ავტორი: ვლადიმერ პაპავა, რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი
2018 წელს საქართველო აღნიშნავს დემოკრატიული რესპუბლიკისა და კავკასიაში პირველი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსების ასწლიან იუბილეს. ამ თარიღებთან ერთად ქართველი ეკონომისტებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ასევე ასი წლის წინ, კერძოდ, 1918 წლის 13 სექტემბერს, გამოვიდა პირველი ქართული პერიოდული გამოცემა – სამეცნიერო ჟურნალი „საქართველოს ეკონომისტი“. პრაქტიკულად, ამ ჟურნალის გამოცემასთან ერთად იწყება საქართველოში ეკონომისტების სისტემატური სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. დღეს საქართველოში უკვე ეკონომიკური პროფილის არაერთი სამეცნიერო ჟურნალი გამოდის, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც შესულია საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.
ამ ფონზე ერთობ უადგილოდ შეიძლება მოეჩვენოს მკითხველს ჩვენი წერილის სათაური, თუმცა, ვფიქრობთ, რომ საქართველოში ჩამოყალიბებული რეალური სიტუაცია სათანადო ანალიზს მოითხოვს.
საქართველოში ბოლო 10-15 წლის განმავლობაში გაბატონდა შეხედულება, რომ ქვეყნის მართვას ესაჭიროება არა ეკონომისტები, არამედ მენეჯერები.
2013 წლის იანვარში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ექსპერტებთან შეხვედრისას კატეგორიული ტონით განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს ეკონომისტების მოსმენა, რომ მას არ სჭირდება ეკონომისტებთან ურთიერთობა, რომ მისთვის ბევრად უფრო საინტერესოა ეკონომიკურ თემებზე პოლიტოლოგების მოსმენა. მისი ამგვარი დამოკიდებულება აისახა მთავრობისა და პარლამენტის ეკონომიკურ გუნდებზეც, სადაც ეკონომისტებისათვის განკუთვნილ თანამდებობებზე პროფესიონალი ეკონომისტები იშვიათად თუ ინიშნებიან. დღევანდელ საქართველოში ეს პრობლემა კიდევ უფრო მწვავეა – ეკონომისტებს ადგილი მთავრობის წამყვან თანამდებობებზე ვერ მოეძებნა…
საქართველოში ქვეყნის მართვაში მენეჯერული მიდგომა სულაც არ არის ახალი. ის სათავეს იღებს ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობის ბოლო პერიოდიდან, როცა განათლებით ფიზიკოსი ფინანსთა მინისტრი (რომელმაც მიხეილ სააკაშვილის მთავრობაშიც შეინარჩუნა ეს თანამდებობა და შემდეგ პრემიერ-მინისტრიც კი გახდა) იმით ტრაბახობდა, რომ ის მთავრობაში კარგი მენეჯერის ფუნქციას ასრულებდა.
სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტობისას, განსაკუთრებით საწყისს ეტაპზე, მთავრობის ეკონომიკურ გუნდში მაღალ პოლიტიკურ თანამდებობებზე პროფესიონალ ეკონომისტებს იწვევდა. მათ შორის უმრავლესობა აკადემიური სფეროდან იყო.
მიხეილ სააკაშვილისთვის, ზოგადად, აკადემიური სფერო პრინციპულად მიუღებელი იყო (ის ამ სფეროს მიზანმიმართულად ანგრევდა კიდეც). მან მთავრობა, ძირითადად, ერთგული ადამიანებით, თუმცა უმთავრესად არაპროფესიონალებით დაკომპლექტება.
მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეკონომიკის მინისტრად მოსკოვიდან ჩამოყვანილი ბიზნესმენის, ბატონი კახა ბენდუქიძის (რომელიც განათლებით ბიოლოგი იყო) სახელთან დაკავშირებულია საქართველოში ლიბერტარიანიზმის იდეების სამთავრობო პოლიტიკის რანგში აყვანა. სინამდვილეში, ის პოლიტიკა, რაც ამ დროს საქართველოში გატარდა, იყო ფსევდოლიბერტარიანიზმი. ლიბერტარიანიზმის იდეოლოგია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ შეირჩა, რომ ქვეყნის სამთავრობო გუნდში არ იყვნენ პროფესიონალი ეკონომისტები. მათ არ იცოდნენ, თუ რეალურად რა პრობლემებია ეკონომიკაში. ეკონომიკსის უცოდინარობის დამალვისათვის კი ყველაზე კომფორტულია იმის აღიარება, რომ სახელმწიფო ეკონომიკაში არ უნდა ჩაერიოს. თანაც ე.წ. ქართველი ლიბერტარიანელები საკუთრების უფლების სისტემურ დარღვევებზეც ხუჭავდნენ თვალს, რის გამოც საქართველოში იდეოლოგიურად კი გაბატონდა ლიბერტარიანიზმი, მაგრამ ფაქტობრივად დამკვიდრდა ფსევდოლიბერტარიანიზმი.
ბიძინა ივანიშვილის პრემიერმინისტრობისას საქართველოს მთავრობაში პროფესიონალი ეკონომისტები აკადემიური სფეროდან კვლავ გამოჩნდნენ, რომლებიც, სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობაში ჯერჯერობით „უკანასკნელ მოჰიკანებად“ რჩებიან. ამ პერიოდის მიღწევად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური სტრატეგიის დოკუმენტის – „საქართველო 2020“-ის – შექმნა. ფაქტობრივად ამ დოკუმენტით წამოყენებული ღონისძიებები მალევე მიეცა დავიწყებას, როცა განათლებით ექიმისა და მენეჯერის დიპლომების მქონე ეკონომიკის მინისტრი დაინიშნა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, რომელმაც ეს პროფესიულად გამართული დოკუმენტი პრიმიტიული ოთხპუნქტიანი გეგმით ჩაანაცვლა.
ჯერ კიდევ 1996 წელს ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატმა პოლ კრუგმანმა გამოაქვეყნა საყურადღებო ბროშურა, რომლის სათაურიცაა „ქვეყანა არ არის კომპანია“. სამწუხაროდ, ის არგუმენტები, თუ რატომ არ არის ქვეყანა კომპანია, დღემდე უცნობია საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისათვის, რომლებიც აგრძელებენ სააკაშვილისდროინდელ საკადრო პოლიტიკას და მთავრობის ეკონომიკურ გუნდში მაღალ თანამდებობებზე ინიშნებიან მენეჯერები (მათ შორის, ისევ და ისევ ექიმის დიპლომის მქონეც).
პოლ კრუგმანი, ეკონომიკაში ნობელის პრემიის ლაურეატი
ქვეყნის განვითარებისათვის ამოსავალია მისი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლება, სტაბილური ეკონომიკური განვითარების, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღწევა. რაც შეეხება კომპანიას, მისთვის კი განმსაზღვრელია მოგების ან/და თავად კომპანიის ღირებულების ზრდა. სწორედ ესაა ქვეყნისა და კომპანიის მიზნებსა და წარმატებულობის შეფასების კრიტერიუმებს შორის პრინციპული განსხვავება.
სწორედ აქედან გამომდინარეობს საჯარო მმართველობასა (public administration) და ბიზნესის ადმინისტრირებას (business administration) შორის არსებული განსხვავება. საყურადღებოა, რომ დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა უნივერსიტეტში დამკვიდრებული პრაქტიკის მსგავსად, საქართველოს უნივერსიტეტებშიც სტუდენტების მომზადება ამ ორი მიმართულებით მიმდინარეობის.
შესაბამისად, მთავრობაში საჭიროა დარგის პროფესიონალი მმართველები, ხოლო მენეჯერების ადგილი მხოლოდ და მხოლოდ ბიზნესშია და მათ არაფერი ესაქმებათ მთავრობაში.
მთავრობის მხრიდან მენეჯერული ხედვის „პროდუქტებია“ ქვეყნის ეკონომიკის ორიენტირება უმთავრესად ტურიზმის განვითარებასა და მარიხუანის (ანუ ნედლეულის) საექსპორტოდ წარმოების მიმართულებით. სინამდვილეში კი, ქვეყანას ესაჭიროება ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის შექმნა და განვითარება, ეკონომიკის ინდუსტრიალიზაცია.
