2023 წლის პირველი ნახევარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის, საგარეო ვიზიტების თვალსაზრისით, ნაკლებად აქტიური აღმოჩნდა. საზღვარგარეთ პუტინის ვიზიტები მას შემდეგ შემცირდა, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) მას უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში დასდო ბრალი და მისი დაკავების ორდერი გასცა. ეს კი ნიშნავს, რომ რომის სტატუტის ხელმომწერ სახელმწიფოებს (სულ 123) ევალებათ თავიანთ ტერიტორიაზე მყოფი რუსეთის პრეზიდენტი დააკავონ და საერთაშორისო სასამართლოს გადასცენ. სწორედ ამიტომ წელს პუტინი მხოლოდ ოკუპირებულ დონეცკს, ხერსონს, ლუჰანკს და ყირიმს ეწვია. მიუხედავად მისი სიფრთხილისა, 2023 წლის სექტემბრიდან პუტინმა განაახლა საზღვარგარეთ შეხვედრები და სექტემბერში ყირგიზეთში ჩავიდა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სამიტზე, ხოლო შემდეგ ჩინეთში დაესწრო „სარტყლისა და გზის ინიციატივის“ (BRI) ფორუმს. ამ კონფერენციაზე პუტინი შეხვდა გლობალური სამხრეთის ლიდერებსაც. ამასთან, იგეგმება ვლადიმერ პუტინის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში, თუმცა ჯერჯერობით შეხვედრის თარიღი უცნობია. აქედან გამომდინარე ჩნდება შეკითხვა: რას ემსახურება პუტინის გახშირებული ვიზიტები აზიის ქვეყნებში? ჩვენს ბლოგში ამის რამდენიმე მიზეზს განვიხილავთ.
მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი – „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის ფორუმზე ჩინეთისა და რუსეთის ლიდერების განცხადებების საფუძველზე გამოიკვეთა მათი მთავარი მიზანი – ჩამოაყალიბონ მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი, რომელიც საკუთარ ავტოკრატიულ ინტერესებსა და საერთო ხედვაზე იქნება მორგებული. ამისათვის კი მჭიდრო თანამშრომლობაა მნიშვნელოვანი. გარდა საერთო მიზნისა, ერთმანეთი ორივესთვის მნიშვნელოვანია და ცალკე დატვირთვაც აქვს. როგორც Carnegie-ის რუსეთისა და ევრაზიის ცენტრის დირექტორმა ალექსანდრე გაბუევმა აღნიშნა, ჩინეთისთვის „რუსეთი არის უსაფრთხო მეზობელი, მეგობარი, იაფი ნედლეულის წყარო, ჩინეთის ინიციატივების მხარდამჭერი გლობალურ არენაზე და იმ სამხედრო ტექნოლოგიების მქონე, რომლებიც ჩინეთს არ გააჩნია…რუსეთისთვის [კი] ჩინეთი ეკონომიკური მხსნელია მკაცრი რეპრესიების დროს“.
მიმდინარე საერთაშორისო მოვლენების მათ ერთნაირი ხედვას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ შეხვედრაზე ორივემ თავი შეიკავა ისრაელში ჰამასის ტერორისტული თავდასხმის დაგმობისგან და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს მხარეებს. როგორც პუტინი მიიჩნევს, „საერთო საფრთხეებმა“ განაპირობა ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაახლოება და მასში კი დასავლეთს გულისხმობს, განსაკუთრებით აშშ-ს. ჩინეთისა და რუსეთის რწმენით იგი ძირს უთხრის საერთაშორისო უსაფრთხოებას და ცდილობს უნილატერალური უპირატესობის მოპოვებას, რომელსაც თვითონ ეწინააღმდეგებიან. ჩინეთისა და რუსეთის ხედვით, მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგი, რომელშიც ორივე მათგანი ცალკეული პოლუსი იქნება, უნდა დაეფუძნოს „ცივილიზაციური მრავალფეროვნების“ პატივისცემის იდეას, როდესაც ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, შეიმუშაოს განვითარების საკუთარი მოდელი. ეს კი ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს და ყველა ქვეყანაში ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აუცილებლობას. ჩინეთი მიიჩნევს, რომ სწორედ „სარტყლისა და გზის ინიციატივა“ (BRI) არის განვითარების ალტერნატიული გზა, რომელიც „შექმნის საერთაშორისო სისტემის ახალ ჩარჩოს,“ ხოლო პუტინისთვის ასეთი კავშირები მნიშვნელოვანია ისეთი საერთაშორისო პლატფორმის ჩამოსაყალიბებლად, სადაც ქვეყნები „ერთმანეთს არაფერს დაუწესებენ“.
ტრადიციული კავშირების აღდგენა – უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ რუსეთი და მისი პრეზიდენტი დასავლეთის მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა. დასავლეთში პუტინი დიქტატორად და აგრესორად მიიჩნევა, რომელსაც სანქციები დაუწესეს და მკაცრად დაგმეს მის მიერ საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევა. აქედან გამომდინარე, დასავლეთისგან გარიყული პუტინი ცდილობს, მსოფლიოს აჩვენოს, რომ იგი მარტო არაა და ისევ ინარჩუნებს ტრადიციულ ურთიერთობებს ძველ მოკავშირეებთან. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ვიზიტი ყირგიზეთში, დსთ-ის სამიტზე, სადაც პუტინმა წევრ სახელმწიფოებს, რომელთა შორის უმეტესობა ცენტრალური აზიის ქვეყანა იყო, ურთიერთობების განმტკიცებისკენ მოუწოდა და შეახსენა საერთო ღირებულებები. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა: „გვინდა თუ არა საკუთარი იდენტობის შენარჩუნება? ეს შესაძლებლობა გვეძლევა დსთ-ის ფარგლებში მუშაობით. ის აძლიერებს ჩვენს პოზიციებს ერთმანეთთან თანამშრომლობისა და ეროვნული სპეციფიკის პატივისცემის კუთხით“. პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ დსთ-ის ქვეყნებმა საგარეო პოლიტიკაში ერთიანი მიდგომები უნდა შეიმუშაონ და ითანამშრომლონ ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან, რომლებთანაც მსგავსი შეხედულებები აკავშირებთ. გარდა ამისა, ბიშკეკში ჩასვლით პუტინმა მსოფლიოს აჩვენა, რომ უკრაინაში წარუმატებელი მცდელობებისა და სომხეთთან გართულებული ურთიერთობების ფონზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში ჯერ კიდევ არის რეგიონი (ცენტრალური აზია), სადაც რუსეთი ისევ ლიდერი-სახელმწიფო და დომინანტი ძალაა. პუტინი ეწვია ყირგიზეთში რუსულ სამხედრო ბაზას და განაცხადა ერთობლივი საზენიტო თავდაცვის სისტემის შექმნის შესახებ, რითაც გაესვა ხაზი რუსეთის მნიშვნელოვან როლს რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. რუსეთისთვის კანტის სამხედრო ბაზა სტრატეგიული წერტილია, რომელიც რეგიონში ძალის დემონსტრირების, გავლენის გაფართოების და სამხედრო კუთხით თანამშრომლობის გაზრდის საშუალებას იძლევა.
ეკონომიკური შესაძლებლობების ძიება – უკრაინაში შეჭრის შემდეგ დასავლეთმა რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა, რის შედეგადაც მას დაახლოებით 13 000 შეზღუდვა აქვს. სანქციების შედეგად, გასულ წელს რუსეთის მშპ 2.1 პროცენტით შემცირდა და რუსულმა ფინანსურმა სექტორმა ასეულობით მილიარდი დოლარი დაკარგა. სანქციებმა მნიშვნელოვნად დააზარალა რუსეთის ენერგოსექტორი მას შემდეგ, რაც 2022 წლის დეკემბერში ევროკავშირმა აკრძალა რუსული ნედლი ნავთობის უმეტესი ნაწილის იმპორტი და G7-მა დააწესა გლობალური ფასის ლიმიტი რუსული ნავთობის შესყიდვებზე. სამიზნე გახდა რუსეთის გაზის სექტორიც. ევროკავშირმა მარტში განაცხადა, რომ ერთი წლის განმავლობაში კიდევ ორი მესამედით შეამცირებს გაზის იმპორტს რუსეთიდან. აქედან გამომდინარე, რუსეთმა დაიწყო ახალი შესაძლებლობების ძიება და გაზარდა ვაჭრობა მოკავშირეებთან აზიაში. 