სოსო ჩაჩანიძე, საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო კურსის სტუდენტი ბუდაპეშტის ოიტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში
საქართველო-უნგრეთის მეგობრული ურთიერთობების მორიგი დემონსტრირებისას, უნგრულმა ჩარტერულმა რეისმა ავღანეთში მყოფი 22 ქართველი კერძო კონტრაქტორიდან ექვსის ევაკუაცია მოახდინა. ქართულმა მხარემ თვითონ ვერ შეძლო ფრენის განხორციელება თავისი მოქალაქეების სახლში დასაბრუნებლად, რადგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ჯარების დიდი ნაწილი გაიყვანეს ავღანეთიდან, თალიბებმა კი სწრაფად დაიმორჩილეს ქვეყანა, ქაბულის აეროპორტში „ქაოსური სიტუაცია“ შეიქმნა. საქართველოს დასახმარებლად გაკეთებული ეს ჟესტი უნგრეთისთვის გამონაკლისი შემთხვევა არ არის. იგი შეიძლება ჩაითვალოს ორ პოსტსოციალისტურ სახელმწიფოს შორის ბოლო დროს გააქტიურებული თანამშრომლობის გაგრძელებად, რომელიც კიდევ უფრო გაძლიერდა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში.
საქართველოსა და უნგრეთს შორის პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები ათ წელზე მეტი ხნის წინ დამყარდა, მას შემდეგ, რაც 2008 წელს საელჩოები გაიხსნა ბუდაპეშტსა და თბილისში. უნგრეთის ფიდესისა და ქართული ოცნების მთავრობებს შორის თანამშრომლობამ და ბოლო ხანებში განხორციელებულმა ვიზიტებმა ორი სახელმწიფოს ურთიერთობა ახალ დონეზე აიყვანა.
უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პეტერ სიჟარტო COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოს ორჯერ ეწვია, პირველად – 2020 წლის ივლისში. პანდემიის დაწყების შემდეგ, ეს გახლდათ მაღალი რანგის უცხოელი ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი კავკასიურ ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა უნგრეთსა და საქართველოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დარგში; გაიმართა დისკუსიები პანდემიის ერთობლივი ძალისხმევით დაძლევის შესახებ; ასევე, გაკეთდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მისი ნატოში გაწევრიანების მისწრაფებისა და მთავრობის დეკლარირებული გეგმის – 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის მხარდამჭერი განცხადებები. მოგვიანებით, უნგრეთის დახმარებით საქართველოში ჩაიტანეს ჩინური ვაქცინა Sinovac. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც თავისი მოქალაქეები ჩინური ვაქცინებით აცრა (ეს ვაქცინები ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული EMA-ს მიერ). ამ ზაფხულს საქართველო და უნგრეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფოები გახდნენ, რომლებმაც ორმხრივად აღიარეს ერთმანეთის იმუნიზაციის ეროვნული ბარათები, რათა კოვიდშეზღუდვების გარეშე იმოგზაურონ სხვადასხვა მიზნებით, მათ შორის ტურისტულადაც. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizzair-მა, პანდემიით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან განაახლა ფრენები რამდენიმე ევროპულ ქალაქში, მათ შორის ბუდაპეშტში.
რა თქმა უნდა, საქართველოსა და უნგრეთს შორის მზარდი თანამშრომლობა სასიამოვნო ფაქტია, თუმცა მათ ურთიერთობაში არსებობს კიდევ ერთი საინტერესო შემადგენელი, რომელიც ხელს უწყობს ამ ქვეყნების მთავრობების დაახლოებას. კერძოდ, ვიქტორ ორბანის მთავრობა სკეპტიკურად არის განწყობილი ამჟამინდელი ევროკავშირის, როგორც ძლიერი გეოპოლიტიკური აქტორის მიმართ. ის ევროკავშირს აღიქვამს მხოლოდ, როგორც სუვერენული სახელმწიფოების ეკონომიკურ გაერთიანებას, სადაც ქვეყნები აგრძელებენ საკუთარი პოლიტიკის გატარებას, როგორც კავშირის საზღვრებში, ისე მათ მიღმაც. თბილისში მეორე ვიზიტის დროს პეტერ სიჟარტოს გამოსვლაში გამოსჭვიოდა უკმაყოფილება ევროკავშირის ამჟამინდელი მიდგომების გამო. მან თქვა, რომ „ევროკავშირი კარგავს თავის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ძალას მსოფლიო ასპარეზზე“ და ამ პროცესის შემობრუნების ერთადერთი გზა არის „ევროკავშირის გაფართოება და ახალი პარტნიორების მოძიება“. ამრიგად, უნგრეთის მთავრობა მიიჩნევს რომ იგი არ იშურებს ინდივიდუალურ ძალისხმევას ევროკავშირის გადასარჩენად და ამასთანავე აგრძელებს საკუთარი საგარეო პოლიტიკის შემუშავებასაც.