სამთავრობო ეკონომიკური გუნდი პროფესიონალი ეკონომისტებით დაკომპლექტებული რომც იყოს, მაშინაც კი მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნის ხელმძღვანელს ჰყავდეს ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო, როგორც მისი სათათბირო ორგანო. რამდენადაც მთავრობის ეკონომიკურ გუნდში არ არიან პროფესიონალი ეკონომისტები, ამ ტიპის საბჭოს არსებობას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებისთვის.
ცნობილი ფაქტია, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭო ჯერ კიდევ 1946 წელს შექმნა. ეს საბჭო დაკომპლექტებულია ცნობილი პროფესიონალი ეკონომისტებით და დაარსებიდან დღემდე აშშ-ის პრეზიდენტს ეკონომისტების პროფესიულ რჩევებს აძლევს.
შეიძლება ბევრმა არც კი იცოდეს, რომ შორეულ 1920 წლის შემოდგომაზე დემოკრატიული საქართველოს მთავრობამ მოამზადა უნიკალური დოკუმენტი სახელწოდებით „რესპუბლიკის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს დებულება“. სამწუხაროდ, ამ დოკუმენტის რეალიზება საქართველოს მთავრობას 1921 წლის 23 თებერვლის რუსეთის ოკუპაციის გამო არ დასცალდა.
ეკონომიკური საბჭო საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, ბ-ნმა ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 1993 წელს შექმნა, თუმცა ქართული მოდელი შორს იყო სრულყოფილებისგან, რადგანაც პროფესიონალ ეკონომისტებთან ერთად ამ საბჭოში შედიოდნენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მინისტრები. შედეგად, ამ საბჭოს უფრო პოლიტიკური ხასიათი ჰქონდა, ვიდრე პროფესიული.
2005 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც შექმნა ამ ტიპის საბჭო, რომელიც მხოლოდ პროფესიონალი ეკონომისტებით დააკომპლექტა. სამწუხაროდ, ამ საბჭოს სხდომა მხოლოდ ერთხელ, 2005 წლის მარტში, ჩატარდა და პრეზიდენტობის მთელი ვადის განმავლობაში მას, როგორც საბჭოს თავმჯდომარეს, აღარც სხდომა მოუწვევია და მისთვის არც რამე დაუვალებია, თუმცა არც გაუუქმებია.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოდის პარტია „ქართული ოცნება“. 2013 წლის ბოლოს ისინი ქმნიან ეკონომიკურ საბჭოს, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან არსებულ სათათბირო ორგანოს. საყურადღებოა, რომ საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალური სამთავრობო ხელმძღვანელი პირებით და მასში ეკონომისტებს აკადემიური წრიდან საერთოდ არ მოეძებნა ადგილი. ერთი წლის თავზე ამ საბჭოს დებულება განახლდა, თუმცა მასში კვლავაც არ არიან ეკონომისტები აკადემიური წრეებიდან.
ამ ტიპის საბჭოს ფუნქცია შინაარსობრივად არ არის გამართლებული, რადგანაც ოფიციალური სამთავრობო ხელმძღვანელი პირები ისედაც არიან პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში და მას არ ეძლევა განსხვავებული შეხედულებების, რომ არაფერი ვთქვათ ალტერნატიულ აზრზე, გაცნობის საშუალება.
იმისთვის, რომ ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა იყოს წარმატებული, აუცილებელია, რომ ის შეიმუშაოს პროფესიონალ ეკონომისტთა (და არა მენეჯერთა) სამთავრობო გუნდმა, ხოლო პრემიერ-მინისტრს, რომელსაც საპარლამენტო რესპუბლიკის მოწყობის საქართველოში საკმაოდ დიდი უფლებები აქვს, უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მიიღოს აკადემიური სექტორიდან პროფესიონალი ეკონომისტების დამოუკიდებელი რჩევები. ამისთვის კი უპრიანია აშშ-ის გამოცდილების გაზიარება და ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს შექმნა, რომელიც დაკომპლექტდება პროფესიონალი ეკონომისტებით აკადემიური სექტორიდან.