ავტორი: ზურაბ ბატიაშვილი

 

ახლო აღმოსავლეთის მიმოხილვა No 80

 

            2024 წლის 27 სექტემბერს ისრაელმა, საჰაერო შეტევის შედეგად, ქ. ბეირუთში გაანადგურა „ჰეზბოლას“ ლიდერი ხასან ნასრალა.

            რას ნიშნავს ხასან ნასრალას ლიკვიდაცია და რა გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს მას რეგიონში?

 

ბუნკერის ნანგრევები ქ. ბეირუთში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა ხასან ნასრალა

           

            ისრაელმა ისარგებლა იმ ფაქტით, რომ პეიჯერების აფეთქებების შემდეგ „ჰეზბოლასა“ და ირანის ხელმძღვანელობაში შეინიშნებოდა ერთგვარი დაბნეულობა საპასუხო ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით და წარმატებით განახორციელა ერთ-ერთი მთავარი მოწინააღმდეგის, ნასრალასა, და ორგანიზაციის სხვა ლიდერების ლიკვიდაცია.

            ამ ფაქტით გამოჩნდა, რომ ისრაელის სადაზვერვო, პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კოორდინაცია მაღალ დონეზეა (ერთმა მოიპოვა ძალზე მნიშვნელოვანი სადაზვერვო ინფორმაცია, მეორემ მალევე გასცა ლიკვიდაციის ბრძანება, ხოლო მესამემ უშეცდომოდ აღასრულა მიღებული გადაწყვეტილება) და ისინი ერთად მუშაობენ მიზნების მისაღწევად.

            ასეთი ქმედებით ისრაელმა და, განსაკუთრებით კი, მისმა დაზვერვამ დიდწილად აღიდგინა ის რეპუტაციული ზიანი, რომელიც მას მიდგა 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული მოულოდნელი თავდასხმის შედეგად.

            ისრაელმა ბოლო ქმედებებით შეძლო ხელმძღვანელობის გარეშე დაეტოვებინა  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასახელმწიფო აქტორი „ჰეზბოლას“ სახით. ამასთან, მან ქაოსი, შიში და დაბნეულობა შეიტანა მოწინააღმდეგეების რიგებში.

            დღეს ისრაელის განცხადებები, რომ ისინი მიაგნებენ და გაანადგურებენ ყველას, ვინც ისრაელის სახელმწიფოს არსებობას ეწინააღმდეგება, კიდევ უფრო დამაჯერებლად ჟღერს. შესაბამისად, ვხედავთ მისი მტრების არაკოორდინირებულ და გაუბედავ ქმედებებს.

            საერთო ჯამში, გამოჩნდა, რომ ისრაელმა ხელში აიღო ინიციატივა. თუ აქამდე ისრაელი ძირითადად მოწინააღმდეგეების ქმედებებზე რეაგირებდა, ახლა იგი უფრო პროაქტიული გახდა – ისრაელის სამხედრო ავიაცია ბომბავს „ჰამასის“ პოზიციებს ღაზის სექტორში, ჰუთისების ინფრასტრუქტურას (განსაკუთრებით კი, მის კონტროლქვეშ არსებულ საზღვაო პორტებს) იემენში, ასადისა და პროირანული ძალების თავშეყრის ადგილებს სირიაში.

ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ ისრაელმა ბოლო სამხედრო ოპერაციას „ახალი წესრიგი“ უწოდა. იგი აშკარად ცდილობს შეცვალოს სტატუს-კვო რეგიონში და ამას აკეთებს წინასწარ კარგად მომზადებული და გაწერილი გეგმის მიხედვით.

ამ გეგმის შესრულებას არაერთი ფაქტორიც უწყობს ხელს:

  1. ირანისა და მისი მოკავშირეების ყოყმანი და ორჭოფობა ისრაელის წინააღმდეგ საპასუხო ნაბიჯების გადადგმასთან დაკავშირებით (ეს განსაკუთრებით თვალნათლივ გამოჩნდა 2024 წლის 31 ივლისს თეირანში „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ჰანიას ლიკვიდაციის შემდეგ, როდესაც ირანმა თითქმის უპასუხოდ დატოვა ეს ფაქტი – იგი მხოლოდ სიტყვიერი მუქარით შემოიფარგლა);
  2. აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა ისრაელის მიმართ (როგორც დამატებითი სამხედრო ნაწილების გაგზავნა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ისე ამერიკული შეიარაღების მიწოდება ისრაელის არმიისთვის);
  3. ირანის მთავარი მოკავშირის – რუსეთის „ჩაფლულობა“ უკრაინასთან ომში. ასეთ სიტუაციაში მოსკოვს ნაკლებად სცალია ახლო აღმოსავლეთის რეგიონისთვის.

 

ლიბანის ეთნოკონფესიური რუკა

 

ამიტომ ისრაელი აგრძელებს პროაქტიული ნაბიჯების გადადგმას. ხასან ნასრალას ლიკვიდაციით არაფერი დასრულებულა. როგორც ჩანს, ის მხოლოდ ერთი ფრაგმენტია ისრაელის მიერ წამოწყებული ქმედებებისა.

ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ისრაელმა დამატებითი სახმელეთო ნაწილები გადაისროლა ქვეყნის ჩრდილოეთ ლიბანის საზღვრის სიახლოვეს. 1 ოქტომბერს მან ლიბანის საჰაერო დამუშავების შემდეგ იქ სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო, რათა უზრუნველყოს უსაფრთხო გარემო ჩრდილოეთ ისრაელში, რომლის მაცხოვრებლებიც „ჰეზბოლას“ მიერ წარმოებული დაბომბვების გამო თვეების განმავლობაში ვერ ახერხებენ თავიანთ სახლებში დაბრუნებას.

შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ლიბანთან დაკავშირებით ისრაელის პოლიტიკის პროგრამა, მინიმუმი, ამ ქვეყნის სამხრეთ ტერიტორიების დაკავება და მისი „ჰეზბოლას“ სამხედრო დაჯგუფებებისგან გაწმენდა უნდა იყოს, ხოლო მაქსიმუმი შესაძლოა მთელ ლიბანში წლების განმავლობაში არსებული სტატუს-კვოს შეცვლა გახდეს.

აქედან რომელზე გააკეთებს ისრაელი არჩევანს, დიდწილად იქნება დამოკიდებული დიდი აქტორების (აშშ, რუსეთი, ირანი) პოზიციებსა და ქმედებებზე. ხოლო ის, რომ ისრაელს ქმედითი ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება და სამხედრო ძალა აქვს, კარგად გამოჩნდა ხასან ნასრალას ლიკვიდაციის ფაქტით.