2022 წელს ვაჭრობა ჩინეთთან 1/3-ით გაიზარდა და მიაღწია რეკორდულ მაჩვენებელს (190 მილიონი აშშ დოლარი), ასევე გაიზარდა რუსული ენერგორესურსების ექსპორტი ჩინეთში. სწორედ ამ ტენდენციის გაგრძელებაა მიმდინარე წლის ოქტომბერში რუსეთის ვიზიტი პეკინში „შეუზღუდავი“ თანამშრომლობის ფარგლებში და როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, მას სამომავლოდ სურს, რომ შეთანხმდეს ჩინეთთან ბუნებრივი აირის მიწოდების გაზრდისა და მილსადენის – ციმბირი 2-ის – მშენებლობის შესახებ. გარდა ამისა, რუსეთი ცდილობს სანქციებს გვერდი აუაროს პარალელური იმპორტის გაზრდით ცენტრალური აზიის ქვეყნებთან, რასაც ადასტურებს პუტინის განცხადება ბიშკეკში, რითაც ხაზი გაუსვა ყირგიზეთთან ორნიშნიანი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას. მიუხედავად ამისა, რუსეთის ქმედებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა და აშშ-მ სანქციები დაუწესა ოთხ ყირგიზულ კომპანიას ელექტრონული კომპონენტების რუსეთში რეექსპორტისთვის. აზიაში რუსეთის მიზანს, რომ გააძლიეროს ეკონომიკური კავშირები, ადასტურებს ჟურნალისტების კითხვაზე გაცემული მისი პასუხი, რომ იგი ჩინეთში გამართავდა მოლაპარაკებებს „სარტყლისა და გზის“ პროექტებზე, რომლებიც სურს დაუკავშიროს პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკურ ალიანსს ცენტრალურ აზიაში, რათა „მიაღწიონ განვითარების საერთო მიზნებს“.
პერსონალური იმიჯი – საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პუტინი არ ჩანდა საერთაშორისო სამიტებსა და შეხვედრებზე. იგი არ ჩავიდა BRICS-ის სამიტზე სამხრეთ აფრიკაში და არ დაესწრო დიდი ოცეულის შეხვედრებს ინდოეთში. ეს ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ პუტინი თავს არიდებდა ქვეყნის დატოვებას და სასამართლომ, თავისი გადაწყვეტილებით, იგი რუსეთში „გამოკეტა.“ 2023 წლის სექტემბრიდან რუსეთის პრეზიდენტის გამოჩენა აზიის ქვეყნებში, შეიძლება ითქვას, რომ ემსახურება მისი შელახული იმიჯის აღდგენას. ამით პუტინს სურს აჩვენოს, რომ მას საზღვარგარეთ ვიზიტები შეზღუდული არ აქვს, ისევ აკონტროლებს სიტუაციას და შეუძლია ეწვიოს ქვეყნებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთის გავლენის ქვეშ არიან. მიუხედავად მისი მცდელობისა, ცენტრალურ აზიაში ვიზიტი უკვე ნიშნავს პუტინის იზოლაციას.
ამგვარად, რუსეთის პრეზიდენტის აზიაში გახშირებული სტუმრობის მიზეზების ძიებისას გამოიკეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი. უკრაინაში დაწყებული ომისა და დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ პუტინი ცდილობს ჩინეთთან და ტრადიციულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაღრმავებას, რომლითაც, ერთი მხრივ, მსოფლიოს აჩვენებს, რომ რუსეთი ისევ ანგარიშგასაწევ ძალად რჩება პოსტსაბჭოთა სივრცეში და მეორე მხრივ, რომ ეს კავშირები მნიშვნელოვანია მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისთვის. ასევე, დასავლეთის მიერ დაკისრებული ეკონომიკური სანქციების ფონზე რუსეთი ცდილობს აზიის ქვეყნებთან გააფართოოს ეკონომიკური და ენერგეტიკული ურთიერთობები და ამით დააბალანსოს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების უარყოფითი შედეგები. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვიზიტები არის პუტინის მცდელობა აღიდგინოს შელახული იმიჯი და მსოფლიოს აჩვენოს, რომ იგი იზოლირებული არაა და შეუძლია კვლავ თავისუფლად ესტუმროს მეგობარ სახელმწიფოებს.