ავტორი: დავით შატაკიშვილი
ამერიკის შეერთებული შტატების მზარდი სავაჭრო დეფიციტი ამერიკული შიდა ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი სადისკუსიო თემაა, რომელზეც უამრავი განსხვავებული აზრი არსებობს. აშშ-ის მხრიდან სატარიფო ომით მუქარასა და აღსრულებას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური. მიზნები ასევე განსხვავდება ამერიკის ხელისუფლებაში მყოფი პარტიების მიხედვითაც. როგორც ტრამპის, ასევე ბაიდენის ადმინისტრაციამ ჩინეთის წინააღმდეგ ტარიფები დააწესეს და სხვადასხვა სავაჭრო ბარიერების შესახებ ბრძანებები გამოსცეს, მაგრამ – განსხვავებული მიზნებითა და სტრატეგიებით. ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ახალი სანქციების ერთ-ერთი გაცხადებული მიზანი აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის შემცირებაა. საინტერესოა განვიხილოთ, რა არის ამერიკის მზარდი სავაჭრო დეფიციტის ძირითადი მიზეზები, როგორია სავაჭრო-სატარიფო ომი აშშ-სა და ჩინეთს შორის და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს სატარიფო ომს აშშ-ის სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე.
რატომ იზრდება აშშ-ის სავაჭრო დეფიციტი?
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეფიციტი უარყოფითია, რომელმაც თავისი ანტირეკორდი გასულ წელს მოხსნა და 920 მილიარდ დოლარს მიაღწია. მხოლოდ 2025 წლის იანვარში აშშ-ის უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 131.1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია. პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ტარიფების მეშვეობით სამართლიანი სავაჭრო ურთიერთობების აღდგენა მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, თუმცა ტარიფების გზით სავაჭრო დეფიციტის აღმოფხვრის ეფექტიანობაზე აზრთა სხვადასხვაობაა.
2018 წელს, როდესაც პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს ტრამპმა ჩინეთს ტარიფები დაუწესა, ამერიკის მთლიანი სავაჭრო დეფიციტი 621 მილიარდი დოლარი იყო (მათ შორის ჩინეთთან – 420 მილიარდი), ხოლო ჩინეთის სავაჭრო პროფიციტი ამავე პერიოდში 352 მილიარდ დოლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ამერიკის სავაჭრო დეფიციტი 920 მილიარდამდე გაიზარდა (მათ შორის ჩინეთთან – 300 მილიარდი), ხოლო ჩინეთის სავაჭრო პროფიციტმა რეკორდულ, 1 ტრილიონ დოლარს მიაღწია. 2024 წელს აშშ-თან ყველაზე მეტი სავაჭრო პროფიციტი შემდეგ ქვეყნებს ჰქონდათ – ჩინეთი ($ 295 მლრდ), მექსიკა ($ 172 მლრდ), ვიეტნამი ($ 124 მლრდ), ირლანდია ($ 87 მლრდ), გერმანია ($ 85 მლრდ), ტაივანი ($ 74 მლრდ), იაპონია ($ 69 მლრდ), სამხრეთი კორეა ($ 66 მლრდ), კანადა ($ 64 მლრდ) და ინდოეთი ($ 46 მლრდ). სავაჭრო დეფიციტის ზრდის უამრავი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუმცა ამ კუთხით საინტერესოა აქცენტი ერთ-ერთ მთავარ ფაქტორზე გავაკეთოთ.
