ეკა ჯავახიშვილი, ანალიტიკოსი
2020 წლის მთიანი ყარაბაღის 44-დღიანი ომის შემდეგ ეუთოს მინსკის ჯგუფის ეფექტურობის შესახებ ბევრი კითხვა დაისვა. ეუთოს წევრი ქვეყნების ჯგუფმა, რომელიც 1992 წლიდან ხელმძღვანელობდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის გზების ძიების საქმეს და შუამავლის როლს ასრულებდა მხარეებს შორის მოლაპარაკებებში, ვერ შეძლო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების თავიდან აცილება. ომის შემდეგ კონფლიქტის მხარეებს შორის ძირითადი შუამავლის მისია რუსეთმა იკისრა და ეუთოს მინსკის ჯგუფის პროცესებისგან დისტანცირებას შეუწყო ხელი. სწორედ რუსეთის შუამავლობით გაფორმდა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის კრემლმა თავისთვის ხელსაყრელი სამმხრივი დიალოგის ფორმატი (სომხეთი, აზერბაიჯანი და რუსეთი) შექმნა. ამ ეტაპზე, აზერბაიჯანი ეუთოს მინსკის ჯგუფის საქმიანობის გაგრძელებას საჭიროდ აღარ მიიჩნევს, რადგან ფიქრობს, რომ კონფლიქტი სამხედრო გზით უკვე ამოწურულია. რაც შეეხება სომხურ მხარეს, ოფიციალური ერევანი ჯერ კიდევ ცდილობს მინსკის ჯგუფის ფორმატის შენარჩუნებას, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე.
8 აპრილს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ტრიოს (რუსეთი, აშშ, საფრანგეთი) დაშლის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა აშშ-დან და საფრანგეთიდან რუსეთთან ამ ფორმატში კომუნიკაციაზე უარი განაცხადეს. მან იქვე დასძინა, რომ არ იცის, რა ბედი ელის მინსკის ჯგუფს, თუმცა მოსკოვი ბაქოსა და ერევანს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და ყველა იმ შეთანხმების განხორციელების ერთგული რჩება, რომელსაც სამმხრივ ფორმატში მიაღწიეს.
ლავროვმა საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიოდ მიუთითა, რომ რუსეთი არ აპირებს დასავლეთისთვის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ინიციატივის დათმობას. გარდა ამისა, ოფიციალურმა მოსკოვმა ახალი სტატუსი მიანიჭა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეს რუსეთიდან, იგორ ხოვაევს, რომელიც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დარეგულირების მიზნით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა. რუსეთი ამ გზით ცდილობს შეინარჩუნოს პრივილეგირებული პოზიცია ყარაბაღის საკითხის ირგვლივ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
რატომ არის სომხეთი დაინტერესებული მინსკის ჯგუფის შენარჩუნებით?
ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას კვლავაც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში ხედავს. სომხური მხარისთვის მინსკის ჯგუფის ფორმატის შენარჩუნების აუცილებლობა იმაში მდგომარეობს, რომ სწორედ ეს ფორმატი ითვალისწინებს სომხური მხარის ინტერესებს ე.წ. მადრიდის პრინციპების საფუძველზე. მადრიდის პრინციპებს შორის უმთავრესი პუნქტია ერების თვითგამორკვევის უფლება და მთიანი ყარაბაღის სამართლებრივი და პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრა უშუალოდ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, რაც სომხური მხარის ინტერესებს შეესაბამება. ამჟამად ერევანი დაინტერესებულია, რომ მინსკის ჯგუფის შუამავლობით წარმართოს არა მხოლოდ ყარაბაღის დარეგულირების საკითხი, არამედ აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების თემაზე მოსალოდნელი მოლაპარაკებებიც.
ლავროვის განცხადების შემდეგ საფრანგეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურეს მზადყოფნა, კვლავაც შეიტანონ წვლილი ერევანსა და ბაქოს შორის მშვიდობის დამყარებაში, მათ შორის, მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სტატუსით. საკითხის განსახილველად 11 აპრილს სომხეთს ეწვია ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე საფრანგეთიდან ბრაის როკფო, 18 აპრილს კი – ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე აშშ-დან ენდრიუ შოფერი. როკფომ გამოხატა საფრანგეთის სურვილი, რომ შენარჩუნდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფორმატი, ხოლო შოფერმა განაცხადა, რომ ამერიკული მხარე ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში თავის მანდატზე არ ამბობს უარს.
აღნიშნული პროცესების შემდეგ, 19 მარტს, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში შეხვდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუმანიტარული ამოცანებისა და მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების პოლიტიკური და დიპლომატიური გზებით გადაჭრის კონტექსტში, ფაშინიანმა და პუტინმა ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ინსტიტუტის პოტენციალისა და გამოცდილების გამოყენების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამასთანავე, ორი ქვეყნის ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მნიშვნელოვან წვლილს კონფლიქტის ზონაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
სომხეთის შერბილებული პოზიცია
აღსანიშნავია, რომ მადრიდის ერთ-ერთი პრინციპი ითვალისწინებს მთიანი ყარაბაღის მიმდებარე რაიონების აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადაცემას, რასაც სომხური მხარე ეწინააღმდეგება. თუმცა, ნიკოლ ფაშინიანის ბოლოდროინდელი განცხადებები ერევნის შერბილებულ პოზიციაზე მიუთითებს. 13 აპრილს, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ეროვნულ ასამბლეაში გამოსვლისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება მთიანი ყარაბაღის სტატუსთან დაკავშირებით სომხეთის მიერ დაწესებული თამასის დაწევას ელის. მან ასევე თქვა, რომ ერევნისთვის მოლაპარაკების მთავარი მიზანი აღარ იქნება მთიანი ყარაბაღის სტატუსზე შეთანხმება, არამედ ყარაბაღელი სომხების ყველა უფლებისა და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფა.
ეს განცხადება საწინააღმდეგოა იმ პოლიტიკისა, რასაც სომხეთი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში აწარმოებდა. როგორც ჩანს, ფაშინიანის ახალი მიდგომა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთაც სიტუაციის უფრო რეალისტური შეფასების შედეგია, რადგან ფაქტია, რომ რუსეთი სომხეთს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს ვერ სთავაზობს, საერთაშორისო საზოგადოების აზრი კი მთანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყოფნისკენ იხრება.
ფაშინიანის ახალ პოლიტიკურ ინიციატივაზე სომხეთის საზოგადოების რეაქცია ზომიერად კრიტიკული იყო, თუმცა ის ცალსახად მიუღებელია სომხეთის ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ნებისმიერი სტატუსით აზერბაიჯანის შემადგენლობაში ყოფნას გამორიცხავენ. ფაშინიანის ინიციატივამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია არაღიარებული მთიანი ყარაბაღის დე ფაქტო პარლამენტშიც და ის „წითელი ხაზების“ გადაკვეთად შეფასდა.
ევროკავშირის ჩართულობის ზრდა კონფლიქტის დარეგულირებაში
ბოლო პერიოდში ევროკავშირი საკმაოდ გააქტიურდა სომხურ-აზერბაიჯანული კონფლიქტის დარეგულირებაში. 6 აპრილს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს შორის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა, სადაც ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი სასაზღვრო კომისიის შექმნასა და სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის მუშაობის დაწყებაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, ინიციატივით გაიმართა, ამჯერად უკვე მეორედ, 2021 წლის დეკემბრის შემდეგ, რაც მიუთითებს, რომ დასავლეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში მეტად გააქტიურებას. ბრიუსელს სურს დააბალანსოს რუსეთის წამყვანი პოზიციები რეგიონში, თუმცა ევროკავშირის დაინტერესებას ზრდის ევროპის ენერგომომარაგების წყაროების დივერსიფიცირების პროცესში აზერბაიჯანის მზარდი როლიც. რუსულ ენერგორესურსებზე უარის თქმის პარალელურად, ევროპა გეგმავს აზერბაიჯანიდან დამატებითი მოცულობის ბუნებრივი აირის მიღებას, შესაბამისად, კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს სამხრეთ კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი.
სომხეთი და აზერბაიჯანი ყოველთვის ხაზგასმით მოიხსენიებენ რუსეთის წვლილს სამმხრივ შეთანხმებებში. თუმცა, პარლამენტში ბოლო გამოსვლის დროს ფაშინიანმა არანაკლები ყურადღება დაუთმო ევროკავშირისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის ძალისხმევას, რომლის ინიციატივითაც ფაშინიანსა და ალიევს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ფაშინიანი შარლ მიშელს პუტინთან შეხვედრამდეც ესაუბრა, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა სომხეთის პრემიერს მშვიდობიანი, სტაბილური და უსაფრთხო სამხრეთ კავკასიის მშენებლობაში.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას ასევე ირიბად გააკრიტიკა რუსული სამშვიდობო ძალები და განაცხადა, რომ 24 მარტს მომხდარი ინციდენტი, როდესაც აზერბაიჯანული სამხედრო ძალები მთიან ყარაბაღში სომხურ სოფელში შევიდნენ, მათი პასუხისმგებლობის ფარგლებში მოხდა. ფაშინიანი უფრო თამამი იყო კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის კრიტიკისას, რომელიც მან უმოქმედობაში დაადანაშაულა.
დასკვნა
ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ფორმატის დაშლა, ერთი შეხედვით, მიანიშნებს, რომ სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტის დარეგულირების ბერკეტები რუსეთის ხელში ინაცვლებს. თუმცა, მეორე მხრივ, უკრაინასთან ომში მყოფი და საერთაშორისო იზოლაციაში მოქცეული რუსეთის გავლენა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვნად შესუსტდება, რაც აუცილებლად გამოიწვევს დასავლეთის სტრუქტურების ჩართულობის გაზრდას რეგიონული კონფლიქტების გადაჭრაში. ამ მოვლენებმა შეიძლება ბიძგი მისცეს უფრო ფართო, საერთაშორისო კოალიციის შექმნას მთიანი ყარაბაღის საკითხის ირგვლივ, რომელშიც, რუსეთთან ერთად, ძირითადი მოთამაშეები იქნებიან დასავლური სახელმწიფოები და სტრუქტურები. ბუნებრივია, რეგიონში უსაფრთხოების კუთხით შეცვლილი დინამიკა მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს საქართველოზეც, რომლის ინტერესებშიც შედის რეგიონში სტაბილური მშვიდობის დამყარება და ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირება.