ავტორი: ირაკლი ჯღარკავა, მკვლევარი
ბოლო პერიოდში „ფეისბუქის“ მიერ დახურული „ტროლ-ანგარიშები“ საქართველოს მთავრობასთან აფილირებულ პირებს დაუკავშირეს. ბევრი მათგანი მხილებულია სერიოზულ გადაცდომებში, ე.წ. „ფეიკინფორმაციის“ გავრცელებაში, რომელიც წინ უსწრებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. საინტერესოა, საქართველოს პოლიტიკური კლიმატის მზარდი პოლარიზაციის პირობებში, რა შედეგებს მოუტანს ამგვარი ქმედებები ქვეყანას, დემოკრატიის განვითარებისა და ზოგადად, უსაფრთხოების მხრივ? უფრო მეტიც, რამდენად მოდის შესაბამისობაში „მიზანი ამართლებს საშუალებას“ ტაქტიკის გამოყენება საქართველოს ამბიციურ ევროატალნტიკურ კურსთან?
„კოორდინირებულმა არაავთენტურმა ქცევამ“ გამოიწვია „ფეისბუქის“ მიერ ქართული სოციალური მედიის სხვადასხვა ჯგუფისა და გვერდის წაშლა. ეს გამოძიების საფუძველი გახდა ასევე ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიისთვის (DFRLab), რათა მომხდარიყო ხსენებული ანგარიშების მიერ გავრცელებული მასალის იდენტიფიცირება და გამოკვლევა. „ფეისბუქის“ გვერდების საწყისი შესწავლის შედეგების მიხედვით, ეს გვერდები, სამწუხაროდ, ჩართული იყო ყალბი ინფორმაციისა და ნეგატიური, ანტიდასავლური შინაარსის პოსტების გავრცელებაში, რაც ემსახურებოდა „მიუღებელი“ ქართველი კანდიდატებისა და პარტიებისთვის ძირის გამოთხრას, განსაკუთრებით, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის.
„ფეისბუქის“ გადაწყვეტილებამ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებში ვნებათაღელვა და უნდობლობა გამოიწვია. პოლიტიკოსებს შორისაც აქტიურად დაიწყო საუბარი და მსჯელობა „სიტყვის თავისუფლებაზე.“ დაბლოკილი გვერდების წარმომადგენლებმა, მაგალითად, „პანდამ“, რომელიც ცნობილი ქართული სარეკლამო კომპანიაა, გაავრცელა განცხადება, სადაც ფეისბუქის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაციის გამო ატლანტიკური საბჭოს მიერ ჩატარებულ კვლევას მიკერძოებული უწოდა. უფრო მეტიც, მათი პოზიციით, პირიქით, მათ ხელი უფრო ცრუ ინფორმაციის გავრცელებას შეუწყვეს, ვიდრე რეალური ფაქტების გამოაშკარავებას. DFRLab-ის მიერ დამუშავებული ინფორმაციით, გამოაშკარავდა „პანდას“ „დაუბალანსებელი მიდგომა“, რაც გამოიხატებოდა მათ მიერ გავრცელებული პოსტების შინაარსის განსაკუთრებულ მიკერძოებაში, ცრუ განწყობებისა და ბრალდებების დანერგვაში, ძირითადად, ანტიდასავლურ რიტორიკაში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარყო ყოველგვარი კავშირი „პანდასთან“ და დაბლოკილ გვერდებთან, „ფეისბუქის“ გადაწყვეტილება და DFRLab -ის შემდგომი ანალიზი სერიოზულ კითხვებს აჩენს ამ საქმეში საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ როლსა და მიზნებთან დაკავშირებით.
2019 წლის დეკემბრის განმავლობაში „ფეისბუქმა“ დააანონსა და შეასრულა კიდეც სოციალურ ქსელში იმ მრავალი ანგარიშის, გვერდისა და ჯგუფის წაშლა, რომლებიც მიზანმიმართულად ეწეოდნენ საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირებას. აღნიშნული გვერდები „თავს ასაღებდნენ საინფორმაციო ორგანიზაციებად ან ასახიერებდნენ არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, ცნობილ პირებსა თუ მედიასაშუალებებს და მოქმედებდნენ მთავრობის ან უცხოური აქტორების სახელით“, – ნათქვამია „ფეისბუქის“ განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ ეს გვერდები, ჯგუფები და ანგარიშები დაიბლოკა არა დადებული მასალის გამო, არამედ მათი ქცევის საფუძველზე (რაც გულისხმობს კოორდინირებულ მოქმედებებს ყალბი ანგარიშების გამოყენებით). „ფეისბუქმა“ ასევე დაახარისხა გავრცელებული პოსტები ავტორებისა და კატეგორიების მიხედვით, რაც მოიცავდა არჩევნებს, სამთავრობო პოლიტიკას, საჯარო ფიგურებს, ოპოზიციის კრიტიკასა და ადგილობრივ აქტიურ არასამთავრობო ორგანიზაციებს. გარდა ამისა, გამოძიებამ დაადგინა კავშირი ზემოხსენებულ აქტივობებსა და „პანდასა“ თუ „ქართულ ოცნებას“ შორის. მათივე ინფორმაციით, დაბლოკილი ანგარიშების რეკლამირებისთვის დახარჯულია 316 000 აშშ დოლარი.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს თავის რაიმე ფორმით მონაწილეობას ან კავშირს ტროლების მიერ გავრცელებულ ანტიოპოზიციურ ინტერნეტმასალასთან, „ფეისბუქის“ მიგნებები საპირისპიროზე მეტყველებს. რეალურად, ფაქტები მკაფიოდ მიუთითებს ხელისუფლების ჩართულობასა და მიზნებზე ოპონენტების წინააღმდეგ წარმოებულ დეზინფორმაციის კამპანიაში. საპასუხოდ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა: „არავითარი ბიუჯეტის ფული და სახელისუფლებო რესურსი მანდ არ არის დახარჯული. ეს არის კერძო თანხები, რომელსაც ოპოზიციაც დიდი ალბათობით ხარჯავს და რომელსაც ამ შემთხვევაში ხარჯავდა ჩვენდამი ლოიალური სხვადასხვა სუბიექტი. ჩვენ რა ვქნათ, გამოვიდეთ და ჩვენ მხარდაჭერებს, რომლებმაც შექმნეს ასეთი სუბიექტები ვუთხრათ, ნუ ხართ ჩვენი მხარდამჭერები და ოპოზიციას ვუთხრათ, რომ გააგრძელეთ დიზინფორმაციის კეთება? ასე ვერ მოხდება“.
