ავტორები: ნუციკო ძანძავა, ლეილა ჩხეტიანი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

 

*Putinversteher – სიტყვასიტყვით ითარგმნება, როგორც პუტინის გამგები. ტერმინი პირველად 2014 წელს გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა გამოიყენა იმ პოლიტიკოსების დასახასიათებლად, რომლებიც პუტინის პოლიტიკას ამართლებდნენ და ახსნას უძებნიდნენ.

2022 წლის თებერვალში დაწყებულმა რუსეთ-უკრაინის ომმა ევროპის უსაფრთხოების ლანდშაფტი ფუნდამენტურად შეცვალა. ფართოდ გავრცელებული ძველი წარმოდგენები მოსალოდნელ საფრთხეებსა და პოტენციურ პარტნიორებზე, თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებასა თუ ენერგოდამოკიდებულებაზე ძირეულად გადაფასდა. რუსეთ-უკრაინის ომმა და მასზე სახელმწიფოების ერთსულოვანმა პასუხმა ევროპის კონტინენტზე ხელახლა შემოსაზღვრა დასავლური ღირებულებების გარშემო გაერთიანებულ სახელმწიფოთა ჯგუფი, რომლებიც უკრაინას რუსული აგრესიისგან თავდაცვაში ეხმარებიან. ამ ყველაფრის ფონზე, უნგრეთი ევროპულ ოჯახში შესამჩნევ გამონაკლისს წარმოადგენს, რომლის პრემიერ-მინისტრსაც, რუსეთ-უკრაინის ომზე საპასუხო რეაქციის გამო, უკვე უწოდეს „პუტინის უკანასკნელი მოკავშირე ევროპაში“. უნგრეთთან ერთად რუსეთისადმი ნაკლებად ხისტი პოლიტიკით გამოირჩევა საქართველოს ახლანდელი ხელისუფლებაც. ჩვენი ბლოგის მიზანია გაანალიზოს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უნგრეთისა და საქართველოს მმართველი ძალების დაახლოების მიზეზები.

საქართველოსა და უნგრეთის პარტნიორობა ჯერ კიდევ 2008 წლიდან იღებს სათავეს, თუმცა ორი ქვეყნის მთავრობებს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით ინტენსიური სწორედ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ გახდა. ეს გამოიხატება როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხშირი ვიზიტებით უნგრეთში, ისე უმაღლეს პირთა განცხადებებსა და გამოსვლებში. 2022 წლის ოქტომბერში საქართველოსა და უნგრეთს შორის გაფორმდა დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც  ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება „აუხსნელი, მორალურად მიუღებელი, დამაზიანებელი და ქართველი ხალხის უპატივცემულობა იყო“. სახელმწიფოების თანამშრომლობამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ ერთ-ერთი ვარაუდით, უნგრეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაში დასთანხმდება, თუ ორგანიზაცია საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს.

2010 წელს, ვიქტორ ორბანის ხელისუფლებაში ხელახლა მოსვლის შემდეგ, უნგრეთში დემოკრატიული უკუსვლა დაიწყო. ეს პროცესი უკავშირდება ძალაუფლების კონსოლიდაციას, პოლიტიკური მონაწილეობის შეზღუდვას, მედიაზე კონტროლის დაწესებასა და ანტილიბერალურ და კონსერვატიულ რიტორიკას. მალევე დაიბადა „ილიბერალური დემოკრატიის“, როგორც ახალი უნგრული იდეოლოგიის იდეა, რომლის მთავარი შემოქმედიც ქვეყნის პრემიერი იყო. ეს იდეა ეფუძნება კონსერვატიულ/ქრისტიანულ ფასეულობებს, რომლებიც ლიბერალიზმის „ამორალურ“ ღირებულებებს უპირისპირდება. „ფიდესის“ პოლიტიკა, რომელიც გამოირჩევა მკვეთრი ევროსკეპტიციზმითა და LGBTQ+ თემის, მიგრანტებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საწინააღმდეგო რიტორიკით, საერთაშორისო კრიტიკის საგანი ბევრჯერ გამხდარა. 2022 წლის სექტემბერში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, უნგრეთი უკვე აღარ მიეკუთვნება აბსოლუტური დემოკრატიების რიცხვს და ის „ელექტორალური ავტოკრატიის“ ჰიბრიდულ რეჟიმს წარმოადგენს.