მაკროეკონომიკური თეორიის ერთ-ერთი ფუნდამენტური ფორმულაა, რომ მიმდინარე ანგარიშის ბალანსი არის სხვაობა ქვეყნის დანაზოგებსა (რაც მოიცავს საოჯახო მეურნეობების, ბიზნესისა და მთავრობის დანაზოგებს) და ინვესტიციებს შორის. ამერიკის შემთხვევაში, დიდი სხვაობა ინვესტიციების სასარგებლოდ დანაზოგებთან შედარებით, მისი სავაჭრო დეფიციტის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა მეტ ფულს ხარჯავს ინვესტიციებზე, ვიდრე დანაზოგის სახით ინახავს. თუ ინვესტიციები აჭარბებს დანაზოგებს, ქვეყანას უჩნდება საჭიროება ისესხოს მეტი ფული სხვა ქვეყნებისგან ან მოიზიდოს უცხოური კაპიტალი. თავის მხრივ, ქვეყანაში დიდი რაოდენობით ფულის შემოდინება ქმნის იმპორტის მეტ შესაძლებლობას, მათ შორის, ეროვნული ვალუტის გამყარების ხარჯზე, რაც ზრდის სავაჭრო დეფიციტს. მეორე მხრივ, თუ დანაზოგები აჭარბებს ინვესტიციებს, ქვეყანას აქვს შესაძლებლობა მოახდინოს კაპიტალის ექსპორტი (მაგალითად, უცხოური აქტივების შეძენა), რაც, თავის მხრივ, აუფასურებს ეროვნულ ვალუტას (ეროვნული ვალუტის გადინების გამო) და უცხოელ მყიდველებს იმავე ფასად მეტი პროდუქციის შეძენის შესაძლებლობას აძლევს, ეს კი ხელს უწყობს ექსპორტის ზრდას. შედეგად, შემცირებული იმპორტი და გაზრდილი ექსპორტი ქვეყანას მეტ სავაჭრო ნამეტს აძლევს.
ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკის სტატისტიკაც. მაგალითად, 2023 წელს მთლიანი დანაზოგების შეფარდება მშპ-თან აშშ-ში 18.7% იყო, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი ჩინეთში – 44.4%, გერმანიაში –25.7%, იაპონიაში – 24.6%, ხოლო კანადაში 23.6% იყო. გარდა ამისა, მსოფლიო სავალუტო ფონდი, აშშ-ის შესახებ 2024 წლის ერთ-ერთი ანგარიშში აღნიშნავს, რომ აუცილებელია შემნახველ-საინვესტიციო ბალანსის შეჯერება საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშთან, რადგან მათ შორის არსებული შეუსაბამობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ახლა საინტერესოა განვიხილოთ ამერიკა-ჩინეთს შორის არსებული სავაჭრო-სატარიფო ომი და მისი შესაძლო გავლენა აშშ-ის სავაჭრო დეფიციტზე.
ამერიკა-ჩინეთის სავაჭრო ომი 2.0 – მხარეთა ხედვები და მიზნები
პრეზიდენტი ტრამპი ჯერ კიდევ მისი პირველი ვადის დროს ტარიფებს ხედავდა, როგორც სავაჭრო დეფიციტის შემცირების გზას. ამავე პერიოდში, მის მიერ ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფების მიზანი იყო, დაესვა პეკინი მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა შეემცირებინა ჩინეთის სასარგებლოდ არსებული სავაჭრო პროფიციტი. ეს იყო ე. წ. „პირველი ფაზის“ შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა 2020 წლის იანვარში მოაწერეს ხელი. დოკუმენტის მიხედვით, პეკინი იღებდა ვალდებულებას 2021 წლის 31 დეკემბრისთვის გაეზარდა ამერიკული წარმოების პროდუქტების, სოფლის მეურნეობის საქონლის, ენერგორესურსების და სხვადასხვა სერვისის იმპორტი შეერთებული შტატებიდან 2017 წლის დონეზე მაღლა. ეს იყო ერთგვარი წინაპირობა, რომ შემცირებულიყო 2018 წელს დაწესებული ტარიფები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთმა გარკვეულწილად შეძლო ზოგიერთი ტარიფისთვის გვერდის ავლა, რადგან იგი ახდენდა თავისი პროდუქციის ექსპორტს ტარიფებისგან თავისუფალ ქვეყნებში, საიდანაც საქონელი შეერთებულ შტატებში იგზავნებოდა. როგორც წესი, ეს ხდებოდა საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაყალბების გზით, რაც საერთაშორისო ვაჭრობის წესების უხეში დარღვევაა და ამ შემთხვევაში, დაზარალებულ ქვეყანას უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის კომპენსაცია.
სხვაგვარად ხედავდა ტარიფების მიზანს პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია. მათი აზრით, მაღალი ტარიფების შენარჩუნება და კრიტიკული მნიშვნელობის საქონელზე საექსპორტო კონტროლის განხორციელება ამერიკას ტექნოლოგიურ ინოვაციებში ლიდერობას შეუნარჩუნებდა. ბაიდენის ადმინისტრაციის მიზანი ამ გზით ჩინეთის მზარდი ტექნოლოგიური შესაძლებლობების შეჩერება იყო.