ფაქტები, რეალურად, მეტყველებს საპირისპიროს, რომ აღნიშნული კამპანია იყო გამიზნული, ოპოზიციის წინააღმდეგ, ასევე ამომრჩეველთა მანიპულაციისა და მათზე ზეგავლენის მოსახდენად, წინასაარჩევნოდ, დეზინფორმაციის გამოყენებით დამატებითი მხარდაჭერის მოსაპოვებლად. გასულ თვეებში მმართველი პარტიის პოპულარობის შემცირება და ამომრჩეველთა მხარდაჭერის კლება აძლიერებს ეჭვს ხელისუფლების კოორდინირებულ ძალისხმევასთან დაკავშირებით, რომელიც წარმოებული კამპანიით მიზნად ისახავდა ოპოზიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, კერძო მხარეებისა და პირების ჩართულობითა თუ მათ გარეშე.
მაშინ, როდესაც ინტერნეტი ყველასთვის უზრუნველყოფს თავისუფალ სივრცეს, ინფორმაციის გასაზიარებლად ამ თავისუფლების არასწორი გამოყენება საკმაოდ სახიფათოა ჩვენს ჰიპერდაკავშირებულ მსოფლიოში. უკანასკნელი რამდენიმე წელიწადი საქართველო იყო რუსეთის მტრული საინფორმაციო კამპანიის სამიზნე. საქართველოს მეზობელმა ყველა ხელმისაწვდომი ინტერნეტპლატფორმა გამოიყენა აუდიენციის დეზინფორმირებისთვის, რაც ემსახურებოდა საქართველოს პროდასავლური კურსიდან გადახვევას. შესაბამისად, ზემოაღნიშნული „ტროლ-სკანდალი“, რომლის უკანაც, სავარაუდოდ, საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ დგას, მოითხოვს დამატებით ანალიზს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ცდილობს ევროკავშირისა და ნატოს წევრობისთვის აუცილებელ სტანდარტებთან დაახლოებას.
გრძელვადიან პერსპექტივაში „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევებში“ საქართველოს მთავრობის მონაწილეობის დადასტურების შემთხვევაში, საინტერესოა, რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა სცენარმა ქვეყნის დემოკრატიის განვითარებასა და ზოგად უსაფრთხოებაზე? დემოკრატიის გასაძლიერებლად საქართველოს დასჭირდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ადამიანის უფლებების, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებისა და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების დასაცავად, საჭიროების შემთხვევაში. რეალურად, თუ ხელისუფლება იყენებს „ტროლების ქარხნის“ აგენტებს საკუთარი დღის წესრიგის გასატარებლად, ამის შედეგი იქნება არა მხოლოდ პოლარიზებული პოლიტიკური გარემო, არამედ, აგრეთვე, დანაწევრებული საზოგადოება, რომელიც უკვე დაყოფილია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობით. გარდა ამისა, ამ ტიპის კოორდინირებული მოქმედებები არც დემოკრატიულ განვითარებასა და არც რეგიონს არ მოუტანს სტაბილურობას მაშინ, როდესაც ჩრდილოელი მეზობლისგან მომავალი საფრთხე უცვლელია და საქართველო ინარჩუნებს სისუსტეს კიბერსივრცეში. საქართველოს გაუჭირდება მხარდაჭერის მოპოვება სამომავლო მტრული ინტერნეტკამპანიების წინააღმდეგ, თუ თავადვე იქნება მხილებული მსგავს აქტივობებში. ამ მხრივ სანდოობის დაკარგვამ შესაძლებელია მძიმე შედეგები მოუტანოს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ქვეყანა, რომელიც იმართება ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე ჯგუფის მიერ, გაცვეთილი ტაქტიკის „მიზანი ამართლებს საშუალებას“ გამოყენებით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, არ ემსახურება საქართველოს საუკეთესო ინტერესებს და, პირიქით, ხელს უშლის მისი გაცხადებული პოლიტიკის განხორციელებას – გააღრმავოს კავშირი დასავლურ პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან.