სათაური ენა სფერო წელი

რატომ უფასურდება თურქული ლირა?

  • ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი, რონდელის ფონდის მკვლევარი
  • გამომცემელი: საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  • ტიპი: პუბლიკაცია
ქართული საერთაშორისო ურთიერთობები 2021

თურქეთის ისტორიაში ლირის გაუფასურება არაერთხელ მომხდარა, თუმცა ბოლო პერიოდში ლირასთან დაკავშირებულმა ცვლილებებმა თურქეთშიც კი ბევრი განაცვიფრა.

ბოლო ერთ თვეში თურქული ლირა დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა და 1 აშშ დოლარი უკვე 9,29 ლირა ღირს.

რამ გამოიწვია ლირის ბოლო დევალვაცია და რას უნდა ველოდოთ მომავალში?

თურქული ლირის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2021 წლის 18 ოქტომბრის მდგომარეობით

მიზეზები კი მრავალია. ბევრს მიაჩნია, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი თურქეთის დასავლური განვითარების გზიდან გადახვევაა, რასაც მოჰყვა ომი სირიასა და ლიბიაში (რომლებშიც თურქეთიც ჩართულია და დიდი თანხებიც იხარჯება), სირიელი და ავღანელი ლტოლვილების შემოდინება ქვეყანაში (მათი საერთო რაოდენობა 5 მილიონზე მეტია და მათი შენახვა ათეულობით მილიარდი აშშ დოლარი ჯდება), დასავლური კაპიტალის ქვეყნიდან გადინება, ინფლაციის მაღალ დონზე ლირის კურსის შენარჩუნების მიზნით რეზერვების ხარჯვა, დაბალი საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება, ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების ხშირად შეცვლა და ა.შ.

თურქული ლირის გაუფასურების პარალელურად ბუნებრივად მატულობს ფასები იმპორტირებულ პროდუქციაზე (ბენზინი, დიზელი, ბუნებრივი აირი), რაც შემდეგ სხვა პროდუქციის ფასების ზრდას იწვევს. ყოველივე ამის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ინფლაციის დონე, 2018 წელთან შედარებით, თითქმის გაორმაგებულია. 3 წლის წინ ინფლაცია 10% იყო, ახლა კი 19,58%-ია. ამასთან, ზოგიერთი ფიქრობს, რომ ინფლაციის რეალური მაჩვენებელი შესაძლოა კიდევ უფრო მაღალი იყოს.

ეს ყველაფერი მძიმე ტვირთად აწვება ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალიც, მყარ ვალუტაში დაანგარიშების შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირებულია. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება მოსახლეობის ღარიბი ფენა, რომელსაც ზამთრის პირობებში გაუძვირდება როგორც საწვავი, ისე საკვები.

მდგომარეობის გამოსწორება ვერ ხერხდება ვერც სავალუტო რეზერვების ხარჯვით და ვერც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელების ცვლით. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოლო საკადრო ცვლილებები 2021 წლის 13 ოქტომბერს განახორციელა, როდესაც თანამდებობიდან გაათავისუფლა ცენტრალური ბანკის ორი ვიცე-პრეზიდენტი და სხვა პასუხისმგებელი პირები.

თურქეთში აქტიურად ლაპარაკობენ სხვა შესაძლო ზომებზეც, რითაც შეეცდებიან შეაჩერონ თურქული ლირის სწრაფი დევალვაცია. ეს ყველაფერი პოლიტიკური თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია – ეკონომიკური პრობლემები იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც 2019 წელს ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებში თურქეთის მმართველი პარტია დიდ ქალაქებში – სტამბოლში, ანკარასა და იზმირში – დამარცხდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საპარლამენტო არჩევნების თარიღი (2023 წ.) ნელ-ნელა ახლოვდება.

აღსანიშნავია, რომ ამ მცდელობებს ბევრი სკეპტიკურად აფასებს. მათ მიაჩნიათ, რომ ლირის შემდგომი დევალვაციის შესაჩერებლად და, ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ქვეყანაში რადიკალურ რეფორმების გატარებაა აუცილებელი.

ბუნებრივია, თურქული ლირის დევალვაცია ასევე უარყოფითად აისახება ქართულ ლარსა და  საქართველოს ეკონომიკაზე (თურქეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია). თუმცა, ეს ცალკე განსახილველი მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც  მომავალშიც არაერთხელ შევჩერდებით.