ავტორი: იაკობ დადვანი
ბოლო ორი ათწლეულია რუსეთის საგარეო პოლიტიკის დისკურსში მთავარი ნარატივია ნატოს არგაფართოებასთან დაკავშირებული „პირობის დარღვევა“. რუსი მაღალი თანამდებობის პირები ამ ნარატივს საერთაშორისო პლატფორმებზე სხვადასხვა ფორმით იმეორებენ. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია 2007 წლის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ წარმოთქმული სიტყვა, სადაც მან დასავლეთი გააკრიტიკა: „ნატოს გაფართოება სერიოზული პროვოკაციაა, რომელიც ამცირებს ურთიერთნდობის დონეს. და ჩვენ გვაქვს უფლება ვიკითხოთ: ვის წინააღმდეგ არის მიმართული ეს გაფართოება? და რა ბედი ეწია ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ვარშავის პაქტის დაშლის შემდეგ მიღებულ დაპირებებს?“.
ნარატივი ორ ძირითად მიზანს ემსახურება:
- ზემოქმედება რუსეთის შიდა აუდიტორიაზე
და
- გზავნილი დასავლეთისთვის, თუ რა შედეგებს მოიტანს რუსეთის „უკანა ეზოში“ ნატოს შესაძლო გაფართოება.
შიდა აუდიტორიაზე ზემოქმედების თვალსაზრისით ნარატივი მიზნად ისახავდა მეზობელ დამოუკიდებელ ქვეყნებზე რუსეთის თავდასხმასთან დაკავშირებით (საქართველოში შეჭრა 2008 წელს, უკრაინის ყირიმის ანექსია 2014 წელს და უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 2022 წელს) მორალური და ეროვნული მხარდაჭერის მოპოვებას. გეოპოლიტიკურ დაძაბულობებსა და სამხედრო კონფლიქტებში ამ განცხადების გავლენისა და როლის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია სხვადასხვა ისტორიულ წყაროზე (ეროვნული უსაფრთხოების არქივებიდან ბრიფინგების ჩანაწერები და სხვ.) დაყრდნობით გულდასმით შემოწმდეს მისი საფუძველი.
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია დადგინდეს, რა სახის გარანტია იყო მიცემული, თუკი საერთოდ იყო რაიმე გარანტია. მეორე – მნიშვნელოვანია გამოვიკვლიოთ, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელმა გორბაჩოვმა რატომ არ დააყენა საკითხი ოფიციალურად და არ მოითხოვა ამ გარანტიისთვის სამართლებრივი ძალის მქონე შეთანხმების ფორმის მიცემა. ბოლოს ყურადღება უნდა მიექცეს ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი დირექტორის რობერტ გეითსის განმარტებას: „გორბაჩოვი და სხვები დაარწმუნეს, რომ ეს არ მოხდებოდა“.[1]
რა ხედვა ჰქონდა გორბაჩოვს „პირობის დარღვევასთან“ დაკავშირებით
ნატოს არგაფართოების შესახებ დაპირების თაობაზე საბჭოთა კავშირის ცკ-ის გენერალური მდივნის მიხეილ გორბაჩოვის განცხადებებს თუ გადავხედავთ, აშკარაა, რომ მისი შენიშვნები ორაზროვანია და მკაფიოდ არ ადასტურებს იყო თუ არა რაიმე სახის გარანტია აშშ-ისა ან ნატოს წევრი ქვეყნების მხრიდან. გორბაჩოვმა თქვა, რომ „ნატოს გაფართოება საერთოდ არ განიხილებოდა და საკითხი არც იმ დროს წამოჭრილა”[2], თუმცა პარალელურად შემდეგი რამ განაცხადა:
გორბაჩოვის ბუნდოვანი პოზიციის გასაგებად აუცილებელია გავარკვიოთ, თუ რატომ დათანხმდა იგი გერმანიის გაერთიანებას ნატოს მომავლის შესახებ ფორმალური გარანტიის უზრუნველყოფის გარეშე? განვიხილავთ შესაძლო მიზეზებს, რამაც განაპირობა „პირობის დარღვევის“ საკითხზე მისი ორაზროვანი შეხედულება.