საქართველოს დაახლოება ევროპის „დიქტატორად“ წოდებულ ორბანთან, რომელიც წლებია ევროკავშირის ერთსულოვნებას უქმნის საფრთხეს, შეშფოთებას იწვევს ევროპულ ინსტიტუტებში. ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის თქმით, საქართველოს მიერ უნგრეთისთვის მეგობრის წოდება ყველაფერზე მეტყველებს.

საქართველოსა და უნგრეთს შორის აქტიური პოლიტიკური თანამშრომლობის გარდა, აღსანიშნავია სახელმწიფოთა პირველ პირთა იდეოლოგიური ნარატივის სიახლოვეც. ამის დასტურია ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობა ამერიკელ კონსერვატორთა კავშირის მიერ ორგანიზებულ „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC), დევიზით „ლიბერალების კოშმარი: ეროვნული ძალების საერთაშორისო შერწყმა“. კონფერენცია, რომელსაც  უნგრეთმა უმასპინძლა, მსოფლიოს პოპულისტურ, ულტრამემარჯვენე და კონსერვატორ პოლიტიკოსებს აერთიანებს.

უნგრეთი, რომელიც დემოკრატიული უკუსვლის გამო ხშირად ხდება ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის საგანი, საპასუხოდ ამ უკანასკნელს ქვეყნის სუვერენიტეტის შელახვასა და ღირებულებების თავს მოხვევაში ადანაშაულებს. ორბანის თქმით, ბიუროკრატიული და ელიტისტური ბრიუსელი ევროპელ ხალხს საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს. საინტერესოა, რომ ევროკავშირის რეზოლუციებისა და ევროპარლამენტარების მითითებების საპასუხოდ, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას ეხმიანება, მმართველი პარტია ხშირად იმეორებს „ფიდესის“ რიტორიკას. ამის მანიშნებელია მუდმივი აპელირება იმაზე, რომ საქართველო საკუთარი ღირებულებებითა და ტრადიციებით უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და არა დაკარგული იდენტობითა და თავსმოხვეული ღირებულებებით.

გარდა ევროკავშირისა, საქართველოსა და უნგრეთის ოფიციალური პირების ნარატივი ერთმანეთს რუსეთ-უკრაინის ომის თაობაზეც ემთხვევა. გარდა იმისა, რომ ომის პერიოდში უკრაინასთან ურთიერთობები საქართველოსაც და უნგრეთსაც დაეძაბათ, სახელმწიფოთა პირველი პირები ომის დაწყების ტვირთს სწორედ დასავლეთს, კერძოდ, ნატოს აკისრებენ. ორბანის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მთავარი მიზეზი უკრაინის ნატოში გაწევრიანების სურვილი იყო – ნატოს გაფართოება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება, პუტინი კი საკუთარი ქვეყნის დაცვას ომით ცდილობს. ირაკლი ღარიბაშვილმა „გლობალური უსაფრთხოების ფორუმის“ (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე ორბანის იდენტური პათოსი გააჟღერა. სახელმწიფოთა უმაღლესი პირები ომის დაწყების მთავარ მიზეზად უკრაინის ნატოში სწრაფვას ასახელებენ და უგულებელყოფენ კრემლის ოფიციალურ დასაბუთებას, რომ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ხშირად აპელირებს კონსერვატიულ-ქრისტიანულ ღირებულებებზე, რის გამოც  უნგრეთში LGBTQ+ თემის უფლებები გამოწვევების წინაშე დგას. 2021 წელს უნგრეთში მიღებულ იქნა ბავშვთა დაცვის აქტი, ცნობილი როგორც ანტი-ლგბტ კანონი, რომელიც მიზნად ისახავდა ბავშვების დაცვას „ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდისგან“. აღნიშნული კანონი არღვევს LGBTQ+ თემის ფუნდამენტურ ღირებულებებს და ბავშვებს პროპაგანდის ინსტრუმენტად და პოპულისტურ იარაღად აქცევს. უკანასკნელ პერიოდში საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები მრავალ საკითხზე „ფიდესის“ მსგავს ნარატივს აჟღერებენ. CPAC-ზე სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა ოჯახური და ტრადიციული ღირებულებების დაცვაზე ისაუბრა, დაგმო „უმცირესობის ძალადობა უმრავლესობაზე“ და გააკრიტიკა LGBTQ+ პროპაგანდა და მათ მიერ თავსმოხვეული ინოვაციები.

