოებს და ახდენს ბალანსირებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ის ფაქტორიც გასათვალისწინებელია, რომ ამ ეტაპზე თურქეთის ეკონომიკას სერიოზული სირთულეები აქვს და ანკარას ამ სირთულეების დასაძლევად ახალი ინსტრუმენტები სჭირდება, რადაც მას BRICS-ის (ძირითადად კი ჩინეთის) ფონდები ეჩვენება.
ამ საკითხთან დაკავშირებით ვაშინგტონის პოზიცია დააფიქსირა აშშ-ის ელჩმა ანკარაში ჯეფ ფლეიქმა, გამოთქვა რა იმედი, რომ ანკარა არ შეუერთდება BRICS-ის ჯგუფს. ელჩმა იქვე დასძინა, რომ არ ფიქრობს, რომ ანკარის ამ გაერთიანებაში გაწევრიანება უარყოფითად იმოქმედებს თურქეთის დასავლეთთან კავშირზე.
აღსანიშნავია, რომ დასავლეთის რეაქცია უფრო მაღალ დონეზე არ ასულა. არც ევროპელებს გამოუთქვამთ თავიანთი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით (ამ ეტაპზე მაინც). აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპელების ინტერესებში არ შედის ეკონომიკური სირთულეები თურქეთში (მიზეზებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ წლების წინ თურქეთის ეკონომიკაში ჩადებული ათობით მილიარდი ევროს მოცულობის ვალების ამოღების სურვილი, ასევე ეკონომიკის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში, მიგრაციული ტალღების წარმოშობა ევროპის მიმართულებით).
ცალკე საკითხია თავად BRICS-ის წევრი ქვეყნების დამოკიდებულება თურქეთის ამ ჯგუფში გაწევრიანების საკითხის მიმართ. ახალი ქვეყნის ამ ჯგუფში გაწევრიანებისთვის საჭიროა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა. ხოლო თავიანთი წონიდან გამომდინარე, ჩინეთის, ინდოეთისა და რუსეთის პოზიციებია გადამწყვეტი.
უიღურების საკითხთან დაკავშირებული უწინდელი დაძაბულობა ჩინეთთან ოფიციალურ დონეზე ჩამცხრალია (თუმცა, ეთნიკური და რელიგიური კავშირებიდან გამომდინარე, უიღურების საკითხი მაინც მგრძნობიარე თემაა თურქეთის საზოგადოებისთვის) და მოელიან, რომ პეკინი არ წავა ანკარის BRICS-ში გაწევრიანების წინააღმდეგ.
გაცილებით რთულადაა საქმე ინდოეთთან დაკავშირებით, რადგან ანკარას არ აქვს უპრობლემო ურთიერთობა ამ ქვეყანასთან. მიზეზი კი რეგიონულ ალიანსებშია, სადაც ცალკე ჯგუფია ინდოეთი-ირანი-სომხეთი, რომელიც დაპირისპირებულია მეორე რეგიონულ ალიანსთან, რომელშიც შედიან პაკისტანი-თურქეთი-აზერბაიჯანი.
არაა გამორიცხული 22-24 ოქტომბრის BRICS-ის სამიტზე ერთგვარი „გამოსავალი“ შესთავაზონ ანკარას ახალი „პარტნიორი ქვეყნების“ სტატუსის შემოღებით, რის შესახებაც განცხადება უკვე გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. მან იქვე ისიც მიანიშნა, რომ BRICS-ში სრულუფლებიანი წევრობა შეუთავსებელია ნატოს წევრი ქვეყნებისთვის, ანუ რუსეთმა ძალზედ დიდი ფასი დაუწესა თურქეთს BRICS-ში გაწევრიანების სანაცვლოდ. ამ ფასის გადასახდელად კი თურქეთი მზად არაა. ანკარაში არავინ აპირებს ნატოდან გამოსვლას BRICS-ში გაწევრიანების სანაცვლოდ.
ამგვარად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თურქეთის BRICS-ში სრულფასოვანი გაწევრიანებისკენ სვლა არ იქნება ადვილი პროცესი, მოლაპარაკებების პროცესი ახლაც მიმდინარეობს და იგი შეიძლება დასრულდეს ანკარისთვის ერთგვარი გარდამავალი/შუალედური სტატუსის მინიჭებით.