დიპლომატიური მოლაპარაკებები გერმანიის გაერთიანების შესახებ
დასავლეთისა და საბჭოთა კავშირის ურთიერთობებში გერმანიის გაერთიანება იმ გადამწყვეტ ეტაპს წარმოადგენდა, როდესაც აღნიშნული გარანტიების მიღების ალბათობა მაღალი იყო. პრეზიდენტ ჯორჯ ჰ. უ. ბუშისა და გენერალური მდივან მიხეილ გორბაჩოვის პირველი შეხვედრა მალტის სამიტზე იყო 1989 წლის დეკემბერში. ამ შეხვედრაზე აშშ-ს ნატოს არგაფართოების შესახებ ოფიციალური გარანტია არ მიუცია, თუმცა პრეზიდენტმა ბუშმა გორბაჩოვს გარკვევით უთხრა: „მე არ ვცეკვავდი ბერლინის კედელზე”, რაც იმის დასტური იყო, რომ აშშ-ს არ სურდა იმ პოლიტიკური ცვლილებების ან ანტისაბჭოთა მოძრაობების მხარდაჭერა, რომელიც ვარშავის პაქტის ქვეყნებში საბჭოთა პოზიციას შეასუსტებდა.
1989 წლის დასაწყისში ლაიფციგში დაწყებული სამოქალაქო არეულობა და მასობრივი დემონსტრაციები, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთითაც გავრცელდა, გერმანიის გაერთიანების პროცესის მთავარი მუხტი იყო. 1990 წელს ტუცინგში (ბავარია) გამოსვლისას დასავლეთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰანს-დიტრიხ გენშერმა აღნიშნა, რომ გერმანიის გაერთიანებამ და ვარშავის პაქტის ქვეყნების დამოუკიდებლობამ არ უნდა დააზიანოს საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ინტერესები. მან ხაზი გაუსვა, რომ „ნატომ უნდა გამორიცხოს თავისი ტერიტორიის აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოება, რაც საბჭოთა საზღვრებთან მიახლოებას ნიშნავს“.
ნატოს არგაფართოების შესახებ პირველი მკაფიო ზეპირი გარანტია ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა 1990 წლის თებერვალში გორბაჩოვთან და შევარდნაძესთან შეხვედრაზე გააჟღერა. მან ცალსახად აღნიშნა, რომ აშშ და მისი ნატოს მოკავშირეები გერმანიის გაერთიანებას არ გამოიყენებდნენ გარკვეული სტრატეგიული უპირატესობის მისაღებად და რომ ეს არც საბჭოთა საზღვრისთვის იქნებოდა მზარდი რისკის შემცველი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მდივანმა ბეიკერმა გერმანიის გაერთიანების გარდაუვალი პროცესის შედეგად მოვლენათა განვითარების ორი სცენარი წარმოადგინა: „რა გირჩევნიათ, ერთიანი გერმანია ნატოს გარეთ, დამოუკიდებელი და აშშ-ის ძალების გარეშე, თუ ნატოს წევრი ერთიანი გერმანია გარანტიებით, რომ ნატოს იურისდიქცია ერთი გოჯითაც არ გადაინაცვლებს მისი დღევანდელი პოზიციიდან აღმოსავლეთით?“ ერთიანი გერმანია ქვეყანაში ნატოს ძალების გარეშე არ წარმოადგენდა საუკეთესო სცენარს არც საბჭოთა და არც ევროპის ქვეყნებისთვის. ორივე მსოფლიო ომის დაწყებაში გერმანიის როლის გათვალისწინებით, მისი გაერთიანება მომავალში გლობალური სტაბილურობისა და ძალთა ბალანსისთვის პოტენციური გამოწვევა იყო.
მოლაპარაკებები ერთმნიშვნელოვნად იყო გერმანიის გაერთიანების პროცესზე კონცენტრირებული და შესაძლოა, ზეპირი გარანტიები ქვეყნის გაერთიანების ვადებთან დაკავშირებით გაიცა. იმ დროს საბჭოთა კავშირის დაშლა, სავარაუდოდ, შორეულ პერსპექტივად განიხილებოდა; ამიტომ დიდი ძალების კონკურენციის კონტექსტში საბჭოთა კავშირი კვლავ ზესახელმწიფოდ განიხილებოდა, რომელსაც ვარშავის პაქტის ქვეყნებში მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ინტერესები ჰქონდა.
სახელმწიფო მდივან ბეიკერის მიერ წარმოდგენილი ორი სცენარის შემდგომი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია მათი საბჭოთა პერსპექტივიდან განხილვა. გორბაჩოვისთვის ნატოს წევრი გერმანია ბევრად სასურველი სცენარი იყო, რადგან ამ შემთხვევაში გერმანიის მიერ მორიგი მსოფლიო ომის წამოწყების ალბათობა მცირდებოდა. მეორე დღეს კრემლში გორბაჩოვთან შეხვედრისას დასავლეთ გერმანიის კანცლერმა ჰელმუტ კოლმა გაიმეორა ფრაზა – „არც ერთი გოჯით აღმოსავლეთით“.
