ავტორი: გელა ხმალაძე
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა 2024 წლის 10 ოქტომბერს რუსეთის ფედერალური საბჭოს სენატორს, მილიარდერ სულეიმან კერიმოვსა და სახელმწიფო დუმის ჩრდილოკავკასიელ დეპუტატებს რიზვან კურბანოვს და ბეკხან ბარახოევს საჯაროდ დასდო ბრალი თავისი მკვლელობის დაკვეთაში და მათ სისხლის აღებით დაემუქრა, თუკი თავს ვერ გაიმართლებდნენ და საპირისპიროს არ დაამტკიცებდნენ.
ამ მუქარას წინ უძღოდა რუსულ მარკეტინგულ კომპანია „უაილდბერისთან“ დაკავშირებული დავა, როდესაც კომპანიის მფლობელთა შორის ბიზნესის წილების გაყოფის თაობაზე დაწყებული უთანხმოების მოგვარება რამზან კადიროვმა საკუთარ თავზე აიღო საჯაროდ.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის ეს საჯარო მუქარა შესაძლოა ერთდროულად ამ საქმესთან დაკავშირებულ რამდენიმე მომენტს ააშკარავებდეს, კერძოდ:
- რამზან კადიროვმა ვერ დაინახა ლეგალური გზა საკუთარი პროტეჟეს – ვლადისლავ ბაკალჩუკის ბიზნესინტერესების დასაცავად.
- თავად რამზან კადიროვი იყო 18 სექტემბერს მოსკოვის ცენტრში „უაილდბერისის“ სათავო ოფისში შეჭრის ინიციატორი და ორგანიზატორი, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
- რუსეთის ფედერალურ საგამოძიებო უწყებებს მიეცათ კანონიერი საფუძველი, რომ პირდაპირ გავიდნენ ჩეჩნეთის ლიდერსა და მის უახლოეს გარემოცვაზე და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყონ.
ვფიქრობთ, ამ საქმეში ყველაზე საყურადღებოა, თუ რამ აიძულა რამზან კადიროვი საჯაროდ დაპირისპირებოდა რუსეთის ფედერაციის საკანონმდებლო ორგანოს გავლენიან წარმომადგენლებს და ხსენებული ბიზნესკონფლიქტი აბსურდული და დრომოჭმული ადათობრივი სამართლის სისტემასთან დაეკავშირებინა. აგრეთვე საინტერესოა თავად ჩეჩენ ლიდერს რა შეიძლება მიაჩნდეს მთავარ გამოწვევად, რამაც შეიძლება ეგზისტენციალური საფრთხე შეუქმნას რუსეთის ფედერაციაში მისი კლანის არსებობას.
მყიფე სტაბილურობა
უკვე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ რ. კადიროვი არა მხოლოდ თავისი საჯარო განცხადებებით, არამედ კონკრეტული ქმედებებითაც უკვე დიდი ხანია გასულია რუსეთის სამართლებრივი სივრციდან. სწორედ ხელშეუხებლობა და დაუსჯელობა იქცა მისი პოლიტიკური მოქმედებების მთავარ მარკერად.
გარდა იმისა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკაში შექმნილი მმართველობის სისტემა მთლიანად რამზან კადიროვის სანათესავო კლანზეა მორგებული, რ. კადიროვი პოლიტიკური გავლენებით დიდი ხანია გასცდა ამ ფედერალური სუბიექტის ფარგლებს და ჩამოყალიბდა ფედერალური დონის პოლიტიკურ მოთამაშედ. მის გავლენებს, რასაკვირველია, მხოლოდ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის განსაკუთრებული კეთილგანწყობა და ნდობა უზრუნველყოფს.
აქამდეც აღგვინიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაში რამზან კადიროვის ძალაუფლება ბოლო დრომდე თანაბრად იყო დაფუძნებული ორ – ძალისმიერ და ფინანსურ სეგმენტზე. ერთი მხრივ, მისი ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ იყო ჩეჩნური შეიარაღებული დანაყოფები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ნაციონალური გვარდიის ფედერალური სამსახურის სტრუქტურებში მხოლოდ ფორმალურად შედიოდნენ.