ფაქტი, რომ სახელმწიფოთა ლიდერები ერთმანეთისგან „პოლიტიკურ გაკვეთილებს სწავლობენ“ არახალია. თავად ვიქტორ ორბანი „ილიბერალური დემოკრატიის“ მისეული დოქტრინის ჩამოყალიბებისას ვლადიმერ პუტინის „სუვერენული დემოკრატიის“ კონცეფციას დაეყრდნო, რომელიც 2000-იანი წლების რუსეთში გაჩნდა. ამის ფონზე, საქართველო-უნგრეთის დაახლოება ნაკლებად გასაკვირია. ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ პოლიტიკისა და რიტორიკის „შემობრუნება“ მეტ-ნაკლებად ჰგავს ვიქტორ ორბანისა და „ფიდესის“ მიერ განვლილ გზას. მეტიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მათ ძალიან ბევრი მაგალითი გადმოიღეს უნგრეთისგან.

გარდა იმისა, რომ საქართველოს მმართველი პარტია იმეორებს უნგრეთის ხელისუფლების ძირითად გზავნილებს, სახელმწიფოთა დაახლოებას პრაგმატული მიზნებიც აქვს.

2022 წელს საქართველომ ქვეყანაში არსებული დემოკრატიული გამოწვევების გამო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ვერ მოიპოვა. ამას მოჰყვა სპეკულაციების მთელი ტალღა და მეტ-ნაკლები დაძაბულობა ევროკავშირთან, რის პარალელურადაც მმართველი პარტია განსაკუთრებით დაუახლოვდა უნგრეთს. თავის მხრივ, უნგრეთი, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ დემოკრატიის ეროზიას განიცდის, ამ მხრივ, საინტერესო პრეცედენტს წარმოადგენს. პოპულისტური, კონსერვატიული და ევროსკეპტიკური რიტორიკისა და პოლიტიკის მიუხედავად, უნგრეთი დღემდე რჩება ევროპული ოჯახის წევრად და სარგებლობს ევროკავშირისგან მიღებული დახმარებებით. უნგრეთი ახერხებს ილიბერალური დღის წესრიგის გატარებას და, ამავე დროს, ევროკავშირის რიგებში დარჩენას.  თავის მხრივ, უახლესი კვლევების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 81%-ის სურვილია, საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ევროინტეგრაციის იდეის მსგავსი მხარდაჭერის ფონზე, ხელისუფლება მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას ღიად ვერ გადაუხვევს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მმართველი ძალის მიერ უნგრული მაგალითის გამეორება არადემოკრატიული მმართველობის შენარჩუნებით ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მცდელობაა.

რუსეთ-უკრაინის ომამდე უნგრეთი მასთან იდეოლოგიურად ახლოს მყოფ პოლონეთთან ერთად ევროკავშირში ილიბერალური დღის წესრიგის შექმნას ცდილობდა. უნგრეთი და პოლონეთი დემოკრატიული უკუსვლითა და თავიანთი ანტიმიგრანტული, ევროსკეპტიკური და კონსერვატიული დღის წესრიგით ევროკავშირის ერთიანობას საფრთხეს უქმნიდნენ იმდენად, რომ 2021 წელს ევროკავშირში დაიწყო პროცედურა მათთვის ორგანიზაციის ფონდების ჩამორთმევის თაობაზე, თუმცა 2022 წელს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ უნგრეთ-პოლონეთის „ევროსკეპტიკური ალიანსი“, რუსეთისადმი კარდინალურად განსხვავებული დამოკიდებულებების გამო, დაიშალა. ამ ყველაფრის ფონზე, საქართველო, რომლის ამჟამინდელი ხელისუფლება უნგრეთის ანტილიბერალურ და კონსერვატიულ დღის წესრიგს იმეორებს, უნგრეთისთვის ევროკავშირის შიგნით ხელსაყრელი პარტნიორი იქნება – შესაძლოა ბუდაპეშტში ფიქრობენ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებით „ელიტისტური ბრიუსელის“ წინააღმდეგ ბრძოლაში უნგრეთს ახალი მოკავშირე გამოუჩნდება.

შესაბამისად, აშკარაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტში მომხდარმა ცვლილებებმა უნგრეთს ახალი თანამოაზრეების ძიებისკენ უბიძგა. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებასთან დაახლოებას, პრაქტიკულთან ერთად, იდეოლოგიური ერთობაც განაპირობებს, რაც ორი ქვეყნის მმართველი პარტიების ევროსკეპტიკური და კონსერვატიული ღირებულებების მსგავსებით გამოიხატება.