ნინო მაჭარაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და რუსეთის ფედერაციის ბავშვთა უფლებათა კომისარი მარია ლვოვა-ბელოვა უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისთვის ბრალდებულად ცნო და 2023 წლის 17 მარტს მათი დაკავების ორდერი გასცა. მათ ბრალი ედებათ უკრაინის ოკუპირებული რეგიონებიდან მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გაყვანაში. უკრაინის მთავრობის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსმა სამხედროებმა სამშობლოდან 16 ათასზე მეტი ბავშვი გაიყვანეს. კრემლის პოლიტიკის მიზანი მათი რუსეთში სამუდამოდ დატოვებაა. „არ შეიძლება ბავშვებს მოეპყრო ისე, როგორც ნადავლს, არ შეიძლება მათი დეპორტაცია“ – აღნიშნა ICC-ის მთავარმა პროკურორმა კარიმ ხანმა BBC-სთან საუბარში.
პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები უკვე გაცემულია, რაც ნიშნავს, რომ ამიერიდან ჰააგის სასამართლოს წევრ ნებისმიერ სახელმწიფოს (სულ 123) ეკისრება ვალდებულება, რომ ბრალდებული პირები მის ტერიტორიაზე ყოფნის შემთხვევაში დააკავოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასცეს.
ICC-ის განცხადებას კრემლში „აღმაშფოთებელი“ უწოდეს. ოფიციალური პირების განმარტებით, რუსეთი არ არის რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყანა და მას არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. მეტიც, მათი აზრით, ICC-ის გადაწყვეტილება რუსეთისათვის სამართლებრივი ძალის არმქონეა.
რუსეთი მართლაც არ არის ICC-ის წევრი სახელმწიფო და მას ჰააგის სასამართლოს წინაშე ვალდებულებები არ აუღია. ასეც რომ არ იყოს, პუტინი რუსეთში უპირობო ძალაუფლებით სარგებლობს, შესაბამისად, მისი სასამართლოსთვის გადაცემის პერსპექტივა, ამ ეტაპზე, არ არსებობს. მეორე მხრივ, სხვა სასამართლოებისაგან განსხვავებით, ICC არ განიხილავს საქმეებს ბრალდებულის დაუსწრებლად, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰააგის ტრიბუნალზე პუტინის ფიზიკურად წარდგენა აუცილებელია. შეიძლება ვთქვათ, რომ რუსეთის პრეზიდენტს დაპატიმრების საფრთხე ჯერჯერობით არ ემუქრება.
მაშინ რას ცვლის პუტინის დაკავების ორდერი?
ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც განვითარებული მოვლენების ფონზე ჩნდება. ბლოგში გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას იმ ირიბი დადებითი გავლენების შესახებ, რომლებიც შესაძლოა ჰქონდეს ICC-ის მიერ გაცემულ დაკავების ორდერს.
პრევენცია: ICC-მ საჯაროდ გამოაქვეყნა განცხადება დაკავების ორდერების გაცემის, ბრალდებული პირების ვინაობის, დანაშაულის შინაარსისა და მოსალოდნელი პასუხისმგებლობის სახეების შესახებ. როგორც წესი, დაკავების ორდერი საიდუმლოა, მოწმეთა და დაზარებულთა დაცვის, ასევე გამოძიების სრულყოფილად წარმართვის გამო. ჰააგის სასამართლოს პალატის მიერ გამონაკლისის დაშვება აიხსნება იმით, რომ დანაშაულებრივი ქმედებები არ დასრულებულა, უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია და მათი რუსეთში გაყვანა დღესაც მიმდინარეობს. ის ზომები, რომელსაც უკრაინა იღებეს დანაშაულის აღსაკვეთად (დამნაშავე ჯარისკაცების გასამართლება), არასაკმარისია. დაკავების ორდერის საჯაროდ გამოცხადებას შესაძლოა ჰქონდეს პრევენციული სახე, შეამციროს ან/და დროებით მაინც შეაჩეროს მიმდინარე დანაშაულები.
გადაადგილების შეზღუდვა: მსოფლიოში არსებობს 123 სახელმწიფო, სადაც პუტინი თავს უსაფრთხოდ ვეღარ იგრძნობს. რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნები ვალდებული არიან დააკავონ ის და ჰააგის სასამართლოს გადასცენ. აქვე ჩნდება რამდენიმე პრობლემური საკითხიც:
- ICC-ს არ აქვს არანაირი ბერკეტი აიძულოს წევრი სახელმწიფოები შეასრულონ ნაკისრი ვალდებულება. სახელმწიფოებს რჩებათ შესაძლებლობა თავად გადაწყვიტონ რას მოიმოქმედებენ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი ან ლვოვა-ბელოვა მათ ტერიტორიაზე აღმოჩნდება. პრაქტიკაში არსებობს შემთხვევები, როდესაც ქვეყნებმა უარი თქვეს ბრალდებული პირების დაკავებასა და სასამართლოსთვის გადაცემაზე. მაგალითისათვის, სუდანის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის მიმართ გაცემული დაკავების ორდერის მიუხედავად, თავის ტერიტორიაზე ყოფნისას იორდანიამ ალ-ბაშირი არ დააპატიმრა. ჰააგის სასამართლომ ამ ფაქტზე მხოლოდ შეშფოთება გამოთქვა და იორდანიას თავისი ვალდებულებები შეახსენა.