ამ თვალსაზრისით, მოსკოვის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო უკრაინასთან საომარი კონფლიქტის ზონაში მყოფი ჩეჩნური საბრძოლო შენაერთების საერთო მეთაურის აფთი ალაუდინოვის დანიშვნა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სამხედრო-პოლიტიკური სამმართველოს უფროსის მოადგილედ, ხოლო თავად ამ დანაყოფების მებრძოლების გადაყვანა თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამსახურზე. რუსეთის ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით რ. კადიროვს ფაქტობრივად ხელიდან გამოაცალა ამ საბრძოლო შენაერთებზე კონტროლის მექანიზმები. მართლაც, თუ გადავხედავთ მოვლენების განვითარებას დროში, ხსენებული ცვლილებების შემდეგ რამზან კადიროვი რუსეთ-უკრაინის საომარი კონფლიქტის ზონაში აღარ ჩასულა და რეალურად ჩამოშორებულია ტაქტიკური საბრძოლო თუ ლოჯისტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესს. მეტიც, დღესდღეობით ა. ალაუდინოვის დაქვემდებარებაში მყოფ საბრძოლო შენაერთებს მხოლოდ პირობითად შეიძლება ეწოდოს ჩეჩნური, რადგან სხვადასხვა არაოფიციალური მონაცემის თანახმად, ისინი ძირითადად კომპლექტდება რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებიდან და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან დაქირავებული კონტრაქტორებით და მათი საკადრო შემადგენლობის მხოლოდ 10-20%-ს წარმოადგენენ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მცხოვრებლები.
აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ საომარ მოქმედებებში ე. წ. ჩეჩნური შეიარაღებული ფორმირებების როლი მინიმალურია და ისინი ვერ ასრულებენ გარდამტეხ როლს რუსეთის არმიის მიერ ჩატარებულ წარმატებულ საბრძოლო ოპერაციებში. ამიტომ, ვფიქრობთ, ლოგიკურია, რომ დროის საკითხია, როდესაც რუსეთის ფედერალური ხელისუფლებისთვის ეჭვქვეშ დადგება ამ ფორმირებების დამოუკიდებელი არსებობის მიზანშეწონილობის საკითხი.
მეორე მხრივ, რ. კადიროვის პოლიტიკურ წონას და რეალურ გავლენას დღემდე განაპირობებდა ფაქტობრივად შეუზღუდავი და უკონტროლო ფინანსური რესურსები, რაც რამზან კადიროვის კლანთან დაკავშირებულ ფონდებსა და ანგარიშებზე აკუმულირდება რუსეთში ფედერალურ დონეზე ბიზნესინტერესების ლობირების და სხვა სახის კორუფციული თუ არაფორმალური ბიზნესკავშირების საშუალებით.
ზემოხსენებული „უაილდბერისის“ წილებთან დაკავშირებით დაწყებული დავა და რამზან კადიროვის მიერ კონფლიქტის პირადი ანგარიშსწორების სიბრტყეში გადატანის უსუსური მცდელობა სავარაუდოდ მიანიშნებს, რომ ჩეჩენი ლიდერი ამ ნაბიჯით თავადვე შეეცადა საკუთარი შეცდომის გამოსწორებას. შეცდომა კი ისაა, რომ მან ნაჩქარევად, საჯაროდ გასცა მტკიცე დაპირება, რომ გადაწყვეტდა ბიზნესდავას. იმავდროულად, არ გაითვალისწინა, რომ ხსენებულ მრავალმილიარდიან აქტივთან დაკავშირებული საკითხი წინასწარ შეეთანხმებინა რუსეთის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვასთან. ამის შედეგად მან თავად განიცადა სერიოზული რეპუტაციული ზიანი. უპირველესად, დაზიანდა მისი ავტორიტეტი, როგორც ყოვლისშემძლე ფუნქციონერისა და ბიზნესინტერესების არაფორმალური ლობისტისა, რომელიც პრეზიდენტ ვ. პუტინისაგან, ერთი შეხედვით, განუსაზღვრელი უფლებამოსილებით სარგებლობს და თითქოსდა შეუძლია ფედერალურ დონეზე ნებისმიერი საკითხი ერთპიროვნულად გადაწყვიტოს.