ტრამპმა ტარიფების ახალი ფაზა 2025 წლის 1 თებერვალს დაიწყო, როდესაც მან ჩინეთს 10%-იანი ტარიფი დაუწესა. საპასუხოდ, ჩინეთის სახელმწიფო სატარიფო კომისიამ ამერიკული ნახშირისა და გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტზე დამატებით 15%-იანი ტარიფი დააწესა, ხოლო ნედლ ნავთობზე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკასა და გარკვეული სახის ავტომობილებზე –10%-იანი ტარიფი. გარდა ამისა, ჩინეთის ვაჭრობის სამინისტრომ და საბაჟოს გენერალურმა ადმინისტრაციამ გაავრცელეს განცხადება, რომ საექსპორტო კონტროლს დააწესებდნენ 25 დასახელების იშვიათი ლითონის პროდუქტზე, რომლებიც გამოიყენება ისეთ საკვანძო ტექნოლოგიებში, როგორებიცაა ნახევარგამტარები და მზის პანელები.
მას შემდეგ, რაც ტრამპმა მიმდინარე წლის მარტში ჩინეთისთვის დაწესებული ტარიფები 20%-მდე გაზარდა, პეკინმა 10%-დან 15%-მდე ტარიფები დააწესა სოფლის მეურნეობის ამერიკულ პროდუქტებზე, როგორიცაა ქათამი, საქონლის ხორცი, ღორის ხორცი, ხორბალი, სოია და სორგო. მათ ასევე კიდევ 15 ამერიკული კომპანია დაამატეს ექსპორტის კონტროლის სიაში და 10 იურიდიული პირი – არასანდო კომპანიათა სიაში.
ზოგადად, ბევრი ამერიკელი ფერმერი დამოკიდებულია საკუთარი პროდუქციის ჩინეთში ექსპორტზე. ეს განსაკუთრებით ეხება სოიას, სიმინდის და სორგოს წარმოებას. როგორც ჩანს, ჩინეთისთვის გაცილებით მარტივია იმპორტის ჩანაცვლება მის მიმართ ნაკლებად მტრულად განწყობილი სახელმწიფოებიდან, მაგალითად, როგორიცაა ბრაზილია და არგენტინა, ვიდრე ამერიკისთვის ალტერნატიული სარეალიზაციო არხების მოძიება. ამ მხრივ, ჩინეთს შეუძლია კიდევ უფრო გააძლიეროს ზეწოლა ამერიკულ სოფლის მეურნეობაზე, მათ შორის ახალი საიმპორტო შეზღუდვების, ინსპექტირებისა და დამატებითი ტარიფების მეშვეობით. გარდა ამისა, მას შეუძლია გააფართოოს სია გარკვეულ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებზე უარის თქმით, რაც ადრე ასევე სადავო საკითხი იყო აშშ-ის სოფლის მეურნეობის სექტორსა და ჩინეთს შორის.
ჩინეთის ხელისუფლება ასევე განიხილავს აშშ-თვის საექსპორტო კონტროლის დაწესებას კრიტიკულ მინერალებზე, სადაც ჩინეთი გლობალური წარმოების დაახლოებით 60%-ს და გადამამუშავებელი სიმძლავრეების 85%-ს აკონტროლებს. ამგვარად, ამ კუთხით ალტერნატივების მოძიება საკმაოდ რთული ამოცანაა. სასიცოცხლო მნიშვნელობის მინერალების აშშ-ში ექსპორტზე კონტროლის დაწესება ჩინეთს ძალიან მნიშვნელოვან ბერკეტს ჩაუგდებს ხელში.
რამდენად შეუძლიათ ტარიფებს სავაჭრო დეფიციტის შემცირება?
დონალდ ტრამპის თქმით, ტარიფების მთავარი მიზანია, რომ გაზარდოს იმპორტის ღირებულება, რითაც ამერიკელებს უბიძგებს შეიძინონ შიდა წარმოების პროდუქცია შედარებით ნაკლებ ფასად და შედეგად დაიკლოს მოთხოვნამ იმპორტზე. გარდა ამისა, მისი აზრით, ტარიფები ხელს შეუწყობს, როგორც ამერიკული წარმოების კონკურენტებისგან დაცვას, ასევე საზღვარგარეთ გასული ამერიკული წარმოების ქვეყანაში დაბრუნებას, რაც ექსპორტს წაახალისებს და სავაჭრო დეფიციტს შეამცირებს.
უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ტარიფების დაწესება, რომელიც ზრდის იმპორტის ღირებულებას, ასევე ზრდის ადგილობრივი წარმოების ფასს (წარმოებისთვის საჭირო იმპორტირებული კომპონენტების ფასის ზრდის გამო) და მცდარია მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტარიფების შემთხვევაში ადგილობრივი წარმოების ფასი იგივე რჩება.
გარდა ამისა, ტრამპის მიერ დაწესებული ახალი ტარიფები ეხება კონკრეტულ ქვეყნებს, მაგალითად, მექსიკას, კანადას, ჩინეთს, რაც აძვირებს პროდუქციას ამ ქვეყნებიდან, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ამერიკელი მომხმარებლები ზოგადად უარს იტყვიან იმპორტირებული პროდუქციაზე, მათ შორის სხვა ქვეყნებში წარმოებული საქონლის შეძენაზე. ამ მხრივ განსხვავებული მოსაზრება წარმოადგინა ამერიკის სახაზინო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სკოტ ბესენტმა, რომელმაც ტრამპს შესთავაზა, რომ შემოეღოთ უნივერსალური, 2.5%-იანი ტარიფი, რომელიც ყველა ქვეყნიდან იმპორტს შეეხებოდა, და გაეზარდათ იგი ნელ-ნელა სანამ სავაჭრო დეფიციტი არ დაბალანსდებოდა.
ამასთან ერთად, ტრამპი საუდის არაბეთს და ტაივანს მოუწოდებს, ამერიკაში განახორციელონ პირდაპირი ინვესტიციები, რაც სტატიის პირველ ნაწილში განხილული ფორმულის მიხედვით, ნიშნავს მეტ ფულს დეფიციტის დასაფინანსებლად.
ტარიფები ასევე გააძლიერებს დოლარის ღირებულებას, რაც ხელს შეუწყობს მთლიანი დეფიციტის ზრდას. ამას ორი მიზეზი აქვს, პირველი – ტარიფები იწვევს ინფლაციას, რაც თავის მხრივ ფედერალურ სარეზერვო სისტემას უბიძგებს შეინარჩუნოს რეფინანსირების მაღალი განაკვეთი, რაც დოლარის შენახვას უფრო პრიორიტეტულს ხდის. მეორე – ზედმეტად გამყარებული დოლარი აძვირებს ამერიკულ პროდუქციას და საერთაშორისო ბაზარზე ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის, რაც ექსპორტის შემცირებას იწვევს.
ამგვარად, 2024 წლის ამერიკის სავაჭრო დეფიციტის და ჩინეთის სავაჭრო პროფიციტის რეკორდული მაჩვენებლები ტრამპის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა, რადგან მათი მხრიდან ეს აღიქმება, როგორც გლობალურ ბაზარზე ამერიკული წარმოების შემცირებული კონკურენტუნარიანობა. შედეგად, ამერიკამ ჩინეთს განსაკუთრებით მძიმე სავაჭრო ომი გამოუცხადა, თუმცა ჩინეთის საპასუხო ნაბიჯები ამერიკისთვის არანაკლებ მტკივნეულია. ჩინეთის მხრიდან, რამდენიმე ეკონომიკურ ფრონტზე გახსნილი შეტევა მიუთითებს, რომ თუ ტრამპის ადმინისტრაცია გააგრძელებს პეკინზე ზეწოლას მკაფიო და თანმიმდევრული მესიჯების გარეშე, როგორ შეიძლება მოგვარდეს სავაჭრო დავები, ჩინეთი მზადაა აშშ-ის წინააღმდეგ კიდევ უფრო მკაცრი ზომები მიიღოს, რაც ნამდვილად არ უნდა იყოს ამერიკის ინტერესებში. მაკროეკონომიკურ თეორიებთან ერთად, 2018 წლის გამოცდილება აჩვენებს, რომ სატარიფო ომის ეფექტიანობა სავაჭრო დეფიციტის შემცირებაზე მინიმალურია და ხშირ შემთხვევაში უკუეფექტის მომტანიც შეიძლება იყოს. შესაბამისად, ჯერჯერობით რაიმე სახის პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტებისა და ინვესტორების დიდი ნაწილი სატარიფო ომს არაეფექტიან გზად მიიჩნევს, და მისი უარყოფითი ეფექტების გათვალისწინებით ზოგიერთი მათგანი სავაჭრო დეფიციტის გაუარესებასაც ვარაუდობს.