- სახელმწიფოთა ნაწილი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელთაც საჯაროდ დააფიქსირეს პოზიცია პუტინის გასამართლებასთან დაკავშირებით, არ არიან რომის სტატუტის ხელმომწერი ქვეყნები. ასეთივეა, ინდოეთიც (მას პოზიცია არ დაუფიქსირებია), სადაც სექტემბერში დიდი ოცეულის შეკრება იმართება და, კრემლის განცხადებით, პუტინი მასში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ინდოეთს არ ეკისრება რუსეთის პრეზიდენტის დაკავებისა და ჰააგის ტრიბუნალისათვის გადაცემის ვალდებულება.
- საერთაშორისო სანქციების გამო პუტინის გადაადგილება აქამდეც მკაცრად იყო შეზღუდული. ომის დაწყების შემდეგ ის ვიზიტით მხოლოდ რვა ქვეყანაში იმყოფებოდა, საიდანაც შვიდი ე.წ. „near abroad“ – პოსტსაბჭოთა ქვეყნები იყო, მერვე კი – ირანი. ირანისგან პუტინს საფრთხე ნაკლებად ემუქრება, რადგან ისინი „ერთ ნავში სხედან“. ირანი რუსეთს უკრაინასთან საბრძოლველად უპილოტო თვითმფრინავებსა და სხვა სამხედრო საშუალებებს აწვდიდა.
გამოხმაურება: პუტინის დავაკების ორდერის გაცემიდან მალევე სახელმწიფოებმა დაიწყეს პოზიციების დაფიქსირება იმაზე, თუ რას მოიმოქმედებენ ბრალდებული პირების მათ ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში. გერმანიის, ავსტრიის, ირლანდიისა და ხორვატიის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს სახელმწიფოები მზად არიან დააპატიმრონ და ICC-ს გადასცენ რუსეთის პრეზიდენტი. საპირისპიროდ, უნგრეთი ეროვნულ კანონმდებლობას იმიზეზებს და უარს ამბობს ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე.
საინტერესოა ისიც, რომ სომხეთში პუტინის დაკავების ორდერის გამოცხადებიდან ერთი კვირის თავზე სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ „მწვანე შუქი აუნთო“ რომის სტატუტის რატიფიცირებას. ბოლო სიტყვა პარლამენტს ეთქმის. ერევანში არ ჩქარობენ და პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ. რომის სტატუტის რატიფიცირების შემთხვევაში, სომხეთი ვალდებული იქნება დააკავოს და სასამართლოს გადასცეს რუსეთის პრეზიდენტი. რა მოხდება არავინ იცი. სომხეთის არჩევანი მრავალფეროვანია: რატიფიცირების გადადება, რატიფიცირება და დაკავებაზე უარის თქმა, რატიფიცირება და პუტინის არ ჩასვლა სომხეთში, რატიფიცირება და სომხეთში ჩასვლის დაანონსებით პუტინის მიერ ორდერის ეფექტურობის შემოწმება …
პუტინის დაკავების ორდერს საქართველოშიც გამოეხმაურნენ. მამუკა მდინარაძეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, მიაჩნია, რომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება 38 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, მიმართვის (იგულისხმება რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიების დაწყების შესახებ ჰააგის სასამართლოსთვის 2022 წლის 2 მარტის მიმართვა) შედეგია. მისი თქმით, საქართველო ქვეყანათა იმ მცირე რიცხვს განეკუთვნება, „რომლებსაც სრულად აქვთ მორგებული ქვეყნის საკანონმდებლო ბაზა ჰააგის სასამართლოსთან სათანამშრომლოდ…“ მზად არის თუ არა საქართველოს ხელისუფლება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები – თავის ტერიტორიაზე გამოჩენის შემთხვევაში დააკავოს და ჰააგის სასამართლოს გადასცეს რუსეთის პრეზიდენტი? ამ კითხვაზე მმართველ პარტიას ერთმნიშვნელოვანი პასუხი ჯერ არ აქვს.
რეპუტაციული ზიანი: კრემლი მუდმივად უარყოფდა ომის დანაშაულების ჩადენის ფაქტებს. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერის გაცემა კი ნიშნავს, რომ ისეთ მძლავრ, გავლენიან, პანევროპულ ორგანიზაციას, როგორიც არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, მისი აღარ სჯერა. ეს ყველაფერი კი, ცხადია, ქმნის „რეპუტაციულ უხერხულობას“.
ამრიგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ეტაპზე პუტინის დაპატიმრების ალბათობა საკმაოდ დაბალია (თავის დროზე წარმოუდგენელი ჩანდა ჰააგის ტრიბუნალის წინაშე სერბეთის ყოფილი პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის წარდგენაც, თუმცა, ეს მოხდა). დაკავების ორდერი დღეს მეტი არაფერია თუ არა რუსეთისა და მისი ლიდერების პასუხისმგებლობაში მიცემის ხანგრძლივი პროცესის პირველი ნაბიჯი. მისი დახმარებით შესაძლოა შემცირდეს/შეჩერდეს უკრაინელი ბავშვების სამშობლოდან დეპორტაცია, შეიზღუდოს პუტინის გადაადგილების თავისუფლება, გამოჩნდეს სხვა სახელმწიფოების რეალური დამოკიდებულებები, ჩრდილი მიადგეს კრემლის რეპუტაციას. ICC-ის მიერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემა განსაკუთრებული სიმბოლური მნიშვნელობისაა. უკრაინელი ხალხისათვის იმედისმომცემია საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია რუსეთის დანაშაულებრივ ქმედებებზე. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა: ეს არის „ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც უნდა მოჰყვეს ისტორიული პასუხისმგებლობა“.