1990 წლის მაისში სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა ორი შეხვედრა გამართა საბჭოთა ლიდერებთან. შევარდნაძესთან შეხვედრაზე გერმანიის გაერთიანების საკითხის განხილვისას მან სხვა რიტორიკა გამოიყენა: „აღნიშნული პროცესი არ გამოავლენს გამარჯვებულებს და დამარცხებულებს. ის შექმნის ახალ ლეგიტიმურ ევროპულ სტრუქტურას, რომელიც იქნება ინკლუზიური და არა ექსკლუზიური“. ეს განცხადება ცხადყოფს, რომ სახელმწიფო მდივანმა ბეიკერმა საბჭოთა კოლეგას არანაირი დაპირება არ მისცა; სანაცვლოდ, მან დაარწმუნა შევარდნაძე, რომ გერმანიის გაერთიანება არ დააზარალებდა საბჭოთა პოზიციებს ან რეპუტაციას გლობალურ სცენაზე, რადგან ხელოვნური კედელი, რომელიც ერთი და იმავე ეროვნების ადამიანებს ერთმანეთისგან აცალკევებს „ცივი ომის სისასტიკეა“, ხოლო ბერლინის კედლის დანგრევა კრიზისის დასასრულს და ორივე მხარის გამარჯვებას უზრუნველყოფდა.
ახალი ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურა იყო შესაძლებლობა, მაგრამ არა – გარანტია. 1990 წლის თებერვალში შეხვედრისას კოლმა და გორბაჩოვმა აღნიშნეს, რომ „ჰელსინკის შეთანხმების თანახმად, სახელმწიფოები თავად ირჩევენ რომელ ალიანსში გაწევრიანდნენ, ასე რომ, გერმანიას შეეძლო ნატოს არჩევა“. შესაბამისად, ჰელსინკის შეთანხმება უზრუნველყოფდა გერმანიის მიერ ალიანსის არჩევის თავისუფლებას. ამ დროისათვის გერმანიის ინტერესებში არ შედიოდა საბჭოთა კავშირის გარეშე ახალი ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის ჩამოყალიბების შესაძლებლობა. მდივანი ბეიკერის მეორე შეხვედრა გორბაჩოვთან მაისში გაიმართა, სადაც მან აღნიშნა: „ჩვენი პოლიტიკის მიზანი არ არის საბჭოთა კავშირიდან აღმოსავლეთ ევროპის განცალკევება. მსგავსი პოლიტიკა ადრე გვქონდა. დღეს ჩვენ დაინტერესებული ვართ სტაბილური ევროპის აშენებით და ამ პროცესში თქვენც იქნებით ჩართული.
ამის შემდეგ, 1990 წლის მაისში, საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა მიტერანი ეწვია კრემლს. ამერიკისგან განსხვავებით, მისი რიტორიკა უფრო რბილი იყო. გორბაჩოვთან შეხვედრისას მან ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის სრული სახეცვლილებისა და სამხედრო ბლოკების გაუქმების აუცილებლობაზე ისაუბრა. ასევე ხაზგასმით აღნიშნა „[თქვენთვის] უსაფრთხოების პირობების შექმნისა და მთლიანად ევროპის უსაფრთხოების“ მნიშვნელობა. 1990 წლის ივნისში გორბაჩოვს მისი ბრიტანელი კოლეგა მარგარეტ ტეტჩერი შეხვდა ლონდონის სამიტზე, სადაც მისი მიზანი ნატოს ტრანსფორმაცია და სამხედრო ალიანსიდან უფრო პოლიტიკურ ორგანიზაციად ჩამოყალიბება იყო. ტეტჩერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია კოლექტიურმა დასავლეთმა გამონახოს გზები და დაარწმუნოს საბჭოთა კავშირი მის უსაფრთხოებაში. ორივე ევროპელი ლიდერის რიტორიკა აშკარად მოიცავდა მინიშნებებს გარანტიებზე, თუმცა არცერთს დაუდია ნატოს არგაფართოების პირობა.
შეცვლილი ნარატივი და აშშ–ის გარანტიების შემცირება
ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა სწრაფად გადახედეს თავიანთ პოზიციას გორბაჩოვისთვის მიცემულ ზეპირ გარანტიებთან დაკავშირებით. აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოებისგან თავის შეკავების იდეა აშშ-მ და მისმა მოკავშირეებმა სწრაფად უგულებელყვეს. გაერთიანებულ გერმანიაში, სადაც ნატოს იურისდიქცია თავდაპირველად მხოლოდ ქვეყნის დასავლეთზე ვრცელდებოდა, მე-5 მუხლის და კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიების განხორციელება ტექნიკურად შეუძლებელი გახდა. შედეგად, პრეზიდენტ ჰ. უ. ბუშის ეროვნული უშიშროების საბჭომ უარყო ნატოს გაფართოების შეზღუდვის იდეა. როდესაც 1990 წლის 12 სექტემბერს ხელი მოეწერა გერმანიის გაერთიანების საბოლოო ხელშეკრულებას, გდრ-ს მიენიჭა „განსაკუთრებული სტატუსი“. მემორანდუმში არ იყო ნახსენები აღმოსავლეთ გერმანიაზე ნატოს იურისდიქციის გავრცელების აკრძალვა. ზეპირი გარანტიების მიუხედავად, „განსაკუთრებული სტატუსი“ არ მოიცავდა მკაფიო განცხადებას, რომ გაერთიანებული გერმანიის მთელ ტერიტორიაზე ნატო არ განათავსებდა კონვენციურ სამხედრო ძალას.