სავარაუდოდ, ამგვარი დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები მომავალში გარკვეულწილად უარყოფითად აისახება რამზან კადიროვის კლანის ფინანსურ შემოსავლებზე. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის თვალში ეჭვქვეშ დადგა რ. კადიროვის, როგორც რეჟიმის ერთ-ერთი საყრდენის იმიჯი, პიროვნებისა, რომელიც შეიძლება მოსკოვის უპირობო ნდობით სარგებლობდეს.
ვინ მტრობს კადიროვს?
შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ფედერალურ ხელისუფლებასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას, როგორც ფედერალურ სუბიექტს, შორის ურთიერთდამოკიდებულებას მთლიანად განსაზღვრავს პრეზიდენტ ვ. პუტინსა და რამზან კადიროვს შორის პირადი ურთიერთობა. რ. კადიროვის მმართველობა დღემდე ითვლება რუსეთის პრეზიდენტის წარმატებულ შიდაპოლიტიკურ პროექტად, რომელმაც ფაქტობრივად დაასრულა რუსეთის ფედერაციაში პოლიტიკური სეპარატიზმის პერსპექტივაზე ფიქრიც კი. გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩეჩნეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი კადიროვის კლანი გადაიქცა ერთ-ერთ მთავარ და ყველაზე ბრუტალურ იარაღად პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად. თავად რუსეთის პოლიტიკურ წრეებშიც მყარად ჩამოყალიბდა აღქმა, რომ რ. კადიროვის რეალური უფლებამოსილების შეზღუდვა და მისი ძალადობრივი ქმედებების გარკვეულ ჩარჩოებში მოქცევა მხოლოდ პრეზიდენტ პუტინს შეუძლია. ერთი შეხედვით ლოგიკურია ითქვას, რომ სანამ ვ. პუტინია რუსეთის ხელისუფლების სათავეში, კადიროვის მმართველობის სისტემასაც არაფერი უნდა ემუქრებოდეს.
იმავდროულად, რუსეთსა და ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებობს არაერთი პოლიტიკური სტრუქტურა თუ დაჯგუფება, რომელიც სიამოვნებით დათანხმდებოდა რამზან კადიროვის კლანის უფლებამოსილების რუსეთის საკანონმდებლო ჩარჩოებში მოქცევას, ან თუნდაც კადიროვის, როგორც პოლიტიკური სუბიექტის გაქრობას რუსეთის ფედერალური პოლიტიკური სივრციდან.
ამ შემთხვევაში საუბარია არა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში გაქცეულ რუსულ დემოკრატიულ ოპოზიციასა და ჩეჩნეთის სეპარატისტული მოძრაობის აქტივისტებზე. რამზან კადიროვმა, პირველ რიგში, რუსეთის ფედერაციის შიგნით გადაკვეთა არაერთი პოლიტიკური წრის ინტერესი. ისინი, ვინც რუსეთში გარკვეულ საფრთხეს ხედავენ ჩეჩენი ლიდერისაგან მომდინარე განუკითხაობაში, შეიძლება ორ პირობით ჯგუფად დავყოთ:
- რუსეთის სამართალდამცავი და ძალოვანი უწყებები. რამზან კადიროვი თავისი კლანით ფაქტობრივად გადაიქცა კონკურენტ პოლიტიკურ დაჯგუფებად რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის, უშიშროების ფედერალური სამსახურის და ფედერალური საგამოძიებო კომიტეტისთვის. აქ აღსანიშნავია არა მხოლოდ ის მომენტი, რომ ეს ფედერალური უწყებები ჩეჩნეთის რესპუბლიკაში მხოლოდ ფორმალურად არსებობენ და საკუთარ ფუნქციურ უფლებამოსილებებს სრულფასოვნად ვერ ახორციელებენ. რუსეთის ფედერალური სამართალდამცავი სტრუქტურები რეალურად ვერ ბედავენ მოახდინონ კანონით დადგენილი რეაგირება რ. კადიროვის კლანის წარმომადგენელთა მიერ ღიად და დემონსტრაციულად ჩადენილ სამართლებრივად დასჯად ქმედებებზე. მეტიც, რამზან კადიროვის დაჯგუფება ფედერალურ დონეზეც იქცა მათთვის ანგარიშგასაწევ კონკურენტად და ხელისშემშლელ ფაქტორად პოლიტიკური ინტერესებისა და მსხვილი ბიზნესის კონტროლის თვალსაზრისით.
- ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეზობელი ფედერალური სუბიექტები. პირველ რიგში, საუბარია ჩეჩნეთის მოსაზღვრე დაღესტნის და ინგუშეთის რესპუბლიკებზე. ამ რესპუბლიკების პოლიტიკური ელიტებს მუდმივი წნეხი აქვთ რ. კადიროვის მზარდი ამბიციების გამო. ბოლო წლებში ამ პრობლემამ თავი იჩინა ჩეჩნეთის მხრიდან გამოთქმულ ტერიტორიულპრეტენზიებსა და ადმინისტრაციული საზღვრების რევიზიაში, აგრეთვე ამ რეგიონში ეკონომიკური რესურსების დაუფლების და შიდაპოლიტიკური პროცესების გაკონტროლების თვალსაზრისით. შემთხვევითი არ იყო, რომ რ. კადიროვის მხრიდან გამოთქმული სისხლის აღების მუქარის ადრესატი სახელმწიფო დუმის დეპუტატები სწორედ დაღესტნის და ინგუშეთის რესპუბლიკების წარმომადგენლები არიან.
ამასთან დაკავშირებით ასევე საყურადღებოა დაღესტნის რესპუბლიკის მეთაურის სერგეი მელიქოვის საჯაროდ გამოთქმული უპირობო მხარდაჭერა სენატორ სულეიმან კერიმოვისადმი, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების ლიდერებს შორის დაპირისპირებას რეალური საფუძველი აქვს.
დასკვნა
ვფიქრობთ, რამზან კადიროვის მიმართ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პირადი ინტერესი და დამოკიდებულება არ იძლევა საშუალებას, რომ რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ზემოხსენებული წრეები ღია და პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდნენ ჩეჩენ ლიდერთან. მათი ბრძოლის ტაქტიკა შემდეგნაირად შეიძლება გავიგოთ: ელოდებიან, რომ რ. კადიროვი დაუშვებს ისეთ უხეშ და მიუტევებელ შეცდომებს, რაც მას მიაყენებს გამოუსწორებელ რეპუტაციულ ზიანს და შეარყევს მის ფინანსურ სტაბილურობას. შედეგად, თავის მხრივ, ვ. პუტინი ვეღარ შეძლებს ამ შეცდომების პოლიტიკურ შედეგებზე თვალის დახუჭვას.
ასეთი სავარაუდო შეცდომები შესაძლოა გათვლილი იყოს იმ ფაქტორზე, რომ რამზან კადიროვს უსაზღვრო ამბიციების გამო ხშირად ღალატობს ზომიერების გრძნობა. ამ გრძნობის არქონა, როგორც წესი, დამახასიათებელია მსგავსი ტიპის ლიდერისთვის, ვისთვისაც პრინციპულად მიუღებელია უკუკავშირი კრიტიკასთან და ოპოზიციურ აზრთან.
ზემოაღნიშნული სისხლის აღების მუქარაც, რაც თავისთავად სრულიად ამოვარდნილია თანამედროვე პოლიტიკური კონტექსტიდან, შეიძლება აიხსნას რამზან კადიროვის შიშით, რათა იგი ფედერალური დონის პოლიტიკური მოთამაშიდან არ გადაიქცეს მხოლოდ ჩეჩნეთის რესპუბლიკის –ეკონომიკურად რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილი და დოტაციური ფედერალური სუბიექტის უფუნქციო და უფერულ მეთაურად.
მით უმეტეს, რეალურად, ეკონომიკური განვითარების, ენერგორესურსების ან სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის მხრივ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მნიშვნელობა რუსეთის ეკონომიკისთვის არანაირ განსაკუთრებულ ღირებულებას არ წარმოადგენს და ამდენად, მხოლოდ ამ ერთი რესპუბლიკის მასშტაბებში ნელი და შედარებით უმტკივნეულო დაბრუნება რამზან კადიროვის პოლიტიკური ამბიციების და გავლენების დასასრულს უნდა მოასწავებდეს.