როგორც ჩანს, ისეთ სახელმწიფოსთან ახლო მეგობრობა, რომლის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ასევე კარგად ემთხვევა ორბანის იდეას –აღზარდოს თაობები ქრისტიანული ფასეულობებებით, და მის მიდგომას, რომ ევროპა მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ ის „დაუბრუნდება თავისი ფასეულობების წიაღს: თავის ქრისტიანულ იდენტობას“. სიჟარტოს აუდიენცია საქართველოს ეკლესიის წინამძღოლთან, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან, ფიდესის მკაცრი ქრისტიანული იმიჯის კარგი დემონსტრირებაა.
ბოლოდროინდელი უნგრულ-ქართული ურთიერთობები საკმაოდ პარადოქსულად გამოიყურება იმ ასპექტის გათვალისწინებით, რომ ფიდესს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან, საქართველოს ჩრდილოელ მეზობელთან, რომელსაც ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის 1/5. ვიქტორ ორბანმა და ვლადიმერ პუტინმა ღიად გამოხატეს ერთმანეთის მმართველობის სტილისა და პიროვნების მიმართ დადებითი დამოკიდებულება. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთს „წარმატებული არალიბერალური საზოგადოება“ უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთის ინტერესებში შედის რუსეთის თანამშრომლობის გაძლიერება დასავლეთთან. თავის მხრივ, პუტინმა 2019 წელს, ბუდაპეშტში მისი ბოლოს ვიზიტის დროს, საქებარი სიტყვები არ დაიშურა ორბანის მიმართ. თუმცა, ქმედება სიტყვაზე უფრო მეტყველია და ეს საუკეთესოდ აისახება გაძლიერებულ ეკონომიკურ თანამშრომლობაში, მაგალითად, რუსეთი უნგრეთში Paks II ატომური ელექტროსადგურის პროექტის 80%-ს აფინანსებს. გარდა ამისა, უნგრეთი ევროკავშირის ერთადერთი წევრი ქვეყანაა, რომელმაც არა მხოლოდ ეფექტურად აღიარა Covid-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“, არამედ თავისი მოქალაქეები აცრა კიდეც ამ ვაქცინით.
რუსეთთან ურთიერთობაში დადებითი იმპულსების არსებობის პარალელურად, უნგრეთი ღიად უჭერს მხარს არა მხოლოდ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, არამედ მის ტერიტორიულ მთლიანობასაც. პუტინი კი ხაზს უსვამს, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. რაც მთავარია, რუსი ოფიციალური პირები გამუდმებით აცხადებენ, რომ ნატოში საქართველოს პოტენციური გაწევრიანება საფრთხეს უქმნის მათ უსაფრთხოებას და ისინი მზად არიან „ყველაფერი იღონონ“ იმისთვის, რომ ეს არ დაუშვან. პრეზიდენტმა პუტინმა ისიც კი თქვა, რომ 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების მთავარი მიზანი იყო ალიანსისა და საქართველოს დაახლოების პრევენცია, რასაც საქართველოსთვის MAP-ის მინიჭება განაპირობებდა. ზოგი შეიძლება გააკვირვოს კიდეც, უნგრეთის მთავრობის ამ თავისებურმა ორმაგმა თამაშმა, რომელსაც ისინი „უნგრელი ხალხის ინტერესების“ დაცვად, ანუ თავისი საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად მიიჩნევენ.
რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, საინტერესოა, არის თუ არა უნგრეთთან პარტნიორობის გაღრმავება დასავლეთში მეგობრების მოძიების ზოგადი მცდელობის ნაწილი, თუ მას რაიმე განსაკუთრებით ხიბლავს ფიდესის ურთიერთობაში ევროკავშირთან. ეს უკანასკნელი შესაძლო ვარიანტია, თუ გავითვალისწინებთ ორივე სახელმწიფოში კანონის უზენაესობის შემცირების ტენდენციასა და მათ სასამართლო სისტემებში არსებულ პრობლემებს, რომლებზეც ევროკავშირის ორგანოებმა უკვე მიუთითეს უნგრეთსა და საქართველოს. უნდა ვაღიაროთ, რომ ბოლო დროს საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა საუკეთესოდ არ გამოიყურება, განსაკუთრებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამოწვეული პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, რომლის დროსაც ოპოზიციამ უარი თქვა მთავარ საკანონმდებლო ორგანოში თავისი მანდატების დაკავებაზე. წარუმატებელი მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ, საბოლოოდ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული იქნა შეთანხმება, რომელმაც ოპოზიცია პარლამენტში დააბრუნა საარჩევნო და სასამართლო სისტემაში ძირეული რეფორმების განხორციელების პირობით. თუმცა მოგვიანებით, მმართველმა პარტია ქართულმა ოცნებამ ცალმხრივად ბათილად გამოაცხადა 19 აპრილის შეთანხმება, რამაც ევროკავშირში კიდევ უფრო მეტი კითხვა და შეშფოთება გამოიწვია. საპასუხოდ, ქართული ოცნების ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ის ქვეყნის ევროატლანტიკური გზის ერთგულია, ხოლო კრიტიკოსებმა „საკუთარ საქმეს უნდა მიხედონ“. ეს კი უნგრეთის მთავრობისთვის კარგად ნაცნობი რიტორიკაა.
როგორც ჩანს, უნგრეთის და საქართველოს მთავრობებს საერთო მიდგომა აქვთ უმცირესობათა საკითხებისადმიც. უნგრეთში ახლახან მიღებული კანონის თანახმად, სასკოლო პროგრამიდან ამოიღეს ყველა სახის ინფორმაცია ლგბტქი+ იდენტობის შესახებ, რამაც ევროკავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სერიოზული, ნეგატიური რეაქცია გამოიწვია. საქართველოს მთავრობამ კი ვერ უზრუნველყო 5 ივლისს თბილისში გამართული პრაიდის აღლუმის მონაწილეთა და ორგანიზატორთა უსაფრთხოება. პრაიდის მოწინააღმდეგე მომიტინგეების ძალადობრივი აქტივობის გამო, აღლუმი გაუქმდა. ათობით მედიაკორესპონდენტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ შორის ოპერატორს, რომელიც რამდენიმე დღის შემდეგ გარდაიცვალა. ამის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „საქართველოს მოსახლეობის 95% პრაიდის წინააღმდეგია“ და ის არ უნდა ჩატარდეს დედაქალაქის ცენტრში. მისივე ვარაუდით, მსვლელობა ოპოზიციის მიერ იყო ორგანიზებული, რათა არეულობა გამოეწვია. პრემიერმა პოპულისტურ სტილში ისიც დასძინა, რომ იგი მხოლოდ იმ აღლუმს აღიარებს, რომელსაც ქართული არმია ატარებს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად.
საბოლოოდ ჩანს, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების პარალელურად, საქართველო-უნგრეთის ურთიერთობა გაუმჯობესდა. თუმცა, შესაძლოა კავკასიური სახელმწიფოს ევროპული პერსპექტივა გარკვეული საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, თუკი მისი მთავრობისთვის ფიდესი იქნება მმართველობისა და ევროკავშირთან დაახლოების მაგალითი. ცხადია, ქართული ოცნებისთვის კომფორტული იქნებოდა ევროპული დახმარების მიღება, ძირეული რეფორმების გატარებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემის ვალდებულებების აღების გარეშე, თუმცა, ნათელია, რომ საქართველოს არ აქვს იგივე წონა ან გავლენა, რაც უნგრეთს, და შესაბამისად ნაკლებად სავარაუდოა, რომ ასეთმა ქმედებამ შედეგი გამოიღოს. საინტერესოა, თუ როგორ განვითარდება საქართველო-უნგრეთის ურთიერთობა პოსტპანდემიურ რეალობაში და როგორ წაადგება ის ორივე სახელმწიფოს და მათ საგარეო პოლიტიკურ მიზნებს.