მთავარი კითხვაა, თუ რატომ დათანხმდა გორბაჩოვი გერმანიის გაერთიანებას სამართლებრივი ძალის მქონე შეთანხმების ფორმალიზების გარეშე, რომელიც უზრუნველყოფდა ვარშავის პაქტის ქვეყნების მიმართულებით ნატოს არგაფართოებას; განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ისა და მისი მოკავშირე ნატოს მხრიდან 1989 წლის მალტის სამიტის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო ზეპირი დაპირებები მიიღო. გამოჩენილი ისტორიკოსი მერი საროტი თავის სტატიაში წერს, რომ საბოლოოდ გორბაჩოვმა „საბჭოთა ჯარების გაყვანის სანაცვლოდ, 12 მილიარდი გერმანული მარკა მიიღო საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის, ასევე 3 მილიარდის ოდენობის უპროცენტო კრედიტი. რაც არ მიუღია, სწორედ ნატოს გაფართოების წინააღმდეგ რაიმე ოფიციალური გარანტიაა“.
დასკვნა
იმ დროს გორბაჩოვი არ შესწინააღმდეგებია აშშ-ისა და მის ევროპელ მოკავშირეთა შეცვლილ რიტორიკას. უფრო მეტიც, აშშ-ის გარანტიების დამადასტურებელი ოფიციალურად ხელმოწერილი მემორანდუმის არარსებობა ნათლად მიუთითებს, რომ საწყის ეტაპზე ზეპირი დაპირებების მიზანი საბჭოთა კავშირის მოლაპარაკებების პოზიციის განსაზღვრა იყო. მოლაპარაკებების დროს გორბაჩოვის პოზიცია იმაზე ლმობიერი იყო, ვიდრე ამას ამერიკელი და ევროპელი ოფიციალური პირები ელოდნენ. მოლაპარაკებების განმავლობაში გორბაჩოვი „დაარწმუნეს“, რომ აშშ და მისი ნატოს მოკავშირეები გერმანიის გაერთიანებას არ განიხილავდნენ, როგორც საბჭოთა კავშირის სტრატეგიული ინტერესებისთვის სახიფათო შესაძლებლობას. რაც მთავარია, მაშინ, როცა საბჭოთა კავშირს ჰქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიეღო ახალი ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ჩამოყალიბებაში, ამ ზეპირი გარანტიების გასამყარებლად ოფიციალური ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
შესაძლოა, საბჭოთა კავშირის საშინაო პოლიტიკის სირთულეები, რაც ძირითადად „პერესტროიკისა“ (გარდაქმნა) და „გლასნოსტის“ (საჯაროობა) მიმდინარე პროცესებს მოიცავდა, იყო მიზეზი, რატომაც არ მიიჩნია საჭიროდ გორბაჩოვმა ნატოს მომავალ გაფართოებაზე ოფიციალური შეთანხმების გაფორმება. მან დასავლეთ გერმანიისგან „დაპირების“ ფორმალიზაციის სანაცვლოდ საჭირო ფინანსური დახმარება მიიღო – გარანტია, რომელიც აქტუალური მხოლოდ გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებების საწყის ეტაპზე იყო.
ნატოს გაფართოების თაობაზე „პირობის დარღვევის“ რუსული პროპაგანდისტული ნარატივი ფაბრიკაციაა და ისტორიულად დაუსაბუთებელი განცხადება. უფრო მეტიც, ნატოს არგაფართოების შესახებ გორბაჩოვისთვის მიცემულმა სიტყვიერმა გარანტიებმა ცივი ომის შემდეგ მნიშვნელობა დაკარგა, რადგან არ მომხდარა მათი სამართლებრივი ძალის მქონე შეთანხმებად ჩამოყალიბება და ახლად ჩამოყალიბებულ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არ უღიარებია. ასეთი გარანტიები ფორმალურ ხელშეკრულებაში კოდიფიცერების შემთხვევაშიც კი სამართლებრივ ძალას დაკარგავდნენ, თუ სსრკ-ის დაშლის შემდეგ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ეროვნული პარლამენტები არ მოახდენდნენ მათ რატიფიცირებას.